კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

„ამბასადორს“ ბულვარში პარკინგის მოსაწყობად კიდევ 600კვ/მეტრი უნდა – დღემდე უცნობი დოკუმენტი

17.02.2021 • 3726
„ამბასადორს“ ბულვარში პარკინგის მოსაწყობად კიდევ 600კვ/მეტრი უნდა – დღემდე უცნობი დოკუმენტი

კომპანია „ამბასადორს“ ბათუმის ბულვარში საკუთარი სასტუმროსა და ბალნეოლოგიური ცენტრისთვის პარკინგის მოსაწყობად კიდევ 600 კვ.მეტრი ტერიტორია სჭირდება. ამისთვის კომპანიის დირექტორი, ელგუჯა ქებურია, თავისივე ნაკვეთსა და ე.წ. საშინელებათა ოთახს შორის არსებულ ტერიტორიას ითხოვს ბათუმის მერიისგან.

ამ წერილით ირკვევა, რომ გავლენიანი ბიზნესმენი ელგუჯა ქებურია ბათუმის ყოფილ მერს, ლაშა კომახიძეს 600 კვადრატულ მეტრზე მოწყობილ ავტოსადგომზე პარკინგის ადგილების გადაცემას მუნიციპალურ საკუთრებაში ჰპირდება.

ოფიციალური წერილით დასტურდება, რომ მერი ლაშა კომახიძე თანახმაა ეს ტერიტორიაც გადასცეს ბიზნესმენს. ის ამ გზით აპირებს ბათუმში პარკირების პრობლემის მოგვარებას.

ამის შესახებ საზოგადოებისთვის ამ დრომდე არაფერი იყო ცნობილი.

შპს „ამბასადორი ბათუმის“ სამშენებლო ღობესა და ე.წ. საშინელებათა ოთახს შორის არსებული ტერიტორია, სადაც კომპანია პარკინგის მოწყობას გეგმავს

დოკუმენტების თანახმად, კომპანიის დირექტორმა ელგუჯა ქებურიამ ბათუმის მერს ლაშა კომახიძეს ამ საკითხზე ოფიციალური წერილით 2018 წლის იანვარში მიმართა. ის მერს, ლაშა კომახიძეს სწერდა, რომ ირგვლივ არ არსებობს ადგილი პარკინგის მოსაწყობად და სთხოვს აღნაგობის უფლებით გადასცეს „ამბასადორის“ მშენებარე ობიექტსა და ე.წ. საშინელებათა ოთახს შორის მდებარე ნაკვეთი, 600 კვადრატული მეტრი, ამავე გზის ქვეშ ავტომანქანების სადგომის მოსაწყობად.

ელგუჯა ქებურია მერს უხსნის ასევე, რომ ქალაქში პარკინგის მწვავე პრობლემაა და ჰპირდება, რომ ბულვარში მოწყობილი მიწისქვეშა სადგომის ნახევარს მუნიციპალიტეტს დაუთმობს.

მერი წერილს მალევე  პასუხობს – წერს, რომ პარკინგის ადგილები ქალაქისთვის მართლაც მნიშვნელოვანი პრობლემაა. ლაშა კომახიძე იმედოვნებს, რომ ბულვარში პარკინგის ადგილების მოწყობა ქალაქს ამ პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება.

მოთხოვნილი ტერიტორიის ნაწილი უკვე ამბასადორის მშენებარე პროექტის ღობის შიგნითაა მოქცეული. თუმცა გუშინ, 16 თებერვალს, მთელი დღის განმავლობაში მერიაში ვერ მოახერხეს ეპასუხათ კითხვაზე – გაფორმდა თუ არა რაიმე სახის შეთანხმება ამ მიმოწერის შემდეგ. ამ კომპანიასთან აღნაგობის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ საკითხი მერიას ბათუმის საკრებულოს სხდომაზე არ გაუტანია. ამ საკითხზე გადაწყვეტილება არც რეესტრშია ასახული.

შესაბამისად, ვერ გავარკვიეთ, რა შეთანხმება არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით მერიასა და „ამბასადორს“ შორის. დაზუსტებით ვიცით ის, რომ კომპანიას იჯარით გადასცეს ე.წ. საშინელებათა ოთახის შენობა.

ნებართვის გამცემი უწყების, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით კი, პროექტი, რომელიც კომპანიამ წარადგინა, პარკინგის ადგილს არ ითვალისწინებს.

ჩვენ მოვიპოვეთ კიდევ ერთი საინტერესო წერილი, რომელიც ამ პროექტთან დაკავშირებით  სააგენტოს გაუგზავნა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა. უფრო სწორად, ამ წერილით მან სააგენტოს უპასუხა.

ნებართვის გამცემმა უწყებამ – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ, პროექტი ბათუმის მერიას გადაუგზავნა და ტექნიკურ რეგლამენტთან [ 41-ე დადგენილება] მისი შესაბამისობის შემოწმება სთხოვა. არჩილ ჩიქოვანმა კი უპასუხა, რომ პროექტი 41-ე დადგენილების მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

ეთანხმება თუ არა ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროსა და ბალნეოლოგიური ცენტრის მშენებლობას მერის მოვალეობის შემსრულებელი, როგორც ქონების მესაკუთრე? – არაერთი მცდელობის მიუხედავად, არჩილ ჩიქოვანის პასუხი ამ საკითხზე არ გვაქვს.

ზემოთ აღნიშნული წერილის შინაარსი, ალბათ, შეიძლება ჩაითვალოს არჩილ ჩიქოვანის პასუხად.

___

სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „დაიცავი ბათუმი“, რომელსაც ახორციელებს საზოგადოება „ბათომი“ საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი სტატიის შინაარსზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: