მკაცრ რეაგირებას მოვახდენთ სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე – შსს

ნამოხვანისკენ მიმავალ გზაზე, სოფელ გუმათში, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, რიონის ხეობაში არიან მობილიზებულები.

შს სამინისტრო აცხადებს, რომ უსაფრთხოების მიზნით, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დაუშვებს რიონის ხეობაში პროტესტი ძალადობრივი სცენარით განვითარდეს და მკაცრ რეაგირებას მოახდენს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე,“ – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

პოლიცია მოუწოდებს მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს.

რამდენიმე წუთის წინ აქციის მონაწილეებმა რიონის ხეობისკენ მიმავალი გზის გახსნა მოითხოვეს, რომელიც საპოლიციო ძალების მიერაა გადაკეტილი. ხელებაწეულმა აქტივისტებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს.

რამდენიმეწუთიანი დაძაბულობის შემდეგ საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა აქტივისტებს უკან მშვიდობიანი დახევისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც დაპირისპირება რიონის ხეობაში განიმუხტა.

_______________________

ფოტოზე: „რიონის ხეობის მცველი“ მაკა სულაძე პოლიციელებს მიმართავს. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

დაპირისპირება რიონის ხეობაში პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის

ნამოხვანისკენ მიმავალ გზაზე, სოფელ გუმათში, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა. აქციის მონაწილეები „გუმათჰესთან“ მდებარე ბლოკპოსტთან იყვნენ მისულები, ისინი ითხოვდნენ გზის გახსნას, რომ გზა გაეგრძელებინათ სოფელ ნამოხვანისკენ.

აქციაზე ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის გამოსვლის დასრულების შემდეგ პოლიცია ფიზიკური ძალით შეეცადა აქციის მონაწილეები გაეწია უკან, რის შემდეგაც დაიწყო დაპირისპირება.

რამდენიმე მოქალაქე პოლიციამ  ადგილს განარიდა.

ამ დროისათვის [16:00 სთ] ე.წ. ბლოგპოსტთან ერთ მხარეს აქციის მონაწილეები რჩებიან, მეორე მხარეს კი პოლიციას კორდონი აქვს გაკეთებული.

ადგილზე იმყოფება „ბათუმელების“ რეპორტიორი. მისი ინფორმაციით, ნამოხვანში პოლიციის დამატებითი ძალა ჩავიდა.

რამდენიმე წუთის წინ ვარლამ გოლეთიანმა მოუწოდა აქციის მონაწილეებს „არ აჰყვნენ პროვოკაციას“.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათი პროტესტი მშვიდობიანია იმდენად, რომ დარბევასაც კი ხელებაწეული შეხვდებიან.

ნამოხვანში, ის ტერიტორია, სადაც ადგილობრივებს გუშინდელ დღემდე კარვები ჰქონდათ გაშლილი, მოხნულია. ამის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ადგილობრივმა აქტივისტმა, ნუგზარ გოდოლაძემ გაავრცელა. მისი თქმით, ტერიტორია პოლიციამ მოხნა.

რა გადაწყვიტა სასამართლომ – ბათუმში დაკავებული აქტივისტების საქმე

დღეს, 12 აპრილს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართა მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში დაკავებული აქტივისტების, გენრი დოლიძისა და გიგა ნაკაშიძის სასამართლო პროცესი.

მოსამართლე ირმა ტოგონიძემ გენრი დოლიძის ნაწილში ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყვიტა, ხოლო გიგა ნაკაშიძე გინებისთვის 500 ლარით დააჯარიმა. კიდევ ერთი აქტივისტის, ირაკლი კუკანიას სასამართლო განხილვა გადაიდო.

„მე ვიზიარებ, ბატონო გენრი, თქვენს პოზიციას… ვთვლი, რომ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია… იყო გარკვეული ნიშნები, უწმაწური სიტყვებიც, მაგრამ აუცილებელია ამის კომპლექსში განხილვა,”- აღნიშნა მოსამართლე ირმა ტოგონიძემ.

მოსამართლის აზრით, როცა მოქალაქე ქუჩაში იგინება, პოლიციელმა იგი პირდაპირ კი არ უნდა დააკავოს, არამედ გაარკვიოს, რა ხდება და შენიშვნით, მოწოდებით სცადოს მისი დამშვიდება.

მოსამართლემ გიგა ნაკაშიძის ნაწილში ასევე არ მიიჩნია, რომ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ჰქონდა ადგილი. ის მხოლოდ წვრილმანი ხულიგნობისთვის დაჯარიმდა.

„პოლიციელები გვეძახდნენ ლაწირაკებს…“ – უთხრა მოსამართლე ირმა ტოგონიძეს მოწმის სახით დაკითხულმა თამარ კურატიშვილმა. ის მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ორგანიზატორია და 3 აპრილს „სირცხვილიას“ ბათუმის ოფისში პოლიციელების შეჭრასა და აქტივისტების დაკავებაზე მისცა ჩვენება.

„პოლიციელები ითხოვდნენ დაგვეტოვებინა შენობა, მაგრამ ვერ გვიხსნიდნენ, რატომ… მუდმივად ვუმეორებდი ამ კითხვას პოლიციელებს, ერთი მათგანი მპასუხობდა, მადროვეთ, მადროვეთო, ირაკლი ერქვა, გვარი არ მახსოვს.  სხვა პასუხი არ მომისმენია…

ეს იყო ფაქტობრივად წამება, ადამიანები წააქციეს, ურტყამდნენ, აგინებდნენ,”- დაასრულა თამარ კურატიშვილმა.

„იგინებოდა თუ არა გენრი დოლიძე დაკავების დროს?“ –  ჰკითხა „სირცხვილიას“ აქტივისტს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა, რომელიც სასამართლო პროცესზე ამ უწყებას წარმოადგენდა.

„არ ვიცი, იგინებოდა თუ არა… რთული იყო ამის დადგენა, იმდენი ვინმე იგინებოდა,“ – აღნიშნა თამარ კურატიშვილმა

„როგორ იქცეოდა გენრი დოლიძე დაკავების დროს?“- ისევ იკითხა პოლიციელმა.

„ის უწევდა წინააღმდეგობას პოლიციელებს, რადგან მისი დაკავების არანაირი საფუძველი არ არსებობდა,“ – უპასუხა პოლიციელს „სირცხვილიას“ აქტივისტმა.

საუბარია 3 აპრილს კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით გამართულ აქციაზე ბათუმსა და თბილისში. სწორედ ამ აქციას მოჰყვა სამი აქტივისტის დაკავება. ბათუმელი აქტივისტები, რომლებიც მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში საპროტესტო აქციის შემდეგ შეიკრიბნენ, 4 აპრილს, გამთენიისას დააკავეს. სულ დაკავებული იყო სამი ადამიანი: გენრი დოლიძე, მუსიკოსი გიგა ნაკაშიძე და „გირჩის“ წარმომადგენელი ირაკლი კუკანია. ირაკლი კუკანია ამბობს, რომ დაკავებისას მას ფეხები ურტყეს და დაზიანებები აღენიშნება. გენრი დოლიძის თქმით კი, მას სისხლნაჟღენთები აქვს და მრავლობითი ნაკაწრი.

არსებითი განხილვა ამ საქმეზე 5 აპრილს დაიწყო,  სადაც პოლიციელებმა სასამართლოს ჩვენება მისცეს, თუმცა ვერ თქვეს, კონკრეტულად რა იყო სამართალდარღვევა, რის გამოც ისინი „სირცხვილიას“ ოფისში შეიჭრნენ და აქტივისტები დააკავეს.

„დააკავეთ გენრი დოლიძე – ეს მითითება იყო და პოლიციელმაც დაადასტურა“ – თავის გამოსვლაში პოლიციელის ჩვენების ამ ნაწილზე გაამახვილა ყურადღება ადვოკატმა ნოდარ ბოლქვაძემ. მისი აზრით, სწორედ მითითების ეს ფორმა ადასტურებს რეპრესიულ დამოკიდებულებას გენრი დოლიძის მიმართ.

„ზოგადად უნდა დააკაონ ის, ვინც კანონს არღვევს და არა გენრი დოლიძე… პოლიციელმა კი თქვა, მივიღეთ ბრძანება, გენრი დოლიძე დააკავეთო,“- აღნიშნა ნოდარ ბოლქვაძემ.

იურისტმა ილონა დიასამიძემ კი პოლიციელის, ანრი მახაჭაძის ჩვენების იმ ნაწილზე გააკეთა აქცენტი, სადაც მოწმე ამტკიცებდა, რომ გენრი დოლიძე პოლიციელებს აგინებდა.

წინა პროცესზე პოლიციელმა ფურცელზე დაწერა გინება და მოსამართლეს, ასევე მხარეებს აჩვენა, ასე იგინებოდა გენრი დოლიძეო.

„მაგრამ ვიდეომტკიცებულებაში სხვა გინება ისმის,“ – შენიშნა ილონა დიასამიძემ. ის საიას იურისტია და სასამართლოში გენრი დოლიძის ინტერესებს იცავდა.

„თუმცა ამ ვიდეოში გენრი დოლიძის ხმა იდენტიფიცირებული არ არის,“- ესეც დასძინა ადვოკატმა.

„სისხლის გამოდენამდე მომიჭირეს ხელი,“- მიმართა მოსამართლეს გენრი დოლიძემ. მან დაუდასტურა მოსამართლეს, რომ ფაქტით აღშფოთებული იყო და აღშფოთდა იმიტომაც, რომ მის მეუღლეს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„თქვენს ადგილზე ამ ვიდეოს საერთოდ არ წარმოვადგენდი“- მიმართა შსს-ს წარმომადგენელს იურისტმა გიორგი სურმანიძემ. ის ადმინისტრაციული წესით დაკავებული გიგა ნაკაშიძის ინტერესებს იცავს.

გიორგი სურმანიძემ პოლიციელების სამხრე კამერების ჩანაწერებზე ისაუბრა, რის გამოც ერთი კვირის წინ სასამართლო სხდომა გადაიდო. ეს ჩანაწერები დღეს ნახა მოსამართლემ.

„კადრებში ჩანს აღშფოთებული მოქალაქეები, რომლებიც რაღაცის გამო გაამწარეს, მაგრამ არ ჩანს, რა მოხდა მანამდე, ეს მოჭრილია… ამ მოძრაობას „სირცხვილია“ ჰქვია, ისინი აპროტესტებენ ბევრ რამეს,”- თქვა ადვოკატმა გიორგი სურმანიძემ და შემდეგ მოსამართლეს გახედა:

„თუ თქვენ დღეს დასჯით ამ ადამიანებს, გამოვა, რომ ახალგაზრდებს გაჩუმებისკენ მოუწოდებთ, როცა ისინი უსამართლობას დაინახავენ,“ – დაასრულა ადვოკატმა.

„იმედია, სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებთ,“ – მხოლოდ ეს უთხრა მოსამართლეს გიგა ნაკაშიძემ.

 

თიბისიმ თვითდასაქმებულებისთვის სესხის მიღების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა

თიბისი თვითდასაქმებულ პირებს სესხის მიღების შესაძლებლობას გამარტივებული და გაუმჯობესებული პირობებით სთავაზობს. „სესხი შენთვის“ ფარგლებში თვითდასაქმებული პირი ავსებს განაცხადს ვებ-გვერდზე – www.tbccredit.ge, რის შემდეგაც მას ბანკის თანამშრომელი ვიდეო ზარით საქმიანობის დასადასტურებლად უკავშირდება. შესაბამისად, სესხის მიღება რამდენიმე წუთში სახლიდან გაუსვლელად, ფილიალში მისვლის გარეშეა შესაძლებელი.

თვითდასაქმებულ პირებზე მორგებული გამარტივებული სესხის შესახებ კითხვებს, თიბისის საცალო ბიზნესის ლიგის ლიდერი, გიორგი სალია პასუხობს.

  • რას გულისხმობს ახალი პროდუქტი – სესხი შენთვის?

თიბისის მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ისეთი მოქნილი საბანკო პროდუქტები და სერვისები, რომლებიც მომხმარებლების ყოველდღიურ საჭიროებებზე იქნება მორგებული და დაუზოგავს დროს. სესხი შენთვის ზუსტად ასეთი პროდუქტია, რომელიც სპეციალურად თვიდასაქმებული ადამიანები საჭიროებებს მოვარგეთ. პროდუქტი განკუთვნილია მათთვის, ვისაც მცირე ზომის სესხის საჭიროება აქვს და მისი მიღება გამარტივებული პროცესით სურს.

  • რატომ გადაწყვიტა თიბისიმ მომხმარებლისთვის ამ პროდუქტის შეთავაზება?

მას შემდეგ, რაც გავაანალიზეთ დასაქმებული და თვითდასაქმებული ადამიანების საჭიროებები და ბაზრის ზომა, ძალიან ნათლად გამოჩნდა, რომ ისეთი დიდი სექტორისთვის, როგორიც თვითდასაქმებული ადამიანები არიან, სესხის ხელმისაწვდომობა საკმარისად მარტივი არ არის. შესაბამისად, გუნდმა იმუშავა, იმისთვის, რომ პროცესი მაქსიმალურად გაგვემარტივებინა, რათა თვითდასაქმებულ ადამიანებს პირადი მიზნებისთვის თუ ბიზნესსაჭიროებებისთვის სესხის აღება შეძლებოდათ.

  • რას გულისხმობს სესხის აღების გაუმჯობესებული და გამარტივებული პირობები?

გამარტივებული პირობები, პირველ რიგში, გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელს დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელად შეუძლია მოითხოვოს სესხის დამტკიცება. აქამდე, თუ ბანკის წარმომადგენელი მომხმარებელთან ფოტოდასურათების მიზნით მიდიოდა, ახლა შესაძლებელია ვიდეოზარით მომხმარებელთან პროფესიის და ფინანსური მდგომარების დასადასტურებლად დაკავშირება და სესხის გამარტივებული პროცესით, ონლაინ დამტკიცება. თუმცა, მას ვისაც არ აქვს სურვილი ვიდეოზარით გაიაროს ეს ეტაპი, შესაძლებლობა აქვს, ისარგებლოს ბანკის თანამშრომლელის ადგილზე მომსახურების სერვისით, რაც გულისხმობს იმას, რომ თიბისის წარმომადგენლები მას სამუშაო გარემოში ესტუმრებიან.

  • კონკრეტულად, ვის მოიაზრებთ თვითდასაქმებულ ადამიანებში? რა პროფესიის თუ ხელობის ადამიანებს შეუძლიათ სარგებლობა?

აღნიშნული სესხით სარგებლობა შეუძლია დაახლოებით 50-მდე პროფესიის თუ ხელობის ადამიანს, სია საკმაოდ ვრცელია და აერთიანებს ისეთ საქმიანობებს, როგორებიცაა – მშენებლობის ზედამხვედველი, ხელოსანი, გარემოვაჭრე, ძიძა, ტაქსის მძღოლი, რეპეტიტორი, კოსმეტოლოგი, სტილისტი და ა.შ. ჩამონათვალის სრულად ნახვა მომხმარებელს www.tbccredit.ge -ზე შეუძლია, სადაც აქვს შესაძლებლობა მოითხოვოს სესხი და დააფიქსიროს განაცხადი.

  • რა ლიმიტის თანხის მიღება შეუძლიათ მომხმარებლებს და რა პროცენტში? რა მიზნობრიობითაა ამ სესხის გამოყენების შესაძლებლობა?

სესხის საპროცენტო განაკვეთი სტანდარტულია და იწყება 12.5%-დან, ხოლო ეფექტური საპროცენტო განაკვეთი – 16.5%-დან. გამარტივებული სესხით სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერი მიზნისთვის, მაქსიმალური ლიმიტი – 15 000 ლარია და მისი ოდენობა განსაზღვრულია პროფესიების მიხედვით. თუმცა, თუ მომხმარებელს უფრო დიდი მოცულობის სესხის აღება სურს, შეუძლია ფილიალში მივიდეს, სადაც ბანკის წარმომადგენელი დეტალურად შეისწავლის მის შემოსავლებს და გადაწყდება გაიცემა თუ არა დიდი მოცულობის სესხი კონკრეტულ მომხმარებელზე.

  • რა ეტაპები უნდა გაიაროს მომხმარებელმა ამ პროდუქტით სარგებლობისთვის?

მომხმარებელს შეუძლია სამი სხვადასხვა არხით სარგებლობა. პირველი-მას შეუძლია შევიდეს www.tbccredit.ge -ზე და დისტანციურად დააფიქსიროს თავისი განაცხადი. მეორე-დარეკოს თიბისის სატელეფონო ცენტრში-032 2 27 27 27, სადაც კონსულტანტი გაესაუბრება და დაუფიქსირებს განაცხადს და მესამე-მივიდეს ფილიალში. განაცხადის დაფიქსირების შემდეგ, როდესაც სესხი დამტკიცდება, ბანკის თანამშრომელი თვითდასაქმებულს დაუკავშირდება ვიდეო ზარით, დაადასტურებს მის საქმიანობას და მოხდება სესხის გაცემა.

  • როგორ ფიქრობთ, როგორ გაუმარტივებს ახალი პროდუქტი ადამიანებს ცხოვრებას და რამდენად დიდი იქნება დაინტერესება სიახლის მიმართ?

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში თვითდასაქმებული ადამიანების რაოდენობა საკმაოდ დიდია, დარწმუნებულები ვართ, რომ დაინტერესება პროდუქტის მიმართ სულ უფრო მზარდი იქნება. თიბისის მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივება და მათთვის საუკეთესო ციფრული სერვისების და პროდუქტების შეთავაზება, რასაც ეს პროდუქტი, ვფიქრობ, ზუსტად პასუხობს.

„სესხი შენთვის“ სარგებლობისთვის, მომხმარებელს შეუძლია ეწვიოს ვებ-გვერდს www.tbccredit.ge, ან დაუკავშირდეს თიბისის სატელეფონო ცენტრს – 2 27 27 27.

როდის მიიღებს 8 735 მედალოსანი კუთვნილ ოქროსა და ვერცხლის მედლებს

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო თითქმის ერთი თვეა იკვლევს ბაზარს მოსწავლეებისთვის გადასაცემი მედლების შესასყიდი ფასის დასადგენად. მედლები არ მიუღიათ 2019 და 2020 წლის კურსდამთავრებულებს, ასევე მედლის გარეშე დარჩენილია 3 მედალოსანი, რომლებმაც საჯარო სკოლა 2018 წელს დაამთავრეს.

სააგენტოს მონაცემებით, სულ შესასყიდია 8 735 მოოქროვილი და მოვერცხლილი მედლები და ამდენივე მედლების ჩასადები კოლოფები. აქედან 6 622 მოოქროვილი, ხოლო 2 113 მოვერცხლილი მედალი უნდა იყოს.

მედლების მიწოდების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 სამუშაო დღეა, თუმცა ჯერ უცნობია ვისთან და როგორ გაფორმდება ხელშეკრულება.

ამასთან, ფასთა კვლევის ეტაპზე მედლების მიწოდების ვადასთან დაკავშირებით შენიშვნის არსებობის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიუთითონ მათთვის სასურველი მიწოდების ვადა.

დაინტერესებულმა პირებმა კი, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, თავიანთი წინადადებები 2021 წლის 14 აპრილის ჩათვლით უნდა წარუდგინონ.

სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ფასთა კვლევის დასრულების შემდეგ მედლების შესყიდვაზე გამოცხადდება ტენდერი, სადაც დაზუსტებული იქნება ფასი და მიწოდების ვადა. რაც შეეხება 2018 წელს უმედლოდ დარჩენილებს, სააგენტოს ინფორმაციით, მათ მედლები გასაჩივრების შემდეგ სპეციალურმა კომისიამ მიანიჭა [2 ოქრო, 1 ვერცხლი].

ამავე თემაზე:

ოქროსა და ვერცხლის მედლები მოსწავლეებმა შესაძლოა ვერც წელს მიიღონ

 

 

საქართველოში შემთხვევათა 50-70 პროცენტში ცირკულირებს ბრიტანული შტამი – გამყრელიძე

„მთლიანად ევროპაში დღეს დაახლოებით 90 პროცენტი ცირკულირებს ბრიტანული შტამი და საქართველოშიც 50-70 პროცენტს ზემოთ ცირკულირებს ბრიტანული შტამი“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, დღეს, 12 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე.

როგორ ხდება ბრიტანული შტამის გამოვლენა? – ამ კითხვას პაატა იმნაძემ უპასუხა. მისი თქმით, ბრიტანულ შტამზე დაკვირვებას აზრი აქვს მხოლოდ ცირკულაციის დასაწყისში.

„ბრიტანული შტამი ძალიან სწრაფად და უფრო ადვილად გადადის, გადამდებლობა უფრო მეტი აქვს. 

ჯერჯერობით ქვეყანაში მარტო ბრიტანული შტამის გავრცელებაა დადასტურებული. არის კიდევ კორონავირუსის სხვა შტამები, იგივე ბრაზილიური, სამხრეთ აფრიკული, ინდური შტამები გაჩნდა კიდევ ახალი მუტაციებით, ასე, რომ ამაზე მუშაობა მუდმივად მიმდინარეობს ლუგარის ცენტრში,“- თქვა პაატა იმნაძემ.

ამირან გამყრელიძეს ამავე შეხვედრაზე ჟურნალისტებმა ჰკითხეს ჩინურ ვაქცინა „სინოფარმთან“ დაკავშირებითაც.

გამყრელიძე ამბობს, რომ ორივე ჩინური ვაქცინა – „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ ელის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ აღიარებას.

კითხვას – თუ ვერ მიიღეს ამ ვაქცინებმა ჯანმოს აღიარება, რა იქნება მაშინ, გამყრელიძემ უპასუხა, რომ „ყველა ვაქცინა, რის შემოტანასა აპირებს საქართველო, ავტორიზებულია თავიანთი ქვეყნების მიერ და ზოგიერთი სხვა მარეგულირებლის მიერ გადაუდებელ მდგომარეობაში გამოყენებისთვის“.

გამყრელიძის თქმით, საქართველოს კანონმდებლობით აქვს უფლება გადაუდებელი მდგომარეობების დროს წამალი, ვაქცინა, გამოყენებული იქნას საერთაშორისო აღიარების გარეშე, ადგილობრივი მარეგულირებლის ნებართვით.

„ასე, რომ „სინოფარმის“ გამოყენების სრული ლეგალური საფუძველი არის, მაგრამ ჯანმო ჩვენ დავურთეთ მოთხოვნებს იმიტომ, რომ ყველა ვაქცინა, რაც კალენდარულად შემოდის ქვეყანაში, ჯანმოს მიერ არის ავტორიზებული,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

უკრაინის მხარდასაჭერად ბათუმში სოლიდარობის აქცია გაიმართება

ბათუმში, ევროპის მოედანზე, უკრაინელების მხარდასაჭერად შეიკრიბებიან. სოლიდარობის აქცია დღეს, 12 აპრილს, საღამოს 6 საათზე გაიმართება.

„ბათუმში რიგითი მოქალაქეები ვიკრიბებით უკრაინისთვის მხარდაჭერის გამოსახატად, რადგანაც ვფიქრობთ, რომ ეს ბრძოლა ისევეა უკრაინის, როგორც საქართველოსი.

თითოეულ ჩვენგანს მიაჩნია, რომ უკრაინის მიმართ აგრესია რუსეთის მხრიდან იმაზე მეტად გვეხება საქართველოს, ვიდრე სხვა დანარჩენ ქვეყნებს, მეტიც, პირდაპირ კავშირშია ჩვენთან,“ – მიიჩნევენ აქციის ორგანიზატორები.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია მოძრაობა „სირცხვილია“.

ბოლო დღეების განმავლობაში აღმოსავლეთ უკრაინაში, კონფლიქტის ზონაში, არაერთხელ დაირღვა მხარეებს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რასაც ემსხვერპლა არაერთი უკრაინელი სამხედროსა და დონეცკისა და ლუგანსკის დე ფაქტო რესპუბლიკების მებრძოლების სიცოცხლე.

11 სკოლა დახურულია, ინფიცირებული მოსწავლეების რიცხვს არ ასახელებენ – კოვიდი აჭარაში

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 12 აპრილის მდგომარეობით, აჭარაში 11 საჯარო სკოლაა დახურული.

„ბათუმელების“ კითხვას, აჭარაში რამდენი მოსწავლეა ამ დროისთვის კოვიდით ინფიცირებული, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი არ პასუხობს. ცენტრში გვითხრეს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის შესახებ მხოლოდ თვეში ერთხელ გააჟღერებენ ინფორმაციას და დაასახელებენ მხოლოდ პროცენტულ მაჩვენებელს.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეს საკლასო ოთახში სწავლებას ბათუმის მე-14 საჯარო სკოლა დაუბრუნდა:

„ხვალიდან ლეღვას პირველი საჯარო სკოლა დაუბრუნდება და კვირის განმავლობაში იგეგმება კიდევ სხვა სკოლების გახსნაც. დღეს დაიხურა ორი საბავშვო ბაღი, ხვალიდან კი ფუნქციონირებას განაახლებს ქობულეთის ერთი ბაღი,“ – განაცხადა დღეს, 12 აპრილს, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნონა ეფაძემ.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის აჭარაში ონლაინსწავლებაზეა 14 კლასი.

ნონა ეფაძის თქმით, სკოლებსა და ბაღებში წერტილოვანი შეზღუდვები უკავშირდება გამოვლენილ შემთხვევათა რაოდენობას და ვირუსის გავრცელების პრევენციას.

რაც შეეხება კორონავირუსის მესამე ტალღას, როგორც ნონა ეფაძე ამბობს, აჭარაში შემთხვევათა მატება გვაქვს:

„ეს არ არის მკვეთრი მატება და ჯერჯერობით ამ შემთხვევებს ვერ დავარქმევთ მესამე ტალღას, თუმცა ძალიან საყურადღებოა და მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა და გადაწყვეტილებებიც ეპიდსიტუაციის მიხედვით იქნება მიღებული,“ – ამბობს ნონა ეფაძე.

ოფიციალური მონაცემებით, დღეს აჭარაში კორონავირუსის 46 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

„ეს არის რეპრესიული პოლიტიკა“ – მესამე სექტორი რიონის ხეობაში კარვების დაშლაზე

დღეს, 12 აპრილს, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ და „მწვანე ალტერნატივას“ ხელმძღვანელებმა ბრიფინგი გამართეს.

„ხელისუფლების ეს ჩარევები არაკონსტიტუციურია,“ – მიიჩნევს ნიკა სიმონიშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნამოხვანში საპროტესტო აქციის შეზღუდვასა და კარვების დაშლაზე.

„თუ ელოდება პოლიცია, რომ რიონის დონემ უნდა აიწიოს და საფრთხე შეექმნებათ პროტესტის მონაწილეებს, მაშინ რატომ არ ხდება სამშენებლო ბანაკებიდან თანამშრომელის ევაკუაცია? ეს ბაზები ზედ მდინარის პირზეა განლაგებული,“ – აღნიშნა დავით ჭიპაშვილმა, ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელმა.

„პოლიციის ეს არგუმენტი არის არადამაჯერებელი, პოლიციის მიზანია წინააღმდეგობის განეიტრალება… სახელმწიფომ არც ალტერნატიული სივრცე შესთავაზა პროტესტის მონაწილეებს,“ – აღნიშნა „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლინა ღვინიანიძემ.

„ეს ცუდი ტყუილებია, რომელსაც ხელისუფლება გვთავაზობს, რომ მოსახლეობამ დაიჯეროს, ცუდ მიზანს ემსახურება ეს პროტესტი,“ – მიიჩნევს საიას ხელმძღვანელი, ნიკა სიმონიშვილი, – „სახელმწიფოს აქვს ერთადერთი პოლიტიკა, ეს არის რეპრესიული პოლიტიკა. გაუგებარია საერთოდ სამინისტროს გადაწყვეტილება კარვების დაშლასთან დაკავშირებით,“ – თქვა მან.

გუშინ, 11 აპრილს, რიონის ხეობაში პოლიციამ დაშალა სოფელ ნამოხვანში რიონის ხეობის მცველების კარვები, რომლებიც პროტესტის ერთ-ერთი მონაწილის მიწაზე იყო განთავსებული. პოლიციის ამ მოქმედებას დილიდან თან ახლდა განსაკუთრებულად დიდი საპოლიციო ძალის მობილიზება და მოძრაობის სრულად შეზღუდვა ნამოხვანის მიმართულებით, მათ შორის კარვების მიმართულებით გადაადგილება შეზღუდული ჰქონდათ საპროტესტო აქციის ლიდერებს.

ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/news/534081/

 

 

ისრაელში დასაქმებისთვის მოქალაქეები დარეგისტრირებას დღეიდან შეძლებენ

დღეიდან, 12 აპრილიდან, საქართველოს მოქალაქეების ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია დაიწყო.  რეგისტრაცია შესაძლებელია პორტალზე:  workabroad.moh.gov.ge

ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობების   შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ისრაელის სახელმწიფოში ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარეს პოზიციაზე დასაქმდებიან.

დასაქმების ხანგრძლივობა 1 წელია, ისრაელში ჩასული დასაქმებული მიიღებს ერთწლიან ვიზას, რომლის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია ყოველწლიურად, მაქსიმუმ 5 წლის განმავლობაში.

ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, კანდიდატს უნდა ესმოდეს და ეთანხმებოდეს, რომ აუცილებლად უნდა დატოვოს ისრაელი სამუშაო ვიზის ვადის გასვლის შემდეგ. ასევე, უნდა აცნობიერებდეს, რომ იგი ვერ შეძლებს მომავალში ისრაელში მუშაობას.

2021 წლის განმავლობაში დაგეგმილია  1000 საქართველოს  მოქალაქის დასაქმება ისრაელში.

საქართველოს მოქალაქეები ისრაელში ხანგრძლივი მოვლის საჭიროების მქონე პაციენტებისათვის განკუთვნილ სამკურნალო დაწესებულებებში დასაქმდებიან. მათ ევალებათ ხანდაზმულების/შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პაციენტების მოვლა.

ისრაელში დასაქმებული დამხმარეს ფუნქცია-მოვალეობებია:

• პაციენტის მოვლა და გადაადგილებაში დახმარება;
• პაციენტის ჰიგიენაზე ზრუნვა [მათ შორის, დაბანა, მოწესრიგება, თეთრეულის გამოცვლა]
• პაციენტის კვება/კვებაში დახმარება;
• პაციენტთან კომუნიკაცია;
• პალატის სისუფთავის დაცვა;
• ექთნის ზედამხედველობისა და მითითებების შესაბამისად პაციენტებისათვის საჭირო სხვა დახმარების გაწევა.

დასაქმება გულისხმობს მუშაობას სრული განაკვეთით – კვირაში 6 სამუშაო დღე, 42 საათი კვირაში. შესაძლებელია ზეგანაკვეთური მუშაობა [კვირაში დამატებით 16 საათი ან მეტი], რომელიც ანაზღაურდება გაზრდილი ტარიფით.

ისრაელში დასაქმებას საქართველოს 1000 მოქალაქე შეძლებს – რეგისტრაცია 12 აპრილს დაიწყება

 

საქართველოში კოვიდის 359 ახალი შემთხვევაა, 6 ადამიანი გარდაიცვალა

Stopcov.ge-ს ცნობით, ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდის 359 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 13 685 კვლევა ტესტით.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 6 ადამიანი გარდაიცვალა.

11 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.62 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.31%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.51 %. 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 359 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 202 შემთხვევა, აჭარაში – 46, იმერეთში – 19, ქვემო ქართლში – 14, შიდა ქართლში – 14, გურიაში – 9სამეგრელო – ზემო სვანეთში – 40, კახეთში – 5მცხეთა-მთიანეთში – 7, სამცხე-ჯავახეთში – 2, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 1.

მ ეტაპზე თვითიზოლაციაში იმყოფება 12 794 ადამიანიმათ შორის თბილისში – 6 497 პირიაჭარაში – 1 996იმერეთში – 942.

მექვევრეობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ „მექვევრეობის ტრადიციას საქართველოში“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

სააგენტოს გენერალური დირექტორის შესაბამისი ბრძანება დღეს, 2021 წლის 12 აპრილს ამოქმედდა.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მანამდე მიენიჭა თავად ქვევრს, ასევე ქვევრის ღვინოს.

ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა იუნესკომ 2013 წელს.

დიდი ზომის ქვევრი განათავსეს ასევე ბორდოში Cité des Civilisations Du Vin-ის  ცენტრალურ შესასვლელში.

2017 წელს ეროვნულმა ბანკმა ქართული ვაზის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა გამოუშვა, რომლის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს ოქროსფერი ქვევრის სქემატური გამოსახულება პირობითი ჭრილით. მუქი წითელი ფერით გამოსახულია ღვინო ქვევრში. ქვევრს გასდევს ვაზის გამოსახულება.

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის  100 წლის იუბილის აღსანიშნავად ბრაზილიის ფოსტამ  ახალი საფოსტო მარკა გამოსცა. მარკაზე საქართველოში აღმოჩენილი უძველესი ქვევრია განთავსებული.

ამ თემაზე:

ვაზის დაბრუნება

აჭარაში კოვიდის 46 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 12 აპრილი

12 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 46 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამჟამად აჭარის კოვიდკლინიკებში 309 პაციენტი მკურნალობს და მათგან 3 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.

აჭარაში თვითიზოლაციაშია 1 996  პირი. 111 ადამიანი იმყოფება რეგიონის კოვიდსასტუმროში. 

დეიდას დაჭრის გამო ბათუმში ერთი პირი დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით,  ბათუმში 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.კ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

შემთხვევა ბათუმში 9 აპრილს, საღამოს მოხდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, 50 წლამდე ქალი მისმა დისშვილმა დაჭრა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 აპრილს, ბათუმში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1967 წელს დაბადებული ნ.შ. ცივი იარაღის გამოყენებით ზურგის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ქალი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,“ – ნათქვამია შსს-ს  განცხადებაში.

პოლიციამ ლ.კ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბათუმში დააკავა. „ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა“ – წერს შსს.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნამოხვანში ჟურნალისტების არ შეშვებას ქარტია და კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ ეხმიანება

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ ნამოხვანში ჟურნალისტებისთვის მუშაობაში ხელის შეშლის ფაქტს ეხმაურება.

ქარტია სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს „არ ჩაერიონ ჟურნალისტურ საქმიანობაში და მედიას შეუქმნან შესაბამისი სამუშაო პირობები“.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები კი შინაგან საქმეთა სამინიტროს მოუწოდებენ იმოქმედოს ნამოხვანში მიმდინარე პროცესების მიმართ მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით.

„დღეს, 2021 წლის 11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ჟურნალისტებს ნამახვანში წასვლის და მუშაობის უფლებას არ აძლევენ. პოლიციამ გუმათჰესთან მოწყობილ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე შეაჩერა ყველა გადამღები ჯგუფი და მათ გადაადგილების უფლებას არ აძლევს. დღესვე პოლიციამ  “რიონის მცველების” კარვები დაშალა, რაც მდინარე რიონის მოსალოდნელი ადიდებას დაუკავშირა.

ჩვენთვის ამ დრომდე უცნობია ჟურნალისტებისათვის პროფესიული საქმიანობის შეზღუდვის მიზეზები.

კრიზისულ სიტუაციაში გადამწყვეტად მიგვაჩნია,  ჟურნალისტებს მიეცეთ შესაძლებლობა თავისუფლად ასახონ განვითარებული მოვლენები, საზოგადოებას კი შეუნარჩუნდეს უფლება მიიღოს სრული ინფორმაცია ნამოხვანში მიმდინარე პროცესებზე,“ – ნათქვამია კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

500 მლნ აშშ დოლარის ვალს სახელმწიფო ახალი ვალით დაფარავს – ევრობონდის რეფინანსირება

საქართველომ 2021 წლის აპრილში 500 მილიონი აშშ დოლარის ევრობონდები უნდა დაფაროს. სახელმწიფო ამ ვალის დაფარვას მიმდინარე წელს გეგმავდა, თუმცა საბოლოოდ გადაწყდა, რომ ძველი ვალი ახალი ვალით დაიფაროს, ანუ სახელმწიფომ ახალი ევრობონდები უნდა გამოუშვას.

ევრობონდები 2011 წელსაა გამოშვებული. 2011 წლის აპრილში საქართველოს მთავრობამ 500 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის 10-წლიანი ობლიგაციების ემისია განახორციელა ევროპის ბაზრებზე. მთავრობამ მაშინ ამ გზით გადაფარა 2008 წლის ევროობლიგაციები 417 მლნ აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო საგარეო ვალი 83 მლნ დოლარით გაიზარდა.

2021 წელს დასაფარავი სუვერენული ევრობონდის რეფინანსირებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებულია ახალი ევრობონდის გამოშვება 1,6 მილიარდი [1 656 850 000] ლარის ფარგლებში. თუმცა ბიუჯეტი 2020 წლის 29 დეკემბერს დამტკიცდა, დღევანდელი, 2021 წლის 11 აპრილის ოფიციალური გაცვლითი კურსით კი, 500 აშშ დოლარი 1,7 მილიარდზე  მეტი ლარი ღირს.

ევრობონდები, ობლიგაციები და სხვა ფასიანი ქაღალდები ვალის აღების ფორმებია, რომლებიც გამოშვებული აქვს როგორც სახელმწიფოს, ისე ნავთობის კორპორაციას და სხვა სახელმწიფო კომპანიებს.

2021 წელს სახელმწიფო საგარეო ვალის მომსახურებისთვის ჯამში 2,76 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს.

ბიუჯეტის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა 2021 წლის ბოლოსთვის 27,7 მილიარდი ლარი უნდა იყოს. ეროვნული ბანკის მონაცემებით კი, სახელმწიფო საგარეო ვალმა 2021 წლის პირველი იანვრისთვის 9.7 მლრდ აშშ დოლარი, ანუ 31.9 მილიარდი ლარი შეადგინა.

ამ თემაზე:

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 18.3 მილიარდი აშშ დოლარია – სები

 

დაბრუნდით კანონის ჩარჩოებში – არასამთავრობო შსს-ს მიმართავს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) ნამოხვანში კარვების აღებას ეხმაურება და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს “მათ მიერ მიღებული ზომები დაუყოვნებლივ დააბრუნოს კანონის ჩარჩოებში”.

„[შსს-მ] უზრუნველყოს რიონის ხეობის მცველების და მათი მხარდამჭერების შეკრების, გამოხატვისა და გადაადგილების თავისუფლების უზრუნველყოფა. მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, საელჩოებსა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ინსტიტუტებს: მათი მანდატისა და მათ ხელთ არსებული შესაძლებლობების ფარგლებში, მიიღონ ყველა ზომა რიონის ხეობაში დღეს მიმდინარე პროცესების ადამიანის უფლებების ფარგლებში, დემოკრატიული და მშვიდობიანი გზით წარმართვისათვის,“ – ნათქვამია სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძანებით, რიონის ხეობაში პროტესტის მონაწილეების კარვები დღეს, 11 აპრილს, დაშალეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კარვების დაშლა რიონის მოსალოდნელი ადიდების და იქ მიმდინარე სამძებრო-სამაშველო სამუშაოების მოტივით ახსნა. გუშინ, 10 აპრილს, კარვების სიახლოვეს უბედური შემთხვევა მოხდა, ერთი პირი მდინარე რიონში შევიდა და გაუჩინარდა.

„ამ დრომდე გუმათჰესთან იმყოფებიან რიონის ხეობის მცველები, რომლებიც ცდილობენ ნამოხვანის კარვების მიმართულებით გადაადგილებას, თუმცა პოლიცია მათ სრულიად უკანონოდ და დაუსაბუთებლად უზღუდავს ნამოხვანში შესვლას.

მივიჩნევთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოხმობილი დასაბუთება არადამაჯერებელია და ის მხოლოდ რიონის ხეობის მცველების მშვიდობიანი და კანონიერი პროტესტის ხელშეშლას ისახავს მიზნად, რაც სრულიად მძიმე გაუმართლებელი და არაპროპორციული ჩარევაა შეკრების და გამოხატვის თავისუფლებაში.

რიონის ხეობის მცველების ფუნდამენტური უფლებების ამგვარი უხეში და დაუსაბუთებელი შეზღუდვა ქმნის პროცესების დამატებითი გამწვავების რისკებს, რასაც ხელისუფლება არათუ არ აზღვევს, ხელს უწყობს და განაპირობებს მისივე მოქმედებებით, რაც მოვლენების შემდგომ განვითარებას სრულად ხელისუფლების პასუხისმგებლობის ქვეშ აქცევს,“ – ნათქვამია სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაში.

მთავარი ფოტო: სოციალური სამართლიანობის ცენტრი

ნამოხვანში ჟურნალისტებს არ უშვებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ჟურნალისტებს ნამოხვანში (იქ სადაც კარვებია გაშლილი და რომლის დაშლასაც პოლიცია აპირებს) წასვლის და მუშაობის უფლებას არ აძლევენ. პოლიციამ გუმათჰესთან მოწყობილ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე შეაჩერა ყველა გადამღები ჯგუფი და მათ გადაადგილების უფლებას არ აძლევს.

„ყოველგვარი დასაბუთების გარეშე არ გვიშვებენ. გვეუბნებიან, რომ ვერ მოგვცემენ გადაადგილების უფლებას. თუ რაიმე კითხვით მიმართავ და სიღრმეში შეხვალ, მერე უკვე გეუბნებიან, მიმართე პრესსამსახურსო. არცერთ მედიასაშუალებას არ უშვებენ – არც ტვ პირველს, არც ფორმულას, არც იმედს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მთავარი არხის ჟურნალისტმა ირაკლი ვაჩიბერაძემ.

მისივე თქმით, უწყვეტი პროტესტის 168 დღის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტებს მუშაობის უფლებას არ აძლევენ და გადაადგილებას უზღუდავენ.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა შს სამინისტროს პრესცენტრს იმის გასარკევად, რატომ არ აძლევენ ნამახვანში მუშაობის შესაძლებლობას. სამინისტროს განმარტებას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

სოფელში არ უშვებენ ნამახვანიჰესის პროტესტის ორგანიზატორებს – შსს კარვებს შლის

პოლიცია ამ დრომდე არ აძლევს გადაადგილების უფლებას „რიონის ხეობის მცველებს“ – ვარლამ გოლეთიანს და მარიტა მუსელიანს სოფელ ნამოხვანის მიმართულებით. შსს-ს წარმომადგენლებმა ისინი სოფელ გუმათთან გახსნილ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე გააჩერეს.

„ფაქტი არის სახეზე, რომ ცდილობენ ბოლომდე გადაუარონ ჩვენს ღირსებას. ამას გვეუბნებიან ამ მოქმედებით. არ აინტერესებთ ჩვენი აზრი. ძალაუფლება აქვთ და ამ ბერკეტს იყენებენ ბოლომდე,“ – თქვა ვარლამ გოლეთიანმა ფეისბუქლაივში, რომელიც „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ფეისბუქგვერდზე გადის.

ლაივში ჩანს, თუ როგორ სთხოვს საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი, მარიტა მუსელიანი პოლიციელებს მისცენ გადაადგილების უფლება, თუმცა პოლიციელებმა ის სოფელ ნამოხვანში არ გაუშვეს.

„რადგან კარვებს შლით, გამიშვით. ძაღლი მყავს კარავთან. ჩვენ გარდა იმ ძაღლს ვერავინ ვერ ეკარება. გთხოვთ, გაგვიშვით,“ – არაერთგზის სთხოვა პოლიციელებს მარიტა მუსელიანმა.

ნამახვანში საპროტესტო აქციის მონაწილეთა კარვების დაშლაზე განცხადება გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

შსს კარვების დაშლას მდინარე რიონის მოსალოდნელი ადიდებით ხსნის.

 

რეკლამა ვაქცინაციის ხელშეწყობისთვის – ბილბორდებში NCDC 15 ათას ლარს გადაიხდის

მოსახლეობისთვის კორონავირუსის პრევენციისა და ვაქცინაციის პროცესის შესახებ ინფორმაციის მიწოდების, ასევე „ვაქცინაციის ხელშწყობისთვის“ საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი [NCDC] გარე რეკლამაში 15 148 ლარს ტენდერის გარეშე გადაიხდის. ამ მიზნით, თანხმობისთვის, ცენტრმა შესყიდვების სააგენტოს მიმართა. აღნიშნული თანხით დამზადდება 14 ბილბორდი, თუმცა კონკრეტულად სად განათავსებენ მათ, ცენტრის განაცხადში არ არის დაკონკრეტებული.

„განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საკომუნიკაციო კამპანიის ყველა მიმართულებას, მათ შორის ყველა ტიპის რეკლამას, განსაკუთრებით კი გარე რეკლამას, რომელზე წვდომა აქვს ნებისმიერ ადამიანს განურჩევლად ასაკისა, სქესისა, ეროვნებისა, ოჯახური მდგომარეობისა და სოციოეკონომიური სტატუსისა…“ – აცხადებს NCDC.

ცენტრის ინფორმაციით, მათ, 14 გარე ბილბორდის [8 ბიბორდი ზომით 3 მ. X 6 მ.; 4 ბილბორდი ზომით 2.8 მ. X 5.8 მ. და 2 ბილბორდი ზომით 2.77 მ. X 3.8 მ.] დამზადება და განთავსება, ყველაზე დაბალ ფასად, შპს „ალმამ“ შესთავაზა. შესაბამისად, ხელშეკრულება ამ კომპანიასთან გაფორმდება.

„COVID-19 პანდემიასთან და მის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია მუდმივად ცვალებად რეჟიმშია მსოფლიოში. ასევე ცვალებადია ავტორიტეტულ ორგანოებზე დაყრდნობით სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. მუდმივად მიმდინარე გამოკითხვებისა და კვლევების საფუძველზე ასევე ცვალებადია ინფორმაციის სხვადასხვა წყაროზე მოთხოვნილება. საგანმანათლებლო და საკომუნიკაციო კამპანია ფართოვდება სხვადასხვა მიმართულებით და ამ ეტაპზე მწვავედ დადგა გარე რეკლამის საკითხი, რაც მოითხოვს გადაუდებელ გადაწყვეტას, თუ გვინდა მივაღწიოთ დასახულ მიზანს – ავცრათ მოსახლეობის 60%“, – აღნიშნულია NCDC-ის განაცხადში.

საქართველოში ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტს მედპერსონალის აცრით დაიწყო, თუმცა პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს. ცენტრის ინფორმაციით, 11 აპრილის დილის მონაცემებით საქართველოში სულ აცრილია 19 694 ადამიანი.

დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის ე.წ მესამე ტალღა უკვე დაიწყო.

რაც შეეხება საქართველოში შემოტანილი ვაქცინების ფასებს, NCDC-ში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ეს კომერციული საიდუმლოა:

საქართველოში კოვიდზე ვაქცინაციის კუთხით მოსახლეობის ინფორმირების მიზნით საკომუნიკაციო კომპანიის [კონსულტანტის] დაიქირავებას გეგმავს ჯანდაცვის სამინისტროც [შესყიდვების პორტალის მიხედვით, ხელშეკრულება ამ დროისთვის რომელიმე კომპანიასთან გაფორმებული არ არის].

ამ თემაზე:

ბათუმის რესპუბლიკურს ეყოლება 3 ამცრელი ბრიგადა – კოვიდზე აცრის ჩატარების წესი

რაში დახარჯავს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 1,3 მილიონს ტენდერის გარეშე

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი 2021 წლის აპრილიდან დეკემბრის ჩათვლით, სხვადასხვა ღონისძიებებსა და მომსახურებაში 1 384 000 ლარის დახარჯვას ტენდერის გარეშე გეგმავს. ამ მიზნით, დეპარტამენტმა თანხმობისთვის უკვე მიმართა შესყიდვების სააგენტოს.

დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, „სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით“, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით უნდა განხორციელდეს მომსახურებები, რომლებიც დაკავშირებულია:

  • „აჭარის რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ ბაზარზე სარეკლამო პიარ კამპანიისა და ღონისძიებების ორგანიზებასთან;
  • საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში, კონფერენციებში, სემინარებში, ფესტივალებსა და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობასთან; ასევე აჭარის რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების წარმოჩენის მიზნით საზღვარგარეთის ქვეყნებში პრეზენტაციებისა და სხვა სამუშაო შეხვედრების ჩატარებასთან;
  • მაღალი რეზოლუციის, დადგმული, ექსკლუზიური სარეკლამო ფოტო მასალის დამზადებასთან;
  • ტურიზმის სექტორში დასაქმებულთათვის სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებასთან, საინფორმაციო ბროშურების (მათ შორის, გიდების სახელმძღვანელოების, საოჯახო სასტუმრო სახლების სარეკომენდაციო სტანდარტების სახელმძღვანელოს) და სერვისის
    განვითარებისათვის ვიდეოგაკვეთილების (ვიდეორგოლების) მომზადებასთან“.

საქონლისა და მომსახურების სრული ჩამონათვალი და ღირებულება ნახეთ აქ

„დეპარტამენტის ძირითადი საქმიანობებიდან, პანდემიის პრევენციის ღონისძიებების (საკარანტინე ზონების მართვა) გარდა, მიმდინარე წლის პრიორიტეტებად კვლავ რჩება რეგიონის პოპულარიზაცია და მარკეტინგი როგორც საერთაშორისო ბაზრებზე, ასევე ადგილობრივ ბაზარზე და სერვისებისა და ტურისტული პროდუქტების განვითარება. დეპარტამენტი მიმდინარე წელს აგრძელებს მუშაობას შემდეგ პრიორიტეტულ მიმართულებებზე:

აჭარის რეგიონის პოპულარიზაცია და მარკეტინგი სამიზნე ქვეყნებში სხვადასხვა სარეკლამო, პიარ და მარკეტინგულ აქტივობების მეშვეობით. ძირითადი სარეკლამო და მარკეტინგული არხები გახლავთ სატელევიზიო რეკლამა, ინტერნეტ რეკლამა და გარე რეკლამა, რომელიც მოიცავს ბეჭდური მედიისა და სხვა სარეკლამო საშუალებებით რეგიონის რეკლამირებას.

საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში, კონფერენციებში, სემინარებში, ფესტივალებსა და სამუშაო შეხვედრებში ფიზიკურად და ონლაინ (ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო შეცვლილი ფორმატის გათვალისწინებით) მონაწილეობა, ასევე აჭარის რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების წარმოჩენის და პოპულარიზაციის მიზნით საზღვარგარეთის ქვეყნებში პრეზენტაციებისა და სხვა სამუშაო შეხვედრების ორგანიზება.

შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია და სტიმულირება სხვადასხვა სარეკლამო საშუალებით, სპეციალური პიარ-მარკეტინგული ღონისძიებითა და ქართულ სეგმენტზე მორგებული აქტივობების ორგანიზებით.

მაღალი რეზოლუციის, დადგმული, ექსკლუზიური, საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი, სარეკლამო ფოტო მასალის დამზადება საერთაშორისო მარკეტინგული კამპანიების წარმოებისათვის.

ტურიზმის სექტორში დასაქმებულთათვის სხვადასხვა აქტივობისა და ღონისძიების ორგანიზება მომსახურების ხარისხის ამაღლების კუთხით“, – აღნიშნულია დეპარტამენტის განაცხადში.

2021 წლის პირველი თებერვლიდან საქართველოში საჰაერო გზით შემოსვლა შეუძლია „ნებისმიერი ქვეყნიდან ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საზღვარზე წარადგენს ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის [ორი დოზა, ხოლო johnson&Johnson-ის ვაქცინაციის შემთხვევაში – ერთი დოზა] დამადასტურებელ დოკუმენტს“

საქართველოში შემოსვლა ზოგიერთი ქვეყნის მოქალაქეებს PCR ტესტის საფუძველზეც შეუძლიათ.

ამ ქვეყნების ჩამონათვალი ნახეთ ბმულზე:

თურქეთში დროებით დასაქმების მსურველებს ხელახალი რეგისტრაცია შეუძლიათ

 

ბათუმში 14 აპრილიდან გამოიდარებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით, 11 აპრილის 21 საათიდან 12 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია:

უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, მთებში ზვავსაშიშროება, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში;

ჰაერის ტემპერატურა:

  • სანაპირო რაიონებში ღამით 5-10გრადუსი, დღისით 10-15 გრადუსი სითბო,
  • მთაში ღამით 0-5 გრადუსი ყინვა, დღისით 3-8 გრადუსი სითბო.

ზღვის პროგნოზი:

  • სამხრეთ-დასავლეთის ქარი 7-12მ/წმ-ში, დროგამოშვებით წვიმა, ხილვადობა 4-10კმ, ტალღის სიმაღლე 7-12 დმ(2-3ბალი), ზღვის წყლის ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება.

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, ბათუმსა და აჭარის მაღალმთიანეთში 13 აპრილს დროგამოშვებით წვიმა, მომდევნო 2 დღეს, 14 და 15 აპრლის კი, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

გონიოს ციხეზე კივის ხეივნის რეკონსტრუქციისთვის 85 ათასი ლარი დაიხარჯება

გონიოს ციხეზე კივის ხეივნის რეკონსტურქციისათვის აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო 85 ათას ლარს დახარჯავს.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, ხეივანში არსებული რკინის კონსტრუქცია უნდა დაიშალოს და ახალი, ხის კონსტრუქცია უნდა გაკეთდეს.

ხეივნის სიგრძე 200 მეტრი იქნება და ფიჭვის ხის მასალისგან მოეწყობა.

სამუშაოების წარმოებაზე ტენდერი 30 მარტს გამოცხადდა. სატენდერო განაცხადების მიღება 20 აპრილს სრულდება.

აჭარაში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 11 აპრილი

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დროის ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა – 55 პაციენტი. პანდემიის დაწყებიდან დღემდე აჭარის რეგიონში ოფიციალურად 36 414  პაციენტი გამოჯანმრთელდა ვირუსისგან.

10 აპრილის მონაცემებით აჭარაში მდებარე კლინიკებში კორონავირუსზე კლინიკაში მკურნალობს 289 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში 106, ხოლო სახლში 340.

რაც შეეხება მთლიანად საქართველოს, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 707 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 707 ახალი შემთხვევა | 11 აპრილი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 707 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.85%-ია. კორონავირუსით გარდაიცვალა 8 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 592 პირი.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

  •  თბილისში გამოვლენილია 408 შემთხვევა,;
  • აჭარა – 61;
  • იმერეთი – 47;
  • ქვემო ქართლი – 22;
  • შიდა ქართლი – 22:
  • გურია – 26:
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 71:
  • კახეთი – 26:
  • მცხეთა-მთიანეთი – 20:
  • სამცხე-ჯავახეთი – 2:
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.

Stopcov.ge-ზეს თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 823 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 878 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 945 PCR ტესტით.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  288 396-ს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 277 303 ადამიანი, ხოლო კორონავირუსით დაიღუპა 3 877 პირი.

 

ბათუმის №2 საჯარო სკოლა ორი კვირით დისტანციურ სწავლებაზე გადადის

ბათუმის №2 საჯარო სკოლა ორშაბათიდან, 12 აპრილიდან, ორი კვირით გადადის დისტანციურ სწავლებაზე.

№2 სკოლის დირექტორი, მარიზა აბაშიძე ამბობს, გადაწყვეტილება აჭარის განათლების და ჯანდაცვის სამინისტროების რეკომენდაციით იქნა მიღებული და მიზეზი კორონავირუსის პრევენციაა.

„სკოლაში 2 000 მოსწავლეა და სკოლაში გვაქვს სულ 9 შემთხვევა. თითქოს პატარა ციფრია, მაგრამ პრევენციის მიზნით, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროს რეკომენდაციით მიღებული იქნა ეს გადაწყვეტილება.

აღნიშნული კორონავირუსის 9 შემთხვევა არის მოსწავლეებს შორის.

რაც შეეხება მასწავლებლებს, ორი დღის წინ ჩატარდა პედაგოგებისა და თანამშრომლების გეგმიური ტესტირება და ყველა, 125-ვე ტესტი იყო უარყოფითი კოვიდზე, ანუ სკოლაში პედაგოგებს და სკოლის პერსონალს კოვიდი არ დადასტურებია“ – ამბობს მარიზა აბაშიძე „ბათუმელებთან“.

ბათუმის №2 სკოლა შენობაში სწავლებას 26 აპრილს განაახლებს.

რატომ არის ეკალ-ბარდის გადაწვა ნიადაგისთვის საზიანო

ეკალ-ბარდის, გვიმრის, ყოფილი ჩაის პლანტაციებისა და სხვა, ნახევრად გამხმარი მცენარეების ნარჩენებისგან  ტერიტორიის გაწმენდას მოქალაქეები გაზაფხულობით მისთვის ცეცხლის წაკიდებით ცდილობენ.  დარგის სპეციალისტი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი მამუკა თურმანიძე მოსახლეობას მოუწოდებს, უარი თქვან ასეთ ქმედებაზე და განმარტავს, რომ ხანძარი ნიადაგს აზიანებს, მისი გამეორების შემთხვევები კი  საბოლოოდ ანადგურებს მას, როგორც სოფლის მეურნეობისთვის ვარგის ნიადაგს. ამ საკითხზე მას რამდენიმე განმარტება მოგვცა.

  • ბატონო მამუკა, როგორც ამ დარგის სპეციალისტმა რომ განგვიმარტოთ, რამდენად  დიდია ზიანი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ხანძრის შედეგად?

აგრონომიული თვალსაზრისით, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა. ადამიანები, რომლებიც მსგავს მოქმედებებს ეწევიან, თავიდან ბოლომდე ანადგურებენ  საფარველს იმ კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში.

ამ საფარველს ათწლეულები სჭირდება, რომ ერთი სანტიმეტრი ნიადაგის ნაყოფიერი ფენა შეიქმნას.

რეგიონის მასშტაბით თუ გადავხედავთ, დასავლეთ საქართველოში განსაკუთრებით, ის ნაკვეთები, სადაც ადრე ჩაი იყო გაშენებული, ზაფხულის განმავლობაში იფარება გვიმრით და შემოდგომა ზამთრის პერიოდში ტერიტორიაზე გამხმარ გვიმრას უკიდებენ ცეცხლს. ამ შემთხვევაში ადამიანები ამას იმიტომ არ აკეთებენ, რომ შემდეგ ამ ნაკვეთებზე სამეურნეო საქმიანობა განახორციელონ, მათ უბრალოდ ასე უნდათ.

მამუკა თურმანიძე
  • ამ მეთოდით ასუფთავებენ ტერიტორიას? 

არანაირ გასუფთავებასთან არ გვაქვს აქ საქმე. მე, როგორც დარგის სპეციალისტი, ამ ყველაფერს ვაკვირდები უკვე 7-8 წელია აქტიურად და ისინი ამას არ აკეთებენ იმისთვის, რომ შემდეგ აქ აწარმოონ სამეურნეო საქმიანობა, უბრალოდ მათი საცხოვრებლის მახლობლად არსებობს ეს  ნარჩენები და ცეცხლს უკიდებენ.

ინტენსიურ საგანმანათლებლო საქმიანობას ვეწევით, რომ ეს არ შეიძლება, მაგრამ მაინც აკეთებენ.

ნიადაგთმცოდნეობის, ასევე აგროქიმიური თვალსაზრისით თუ ვისაუბრებთ, ერთი სანტიმეტრი ნაყოფიერი ნიადაგის ფენა რომ წარმოიქმნას, საჭიროა ათწლეულები, მაგრამ განადგურება ხდება ერთი საათის განმავლობაში.

იქ სადაც ჩაი იყო გაშენებული, ახლა ჩაის დეგრადირებული ბუჩქებია თავის ფესვთა სისტემით ნიადაგის გარკვეულ საფარველში. ჩაის პლანტაციაში ამოსული გვიმრა, რომელიც შემდეგ ხმება, ადვილად აალებადია შემოდგომა-ზამთრის მშრალი დღეების განმავლობაში, როცა მას ცეცხლს უკიდებენ.

ეს მოქმედება მხოლოდ გვიმრას არ ეხება, არ ატარებს ზედაპირულ ხასიათს, ის მიდის ჩაის ნარჩენებზე, ჩაი ეთერზეთოვანი კულტურაა და მასზე ადვილად ვრცელდება ცეცხლი, ეს ყველაფერი ჩადის ფესვთა სისტემამდე.

წარმოიდგინეთ, ჩაი იმდენად მძლავრი მცენარეა, რომ ამდენი არახელსაყრელი, მავნე მოქმედების შედეგად არ ხმება, წლიდან წლამდე წვავენ, მაგრამ მისი ნარჩენები მაინც რჩება ნიადაგში და მაღალი ტემპერატურის შედეგად, რაც სასარგებლო მიკროფაუნა არსებობს ნიადაგში, რომელმაც მიკრობიოლოგიური პროცესები უნდა წარმართოს, რომ შემდეგ მათზე სამეურნეო საქმიანობა განხორციელდეს, ფაქტობრივად ყველაფერი ნადგურდება.

ეს არის სერიოზული პრობლემა და მოსახლეობასთან არის სამუშაო, რომ სამომავლოდ მსგავსი ფაქტები არ დაფიქსირდეს.

  • დაგვისახელებთ კონკრეტულ ადგილებს სადაც უფრო ხშირია მსგავსი შემთხვევები?

ქვემო ჯოჭოს თავზე არის ძალიან დიდი ტერიტორია, ყოფილი ჩაის პლანტაციები, სადაც მსგავსი მავნე მოქმედება მოხდა გასული წლის განმავლობაში მოქალაქეების ჯგუფის მიერ.

გვქონია ასეთი პრობლემები ხშირად ქობულეთში და სხვაგანაც.

  • ძირითადად ეს ჩაის  პლანტაციების შემთხვევაში ფიქსირდება?

არამხოლოდ.

ეს ხდება ასევე იქ, სადაც მიტოვებული სავარგულებია, არ ხდება სამეურნეო წარმოება და ტერიტორია დაკავებულია ეკალ-ბარდით, გვიმრით და ასე შემდეგ.

უმეტეს შემთხვევაში მავნე ხასიათს ატარებს ეს ქმედება, თუმცა არსებობენ მეურნეები, რომლებიც ნიადაგის გაწმენდას ასე ცდილობენ.

მარტივად რომ წარმოვადგინოთ: ხანძრის შემთხვევაში ტემპერატურა 100 გრადუსს აჭარბებს, ნიადაგი არის ცოცხალი ორგანიზმი, სადაც მიმდინარეობს ურთულესი ქიმიური, მიკრობიოლოგიური პროცესები, იქ არის მიკროორგანიზმები, ერთ გრამ ნიადაგში შეიძლება რამდენიმე მილიონი მიკროორგანიზმი არსებობდეს და ასეთი მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების შედეგად ხდება ამ მიკროორგანიზმების განადგურება.

ეს თუ ასე გაგრძელდება წლების განმავლობაში, ჩვენ მივიღებთ ისეთ ნიადაგს, სადაც სამეურნეო კულტურის წარმოება იქნება შეუძლებელი. ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა გაიაზროს, დაუშვებელია მსგავსი ქმედება, ნებისმიერი ნიადაგისა და ლანდშაფტის მიმართ.

16 წლის კალათბურთელი გოგო ქობულეთიდან ესპანურ კლუბში ითამაშებს

16 წლის კალათბურთელი ლიკა კვირკველია თავის საკალათბურთო კარიერას ესპანეთში, კლუბ  CB Adareva Tenerife-ში გააგრძელებს. ის მომდევნო 3 წლის განმავლობაში სანტა-კრუს-დე-ტენერიფეზე იცხოვრებს, ივარჯიშებს და ისწავლის. ლიკა ესპანურ კლუბში ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის დახმარებით მოხვდა.

„ბავშვობიდან ძალიან მაღალი ვიყავი. მირჩიეს კალათბურთში შევსულიყავი. ვცხოვრობდი ქობულეთში.

რადგან ქობულეთში არც გოგოების გუნდია და არც ბიჭების, ამიტომ უნდა მევლო სადმე ახლოს. ყველაზე ახლოს იყო ბათუმის საკალათბურთო გუნდი. ერთი წლის განმავლობაში ყოველდღე დავდიოდი ქობულეთიდან ბათუმში ვარჯიშზე. ვიყავი ბიჭების გუნდში, ასაკობრივ ნაკრებში ვთამაშობდი. 13 წლის ვიყავი მაშინ,“ – იხსენებს ლიკა თავისი კარიერის საწყის ეტაპს.

მისივე თქმით, 2018 წელს ნაკრების შესარჩევ ვარჯიშებზე დაიბარეს. ამავე წელს მოხვდა საქართველოს ნაკრებში, 16 წლამდე ასაკის გუნდში.

„თბილისში უნდა ჩამოვსულიყავი სავარჯიშოდ, კვირაში ორჯერ – შაბათ-კვირას. სწორედ აქ აღმომაჩინა ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის მწვრთნელმა,“ – ამბობს ლიკა.

2018 წლის სექტემბრიდან ლიკა კვირკველია ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში ვარჯიშობს. ამბობს, რომ სწორედ ამ აკადემიის დახმარებით, თავისი თავდაუზოგავი შრომით და ოჯახის დიდი მხარდაჭერით მიაღწია წარმატებას.

„ოჯახი თავიდანვე მხარში მედგა ნებისმიერ გადაწყვეტილებაში და ყოველთვის მეხმარებოდნენ. განსაკუთრებით დედა. არ იყო ადვილი 13 წლის ასაკში სახლის დატოვება და სხვა ქალაქში გადასვლა მარტო საცხოვრებლად. ოჯახი ვერ გადმომყვა, ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის ბაზაზე ვცხოვრობ მარტო.

თავისუფალი დრო საერთოდ არ მაქვს – მთელ დროს სწავლას და ვარჯიშს ვუთმობ. დილით ვარჯიში მაქვს, 11 საათამდე. მერე სკოლა – ონლაინ ვესწრები გაკვეთილებს. შემდეგ გუნდის ვარჯიში მაქვს და შემდეგ მაქვს ინდივიდუალური ან ბურთზე ან ფიზიკური,“ – ამბობს ლიკა კვირკველია.

ლიკას თქმით, მისი მთავარი მიზანი WNBA-ში თამაშია. ამ მიზნის მისაღწევად კი დიდი შრომაა საჭირო.

„კარგი კალათბურთელი რომ გახდე პირველ რიგში საჭიროა, რა თქმა უნდა, მონაცემები, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია შრომა. მე რომ დავიწყე კალათბურთის თამაში, ძალიან ბევრი ნეგატიური კომენტარი იყო: „აზრი არ აქვს საქართველოში კალათბურთის თამაშს…“ „გოგო ხარ, წადი რამე სხვა გააკეთე…“

ჩემი აზრით მსგავს კომენტარებს ყურადღება არ უნდა მიაქციო. მე მშობლების და მწვრთნელების გვერდში დგომამ მომცა ამის ძალა.

სამწუხაროდ მსგავსი კომენტარების გამო ძალიან ბევრი გოგო ანებებს თავს კალათბურთს ამ ასაკში. მე ვფიქრობ პირიქით უნდა მოიქცნენ – ივარჯიშონ და დაუმტკიცონ მათ, რომ ყველას შეუძლია კალათბურთის თამაში,“ – ამბობს ლიკა.

ლიკა კვირკველია ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის ადმინისტრაციის წევრებთან ერთად კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ ფოტო: ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის ფეისბუქ გვერდიდან

„ბათუმელებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ლიკა კვირკველია ხაზს უსვამს იმ თანადგომას, რომელიც მის მიმართ აკადემიამ გამოიჩინა.

„ჩემი აზრით საქართველოში ქალთა კალათბურთს არ ექცევა დიდი ყურადღება. თუმცა ზაზა ფაჩულიას აკადემია მაქსიმალურად ცდილობს, რომ აღმოაჩინოს ტალანტები – გოგოები და ბიჭები და გაუშვას საზღვარგარეთ სათამაშოდ.

ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მომზადებას. ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში ყოფნამ ძალიან დიდი გამოცდილება მომცა. აკადემიის ყველა წევრი ყოველთვის გვერდში მედგა რთულ მომენტებში. მეხმარებოდნენ ვარჯიშში, ინდივიდუალურ მომზადებაში, როგორც ბურთზე, ასევე ფიზიკურად.

ვნერვიულობ, რა თქმა უნდა, სხვა ქვეყანაში წასვლის წინ, მაგრამ იმედი მაქვს კარგად ვითამაშებ და საქართველოს სახელი კიდევ მრავალჯერ გაჟღერდება საზღვარგარეთ. ასევე იმედი მაქვს, რომ სხვა კალათბურთელ გოგონებს გზას გავუხსნი,“ –  ამბობს ლიკა.

 

30 დღეში საქართველოში 18 287 ადამიანი აიცრა კოვიდზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, 10 აპრილის მდგომარეობით საქართველოში 18 287 ადამიანი აიცრა კოვიდზე.

საქართველოში კორონავირუსზე ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო „ასტრაზენეკას“ ვაქცინით, შესაბამისად, 18 287 ადამიანი 30 დღის განმავლობაში აიცრა. თუ ვაქცინაცია ამ ტემპით გაგრძელდება, ერთი წლის განმავლობაში საქართველოში მხოლოდ 220 ათასამდე ადამიანი აიცრება კოვიდზე.

თავდაპირველად ვაქცინაცია მხოლოდ მედმუშაკებისთვის იყო გათვალისწინებული, თუმცა თანდათან ვაქცინაციის მიმღებთა წრე გაფართოვდა და 10 აპრილის მდგომარეობით კორონავირუსზე აცრა შეუძლიათ  55 წელს ზემოთ მოქალაქეებს, დიალიზის საჭიროების მქონე და ორგანოგადანერგილი პირებსაც.

ამჟამად კორონავირუსზე ვაქცინაცია საქართველოში „ასტრაზენეკას“ და „ფაიზერის“ ვაქცინებით მიმდინარეობს.

საქართველომ 3 აპრილს ასევე მიიღო ჩინური „სინოფარმის“ 100 000 დოზა, რაც დაახლოებით 50 ათასი ადამიანისთვისაა სამყოფი, თუმცა ამ ვაქცინას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია არ აქვს.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შეიქმნება პორტალი, სადაც საქართველოს ყველა მოქალაქე შეძლებს წინასწარ დააფიქსიროს ვაქცინაციის სურვილი და აირჩიოს, თუ რომელი კომპანიის პრეპარატით სურს იმუნიზაცია.

მინისტრის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია დაეხმარება სახელმწიფოს, მიიღოს სტრატეგიული გადაწყვეტილებები, მათ შორის, თუ რომელი ვაქცინა უნდა შემოიტანონ ქვეყანაში შემდეგ ეტაპზე.

საქართველოში ვაქცინაციის პროცესის შენელებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ექთანი მეგი ბაქრაძის გარდაცვალებამ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მიღების შემდეგ, თუმცა ამ დრომდე არ არსებობს ოფიციალური სამედიცინო დასკვნა იმის შესახებ, განუვითარდა თუ არა გარდაცვლილ ექთანს ანაფილაქსიური შოკი და უკავშირდებოდა თუ არა ეს ვაქცინას. ამ საქმეზე პროკურატურამ გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის ორ ექიმსა და ერთ ექთანს წარუდგინა ბრალი.

4-დან 11 მაისამდე უქმეებია, ღამით ისევ ვერ ვივლით ქუჩაში – რა გადაწყვიტა მთავრობამ

4-დან 11 მაისამდე საქართველოში უქმე დღეები იქნება – გადაწყვეტილება ამის შესახებ 9 აპრილს მიიღო მთავრობასთან არსებულმა საკოორდინაციო საბჭომ.

ბოლო კვირებში კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით, მთავრობა რეკომენდაციას აძლევს დამსაქმებლებს, თანამშრომლები დისტანციური მუშაობის რეჟიმში გადაიყვანოს.  გადაწყვეტილება თავად დამსაქმებლებმა უნდა მიიღონ.

კვლავ ძალაში რჩება ღამის 9 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა.

შაბათ-კვირას კვების ობიექტები ისევ არ იმუშავებენ.

საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, სწორად გამოიყენონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და თავი აარიდონ ხალხმრავალი შეკრებებისა და სოციალური ღონისძიებების ორგანიზებას, რომელთა გამართვა მთავრობის დადგენილებით აკრძალულია.

„არ მომხდარა შეზღუდვების გამკაცრების და ე.წ. ლოკდაუნის განხილვა“ – აცხადებს მთავრობა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში დადებითობის მაჩვენებელი ბოლო 14 დღის მანძილზე 2.16 პროცენტია, ხოლო 7 დღის მანძილზე კი – 2.49 %.

საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობაა 287 689. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 869 პირი ემსხვერპლა.

______________

ფოტო „ბათუმელების“ 2020 წლის არქივიდან.

11 წელი გავიდა ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის ავიაკატასტროფიდან

დღეს პოლონეთში პოლონური პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლების ტრაგიკულ დაღუპვას იხსენებენ. 11 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ავიაკატასტროფაში დაიღუპა პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, მისი მეუღლე – მარია კაჩინსკი და პოლონეთის დელეგაცია: მთავრობისა და პარლამენტის წევრები, რელიგიური მოღვაწეები, სულ 96 ადამიანი.

2010 წლის 10 აპრილს პოლონეთის სამთავრობო თვითმფრინავი ტუ-154 ავიაკატასტროფაში მოხვდა და ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი დაიღუპა.

პოლონეთის დელეგაცია რუსეთში, სმოლენსკში მიფრინავდა, სადაც კატინის ტყეში, საბჭოთა ტერორის დროს 21 ათასზე მეტი დახვრეტილი პოლონელის მემორიალის გახსნაში უნდა მიეღოთ მონაწილეობა. პოლონელი ტყვეები 1940 წელს, НКВД-ეს დანაყოფებმა დახვრიტეს და კატინის ტყეში დამარხეს.

ავიაკატასტროფა რუსეთში, სმოლენსკის აეროპორტთან ახლოს მოხდა.

ლეხ და მარია კაჩინსკები კრაკოვში, ვაველის კათედრალში არიან დაკრძალული.

ავიაკატასტროფიდან ერთი წლის შემდეგ რუსეთის ფედერაციამ წარმოადგენა გამოძიების შედეგები. გამოძიების ვერსიით, ავიაკატასტროფის მიზეზი გახდა მეტეოპირობების შეუსაბამობა და ეკიპაჟის გადაწყვეტილება, არ დამჯდარიყო სათადარიგო აეროდრომზე. 2015 წელს ხელახალი გამოიძება დაიწყო პოლონეთის ხელისუფლებამ. გასულ წელს გამოძიების ფარგლებში მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტმა განაცხადა, რომ თვითმფრინავის მარცხენა ფრთა შიდა აფეთქებამ დააზიანა.

პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი არაერთხელ იმყოფებოდა საქართველოში, მათ შორის იგი ჩამოვიდა უახლეს ისტორიაში საქართველოსთვის ყველაზე რთულ პერიოდში, აგვისტოს ომის დღეებში.

2010 წელს პოლონეთის პრეზიდენტს, ლეხ კაჩინსკის, სიკვდილის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა, 11 აპრილი კი, საქართველოში გლოვის დღედ გამოაცხადა.

თბილისსა და ბათუმში არის ლეხ და მარია კაჩინსკების სახელობის ქუჩა.

ფოტო: prezydent.pl 

აგროჟურნალისტიკისა და აგროგანათლების საერთაშორისო კონფერენცია 13 აპრილს გაიმართება

13 აპრილს ჟურნალისტიკის რესურსცენტრი და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საერთაშორისო არაკომერციულ ორგანიზაცია „მერსი ქორპსი“-ს მხარდაჭერით, წარმოგიდგენთ აგროჟურნალისტიკისა და აგროგანათლების საერთაშორისო კონფერენციას. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, კონფერენცია ონლაინრეჟიმში წარიმართება.

აღნიშნული საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია მიზნად ისახავს კავკასიის რეგიონში აგროკომუნიკაციების განვითარების წახალისებას, აგროჟურნალისტიკის სწავლებაში თანამედროვე მეთოდების დამკვიდრებას, საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების უმაღლეს სკოლებს შორის ერთიანი აკადემიური გარემოს ხელშეწყობას.

მასშტაბური სამეცნიერო ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ როგორც საქართველოს, ისე სამეზობლო აგროგილდიის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ბელორუსიიდან, უკრაინიდან. დაგეგმილია მიღებული მოხსენებების გამოქვეყნება და საჯარო გავრცელება, რათა დაინტერესებული საზოგადოებისთვის მასალები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.

როგორც ჟურნალისტიკის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა და აგროკონფერენციის სამეცნიერო საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, პროფ. ნათია კუპრაშვილმა აღნიშნა, კონფერენცია არა მარტო აგროკომუნიკაციების გაძლიერებას, არამედ დარგში ცოდნისა და მეთოდოლოგიის თავმოყრას შეუწყობს ხელს. მისივე თქმით, ჩვენს რეგიონში იქმნება საინტერესო პრაქტიკა და მეთოდური მიდგომები აგროკომუნიკაციის გასაძლიერებლად.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ნინო ჭალაგანიძე, რომელიც ასევე აგროკონფერენციის სამეცნიერო საბჭოს წევრი და თანაორგანიზატორია, ფორუმის აქტუალურობაზე საუბრობს:

„კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქტიურადაა ჩართული აგროჟურნალისტიკის დარგის განვითარებაში. ამ მიმართულებით უნივერსიტეტის ბაზაზე არაერთი ვორქშოპი ჩატარდა. ,,სამეზობლო აგროგილდიას“, რომელიც მეზობელი ქვეყნების, მათ შორის, სომხეთის, უკრაინის, ბელორუსიის, აზერბაიჯანისა და მოლდოვას სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით სხვადასხვა სექტორის აქტორთა გაერთიანებას ისახავს მიზნად, სწორედ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოეწერა ხელი, რის შემდეგაც კსუ-ში დაიბეჭდა პირველი სახელმძღვანელო აგროჟურნალისტიკის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ის გასცდა საქართველოს მეზობელი ქვეყნების საზღვრებს და სპრინგფილდის ბიბლიოთეკის დაინტერესებაც გამოიწვია. მოხარული ვარ, რომ კვლავ გვხვდა წილად  პატივი, ვიმუშაოთ აგროკომუნიკაციისა და აგროჟურნალისტიკის საერთაშორისოდ აღიარებულ სპეციალისტებთან ავსტრიიდან, გერმანიიდან და დიდი ბრიტანეთიდან. დარწმუნებული ვარ, რომ წარმოდგენილი კვლევები, რომელთა კრებულად გამოცემას ვგეგმავთ, სასარგებლო იქნება დარგის შემდგომი განვითარებისთვის“, – აღნიშნა ნინო ჭალაგანიძემ.

საკითხის აქტუალურობასა და კონფერენციის მნიშვნელობას ადასტურებს წარმომადგენლობითი საორგანიზაციო და სამეცნიერო კომიტეტის, ასევე პარტნიორი ადგილობრივი და უცხოური ორგანიზაციების ჩართულობაც.

აჭარაში კორონავირუსის 76 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 10 აპრილი

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 76 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დროის ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა – 35 პაციენტი. პანდემიის დაწყებიდან დღემდე აჭარის რეგიონში ოფიციალურად 36 359  პაციენტი გამოჯანმრთელდა ვირუსისგან.

10 აპრილის მონაცემებით აჭარაში მდებარე კლინიკებში კორონავირუსზე კლინიკაში მკურნალობს 269 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში 121, ხოლო სახლში 306.

 

დადასტურდა კორონავირუსის 506 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 11 ადამიანი| 10 აპრილი

დადასტურდა კორონავირუსის 506 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 11 ადამიანი| 10 აპრილი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 506 ახალი შემთხვევა დადასტურდა. Stopcov.ge-ს თანახმად ჩატარდა 25 751 ტესტი, მათ შორის 15 769 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 982 PCR ტესტით.  გამოჯანმრთელდა 285 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი არის  1.96%.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 869 პირი ემსხვერპლა.

ინფიცირების ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისში გამოვლენილია 240 შემთხვევა, აჭარა – 76, იმერეთი – 43, ქვემო ქართლი – 33, შიდა ქართლი – 13, გურია – 13, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 66, კახეთი – 13, მცხეთა-მთიანეთი – 4, სამცხე-ჯავახეთი – 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.

10 აპრილის მონაცემებით, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 083, საიდანაც: 2 190 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  1 074, აჭარაში – 331, იმერეთში – 334. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 370 პირი, მათ შორის, თბილისში – 186, აჭარაში – 38, იმერეთში -68.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 76 პირი, მათგან თბილისში – 48, აჭარაში – 4, იმერეთში – 9. 301 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 179 – თბილისში, 117 – აჭარაში. 4 592 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბათუმში ქალი დაჭრეს, ის რესპუბლიკურში გადაიყვანეს

ბათუმში ქალი დანით დაჭრეს, ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შენთხვევა გორგილაძის ქუჩაზე მოხდა.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესცენტრის ინფორმაციით, დაჭრილი ქალის მდგომარეობა კრიტიკული არ არის და მას გამოკვლევები უტარდება. ქალი 50 წლამდე ასაკისაა და ის ზურგის არეშია დაჭრილი.

დაჭრილი ქალის შვილი – ნათია კაკაბაძე “ბათუმელებთან” ამბობს, რომ ქალი, მისი ინფორმაციით, მისმა დისშვილმა დაჭრა და უცნობია კონფლიქტის მიზეზი. ნათია კაკაბაძე შემთხვევას მემკვიდრეობით დავას უკავშირებს.

“დაჭრა და გაიქცა, ვერ ვუკავშირდებით… სახლში ამ დროს დედა და დეიდაჩემი იყვნენ,”- გვითხრა ნათია კაკაბაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

4 ქალის ამბავი, რომლებსაც ორსულობისას ქმრებმა სცემეს – „ვირჩევ დუმილის უფლებას“

„ვირჩევ დუმილის უფლებას“ – უთხრეს მოსამართლეს ქალებმა, რომლებმაც მანამდე, პოლიციელებთან ჩვენების მიცემის დროს, ქმრები ორსულობის დროს ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულეს. სამართლებრივად ძალა კი, მხოლოდ სასამართლოში ნათქვამს აქვს.

პირველი ორსული ქალის ისტორია: „ძლიერად მომიჭირა ხელები და ფეხი მუცელში ჩამარტყა“ 

„…ძლიერად მომიჭირა ხელები ორივე ხელზე, რის შემდგომაც ფეხი ჩამარტყა მუცელში… მტკიოდა,“ – ეს ინგამ [სტატიაში სახელები შეცვლილია] უთხრა პოლიციელებს, როცა ქმართან კონფლიქტის შემდეგ მის ბინაში პოლიციელები მივიდნენ. სამართალდამცველებმა ადგილზე დააკავეს ინგას ქმარი – ზურა.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ინგას „პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები, რომლებიც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის/ საგნების/ მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.“

ექსპერტიზა ჩაუტარდა ბრალდებულსაც და დადასტურდა, რომ მას ნაჭდევი და ნაკაწრები ჰქონდა. ზურამ თქვა, რომ ცოლთან კონფლიქტის დროს მიიღო ეს დაზიანებები.

ვიდრე სასამართლო პროცესები დაიწყებოდა, ინგამ შვილი გააჩინა. მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძესთან ინგამ დუმილი არჩია. პოლიციელების გარდა, რომლებმაც სასამართლოს ჩვენებები მისცეს, მაგრამ ეს არ იყო პირდაპირი მტკიცებულება, მოწმე აღარავინ დარჩა. სისხლის სამართლის საქმეში კი, მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულებაა საჭირო გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

მოსამართლეს ბრალდებული კაცის დამ მისცა ჩვენება და უთხრა, რომ ის კონფლიქტს არ შესწრებია, მაგრამ იცის, რომ მის ძმას ფიზიკური შეურაცხყოფა ინგასთვის არ მიუყენებია.

„მხოლოდ იკამათეს… მე თავად ინგა მომიყვა ამის შესახებ, ის არის ნერვიული და თავად ნანობდა, მას არც პოლიციისთვის დაურეკავს, სხვა პირმა დარეკა ბინაში არსებული ხმაურის გამო. ინგას აქვს შიში, რომ ზურამ არ მიატოვოს. ახლა ერთად ცხოვრობენ და შვილიც შეეძინათ… მას შემდეგ რამე უთანხმოების შესახებ არც გამიგია,“ – თქვა მოწმემ.

დაზარალებულად ცნობილი ინგასგან განსხვავებით, დუმილის უფლებით არ უსარგებლია ზურას. მან თქვა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს და ცოლთან მხოლოდ იკამათა.

„სახლიდან წასვლა უნდოდა და ამაზე ვკამათობდით… არ ვეწინააღმდეგებოდი, მხოლოდ ვაწყნარებდი, რომ არ ეხმაურა, მისგან თავის დაცვას ვცდილობდი და შეკავებას. მხოლოდ ეს იყო ფიზიკური შეურაცხყოფა, არ დამირტყამს მისთვის, ხელით ვცდილობდი მის შეკავებას,“ – თქვა ბრალდებულმა.

 „ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ“, – ჩაწერა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ გამამართლებელ განაჩენში.

უფლებადამცველები, რომლებიც ოჯახში ძალადობის თემაზე მუშაობენ, ხშირად ხაზს უსვამენ იმას, რომ ქალების ეკონომიკურად გაძლიერებისთვის სახელმწიფო არაფერს აკეთებს, რის გამოც ისინი იძულებული ხდებიან გაჩუმდნენ და მოძალადესთან დარჩნენ. „ბათუმელების“ არქივშიც არის რამდენიმე ასეთი შემთხვევის ამსახველი სტატია, როცა ძალადობის საქმის პროცესებზე დაზარალებულად ცნობილი ქალი საერთოდ აღარ ჩნდება, ან ჩნდება, მაგრამ ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს.

მეორე ორსული ქალი: „ახალი წლის საღამოს ეჭვიანობის გამო დამარტყა სახეში“

დუმილი არჩია ანამაც.

სასამართლო პროცესებამდე კი, ანა პოლიციელებთან ჰყვებოდა, რომ კახა, ვისთანაც იგი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იყო, პერიოდულად ძალადობდა მასზე, ხოლო ახალი წლის საღამოს ეჭვიანობის მიზეზით სახეში ხელიც გაარტყა.

„…მუდმივად ეჭვიანობდა, მამცირებდა, სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდა, მაგინებდა უწმაწური სიტყვებით, მლანძღავდა… მუდმივად სტრესი მქონდა, ვიტანჯებოდი… ახალი წლის საღამოს ისევ ეჭვიანობის გამო სახეშიც დამარტყა,“ – მოუყვა ქალი პოლიციელებს.

ანას თქმით, პირველ იანვარს კახა მას მოკვლითაც დაემუქრა. მიზეზი ისევ ეჭვიანობა იყო. ამ შემთხვევის შემდეგ შევიდა პოლიციაში შეტყობინება ოჯახში ძალადობის შესახებ.

ექსპერტიზამ ანას შემთხვევაშიც დაადასტურა დაზიანებები მის სხეულზე, მაგრამ არ არსებობდა მოწმე, რომელიც პირდაპირი მტკიცებულება იქნებოდა.

„გარდა ექსპერტიზის დასკვნისა,  სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის,“ – დაწერა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა განაჩენში და კახა უდანაშაულოდ მიიჩნია.

მესამე ორსული ქალი: „მუცელში ფეხი შემთხვევით მომარტყა მცირეწლოვანმა შვილმა“

ნინო სამი შვილის დედაა. ნინომაც სასამართლოში დუმილი არჩია.

ექიმებთან და პოლიციელებთან ნინოს უთქვამს, რომ ქმარმა მას მესამე ბავშვზე ფეხმძიმობის დროს სცემა, თუმცა უცნობია, იყო თუ არა ეს პირველი შემთხვევა.

„…თმებში მომქაჩა და აბაზანაში შემათრია, ჩემი ორი პატარა შვილი ამას უყურებდა, აბაზანაში წამაქცია და წაქცეულს მარჯვენა ფეხი დამარტყა სახეში,“ – უთხრა ნინომ პოლიციელებს.

საქმეშია სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის და ჰოსპიტლის ექიმების ჩვენებებიც.

„…ოჯახში დაგვხვდა ორსული პაციენტი, რომელიც უჩიოდა ტკივილს მუცლის არეში. პაციენტი ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გადავიყვანეთ,“ – ჰყვება სასწრაფოს ექიმი.

„შემოყვანილია ნ.ე., რომელსაც მეუღლემ ს.ა.-მ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა,“ – ეს BAU-ს მორიგი ექიმის ჩანაწერია, როდესაც ნინო ოჯახში ძალადობის შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმის თქმით, მას ქალმა უთხრა გასაუბრების დროს, რომ ქმარმა სცემა.

„მუცლის, ზურგის ქვედა ნაწილის და მენჯის ზედაპირული ტრავმები…“ – ეს ექსპერტიზის დასკვნის ამონაწერია.

„სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო სასამართლოსთვის, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დაემტკიცებინა ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდების საფუძვლიანობა. მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გადმოცემული ვერსია ვერ სცილდება ვარაუდის და დაუდასტურებელი ეჭვის დონეს, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის დამნაშავედ ცნობას,“ – წერს განაჩენში მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: ამ შემთხვევამდე ნინოს ქმრისთვის შემაკავებელი ორდერი გამოუწერიათ, თუმცა ეს კაცს სააპელაციო წესით გაუსაჩივრებია. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გამომძიებლის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერი გააუქმა.

„…გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა სასამართლო განხილვისას ნინოს განმარტება, რომ მუცელში ფეხი შემთხვევით მცირეწლოვანმა შვილმა მიარტყა და ამის გამო დაეწყო ტკივილი და მეუღლეს გამოაძახებინა სასწრაფო სამედიცინო დახმარება,“ – ვკითხულობთ განაჩენში.

მეოთხე ორსული ქალი: „პოლიციას მას შემდეგ მივმართე, როცა მოკვლით მემუქრებოდა“ 

ოჯახში ძალადობის ისტორიებიდან, სადაც დაზარალებულად ცნობილი ორსული ქალია, დიანას ისტორია გამონაკლისია – აქ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა.

დიანას საქმეში ძალადობის ხუთი ეპიზოდია, მათ შორის, ერთი დიანას დედაზე, ანუ დათომ სიდედრზეც იძალადა.

„ვიკამათეთ და მან სახეში ჯერ ხელი დამარტყა, მერე ბალიში, კისერში ხელს მიჭერდა, მერე მუცელში მირტყამდა ხელს,“-  უთხრა დიანამ მოსამართლე დავით მამისეიშვილს.

ანალოგიურად აღწერა ქალმა ძალადობის სხვა შემთხვევებიც. დიანას თქმით, დათო მასზე უმიზეზოდ ძალადობდა, როგორც სიტყვიერად, ისე ფიზიკურად. ეს შემთხვევები რამდენიმე თვე გრძელდებოდა. პოლიციას დიანამ მაშინ მიმართა, როცა დათო მუქარაზეც გადავიდა და მოკვლით ემუქრებოდა.

გამოძიება ოჯახში ძალადობის და მუქარის მუხლებით დაიწყო.

სხვა ისტორიებისგან განსხვავებით, დათომ უდავოდ მიიჩნია ის მტკიცებულებები, რაც გამომძიებლებმა შეაგროვეს, მათ შორის, დიანას პოლიციელებისთვის მიცემული ჩვენებაც. დიანას ჩვენება მოსამართლეს არ მოუსმენია, თუმცა ამ შემთხვევაში რამდენიმე მტკიცებულება მოგროვდა დათოს წინააღმდეგ.

„სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ: შეტყობინება დანაშაულის შესახებ, დაზარალებულ დიანას განცხადებები და გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულ თამილას [დიანას დედა] გამოკითხვის ოქმი, მოწმეების გამოკითხვის ოქმები, შემაკავებელი ორდერი და შემაკავებელი ორდერის ოქმი და სხვა მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს დათოს მიერ დანაშაულების ჩადენას,“ – წერს მოსამართლე დავით მამისეიშვილი.

მოსამართლემ დათოს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, რაც ჩაუთვალა პირობით 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

Exit mobile version