მთავარი,სიახლეები

4 ქალის ამბავი, რომლებსაც ორსულობისას ქმრებმა სცემეს – „ვირჩევ დუმილის უფლებას“

09.04.2021 • 1615
4 ქალის ამბავი, რომლებსაც ორსულობისას ქმრებმა სცემეს – „ვირჩევ დუმილის უფლებას“

„ვირჩევ დუმილის უფლებას“ – უთხრეს მოსამართლეს ქალებმა, რომლებმაც მანამდე, პოლიციელებთან ჩვენების მიცემის დროს, ქმრები ორსულობის დროს ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულეს. სამართლებრივად ძალა კი, მხოლოდ სასამართლოში ნათქვამს აქვს.

პირველი ორსული ქალის ისტორია: „ძლიერად მომიჭირა ხელები და ფეხი მუცელში ჩამარტყა“ 

„…ძლიერად მომიჭირა ხელები ორივე ხელზე, რის შემდგომაც ფეხი ჩამარტყა მუცელში… მტკიოდა,“ – ეს ინგამ [სტატიაში სახელები შეცვლილია] უთხრა პოლიციელებს, როცა ქმართან კონფლიქტის შემდეგ მის ბინაში პოლიციელები მივიდნენ. სამართალდამცველებმა ადგილზე დააკავეს ინგას ქმარი – ზურა.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ინგას „პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები, რომლებიც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის/ საგნების/ მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.“

ექსპერტიზა ჩაუტარდა ბრალდებულსაც და დადასტურდა, რომ მას ნაჭდევი და ნაკაწრები ჰქონდა. ზურამ თქვა, რომ ცოლთან კონფლიქტის დროს მიიღო ეს დაზიანებები.

ვიდრე სასამართლო პროცესები დაიწყებოდა, ინგამ შვილი გააჩინა. მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძესთან ინგამ დუმილი არჩია. პოლიციელების გარდა, რომლებმაც სასამართლოს ჩვენებები მისცეს, მაგრამ ეს არ იყო პირდაპირი მტკიცებულება, მოწმე აღარავინ დარჩა. სისხლის სამართლის საქმეში კი, მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულებაა საჭირო გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

მოსამართლეს ბრალდებული კაცის დამ მისცა ჩვენება და უთხრა, რომ ის კონფლიქტს არ შესწრებია, მაგრამ იცის, რომ მის ძმას ფიზიკური შეურაცხყოფა ინგასთვის არ მიუყენებია.

„მხოლოდ იკამათეს… მე თავად ინგა მომიყვა ამის შესახებ, ის არის ნერვიული და თავად ნანობდა, მას არც პოლიციისთვის დაურეკავს, სხვა პირმა დარეკა ბინაში არსებული ხმაურის გამო. ინგას აქვს შიში, რომ ზურამ არ მიატოვოს. ახლა ერთად ცხოვრობენ და შვილიც შეეძინათ… მას შემდეგ რამე უთანხმოების შესახებ არც გამიგია,“ – თქვა მოწმემ.

დაზარალებულად ცნობილი ინგასგან განსხვავებით, დუმილის უფლებით არ უსარგებლია ზურას. მან თქვა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს და ცოლთან მხოლოდ იკამათა.

„სახლიდან წასვლა უნდოდა და ამაზე ვკამათობდით… არ ვეწინააღმდეგებოდი, მხოლოდ ვაწყნარებდი, რომ არ ეხმაურა, მისგან თავის დაცვას ვცდილობდი და შეკავებას. მხოლოდ ეს იყო ფიზიკური შეურაცხყოფა, არ დამირტყამს მისთვის, ხელით ვცდილობდი მის შეკავებას,“ – თქვა ბრალდებულმა.

 „ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ“, – ჩაწერა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ გამამართლებელ განაჩენში.

უფლებადამცველები, რომლებიც ოჯახში ძალადობის თემაზე მუშაობენ, ხშირად ხაზს უსვამენ იმას, რომ ქალების ეკონომიკურად გაძლიერებისთვის სახელმწიფო არაფერს აკეთებს, რის გამოც ისინი იძულებული ხდებიან გაჩუმდნენ და მოძალადესთან დარჩნენ. „ბათუმელების“ არქივშიც არის რამდენიმე ასეთი შემთხვევის ამსახველი სტატია, როცა ძალადობის საქმის პროცესებზე დაზარალებულად ცნობილი ქალი საერთოდ აღარ ჩნდება, ან ჩნდება, მაგრამ ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს.

მეორე ორსული ქალი: „ახალი წლის საღამოს ეჭვიანობის გამო დამარტყა სახეში“

დუმილი არჩია ანამაც.

სასამართლო პროცესებამდე კი, ანა პოლიციელებთან ჰყვებოდა, რომ კახა, ვისთანაც იგი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იყო, პერიოდულად ძალადობდა მასზე, ხოლო ახალი წლის საღამოს ეჭვიანობის მიზეზით სახეში ხელიც გაარტყა.

„…მუდმივად ეჭვიანობდა, მამცირებდა, სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდა, მაგინებდა უწმაწური სიტყვებით, მლანძღავდა… მუდმივად სტრესი მქონდა, ვიტანჯებოდი… ახალი წლის საღამოს ისევ ეჭვიანობის გამო სახეშიც დამარტყა,“ – მოუყვა ქალი პოლიციელებს.

ანას თქმით, პირველ იანვარს კახა მას მოკვლითაც დაემუქრა. მიზეზი ისევ ეჭვიანობა იყო. ამ შემთხვევის შემდეგ შევიდა პოლიციაში შეტყობინება ოჯახში ძალადობის შესახებ.

ექსპერტიზამ ანას შემთხვევაშიც დაადასტურა დაზიანებები მის სხეულზე, მაგრამ არ არსებობდა მოწმე, რომელიც პირდაპირი მტკიცებულება იქნებოდა.

„გარდა ექსპერტიზის დასკვნისა,  სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის,“ – დაწერა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა განაჩენში და კახა უდანაშაულოდ მიიჩნია.

მესამე ორსული ქალი: „მუცელში ფეხი შემთხვევით მომარტყა მცირეწლოვანმა შვილმა“

ნინო სამი შვილის დედაა. ნინომაც სასამართლოში დუმილი არჩია.

ექიმებთან და პოლიციელებთან ნინოს უთქვამს, რომ ქმარმა მას მესამე ბავშვზე ფეხმძიმობის დროს სცემა, თუმცა უცნობია, იყო თუ არა ეს პირველი შემთხვევა.

„…თმებში მომქაჩა და აბაზანაში შემათრია, ჩემი ორი პატარა შვილი ამას უყურებდა, აბაზანაში წამაქცია და წაქცეულს მარჯვენა ფეხი დამარტყა სახეში,“ – უთხრა ნინომ პოლიციელებს.

საქმეშია სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის და ჰოსპიტლის ექიმების ჩვენებებიც.

„…ოჯახში დაგვხვდა ორსული პაციენტი, რომელიც უჩიოდა ტკივილს მუცლის არეში. პაციენტი ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გადავიყვანეთ,“ – ჰყვება სასწრაფოს ექიმი.

„შემოყვანილია ნ.ე., რომელსაც მეუღლემ ს.ა.-მ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა,“ – ეს BAU-ს მორიგი ექიმის ჩანაწერია, როდესაც ნინო ოჯახში ძალადობის შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმის თქმით, მას ქალმა უთხრა გასაუბრების დროს, რომ ქმარმა სცემა.

„მუცლის, ზურგის ქვედა ნაწილის და მენჯის ზედაპირული ტრავმები…“ – ეს ექსპერტიზის დასკვნის ამონაწერია.

„სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო სასამართლოსთვის, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დაემტკიცებინა ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდების საფუძვლიანობა. მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გადმოცემული ვერსია ვერ სცილდება ვარაუდის და დაუდასტურებელი ეჭვის დონეს, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის დამნაშავედ ცნობას,“ – წერს განაჩენში მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: ამ შემთხვევამდე ნინოს ქმრისთვის შემაკავებელი ორდერი გამოუწერიათ, თუმცა ეს კაცს სააპელაციო წესით გაუსაჩივრებია. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გამომძიებლის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერი გააუქმა.

„…გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა სასამართლო განხილვისას ნინოს განმარტება, რომ მუცელში ფეხი შემთხვევით მცირეწლოვანმა შვილმა მიარტყა და ამის გამო დაეწყო ტკივილი და მეუღლეს გამოაძახებინა სასწრაფო სამედიცინო დახმარება,“ – ვკითხულობთ განაჩენში.

მეოთხე ორსული ქალი: „პოლიციას მას შემდეგ მივმართე, როცა მოკვლით მემუქრებოდა“ 

ოჯახში ძალადობის ისტორიებიდან, სადაც დაზარალებულად ცნობილი ორსული ქალია, დიანას ისტორია გამონაკლისია – აქ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა.

დიანას საქმეში ძალადობის ხუთი ეპიზოდია, მათ შორის, ერთი დიანას დედაზე, ანუ დათომ სიდედრზეც იძალადა.

„ვიკამათეთ და მან სახეში ჯერ ხელი დამარტყა, მერე ბალიში, კისერში ხელს მიჭერდა, მერე მუცელში მირტყამდა ხელს,“-  უთხრა დიანამ მოსამართლე დავით მამისეიშვილს.

ანალოგიურად აღწერა ქალმა ძალადობის სხვა შემთხვევებიც. დიანას თქმით, დათო მასზე უმიზეზოდ ძალადობდა, როგორც სიტყვიერად, ისე ფიზიკურად. ეს შემთხვევები რამდენიმე თვე გრძელდებოდა. პოლიციას დიანამ მაშინ მიმართა, როცა დათო მუქარაზეც გადავიდა და მოკვლით ემუქრებოდა.

გამოძიება ოჯახში ძალადობის და მუქარის მუხლებით დაიწყო.

სხვა ისტორიებისგან განსხვავებით, დათომ უდავოდ მიიჩნია ის მტკიცებულებები, რაც გამომძიებლებმა შეაგროვეს, მათ შორის, დიანას პოლიციელებისთვის მიცემული ჩვენებაც. დიანას ჩვენება მოსამართლეს არ მოუსმენია, თუმცა ამ შემთხვევაში რამდენიმე მტკიცებულება მოგროვდა დათოს წინააღმდეგ.

„სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ: შეტყობინება დანაშაულის შესახებ, დაზარალებულ დიანას განცხადებები და გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულ თამილას [დიანას დედა] გამოკითხვის ოქმი, მოწმეების გამოკითხვის ოქმები, შემაკავებელი ორდერი და შემაკავებელი ორდერის ოქმი და სხვა მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს დათოს მიერ დანაშაულების ჩადენას,“ – წერს მოსამართლე დავით მამისეიშვილი.

მოსამართლემ დათოს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, რაც ჩაუთვალა პირობით 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: