მთავარი,სიახლეები

30 დღეში საქართველოში 18 287 ადამიანი აიცრა კოვიდზე

10.04.2021
30 დღეში საქართველოში 18 287 ადამიანი აიცრა კოვიდზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, 10 აპრილის მდგომარეობით საქართველოში 18 287 ადამიანი აიცრა კოვიდზე.

საქართველოში კორონავირუსზე ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო „ასტრაზენეკას“ ვაქცინით, შესაბამისად, 18 287 ადამიანი 30 დღის განმავლობაში აიცრა. თუ ვაქცინაცია ამ ტემპით გაგრძელდება, ერთი წლის განმავლობაში საქართველოში მხოლოდ 220 ათასამდე ადამიანი აიცრება კოვიდზე.

თავდაპირველად ვაქცინაცია მხოლოდ მედმუშაკებისთვის იყო გათვალისწინებული, თუმცა თანდათან ვაქცინაციის მიმღებთა წრე გაფართოვდა და 10 აპრილის მდგომარეობით კორონავირუსზე აცრა შეუძლიათ  55 წელს ზემოთ მოქალაქეებს, დიალიზის საჭიროების მქონე და ორგანოგადანერგილი პირებსაც.

ამჟამად კორონავირუსზე ვაქცინაცია საქართველოში „ასტრაზენეკას“ და „ფაიზერის“ ვაქცინებით მიმდინარეობს.

საქართველომ 3 აპრილს ასევე მიიღო ჩინური „სინოფარმის“ 100 000 დოზა, რაც დაახლოებით 50 ათასი ადამიანისთვისაა სამყოფი, თუმცა ამ ვაქცინას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია არ აქვს.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შეიქმნება პორტალი, სადაც საქართველოს ყველა მოქალაქე შეძლებს წინასწარ დააფიქსიროს ვაქცინაციის სურვილი და აირჩიოს, თუ რომელი კომპანიის პრეპარატით სურს იმუნიზაცია.

მინისტრის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია დაეხმარება სახელმწიფოს, მიიღოს სტრატეგიული გადაწყვეტილებები, მათ შორის, თუ რომელი ვაქცინა უნდა შემოიტანონ ქვეყანაში შემდეგ ეტაპზე.

საქართველოში ვაქცინაციის პროცესის შენელებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ექთანი მეგი ბაქრაძის გარდაცვალებამ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მიღების შემდეგ, თუმცა ამ დრომდე არ არსებობს ოფიციალური სამედიცინო დასკვნა იმის შესახებ, განუვითარდა თუ არა გარდაცვლილ ექთანს ანაფილაქსიური შოკი და უკავშირდებოდა თუ არა ეს ვაქცინას. ამ საქმეზე პროკურატურამ გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის ორ ექიმსა და ერთ ექთანს წარუდგინა ბრალი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: