მთავარი,სიახლეები

16 წლის კალათბურთელი გოგო ქობულეთიდან ესპანურ კლუბში ითამაშებს

10.04.2021 • 2380
16 წლის კალათბურთელი გოგო ქობულეთიდან ესპანურ კლუბში ითამაშებს

16 წლის კალათბურთელი ლიკა კვირკველია თავის საკალათბურთო კარიერას ესპანეთში, კლუბ  CB Adareva Tenerife-ში გააგრძელებს. ის მომდევნო 3 წლის განმავლობაში სანტა-კრუს-დე-ტენერიფეზე იცხოვრებს, ივარჯიშებს და ისწავლის. ლიკა ესპანურ კლუბში ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის დახმარებით მოხვდა.

„ბავშვობიდან ძალიან მაღალი ვიყავი. მირჩიეს კალათბურთში შევსულიყავი. ვცხოვრობდი ქობულეთში.

რადგან ქობულეთში არც გოგოების გუნდია და არც ბიჭების, ამიტომ უნდა მევლო სადმე ახლოს. ყველაზე ახლოს იყო ბათუმის საკალათბურთო გუნდი. ერთი წლის განმავლობაში ყოველდღე დავდიოდი ქობულეთიდან ბათუმში ვარჯიშზე. ვიყავი ბიჭების გუნდში, ასაკობრივ ნაკრებში ვთამაშობდი. 13 წლის ვიყავი მაშინ,“ – იხსენებს ლიკა თავისი კარიერის საწყის ეტაპს.

მისივე თქმით, 2018 წელს ნაკრების შესარჩევ ვარჯიშებზე დაიბარეს. ამავე წელს მოხვდა საქართველოს ნაკრებში, 16 წლამდე ასაკის გუნდში.

„თბილისში უნდა ჩამოვსულიყავი სავარჯიშოდ, კვირაში ორჯერ – შაბათ-კვირას. სწორედ აქ აღმომაჩინა ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის მწვრთნელმა,“ – ამბობს ლიკა.

2018 წლის სექტემბრიდან ლიკა კვირკველია ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში ვარჯიშობს. ამბობს, რომ სწორედ ამ აკადემიის დახმარებით, თავისი თავდაუზოგავი შრომით და ოჯახის დიდი მხარდაჭერით მიაღწია წარმატებას.

„ოჯახი თავიდანვე მხარში მედგა ნებისმიერ გადაწყვეტილებაში და ყოველთვის მეხმარებოდნენ. განსაკუთრებით დედა. არ იყო ადვილი 13 წლის ასაკში სახლის დატოვება და სხვა ქალაქში გადასვლა მარტო საცხოვრებლად. ოჯახი ვერ გადმომყვა, ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის ბაზაზე ვცხოვრობ მარტო.

თავისუფალი დრო საერთოდ არ მაქვს – მთელ დროს სწავლას და ვარჯიშს ვუთმობ. დილით ვარჯიში მაქვს, 11 საათამდე. მერე სკოლა – ონლაინ ვესწრები გაკვეთილებს. შემდეგ გუნდის ვარჯიში მაქვს და შემდეგ მაქვს ინდივიდუალური ან ბურთზე ან ფიზიკური,“ – ამბობს ლიკა კვირკველია.

ლიკას თქმით, მისი მთავარი მიზანი WNBA-ში თამაშია. ამ მიზნის მისაღწევად კი დიდი შრომაა საჭირო.

„კარგი კალათბურთელი რომ გახდე პირველ რიგში საჭიროა, რა თქმა უნდა, მონაცემები, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია შრომა. მე რომ დავიწყე კალათბურთის თამაში, ძალიან ბევრი ნეგატიური კომენტარი იყო: „აზრი არ აქვს საქართველოში კალათბურთის თამაშს…“ „გოგო ხარ, წადი რამე სხვა გააკეთე…“

ჩემი აზრით მსგავს კომენტარებს ყურადღება არ უნდა მიაქციო. მე მშობლების და მწვრთნელების გვერდში დგომამ მომცა ამის ძალა.

სამწუხაროდ მსგავსი კომენტარების გამო ძალიან ბევრი გოგო ანებებს თავს კალათბურთს ამ ასაკში. მე ვფიქრობ პირიქით უნდა მოიქცნენ – ივარჯიშონ და დაუმტკიცონ მათ, რომ ყველას შეუძლია კალათბურთის თამაში,“ – ამბობს ლიკა.

ლიკა კვირკველია ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის ადმინისტრაციის წევრებთან ერთად კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ ფოტო: ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის ფეისბუქ გვერდიდან

„ბათუმელებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ლიკა კვირკველია ხაზს უსვამს იმ თანადგომას, რომელიც მის მიმართ აკადემიამ გამოიჩინა.

„ჩემი აზრით საქართველოში ქალთა კალათბურთს არ ექცევა დიდი ყურადღება. თუმცა ზაზა ფაჩულიას აკადემია მაქსიმალურად ცდილობს, რომ აღმოაჩინოს ტალანტები – გოგოები და ბიჭები და გაუშვას საზღვარგარეთ სათამაშოდ.

ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მომზადებას. ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში ყოფნამ ძალიან დიდი გამოცდილება მომცა. აკადემიის ყველა წევრი ყოველთვის გვერდში მედგა რთულ მომენტებში. მეხმარებოდნენ ვარჯიშში, ინდივიდუალურ მომზადებაში, როგორც ბურთზე, ასევე ფიზიკურად.

ვნერვიულობ, რა თქმა უნდა, სხვა ქვეყანაში წასვლის წინ, მაგრამ იმედი მაქვს კარგად ვითამაშებ და საქართველოს სახელი კიდევ მრავალჯერ გაჟღერდება საზღვარგარეთ. ასევე იმედი მაქვს, რომ სხვა კალათბურთელ გოგონებს გზას გავუხსნი,“ –  ამბობს ლიკა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: