ძველ ბათუმში სახლებზე სპილენძის საწვიმარი მილები მოიპარეს

ძველ ბათუმში ისტორიულ სახლებზე სპილენძის საწვიმარი მილები მოიპარეს, შეინიშნება ასევე ჭების ლუქების მოპარვის ფაქტები. ამის შესახებ დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ, დავით მახარაძემ განაცხადა. მის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა დაადასტურა.

„ძველ ბათუმში არის ძალიან ბევრი ისტორიული და ლამაზი შენობა, ამ შენობაზე არის სპილენძის ხარისხის საწვიმარი მილები. ძალიან ბევრ შენობებზე, თითქმის 80 პროცენტზე, დაახლოებით 2 მეტრ სიმაღლეზე, სადაც ადამიანი მიწვდება, არის მოპარული. ვთხოვოთ პოლიციას, მიაქციონ ამას ყურადღება და თუ ფაქტზე ვერ იჭერენ ადამიანს, ის მაინც გააკეთონ, რომ გავაფრთხილოთ, სადაც ამას იბარებენ, რომ არ ჩაიბარონ“, – განაცხადა დავით მახარაძემ.

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის, არჩილ ჩიქოვანის განმარტებით, ამ საქმეში პოლიცია უკვე ჩართულია, მოპარული ნივთების ნაწილი უკვე ამოღებულია, ხოლო რამდენიმე  ფაქტზე საგამოძიებო  პროცედურები ახლაც მიმდინარეობს.

„დატაცების ფაქტები დაფიქსირდა ძველ ბათუმსა და ქალაქის სხვა ნაწილებში. ეს ეხება სანიაღვრე ჭების ლუქებისა და ა.შ. დატაცებას. თუმცა მინდა დავაზუსტო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მყისიერი რეაგირება განხორციელდა, შემთხვევების უმეტესი ნაწილი გამოვლენილია, ამოღებული და დაბრუნებულია ბათუმის წყლისთვის, ინფრასტრუქტურის სამსახურისთვის და მუნიციპალური სერვისების სააგენტოსთვის. რამდენიმე ფაქტზე საგამოძიებო პროცედურები ახლაც მიმდინარეობს. თანამშრომლობის საფუძველზე კონტროლი გამკაცრებულია“, – განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

გასცემს არჩილ ჩიქოვანი ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ნებართვას? – განმარტება

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი პირდაპირ არ პასუხობს კითხვას, გასცემს თუ არა ბათუმში მეჩეთის აშენების ნებართვას.

არჩილ ჩიქოვანმა არც ის გვითხრა, ეთანხმება თუ არა ორი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ მერია დისკრიმინაციულად მოიქცა, როცა მეჩეთის მშენებლობის ნებართვა არ გასცა და არც ის გვითხრა, თავად როგორ აფასებს ყოფილი მერის, ლაშა კომახიძის ამ გადაწყვეტილებას.

არჩილ ჩიქოვანის თქმით, მერიას სააპელაციო სასამართლოს გადაწვეტილება ჯერ არ ჩაჰბარებია. „როცა გადაწყვეტილება ჩაგვბარდება, მოვახდენთ მის ექსპერტიზას და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – ამბობს არჩილ ჩიქოვანი.

ბათუმის მერიის დისკრიმინაცია მეჩეთის აშენების საქმეზე სააპელაციო სასამართლომ 13 აპრილს დაადგინა. მეორე ინსტანციის სასამართლომ ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე.

თავის მხრივ, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 30 სექტემბერს დისკრიმინაციად მიიჩნია მუსლიმი თემის მიმართ ბათუმის მერიის დამოკიდებულება „ბათუმის ახალი მეჩეთის საქმეზე“.

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ „ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საქმეზე“ დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა და უკანონოდ მიიჩნია მერიის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომლითაც მუსლიმ თემს მეჩეთის მშენებლობაზე უარი უთხრეს. სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი მერიის დავალდებულების ნაწილში – მუსლიმი თემი ითხოვდა, სასამართლოს დაევალებინა მერიისთვის შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. მოსამართლემ თქვა, რომ მშენებლობის ნებართვაზე შესაბამისი აქტების გამოცემა მერიის დისკრეციული უფლებამოსილებაა და ამაში სასამართლო ვერ ჩაერევა.

სავარაუდოდ, 13 აპრილის გადაწყვეტილებას ბათუმის მერია უზენაეს სასამართლოშიც გაასაჩივრებს.

 

აშენდება თუ არა მეჩეთი ბათუმში – რას შეცვლის სასამართლოს გადაწყვეტილება

მეტადონის პროგრამაში ჩართულები 5 დღის დოზას წინასწარ ვეღარ მიიღებენ

მეტადონის პროგრამაში ჩართულები 5 დღის დოზას წინასწარ ვეღარ მიიღებენ.

ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მკურნალობის განხორციელების მეთოდიკაში ის პუნქტი, რომელიც მედიკამენტების წინასწარ მიღების შესაძლებლობას იძლეოდა, მინისტრის ბრძანებით, მეთოდიკიდან ამოღებულია.

შესაბამის ბრძანებას საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ხელი 2021 წლის 28 მაისს მოაწერა. ბრძანება დღეს, 31 მაისს, შევიდა ძალაში.

ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მოსარგებლეებს 2020 წლის 22 ოქტომბრიდან შეეძლოთ წინასწარ მიეღოთ შესაბამისი პრეპარატების 5 დღის დოზა, თანაც კლინიკაში მიუსვლელად. თუმცა ეს დაშვებული იყო გამონაკლისის სახით – ეპიდემიის, პანდემიის, ეპიდემიოლოგიური აფეთქების დროს – დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით.

ამ თემაზე:

მეტადონის პროგრამაში ჩართულები 5 დღის დოზას წინასწარ მიიღებენ

აჭარის ტელევიზიას ქარტიის 2 მუხლის დარღვევა დაუდგინეს – ბულვარის დირექტორის საქმე

ბათუმის ბულვარის ყოფილი დირექტორის „ირაკლი ჯინჭარაძის სამსახურიდან გაშვების საქმეზე“ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ აჭარის ტელევიზიას ორი პრინციპის დარღვევა დაუდგინა – ინფორმაციის სიზუსტე [მუხლი 1] და არაზუსტი ინფორმაციის შესწორება [მუხლი 5]. იმის მიუხედავად, რომ სასამართლოს ჯერ ირაკლი ჯინჭარაძის საქმის განხილვა არც კი დაუწყია, აჭარის ტელევიზიამ 18 მაისს გამოაქვეყნა ინფორმაცია სათაურით: „ბათუმის სასამართლომ ირაკლი ჯინჭარაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა“.

ინფორმაცია აჭარის ტელევიზიის საიტზე დღესაც ამ სათაურით იძებნება.

ბულვარის დირექტორმა ირაკლი ჯინჭარაძემ ბულვარის პლაჟის იჯარით გაცემა გააპროტესტა, რის შემდეგაც ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მისი გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად კი აუდიტის დასკვნა დაასახელა მთავრობამ.

ყოფილმა დირექტორმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა. 14 მაისს ირაკლი ჯინჭარაძის სარჩელი სასამართლომ წარმოებაში მიიღო. ირაკლი ჯინჭარაძე ითხოვდა, რომ ვიდრე სასამართლო მის საქმეს განიხილავდა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბათუმის ბულვარის დირექტორად ვერავინ დაენიშნა. სასამართლომ ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე თქვა უარი. სასარჩელო მოთხოვნების განხილვა კი, 31 მაისის მდგომარეობით, დაწყებული არ არის. მეტიც, „ირაკლი ჯინჭარაძის საქმეზე“ ჯერ სასამართლო სხდომა ჩანიშნულიც კი არ არის.

„მიუხედავად ჟურნალისტთან, ემზარ დიასამიძესთან საუბრისა, 2021 წლის 18 მაისს 21:24 სთ-ზე სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ ვებგვერდზე განთავსდა სტატია სათაურით – „ბათუმის სასამართლომ ირაკლი ჯინჭარაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა“, –  აღნიშნა ქარტიისთვის მიმართულ საჩივარში პაატა დიასამიძემ, საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა.

საია სასამართლოში ირაკლი ჯინჭარაძის ინტერესებს იცავს.

პაატა დიასამიძის თქმით, ირაკლი ჯინჭარაძესთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა ჟურნალისტს სტატიის გამოქვეყნებამდე, თუმცა სტატიაში საია-ს პოზიცია ასახული არ იყო. სტატიაში საია-ს იურისტის, მირზა მამულაძის პოზიცია გაჩნდა და ინფორმაცია დაზუსტდა მას შემდეგ, როცა აჭარის ტელევიზიამ ირაკლი ჯინჭარაძის შესახებ სტატია ფეისბუქგვერდზეც გამოაქვეყნა, ხოლო საია-ს ადვოკატმა, ილონა დიასამიძემ ფეისბუქში ტელევიზიას ინფორმაციის გადამოწმებისკენ მოუწოდა.

„გამომდინარე იქედან, რომ სათაური იყო შეცდომაში შემყვანი, ის არ გასწორდა მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა. 2021 წლის 19 მაისს, 13:08 საათზე, ტელეფონით დავურეკე ფირუზ ბოლქვაძეს [აჭარის ტელევიზიის PR მენეჯერი], ავუხსენი მდგომარეობა, რაც მისთვის ისედაც ცნობილი იყო და ვთხოვე, რომ შეეცვალათ სათაური. მან განმიმარტა, რომ აღნიშნულ საკითხს შეისწავლიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სტატიის განთავსების შემდეგ არაერთხელ გვქონდა კომუნიკაცია აჭარის ტელევიზიის წარმომადგენლებთან, სტატიის სათაური მაინც არ შეცვლილა, სტატია არის შეცდომაში შემყვანი,“ – მიიჩნევს იურისტი პაატა დიასამიძე.

საბოლოოდ, აჭარის ტელევიზიამ ინფორმაცია ირაკლი ჯინჭარაძის შესახებ დააზუსტა, თუმცა სათაური არ შეცვალა. აჭარის ტელევიზიას ამ თემაზე ვიდეოსიუჟეტი არ ჰქონია.

პაატა დიასამიძის თქმით, სათაურმა არაერთი მოქალაქე შეიყვანა შეცდომაში.

„გვიკავშირდებოდნენ მოქალაქეები და აინტერესებდათ, ასე სწრაფად როგორ განიხილა ეს საქმე სასამართლომ… მე მივწერე ტელევიზიას ინფორმაციის გამოქვეყნების დღეს და მოვთხოვე, რომ დღის ბოლომდე შეეცვალათ პასუხი, მაგრამ ეს არ გააკეთეს,“ – ამბობს საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, პაატა დიასამიძე.

ირაკლი ჯინჭარაძე სასამართლოში მისი გათავისუფლების შესახებ გამოცემული განკარგულების ბათილად ცნობას, ასევე სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს. ირაკლი ჯინჭარაძე სასამართლოში ასევე ეცდება იმის დადასტურებას, რომ ის განსხვავებული მოსაზრებების გამო დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

ირაკლი ჯინჭარაძე ბათუმის ბულვარის დირექტორის პოზიციიდან 12 აპრილს გაათავისუფლეს. მან განაცხადა, რომ გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია აჭარის ტელევიზიიდან შეიტყო. „აჭარის ტელევიზიამ ჩემი გათავისუფლების შესახებ მგონი მინისტრზე ადრე იცოდა“, – თქვა ირაკლი ჯინჭარაძემ.

____

ამავე თემაზე:

„გაცვლა“ – სამდღიანი ფესტივალი ბათუმში: გამოფენები, საჯარო შეხვედრები და მუსიკა

4 ივნისს ბათუმში ფესტივალი interchanGE/„გაცვლა“ გაიხსნება.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი გამოფენები, შეხვედრები და მუსიკალური პროგრამები ბათუმის ბულვარში, Conte Beach-ში და ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გაიმართება.

„გაცვლა“ ახალი სახელწოდებაა ფესტივალ „ბათუმის ფოტოდღეების“, რომელიც უკვე მეექვსე წელია ბათუმში იმართება.

2021 წლის ღონისძიების თემაა FRAGILE /„ფაქიზი“ –  კონცეფცია, რომელიც ეხება ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვას.

წლევანდელი მთავარი თემა აერთიანებს სამ მიმართულებას: „სახელმწიფო“, „ბუნება“ და „ადამიანი“. ფესტივალის სამი დღე თითოეულ თემას მიეძღვნება.

4 ივნისიდან 6 ივნისის ჩათვლით, დღის 3 საათიდან 9 საათამდე, ფესტივალის ფარგლებში 12 გამოფენა, 5 პრეზენტაცია, დისკუსია ავტორებთან, საუნდინსტალაცია და ორი მუსიკალური პერფორმანსი გაიმართება.

პროგრამაში მონაწილეობენ: არჩილ ქიქოძე, გიორგი კეკელიძე, გურამ ოდიშარია, მართა ბრენი (ნორვეგია), დმიტრი გავრიჩი (შვეიცარია), დუშან საროტარი (სლოვენია), ანნა ძიაფშიპა (საქართველო), მაგდა ჰუეცეკი (პოლონეთი), ჯიორჯი კოსულიჩი (იტალია), ირაკლი ძნელაძე (საქართველო).

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ფოტოსელექცია სუვონის ფოტოფესტივალიდან ახალგაზრდა ავტორების: ჰან იონგ სოოს, ლი კიუჩეოლის, პარკ ჯონგვის, ჰასეონ პარკის და ა.შ.

ფესტივალის პროგრამა ასე გამოიყურება:

4 ივნისი

ბათუმის ბულვარი, კოლონადებისა და საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორია, 15 საათზე 

  • გამოფენები სუვონის ფოტოფესტივალის სელექციიდან  – „ზეციური დაკრძალვა“ (ჰასეონ პარკ, კორეა); „მშიერი ტალღა“ (სვასტიკ პალი, ინდოეთი)
  • „მე ჩემი სახლი ვარ“ – აგნეშკა გოტოვალას (პოლონეთი) ნამუშევრების გამოფენა
  •  „ზამთარი თუშეთში“ – არჩილ ქიქოძის (საქართველო) ნამუშევრების გამოფენა
  • „პანორამა“ – დუშან საროტარი (სლოვენია) ნამუშევრების გამოფენა

კონტე Beach 

საჯარო საუბარი 17:00 საათზე  – „გზაზე“ –  არჩილ ქიქოძე (მწერალი, ფოტოგრაფი) და დუშან საროტარი (მწერალი, ფოტოგრაფი). მოდერატორი ზურაბ ჯავახიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ავტორები ისაუბრებენ მოგზაურობის და ფოტოგრაფიის გავლენაზე თავიანთ შემოქმედებაზე.

20:00 მუსიკალური პროგრამა  „სახლი“. აჭარის ტენიანი ტყის ხმებზე შექმნილი მუსიკალური კომპოზიციები საუნდინსტალაცია: ნინო დავაძე, რატი ბარამაძე, ნაზი ჭავჭავაძე და თამო ნასიძე. Jam session: რეზო კიკნაძე (საქსოფონი) და ანუშკა ჩხეიძე (ელექტრონული მუსიკა).

5 ივნისი 

ბათუმის ბულვარი, კოლონადებისა და საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორია

15:00 საათზე – „ადის“, ურბანული რევოლუცია, ჯიორჯიო კოსულიჩი დე პეშინე (იტალია)

18:00 საათზე  „მონუმენტები“, ჰან იონგ სუ (კორეა); „მე არ ვარ დამნაშავე“; ლი კუჩეოლი (კორეა); დემილიტარიზაციის ზონა, პარკ ჯონგვუ (კორეა); „ბრძოლა ქალაქ მარავისათვის“, ჯეზ აზნარი (ფილიპინები); „აღმოსავლეთ ფრონტი“, იანგ კონგ სუნი (კორეა);

კონტე Beach

16:00 საათზე საჯარო საუბარი და პრეზენტაცია. „წყლის პირას ჩვენ დავსხედით და კვლავ ავდექით“ – დმიტრი გავრიჩი (მწერალი, შვეიცარია) და ირაკლი ძნელაძე ( საქართველო).

19:00 –  „ამბებით მოთხრობილი კონფლიქტი“ – გურამ ოდიშარია (მწერალი) და ჟეუკ ლუკას კანგი (ხელოვანი, კორეა). მოდერატორი – მედეა მეტრეველი, ქართული ლიტერატურული ინიციატივა, დირექტორი. მწერალი და ხელოვანი ისაუბრებენ თავიანთ გამოცდილებაზე კონფლიქტთან მიმართებაში, კორეისა და საქართველოს მაგალითზე.

6 ივნისი 

ბათუმის ბულვარი, კოლონადებისა და საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორია

15:00 – „ფაქიზი“ – კონკურსში გამარჯვებული მონაწილეების გამოფენა.

თანამედროვე ხელოვნების სივრცე

15:30 საათზე – „ცარიელი ადგილი მქონდა“ – მულტიმედია პროექტი.

ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე 

17:00 საათზე – „ანიმა“, მაგდა ხუეჩკელი, კურატორი – კატარინა საგატოვსკა, გალერეა „იედნოსტკა“.

კონტე Beach 

18:00 საათზე – „მებრძოლი ქალები“ – მართა ბრინი (წიგნის ავტორი) და ჯენი ჯორდალი (ილუსტრატორი) მოგვითხრობენ ქალთა მოძრაობების მრავალ დრამატულ ბრძოლაზე მთელს მსოფლიოში და წარადგენენ გრაფიკულ რომანს  – WOMEN IN BATTLE-ს, რომელიც არის მათთვის, ვისაც სურს რაც შეიძლება მოკლე დროში გაეცნოს ფემინიზმის ისტორიას.

20:00 საათზე – მუსიკალური პერფორმანსი „მყინვარის მუსიკა“. გოეთეს ინსტიტუტი, საქართველო რობერტ ლიპოკი, ლილევანი, ანუშკა ჩხეიძე, ეთო გელაშვილი, ჰაიკ კაროი კარაპეტიანი.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ფესტივალის ფეისბუქგვერდზე.

საქართველოში ფესტივალის ორგანიზატორია ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე. ფესტივალის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო, ქართული ლიტერატურული ინიციატივა და კონრად ადენაუერის ფონდი, სუონის ფოტოფესტივალი და კორეის ხელოვნების საბჭო, გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში, ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტი, ნორვეგიის ლიტერატურული ფონდი, სლოვენიის წიგნის სააგენტო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრი და ა.შ.

სადეზინფექციო სითხეების ფალსიფიკაცია – ორი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სადეზინფექციო საშუალებების ფალსიფიკაციის ფაქტები გამოავლინა. სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ორი კომპანიის ორი ხელმძღვანელის მიმართ.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დანაშაულში მხილებული კომპანიების ხელმძღვანელი პირები თბილისში და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში, სხვადასხვა მისამართზე მდებარე მაღაზიებში და საამქროებში, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სისტემატურად ამზადებდნენ სხვადასხვა მოცულობის სადეზინფექციო საშუალებებს და ყიდდნენ.

ფოტო: საგამოძიებო სამსახური
ფოტო: საგამოძიებო სამსახური
ფოტო: საგამოძიებო სამსახური
საწარმოებისა და სარეალიზაციო ობიექტების ჩხრეკისას ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით სარეალიზაციოდ გამზადებული სადეზინფექციო საშუალებები.

ექსპერტიზით დადგiნდა, რომ ზემოხსენებული კომპანიების მიერ წარმოებულ სადეზინფექციო საშუალებებს შეცვლილი აქვს თვისობრიობა, პროდუქცია არ შეიცავს ეტიკეტზე მითითებულ ნივთიერებებს და არ აკმაყოფილებს დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ჰიგიენური დასკვნებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1971 მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.

კოვიდის 360 ახალი შემთხვევა საქართველოში – დღევანდელი მონაცემები

31 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 12 207 კვლევა ტესტით.

ბოლო 24 საათში საქართველოში 16 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

ამ ეტაპზე საქართველოში 3829 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

30 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.95 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.41%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.80%. 

აჭარაში კოვიდის 43 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 31 მაისი

31 მაისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 43 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დღეისათვის აჭარის კოვიდკლინიკებში 354 პაციენტი მკურნალობს, მათგან 14 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა.

აჭარის კოვიდსასტუმროებში ბოლო მონაცემებით იმყოფება 249 ინფიცირებული.

ვინ შევა ოპოზიციიდან აჭარის უმაღლეს საბჭოში – სია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის. შესაბამისად, ოპოზიციამ აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. ერთიანი ოპოზიციის სიის მიხედვით, აჭარის უმაღლეს საბჭოში შედიან:

  • ელგუჯა ბაგრატიონი, წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის [ენმ] თავმჯდომარე.
  • გიორგი კირთაძე – ენმ, ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
  • გია აბულაძე – უმაღლესი საბჭოს წინა მოწვევის ოპოზიციური ფრაქციის წევრი.
  • მედეა ვასაძე – წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს წევრი.
  • ლევან ანთაძე – ენმ, ბათუმის საკრებულოს წევრი. პარტიაში ჯერ დაზუსტებული არ აქვთ, ვინ შევა საკრებულოში ლევან ანთაძის ნაცვლად.
  • მამული სურმანიძე, ენმ – ქობულეთის საკრებულოს წევრი.

ოპოზიციის საარჩევნო სიაში უმაღლეს საბჭოში მეექვსე ნომერი ირაკლი ჩავლეიშვილი იყო. მან უმაღლეს საბჭოში შესვლის გადაწყვეტილება გაცილებით ადრე, დამოუკიდებლად მიიღო.

ოპოზიცია უმაღლეს საბჭოში ფრაქციასაც შექმნის.

აჭარის ბოლო მოწვევის უმაღლესი საბჭო 15 დეკემბერს, პროტესტის ფონზე შეიკრიბა. ოპოზიცია არჩევნების გაყალბების მოტივით პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებდა.

მთავარ ფოტო: გიორგი კირთაძე, მედეა ვასაძე, გია აბულაძე, მამული სურმანიძე, ელგუჯა ბაგრატიონი, ლევან ანთაძე.

780 მლნ ადამიანს თამბაქოზე თავის დანებება სურს -NCDC

დღეს, 31 მაისს, საერთაშორისო დღე „თამბაქოს გარეშე“ (World No Tobacco Day) აღინიშნება.  ამ დღეს ყურადღება მახვილდება თამბაქოს გლობალურ ეპიდემიაზე. 2021 წელს დღის „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ აღსანიშნავად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ წამოიწყო გლობალური კამპანია ლოზუნგით „Commit to Quit”.

ინიციატივის მიზანია ხელი შეუწყოს  100 მილიონამდე ადამიანს მსოფლიოს მასშტაბით უარი თქვას თამბაქოს მოხმარებაზე სხვადასხვა მეთოდისა თუ ციფრული საშუალების დახმარებით.

„მსოფლიოში დაახლოებით 780 მილიონ ადამიანს სურს თამბაქოზე უარის თქმა, თუმცა მათგან მხოლოდ 30 პროცენტს  აქვს ხელმისაწვდომობა იმ საშუალებებზე, რომლებიც მათ დაეხმარება  ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური დამოკიდებულების დაძლევაში.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია პარტნიორებთან ერთად ხელმისაწვდომს გახდის იმ საშუალებებსა და რესურსებს, რომლებიც საჭიროა მოწევისთვის თავის დანებების უზრუნველსაყოფად,“- ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული სააგენტო.

ამავე წყაროს ცნობით, COVID-19-ის პანდემიის პირობებში  თამბაქოს მილიონობით მომხმარებელს გაუჩნდა თავისდანებების სურვილი.  „თუმცა,  თამბაქოზე თავისდანებება შესაძლოა გამოწვევა აღმოჩნდეს ეკონომიური თუ  სოციალური სტრესის ფონზე, რომელიც  COVID-19-ს ახლავს თან“.

31 მაისს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კორპუსის კედელს მოხატავენ და „შენობის კედელზე საგანგებოდ ამ დღისთვის თამბაქოს თემატიკის შინაარსის ნამუშავარი შესრულდება“.

პანდემიის სალიკვიდაციო 5.1 მლრდ ლარიდან 3.8 მლრდ საგარეო ვალია – აუდიტი 2020 წლის ბიუჯეტზე

პანდემიის გამო საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2.7 მილიარდი აშშ დოლარით [83%-ით], ხოლო ადგილობრივი ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 6.4 მილიონი ლარით [4%-ით] შემცირდა; ეკონომიკის 20 დარგიდან შემცირდა 12 დარგი; მთავრობის ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან [მშპ-სთან] ფარდობის მაჩვენებელი კი 60%-ს გაუტოლდა და გადააჭარბა პესიმისტური სცენარით განსაზღვრულ მაჩვენებელს – ეს, 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების ზოგიერთი მაჩვენებელია, რომელიც მთავრობამ წარმოადგინა. მთავრობის ანგარიშზე თავისი მოსაზრება კი, სახელმწიფო აუდიტმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა.

„პანდემიით გამოწვეული ნეგატიური შოკიდან გამომდინარე შეიქმნა ახალი ეკონომიკური რეალობა. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში განხორციელებული ცვლილებისას არ განახლებულა „ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტი“. ამასთან, ბიუჯეტის შესრულების ანგარიში არ შეიცავს ინფორმაციას ფისკალური რისკების მატერიალიზაციისა და მათ საპასუხოდ განხორციელებული პოლიტიკის პასუხების შესახებ“, – აცხადებს აუდიტი.

„ანტიკრიზისული ბიუჯეტის“ მიხედვით, პანდემიის პრევენციისა და მისი შედეგების სალიკვიდაციოდ 2020 წელს დაიგეგმა დამატებით 5.6 მლრდ ლარის მობილიზება, საიდანაც 4.5 მლრდ ლარი საერთაშორისო პარტნიორებისგან გამოყოფილ ბიუჯეტის მხარდამჭერ კრედიტებს წარმოადგენდა, 650 მლნ ლარი – საშინაო ვალის ზრდის შედეგად მიღებულ რესურსს, 330 მლნ ლარი – ევროკავშირიდან მისაღებ გრანტს, 133.5 მლნ ლარი StopCov ფონდში მობილიზებულ რესურსსა და 53.5 მლნ ლარი მთავრობის საბანკო დეპოზიტებიდან მიღებულ დამატებით საპროცენტო შემოსავალს.

აღნიშნული წყაროებიდან ბიუჯეტში ფაქტობრივად მობილიზებულმა თანხამ 5.1 მილიარდი ლარი შეადგინა:

წყარო: სახელმწიფო აუდიტი

რაც შეეხება პანდემიის საპასუხოდ გასატარებელი კონკრეტული ღონისძიებების პაკეტს, ბიუჯეტის კანონში განხორციელებული ცვლილებით მისი მოცულობა 3.5 მილიარდი ლარით განისაზღვრა. აღნიშნულ ღონისძიებებზე ფაქტობრივად მიმართულმა თანხამ კი,  ჯამურად – 3.2 მილიარდი ლარი შეადგინა. მათ შორის:

  • 2 მლრდ ლარი პანდემიის საპასუხოდ გასატარებელი სხვადასხვა ღონისძიების დასაფინანსებლად ასახული იქნა სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების გეგმაში. ამ თანხიდან შესაბამისი ღონისძიებების ფარგლებში გამოყენებულ იქნა 1.4 მლრდ ლარი [თუმცა, აუდიტის მიხედვით, იმ პროგრამების შემთხვევაში, რომლებიც პანდემიამდეც არსებობდა და შესრულების ეტაპზე არ მომხდარა ფაქტობრივი ათვისების გამიჯვნა საწყისი და პანდემის მიზეზით დამატებითი გამოყოფილი დაფინანსების მიმართ, ათვისების მაჩვენებელში ასახულია ბიუჯეტის კანონის ცვლილებით დამატებით გამოყოფილი დაფინანსება სრულად].
  • აუთვისებელი ნაწილიდან 422.5 მლნ ლარი გადანაწილდა პანდემიის მართვის სხვა ღონისძიებებში [მათ შორის: კომუნალური გადასახადების სუბსიდირების ხელშეწყობის ღონისძიებები – 210 მლნ ლარი; 18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი სოციალური დახმარება – 65 მლნ ლარი; COVID-19-ის ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა – 17 მლნ ლარი].
  • კომერციული ბანკებისთვის ლარის გრძელვადიანი ლიკვიდობის შესაქმნელად, 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციების ემისიით მიღებული რესურსით დაიგეგმა 600 მლნ ლარის განთავსება ბანკების 10-წლიან სადეპოზიტო სერთიფიკატებში. ფაქტობრივად განთავსებულმა თანხამ 594.3 მლნ ლარი შეადგინა;
  • 600 მლნ ლარით გაიზარდა ბიუჯეტის თავდაპირველი კანონით განსაზღვრული ბიზნესისთვის ზედმეტად გადახდილი დღგ-ს დაბრუნების გეგმა და 1.2 მლრდ ლარს გაუტოლდა. 2020 წელს ფაქტობრივად დაბრუნებულმა დღგ-მ 1 მლრდ ლარი შეადგინა. შესაბამისად, საწყისი გეგმის გამოკლებით, დამატებით დაბრუნდა 440 მლნ ლარის ოდენობის დღგ;
  • ფიზიკური პირებისა და ტურისტული ობიექტებისთვის დაწესდა საგადასახადო შეღავათი, რაც ფინანსთა სამინისტროს შეფასებით თანხობრივ გამოსახულებაში 295 მლნ ლარს შეადგენდა. თუმცა დაწესებული შეღავათების ფაქტობრივი მოცულობა 364.2 მლნ ლარს გაუტოლდა.

დადებითად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს ახლავს „საქართველოში ახალი კორონავირუსის COVID-19 გავრცელება და მასზე ფისკალური პოლიტიკის პასუხების“ დოკუმენტი. თუმცა საყურადღებოა აღნიშნულ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტესა და სისრულესთან დაკავშირებული შემდეგი საკითხები:

ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში პანდემიის საპასუხოდ გატარებულ ღონისძიებებში ასახულია გადასახადის გადამხდელთა მიერ ზედმეტად გადახდილი დღგ-ს დაბრუნების ჯამური თანხა, 1 მლრდ ლარის ოდენობით. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ თანხიდან 600
მლნ ლარის დაბრუნება დაგეგმილი იყო თავდაპირველი ბიუჯეტის კანონითაც;

ეს დოკუმენტი არ მოიცავს ინფორმაციას იმ 7 ქვეპროგრამის შესრულების შესახებ, რომლებიც განსაზღვრული იყო ბიუჯეტის თავდაპირველი კანონით და განხორციელებული ცვლილების დროს პანდემიით გამოწვეული დამატებითი ხარჯების დაფინანსებისთვის გაეზარდათ ასიგნება, ჯამურად 201 მლნ ლარით.

[ეს ქვეპროგრამებია: სოციალური შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში; მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვა; პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის ქვეპროგრამა; სახელმწიფო კლინიკების მართვა; იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და სოციალური და საცხოვრებელი პირობების შექმნა; საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურება და დაფარვა; ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გადასაცემი ტრანსფერები].

წყარო: სახელმწიფო აუდიტი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის [IMF] შეფასებით, ფისკალური პარამეტრების ზღვრებში დაბრუნების ხელშესაწყობად მნიშვნელოვანია ხარჯების რეპრიორიტეტიზაცია.

კერძოდ, IMF-ის რეკომენდაციით, რეცესიის პერიოდში მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს კონკრეტული მიზნობრიობის მქონე ღონისძიებებზე [მაგ. მოწყვლადი ჯგუფების სოციალური დახმარება] და შეიზღუდოს ისეთი ღონისძიებები, რომელთაც ზოგადი მიზნობრიობა გააჩნიათ [მაგ. საშემოსავლო გადასახადის შეღავათი და კომუნალური ხარჯების სუბსიდირება].

„იმის გათვალისწინებით, რომ ანტიკრიზისული ღონისძიებების ბიუჯეტში ასახვით არსებითად შეიცვალა საბიუჯეტო პარამეტრების როგორც გეგმური, ასევე ფაქტობრივი მაჩვენებლები, მნიშვნელოვანია, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში წარმოდგენილი მონაცემები დაინტერესებულ მხარეებს აძლევდეს ზუსტ და ამომწურავ ინფორმაციას პანდემიის საპასუხოდ გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით“, – აცხადებს აუდიტი.

ამასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული ანალიზით შეფასებულ იქნა რამდენად ხდება განმარტებითი ინფორმაციის წარმოდგენა ისეთი პროგრამების/ქვეპროგრამებისთვის, რომელთა მიღწეული მაჩვენებლები 10%-ით და მეტით განსხვავდებოდა მიზნობრივი მაჩვენებლისგან.

„2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების პროგრამულ დანართში წარმოდგენილი მსგავსი ტიპის ინდიკატორების 31%-ს არ ახლავს განმარტება ან მოცემული განმარტება ზოგადი ხასიათისაა. აღსანიშნავია, რომ ინდიკატორთა ნაწილის შემთხვევაში, რომლებიც გასულ წლებშიც ხასიათდებოდნენ იმავე მასშტაბის გადახრებით და განმარტების წარმოდგენა არ ხდებოდა, 2020 წელს შეუსაბამობის მიზეზად პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები და ვითარების გაუარესება სახელდება“, – აცხადებს აუდიტი.

ცალკეული პროექტების შესრულებასთან დაკავშირებით აუდიტი ამავე დოკუმენტში აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო უწყებების მიერ წარმოდგენილი განმარტებების მიხედვით, დაბალი ათვისებები ძირითადად განპირობებულია პანდემიის გავრცელების გამო რიგი აქტივობებისა და ღონისძიებების გაუქმებით/შეფერხებითა და გადადებით. მიუხედავად ამისა, არსებობს ისეთი პროექტებიც, რომელთაც 2020 წლის მსგავსად, შესრულების დაბალი მაჩვენებელი ჰქონდათ 2019 წელსაც, რაც პროექტების დაგეგმვის ხარვეზებზე მიუთითებს“.

ამავე თემაზე:

„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება

„გამარჯვება ეძღვნება რიონის ხეობის მცველებს“ – ქუთაისის ქალთა საფეხბურთო კლუბი

ქალთა საფეხბურთო კლუბმა „მართვემ“ დღეს, 30 მაისს, ქსკ ბათუმის „დინამო“ დაამარცხა და გამარჯვება „რიონის ხეობის მცველებს“ მიუძღვნა.

„ეს გამარჯვება ეძღვნება რიონის ხეობის მცველებს!“ – წერს გუნდი ფეისბუქზე.

„მართვე“ ქუთაისის ქალთა საფეხბურთო კლუბია და ისინი ღიად უჭერენ მხარს „ნამახვანი ჰესის“ წინააღმდეგ მიმდინარე აქციებს.

„მართვესა“ და ბათუმის „დინამოს“ შეხვედრა დღეს, 30 მაისს, ბათუმში, ორთაბათუმის საფეხბურთო სკოლა „ბაკურის“ სტადიონზე შედგა.

თამაშის პირველი ტაიმი დასრულდა ანგარიშით 0:2, მეორე ტაიმში კი ანგარიში გახდა 2:3, ქსკ „მართვეს“ სასარგებლოდ.

ვარდო ცაგურია, მართვეს მეკარე სეივის დროს

მთავრობის გამოხმაურება ჩაქვში 4 ჰექტარი პლაჟის გასხვისებაზე

აჭარის მთავრობა გამოეხმაურა batumelebi.ge -ზე 29 მაისს გამოქვეყნებულ სტატიას, რომელიც ჩაქვის ყოფილი ტურბაზის ტერიტორიის გასხვისებას ეხებოდა. ჩვენ ვწერდით იმის შესახებ, რომ ამ ტერიტორიის მიყიდვა კონკრეტული კომპანიისთვის იგეგმებოდა, რომლის მფლობელებიც რუსეთის მოქალაქეები არიან. სტატია ბათუმის მერიის განკარგულების პროექტისა და მასზე თანდართული განმარტებითი ბარათის მიხედვით მოვამზადეთ.

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ აჭარის მთავრობამ წერილობით გვაცნობა, რომ მცდარია ინფორმაცია ჩაქვის ყოფილი ტურბაზის ტერიტორიის კონკრეტული ინვესტორისთვის მიყიდვის შესახებ. მთავრობის განმარტებით, არც „ბათუმელების“ მიერ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგი აბზაცი შეესაბამება სინამდვილეს: „აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის მერიას ოფიციალურად მისწერა, რომ ჩაქვის პლაჟის ტერიტორიას, მიმდებარე ნაკვეთთან ერთად მეზღვაურთა ქუჩაზე, #20/22-ში და ასევე ბათუმის ქუჩაზე #50-ში, შპს „აჭარა რიზორთ დეველოპმენტ კომპანისთვის“ ამზადებენ”.

„ბათუმელებმა“ ჩაქვის ყოფილი ტურბაზის შესაძლო გასხვისების და ერთი კონკრეტული კომპანიის ინტერესების შესახებ მასალა ბათუმის მერიის მიერ მომზადებულ ოფიციალურ დოკუმენტებზე – განმარტებით ბარათზე დაყრდნობით მოამზადა. სწორედ ამ დოკუმენტშია ნახსენები როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის წერილი, ასევე “აჭარა რიზორთ დეველოპმენტ კომპანი”.

ნახეთ, რა წერია საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად გადაგზავნილ განმარტებით ბარათში:

ამონარიდი ბათუმის საკრებულოს განმარტებითი ბარათიდან.

თორნიკე რიჟვაძემ სინამდვილეში რა მისწერა ბათუმის მერიას, ეს „ბათუმელებისთვის“ არ არის ცნობილი, რადგან მთავრობის თავმჯდომარის წერილი განკარგულების პროექტს თან არ ერთვის.

მთავრობიდან მიღებული წერილობითი განმარტების მიხედვით კი, „მთავრობა ითხოვს მხოლოდ მიწის ნაკვეთის გადმოცემას შემდეგში განკარგვის მიზნით. შეუძლებელია მთავრობამ იცოდეს, რამდენი ინვესტორი დაინტერესდება ტერიტორიაზე ინვესტიციის განხორციელებით და კონკრეტულად ვინ გაიმარჯვებს თავისუფალ და გამჭვირვალე ელექტრონულ აუქციონში.

მთავრობას არ მიუწერია ბათუმის მერიისთვის, რომ რაიმე ტიპის მიწის ნაკვეთს “აჭარა რიზორთ დეველოპმენტ კომპანისთვის” ამზადებენ და არც საკრებულოს განკარგულებაშია მსგავსი ინფორმაცია. ნახსენებიც კი არ არის, რომ რაიმე მიწის ვინმესთვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით გასხვისება იგეგმება.“

მთავრობის მიერ „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილი წერილობითი განმარტებით, ამ მიწის ნაკვეთის გასხვისებას აპირებენ არა „აჭარა რიზორთ დეველოპმენტ კომპანიზე“, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს ეკუთვნით, არამედ აუქციონის წესით.

კიდევ ერთი ამონარიდი მთავრობის წერილიდან: „რეალურად აღნიშნული მიწის ნაკვთების მომიჯნავედ აჭარის საკუთრებაში არსებული ნაკვეთი მდებარეობს, ოპტიმალურია ერთ ლოტად განკარვა, 2020 წელს ცნობილი საერთაშორისო კომპანია “ქოლიერს ინთერნეიშენელის” მიერ მომზადდა კვლევა და სწორედ ამ კვლევის საფუძველზე მიმდინარეობის ქონების გადმოცემის პროცედურები. რის შემდეგაც, კანონით დადგენილი წესით, ელექტრონული აუქციონი გამოცხადდება მთლიან ლოტზე“.

ბათუმის საკრებულო ჩაქვში 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთის აჭარის მთავრობისთვის გადაცემაზე ხვალ, 31 მაისს იმსჯელებს. პროექტი უკვე განიხილეს საკრებულოს კომისიებმა, ბიურომ და ის მომავალი სხდომის დღის წესრიგში ჩასვეს. სხდომა ხვალ, 31 მაისს უნდა გაიმართოს. აქამდე არსებული პრაქტიკით, როცა მუნიციპალური ქონებით ინვესტორი ინტერესდება, ის ძირითადად მთავრობასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, მუნიციპალური ქონების გასხვისება კი საკრებულოს თანხმობას მოითხოვს.

ამავე თემაზე:

მთავრობის გამოხმაურება ჩაქვში 4 ჰექტარი პლაჟის გასხვისებაზე

მითები და რეალობა ბავშვთა ძალადობაზე – დისკუსია ცხემლისის სკოლაში

„თუ გვსურს უფრო ჯანსაღი, სწორად მოაზროვნე თაობა და ნაკლები მსხვერპლი, აუცილებლად უნდა გავზარდოთ ინფორმირების კამპანია. ამ მხრივ, არაფორმალური შეხვედრები, აქტივობები, ტრენინგები, კონკურსები და მასტერკლასები ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ბავშვების ცოდნისა და ინფორმირებულობისთვის, არამედ ზრდასრულთა ცნობიერების ამაღლებისთვისაც“, – ამბობს ქეთევან გოგაძე, შუახევის სოფელ ცხემლისის საჯარო სკოლის პედაგოგი.

ცხემლისის სკოლა ერთ-ერთია იმ 10 საჯარო სკოლიდან, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ კონკურსის წესით შეარჩია. სწორედ ამ სკოლაში მორიგი შეხვედრა გაიმართა ორგანიზაციის ინიციატივით დაგეგმილი დისკუსიათა ციკლიდან.

შეხვედრის თემა ამჯერად ბავშვთა მიმართ ძალადობა იყო.

შეხვედრა ცხემლისის საჯარო სკოლაში

გამომდინარე იქიდან, რომ ცხემლისის საჯარო სკოლა მცირეკონტინგენტიანია, ამავე სკოლის ინიციატივით აღნიშნულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ჭვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები.

დისკუსიას მოდერაცია გაუწია ცხემლისის სკოლის პედაგოგმა და აღნიშნული შეხვედრის იდეის ავტორმა – ქეთევან გოგაძემ.

შეხვედრა ცხემლისის საჯარო სკოლაში

ქეთევან გოგაძე: „როდესაც მივიღე ინფორმაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შესახებ, დავინტერესდი. ეს იყო შანსი, რომ სოფლის მცირეკონტიგენტიან სკოლაში მოსულიყვნენ კომპეტენტური ადამიანები და ბავშვებთან საინტერესო თემაზე ესაუბრათ. ჩვენ შევარჩიეთ თემა „ბავშვთა მიმართ ძალადობა და პრევენციის გზები“.
რამდენიმე სხვადასხვა თემაზე ვფიქრობდი, ყველა მათგანი ეხებოდა ბავშვთა უფლებებს, თუმცა არჩევანი მოსწავლეებს გავაკეთებინე. ერთად განვიხილეთ თითოეული პრობლემა და რომელზეც უფრო მეტის ცოდნა გვსურდა, სწორედ მასზე შევაჩერეთ არჩევანი.

ბავშვთა მიმართ ძალადობა დღემდე ძალიან მტკივნეული და სერიოზული პრობლემაა. სამწუხაროდ, ამ წუთებშიც სადღაც სხვადასხვა ფორმით ძალადობენ ბავშვებზე. ვფიქრობ, ჩვენს პატარა მეგობრებს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ, უნდა იცოდნენ, სად და რა ფორმით შეიძლება დაარღვიონ მათი უფლებები. ჩვენი შერჩეული თემის მიზანიც ჩემი მოსწავლეების მეტად ინფორმირებულობა და გაძლიერება იყო“.

ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ისაუბრა ბავშვთა ფსიქოლოგმა, ქეთი დევაძემ.

შეხვედრა ცხემლისის საჯარო სკოლაში

„მოსწავლეებს ვუთხარით, რა არის ბავშვთა მიმართ ძალადობა, სად შეიძლება მოხდეს ძალადობა და ვინ შეიძლება გახდეს მსხვერპლი. ვიმსჯელეთ გავრცელებულ მითებზე ბავშვთა მიმართ ძალადობის თემის ირგვლივ. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები ახერხებდნენ ამოეცნოთ არსებული მითები და შეძლეს რეალური ფაქტების იდენტიფიცირებაც.

მოსწავლეებთან დისკუსიისას გამოიკვეთა სექსუალური ძალადობის შესახებ ინფორმაციის დეფიციტი. საინტერესო იყო ის, რომ დისკუსიაში აქტიურად ჩაერთნენ პედაგოგებიც. ხშირ შემთხვევაში, ბავშვთა მიმართ ძალადობის მიმღებლობა მასწავლებლებთან და მშობლებთან დაბალია, თუმცა აღნიშნულ შეხვედრაზე განსაკუთრებული დაინტერესება შეიმჩნეოდა დამსწრე პედაგოგებში სწორედ ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე, პრევენციაზე და რეაგირების გზებზე.

შეხვედრის პროცესში მოსწავლეებმა რამდენიმე სავარჯიშოც შეასრულეს და იხილეს ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ნახატები [ანონიმური სახით]. საინტერესო იყო, თუ როგორ ხედავენ ბავშვები თანატოლების მიერ შესრულებულ ნახატებს, თუ როგორ აიდენტიფიცირებენ მსხვერპლის მიერ გადმოცემულ ემოციებს“, – ამბობს ქეთი დევაძე, ბავშვთა ფსიქოლოგი.

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ აღნიშნული აქტივობა მიზნად ისახავს აქტუალური პრობლემების შესახებ დისკუსიის წამოჭრასა და მათი გადაწყვეტის მიმართულებით ახალი შესაძლებლობების შექმნას.

ცხემლისის სკოლაში შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, როგორიცაა:

  • რა მიიჩნევა ბავშვზე ძალადობად და სად შეიძლება მოხდეს ის
  • ბავშვთა მიმართ ძალადობის სახეები
  • ფიზიკური, ემოციური და სექსუალური ძალადობა და უგულებელყოფა
  • ძალადობის ყველაზე ხშირი ფორმები

შეხვედრაზე მოსწავლეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია, თუ ვის უნდა შეატყობინონ ბავშვთა მიმართ ძალადობის ფაქტების შესახებ.

შეხვედრა ცხემლისის საჯარო სკოლაში

„დარწმუნებული ვარ, ჩვენი შეხვედრის თითოეული მსმენელი წაიღებდა ისეთ ინფორმაციას, რომელიც მომავალში დაეხმარება გახდეს უფრო მამაცი, ძლიერი და ყურადღებიანი მსგავსი პრობლემების წარმოჩენის დროს. ვფიქრობ, მიღებული ინფორმაციის, მოსმენილი ისტორიებისა და მაგალითების შემდეგ, ჩემი მოსწავლეები მეტად ფხიზლად იქნებიან, შეეწინააღმდეგებიან ძალადობას და დაიცავენ საკუთარ თავს, გააძლიერებენ სხვებს, ეცოდინებათ, ვის უნდა მიმართონ დასახმარებლად.

სამომავლოდ, ალბათ კარგი იქნება მშობელთა განათლების მხარდაჭერისთვისაც შეიქმნას მსგავსი ხასიათის პროექტები. ხშირად საკმარისი არ არის მხოლოდ ბავშვებთან მუშაობა, მშობლები უნდა მივიდნენ იმ კონდიციამდე, რომ საკუთარ შვილებს მოუსმინონ, მხარი დაუჭირონ, არ იძალადონ მათზე, გაუფრთხილდნენ მათ“, – ამბობს ქეთევან გოგაძე.

შეხვედრა დაიგეგმა და განხორციელდა პროექტის ფარგლებში „დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში“. პროექტის მხარდამჭერია ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED).


სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „დემოკრატიული იდეების და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში“. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკული ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED]. არ არის აუცილებელი სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

ხულოში, კურორტ გოდერძიზე, კოტეჯების აშენებისა და ხეების დარგვის პირობით 10 ნაკვეთი იყიდება

ხულოს მუნიციპალიტეტში, კურორტ გოდერძიზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 10 ნაკვეთს 2 ლოტად [5-5 ნაკვეთი] ყიდის. ქონება ელექტრონულ აუქციონზე პირობებით იყიდება. აუქციონები დაწყებულია და 2021 წლის 18 ივნისს დასრულდება.

მთავარი პირობა კოტეჯების [მათ შორის კოტეჯის ტიპის სასტუმროების] აშენებაა. ამასთან, მიწის ნაკვეთების მყიდველ[ებ]მა ჯამში 100 ძირი ხე უნდა დარგონ [თითოეულ ნაკვეთზე ან მის მიმდებარედ 10 ხე].

პირველ აუქციონზე, 477, 483, 490, 442 და 445 კვ.მეტრი ფართობის ნაკვეთების საწყისი გასაყიდი ფასი 718 ათასი ლარია [ვაჭრობის ბიჯი 20 ათასი ლარი, საგარანტიო თანხა – 179 500 ლარი];

მეორე აუქციონზე კი, 571, 523, 471, 371 და 378 კვ.მეტრი ფართობის მქონე ხუთი ნაკვეთი იყიდება, რომელთა საწყისი გასაყიდი ფასი 711 ათასი ლარია [აქაც ვაჭრობის ბიჯი 20 ათასი ლარია, საგარანტიო თანხა კი – 177 750 ლარი].

რაც შეეხება აუქციონის პირობებს, ორივე შემთხვევაში თითქმის იდენტურია, ერთი განსხვავებით – მეორე აუქციონში გამარჯვებულს დამატებით ევალება, რომ მან, მისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონების მიმდებარედ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ 12 238 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე სარეკრეაციო სივრცე მოაწყოს. ამასთან, ქონების შემძენს ევალება სარეკრეაციო სივრცის მოვლა „სასტუმროს პროფილის შენარჩუნების ვადით, მესამე პირთათვის შეუზღუდავი წვდომის უზრუნველყოფით“.

აუქციონის პირობები:

  • საბოლოო საპრივატიზებო საფასურის (“ბე“-ს (საწყისი საპრივატიზებო საფასურის 25%-ის ოდენობით) გამოკლებით) გადახდა აუქციონის დასრულებიდან 2 ეტაპად, კერძოდ:
    2021 წლის 1-ელ დეკემბრამდე არანაკლებ 25%-ის გადახდა;
    2022 წლის 1-ელ დეკემბრამდე დარჩენილი საპრივატიზებო საფასურის გადახდა.
  • შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენა არანაკლებ 10 000 ლარის ოდენობით, რომლის ვადაც არანაკლებ 2 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას;
  • არაუგვიანეს 2021 წლის 30 ნოემბრისა არქიტექტურული პროექტის მომზადებამდე, სამთოსათხილამურო კურორტის ლანდშაფტის შესაბამისი საპროექტო ობიექტის (ყოველი ნაკვეთისათვის ცალ-ცალკე) ვიზუალური ესკიზის (4 მხრიდან ხედი მოცულობაში, საპროექტო ობიექტ(ებ)ის გაბარიტების, ფასადის მოსაპირკეთებელი მასალების ჩვენებით) სამინისტროში შესათანხმებლად წარმოდგენა;
  • არაუგვიანეს 2022 წლის 30 ივნისისა საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე განსათავსებელი კოტეჯების ტიპის შენობა-ნაგებობების (ცალ-ცალკე ყოველ ნაკვეთზე მხოლოდ ერთი), არანაკლებ სამ ნაკვეთზე კოტეჯის ტიპის სასტუმროს მშენებლობის ნებართვის მიღება;
  • არაუგვიანეს 2024 წლის 30 ნოემბრისა საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე განსათავსებელი შენობა-ნაგებობების მზიდი კონსტრუქციის მშენებლობის დასრულება; არაუგვიანეს 2025 წლის 30 ნოემბრისა შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში გაშვება/ამოქმედება; სასტუმროს პროფილის შენარჩუნება არანაკლებ 20  წლის ვადით;
  • აღნიშნულ პროექტში არანაკლებ 2 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება.
  • აღნიშნული პროექტის ექსპლუატაციაში გაშვებიდან არაუგვიანეს 1 წლის ვადაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ან/და სსიპ „აჭარის სატყეო სააგენტო“-ს ან/და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის რეკომენდაციით და მითითებულ პერიოდში მოახდინოს თითო საკოტეჯე ადგილას ან მის მიმდებარედ არანაკლებ 10 ხის დარგვა.

ამავე თემაზე:

მთავრობა ბობოყვათის სანაპიროზე 28 ჰექტარს ყიდის – საწყისი ფასი 48 მილიონია

აჭარაში კორონავირუსის 51 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 30 მაისი

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 51 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

stopcov.ge-ს მონაცემებით, 30 მაისის დილის მდგომარეობით აჭარაში, საავადმყოფოებში მკურნალობს 394 ადამიანი, ამასთან, 100 მძიმე პაციენტია. 17 პაციენტი კი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

აჭარის კოვიდსასტუმროებში 246 პაციენტი მკურნალობს. კარანტინშია 6 პირი, ხოლო 2 295 თვითიზოლაციაში იმყოფება.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 30 მაისის დილის მდგომარეობით, რეგიონში სულ აცრილია 12 903 ადამიანი; აქედან  ფაიზერით – 3 414, ასტრაზენეკათი – 3 576, სინოფარმით – 4 778 და სინოვაკით – 1 135


საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 18 პაციენტი გარდაიცვალა, ამავე პერიოდში დადასტურდა ვირუსით დაავადების 723 ახალი შემთხვევა.

კორონავირუსის 723 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 18 პაციენტი – კოვიდსტატისტიკა საქართველოში

კორონავირუსის 723 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 18 პაციენტი – კოვიდსტატისტიკა საქართველოში

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 18 პაციენტი გარდაიცვალა, ამავე პერიოდში დადასტურდა ვირუსით დაავადების 723 ახალი შემთხვევა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 723 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 403 შემთხვევა, აჭარა – 51, იმერეთი – 55, ქვემო ქართლი – 52, შიდა ქართლი – 19, გურია – 19სამეგრელო – ზემო სვანეთი – 77, კახეთი – 36მცხეთა-მთიანეთი – 6, სამცხე-ჯავახეთი – 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

stopcov.ge-ს მონაცემებით, 30 მაისის დილის მდგომარეობით:

  • ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა არის – 343 603 
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 326 423 [ბოლო 24 საათში – 1407]
  • მათ შორის გარდაცვლილი – 4 757 

ბოლო 24 საათში ჩატარდა 25 300 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 238, PCR ტესტით – 11 062

  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,86%, ბოლო 14 დღის – 3,46%, ბოლო 7 დღის – 2,85%
  • სულ აცრილია – 138 151 ადამიანი
  • კარანტინის რეჟიმშია – 47
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3 815
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 661

 

ამავე თემაზე:

ევროპაში ნებადართული გახდა “ფაიზერის” ვაქცინის 12-15 წლის მოზარდებში გამოყენება

ბათუმში ორშაბათიდან უმეტესად უნალექო დღეები შენარჩუნდება – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 მაისის 21 საათიდან 31 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და აჭარის მთიანეთში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12 მ/წმ-ში;

ჰაერის ტემპერატურა:

  • სანაპირო და შიდამთიან  რაიონებში – ღამით 13-18 გრადუსი, დღისით 20-25 გრადუსი სითბო,
  • მაღალ მთაში – ღამით 5-10 გრადუსი, დღისით 11-16 გრადუსი სითბო.

ზღვის პროგნოზი

  • სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11 მ/წმ-ში, უმეტესად უნალექოდ, ხილვადობა: კარგი, ტალღის სიმაღლე: 5-10(2-3ბალი);
  • ზღვის წყლის ტემპერატურა +16 გრადუსია.

სინოპტიკოსების პროგნოზით, მომდევნო 2 დღეს – 1-ელ და 2 ივნისს ბათუმსა და აჭარის მთიან რაიონებში მოსალოდნელია   უმეტესად უნალექო ამინდი.

აჭარის უცხოეთში რეკლამირებაზე 1.5 მილიონი დაიხარჯება – რომელი ქვეყნებიდან ველით ტურისტებს

ტურიზმის დეპარტამენტი წელს აჭარის უცხოეთში რეკლამირებაზე მილიონ-ნახევარ ლარს დახარჯავს. როგორ აპირებს ტურისტების დარწმუნებას, რომ მათ კოვიდუსაფრთხო გარემო დახვდებათ აჭარაში, მაშინ, როცა ვაქცინაციის პროცესი ტურიზმის სექტორში ჯერაც ნელა მიდის? სეზონთან დაკავშირებულ გეგმებზე „ბათუმელები“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, თინათინ ზოიძეს ესაუბრა.

  • ქალბატონო თინათინ, რაში დაიხარჯება წელს სარეკლამო თანხები და როგორ აპირებთ ტურისტების მოზიდვას რეგიონში?

რადგან ყველა კვირაში იცვლება სიტუაცია მსოფლიოში, ჩვენც, რა თქმა უნდა, ბიუჯეტის ეფექტური ხარჯვის პრინციპიდან გამომდინარე, ძირითადად აქცენტს მოკლევადიან და წერტილოვან ტურისტული პროდუქტების პოზიციონირებაზე გავაკეთებთ – კიდევ ერთხელ შევახსენებთ ჩვენს სამიზნე ბაზრებს, საიდანაც ფრენები გვექნება, ჩვენს ტურისტულს პროდუქტებს. მთავარი მესიჯი უნდა იყოს უსაფრთხოება პანდემიის დროს.

წელს პირველი მარკეტინგული ხერხი სწორედ ესაა, რასაც მთელი მსოფლიო იყენებს. უსაფრთხო ქვეყნის იმიჯი ტურიზმის პირდაპირ პროპორციულია.

ყველაზე დიდი რეკლამა წელს არის დაბალი კოვიდსტატისტიკა. თუ გვექნება დაბალი კოვიდსტატისტიკა, ეს ნიშნავს, რომ ტურისტი ჩამოვა. შესაბამისად, ყველაზე დიდი ბიუჯეტი პანდემიის მართვაზე მიდის და ეს არის სწორი.

  • რომელია წელს სამიზნე ქვეყნები?

მეზობელ ქვეყნებში წელს არ ვაპირებთ სარეკლამო თანხების დახარჯვას. რადგან გრძელვადიან რეკლამას წელს ვერ ვაკეთებთ, ამიტომ ფრენები საიდანაც იქნება, იმ ქვეყნებზე გავაკეთებთ აქცენტს. უფრო მეტად ბალტიისპირეთის ქვეყნებზე, ასევე უნგრეთზე, ისრაელზე და პოლონეთზე, რომელიც  უდიდესი ბაზარია ჩვენთვის.

ასევე, ახალი სამიზნე მიმართულებებიდან საინფორმაციო გაცნობითი ტურების ორგანიზებას ვაპირებთ, რომელიც ახლა დაიგეგმება. ძირითადად ევროპული მიმართულება გვექნება – გერმანია, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი და ისრაელი.

  • თქვენ ამბობთ, რომ დაბალი კოვიდსტატისტიკა და უსაფრთხოება იქნება მთავარი მესიჯი, თუმცა არც ისე დაბალი სტატისტიკა გვაქვს, მაღალია ლეტალობის მაჩვენებელიც და ვაქცინაციაც დაბალი ტემპით ტარდება ქვეყანაში. როგორ აპირებთ ეს გადაფუთოთ?

არის რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტი, რომლითაც განისაზღვრება ქვეყნის უსაფრთხო სტატუსი. მათ შორის ინფიცირებულთა რაოდენობა, ვაქცინაციის მაჩვენებელი და ეპიდემიის მართვის გეგმა. ჩვენს შემთხვევაში ვაქცინაციის დონე არ არის ისეთი მაღალი, როგორც სხვა ქვეყნებში, თუმცა დაწყებულია აქტიურად და იმედი გვაქვს ესეც მოიტანს შედეგს – დაეხმარება კერძო სექტორს და სახელმწიფოსაც, ვირუსი რომ არ გავრცელდეს.

რეგულაციის გეგმას და მონიტორინგს რაც შეეხება, გვაქვს ძალიან სწორად გაკეთებული პროტოკოლები და თუ შევადარებთ მაგალითად სხვა ქვეყნებს, დაწყებული ტურისტის საზღვარზე ჩამოსვლიდან, სამაგალითოდ არის გაკეთებული. ყველა ეს ინფორმაცია სწორად უნდა იყოს მიტანილი ტურისტამდე და კერძო სექტორთანაც.

შესაბამისად, ამ მიმართულებით ჯანდაცვის შრომის ინსპექციის სამსახურთან აქტიურად ვმუშაობთ, ისინიც აკეთებენ ელექტრონულ ტრენინგებს და ვეხმარებით საოჯახო სასტუმროებს, კვების ობიექტებს, რომ ყველა კითხვა დასვან რეგულაციებთან დაკავშირებით და მიიღონ სწორი ინფორმაცია.

  • ითქვა, რომ „სინოვაკის“ ვაქცინის 10 ათასი დოზიდან გარკვეული წილი ტურიზმის სექტორსაც შეხვდება. აჭარას რამდენი ერგება აქედან, თუ მიიღეთ ვაქცინები და რამდენი ადამიანია ამ დროისთვის დარეგისტრირებული ან ვაქცინირებული ამ სფეროში?

არის ობიექტები, რომლებიც უშუალოდ დარეგისტრირდნენ შესაბამის პლატფორმაზე, არის ობიექტები, რომლებიც დარეგისტრირდნენ ცალკე, ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე და ისეთებიც არიან, რომლებიც ცალკე ადგენენ სიებს. ამას ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად გავდივართ.

ზუსტ ციფრს ვერ გეტყვით რამდენია ვაქცინირებული, რეგისტრირებული 3 ათასზე მეტი იქნება, ვინც ელოდება ვაქცინაციას.

ჩვენ ამ საკითხებში დამოკიდებული ვართ ჯანდაცვის სამინისტროს უწყებებთან, რომლებიც უშუალოდ კურირებენ აღნიშნულ საკითხს. აჭარის ჯანდაცვაც კოორდინაციაშია ცენტრალურ სამინისტროსთან და მსგავსი საკითხებს განიხილავენ.

  • როცა ამბობს სახელმწიფო, რომ მე დავახვედრებ ტურისტს ვაქცინირებულ გიდს, მიმტანს, სასტუმრო პერსონალს და ამ დროს, ამ სექტორის ნახევარიც არ არის ვაქცინირებული, რამდენად კეთილსინდისიერი იქნება უსაფრთხო ქვეყნის ნიშნით რეკლამირება?

სასურველია, რომ ვაქცინაციის პროცესი უფრო აქტიურად მიმდინარეობდეს, თუმცა ჩვენ არ ვამბობთ, რომ ვაქცინაცია მაღალია, ჩვენ ვამბობთ, რომ ეპიდემია მართულია.

სიმართლე არის ის, რომ გვაქვს რეაგირების გეგმა ნებისმიერი შემთხვევის დროს. არსებობენ უწყებები, რომლებიც მყისიერად მოახდენენ რეაგირებას, სასტუმროებმა იციან, როგორ უნდა მოიქცნენ თუ დადასტურდება მათთან კოვიდის შემთხვევები და ასე შემდეგ.

  • წერტილოვანი რეკლამები ახსენეთ, დაწყებულია ეს პროცესი?

ფაქტობრივად, ორი კვირის წინ მოიხსნა რეგულაციები ევროპაში და დაიწყო რესტარტის ღონისძიებები. აქამდე ფიზიკურად ვერ განვათავსებდით რაიმე ტიპის რეკლამას, რადგან  არაპროგნოზირებადი იქნებოდა ჩვენი მხრიდან. მუდმივად ვართ იმ ქვეყნების პროტოკელებთან კოორდინაციაში, სადაც ვაპირებთ რეკლამის განთავსებას, ყველა პროექტი მომზადებულია და უახლოეს დღეებში ჩაეშვება.

გარდა ამისა, ქვეყანაში უკვე იმყოფება 15-მდე ბლოგერი, რომლებიც მალე დაბრუნდებიან თავიანთ ქვეყნებში და დაახლოებით ორ კვირაში ეს სარეკლამო პროდუქტიც გამოჩნდება.

გახარიას გუნდის წევრები – სია

ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ დღეს, 29 მაისს, პოლიტიკური მოძრაობა – “საქართველოსთვის” ყრილობაზე საზოგადოებას თავისი გუნდის წევრებიც წარუდგინა.

შესაბამისად, გახარიას პოლიტიკური მოძრაობა „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრები არიან:

  1. გიორგი ხოჯევანიშვილი – პარლამენტის წევრი;
  2. ანა ბუჩუკური – პარლამენტის წევრი;
  3. მიხეილ დაუშვილი – პარლამენტის წევრი;
  4. ბექა ლილუაშვილი – პარლამენტის წევრი;
  5. ალექსანდრე მოწერელია – პარლამენტის წევრი;
  6. ნათია მეზვრიშვილი – მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი;
  7. გიორგი შარაშიძე – ჟურნალ “ანტერპრენერის” ხელმძღვანელი;
  8. კახაბერ ქემოკლიძე – მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი;
  9. რუსუდან თევზაძე – განათლებისა და კულტურის სფეროს სპეციალისტი;
  10. ბერდია სიჭინავა – მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი;
  11. შალვა კერესელიძე – მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ყოფილი მოადგილე;
  12. კოტე ანანიაშვილი – აჭარის პოლიციის ყოფილი უფროსი;
  13. გიგა ფარულავა – სამართალმცოდნე, ზუგდიდის მერის ყოფილი მოადგილე;
  14. გიორგი გოგუაძე – საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი;

პარტიის წევრები:

გიორგი აბაშიშვილი, [ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციიის უფროსი], ეკატერინე ვეფხვაძე, დავით ფარცვანია, ლაშა მარკოზაშვილი, ტატა ხვედელიანი, გიორგი კიკნაველიძე, საბა ჯიქიძე.

გახარიას თქმით, პოლიტიკური ნიშნით საჯარო მოხელეების დევნა ან წახალისება უნდა დასრულდეს

საკუთარი პარტიის პრეზენტაციაზე, დღეს 29 მაისს, გიორგი გახარიამ ზოგადად ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელიც მისი აზრით, სასწრაფოდ უნდა დაიწყოს იმისთვის რომ ქვეყანა განვითარდეს. მისი თქმით, სახელმწიფო მმართველობისა და ბიუროკრატიის რეფორმის გარეშე, სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობა შეუძლებელია.

„ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს პოლიტიკური ნიშნით საჯარო მოხელეების დევნა, დაყოფა ან წახალისება. დემოკრატიულ სახელმწიფოში, განსაკუთრებით კი საპარლამენტო დემოკრატიაში შეუძლებელია ვისაუბროთ განვითარებაზე პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო სექტორის გარეშე“-განაცხადა მან.

რეფორმებზე საუბრისას გახარიამ ახსენა კორუფცია და ნეპოტიზმი, რომელთან ბრძოლაც ქვეყნის ყოველდღიური საფიქრალი უნდა იყოს. „ამიტომ, ქვეყანაში უნდა შეიქმნას, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც ყოველდღიურად დააზღვევს ქვეყანას კორუფციული და ნეპოტისტური რისკებისგან“-ამბობს ის.

მართლმსაჯულების სისტემაზე საუბრისას მან თქვა, რომ  მართლმსაჯულების რეფორმაში არ გულისხმობს მხოლოდ სასამართლო სისტემას. „ეს სისტემა საჭიროებს სერიოზულ გადახედვას მისი საგამოძიებო სისტემების რეფორმით და გადახედვით. აქ ყველას უნდა გვესმოდეს რომ ერთიანი, ეფექტიანი, სამართლიანი მართლმსაჯულების სისტემა არის ერთადერთი შესაძლებლობა ქვეყანაში გავაჩინოთ სამართლიანობის, დაცულობის და სიმშვიდის შეგრძნება“.

განათლების სისტემაზე გახარიამ ასევე ისაუბრა მოკლედ და ზოგადად. აქცენტი გააკეთა საშუალო განათლებაზე. „ჩვენი განათლების სისტემა ჩვენი სახელმწიფოს შესაძლებლობებზე უნდა იყოს მორგებული. და თუ ასე მიდის საქმე, პირველ რიგში ის ფოკუსირებული უნდა იყოს საშუალო განათლებაზე, სადაც ბავშვების საბაზისო თვისებები ყალიბდება, მათი კულტურული მსოფლმხედველობა ყალიბდება. საშუალო განათლება არის ჩვენი გამოწვევა“-ამბობს გახარია.

სოციალურ სისტემასთან დაკავშირებით გიორგი გახარიამ ასევე ზოგადად ისაუბრა და თქვა რომ სახელმწიფომ უნდა გააძლიეროს ის მოქალაქეები, ვისაც დახმარება ესაჭიროება. მათ შორის სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, შშმ პირები, „ყველა ის ადამიანი, ვინც სახელმწიფოსგან საჭიროებს დახმარებას. სახელმწიფომ თანაბარი პირობები უნდა შეუქმნას მოქალაქეებს განვითარებისთვის“-ამბობს გახარია.

მისი თქმით, ეს არის ის ძირითადი მიმართულებები რაც სასწრაფოდ საჭიროებს რეფორმას.

 

რაზე უნდა ვიდაოთ, როცა მოქალაქეებმა უკვე გადაწყვიტეს ევროპული მომავალი – გახარია

ამ წუთებში, თბილისში მე-11 პავილიონში ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია მიმდინარეობს. გამოსვლისას გიორგი გახარიამ ქვეყნის პოლიტიკურ კურსზე ისაუბრა.

„ჩვენ გვჭირდება ისეთ საკითხებზე საყოველთაო პოლიტიკური შეთანხმება, ყველა პოლიტიკური ძალის, ყველა პოლიტიკური პარტიის, ისეთ ზეპარტიულ საკითხებზე მაინც, რომელზეც ჩვენი მოქალაქეები დიდი ხანია უკვე შეთანხმდნენ.

მაგალითად გაურკვეველია, რაზე უნდა იდაონ პოლიტიკურმა პარტიებმა, პოლიტიკურმა ჯგუფებმა როდესაც რუსულ ოკუპაციაზე ვსაუბრობთ. რაზე უნდა იდაონ პოლიტიკურა პარტიებმა ან პოლიტიკურმა ძალებმა, როდესაც ვსაუბრობთ ქვეყნის ევროპულ, ან ევროატლანტიკურ მომავალზე. საბოლოოდ ჯამში, რაზე დაობს ეს ხალხი, მაშინ როცა ჩვენ მოქალაქეებმა დიდი ხანია გადაწყვიტეს ქვეყნის მშვიდობიანი და არა ძალადობრივი განვითარება“-განაცხადა გახარიამ პარტიის პრეზენტაციაზე.

მან გამოსვლისას ქუჩის აქციებზეც გააკეთა აქცენტი.

„ზოგიერთი პოლიტიკური ძალა დაბეჯითებით მოუწოდებს ჩვენს მოქალაქეებს ქუჩაში გამოსვლისკენ და ქუჩის საშუალებით, ქვეყანაში რეალური პოლიტიკის შეცვლისკენ, მაშინ როდესაც არავის არაფერი არ გამოსდის. მაშინ როცა პანდემიის პირობებში ჩვენი 2 მილიონი მოქალაქე მივიდა არჩევნებზე და ხმა მისცა ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესს, ეს აჩვენებს, რომ ჩვენი მოქალაქეების პოლიტიკური კულტურა ბევრად უფრო მაღალია ვიდრე ჩვენი პოლიტიკური კლასის“-ამბობს გახარია.

მისი თქმით, პოლიტიკური ძალები უნდა გაერთიანდნენ  იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაეებს მიეცეთ შესაძლებლობა ძლიერ ქვეყანაში ცხოვრების.

მთავრობა ჩაქვის პლაჟზე 4 ჰექტარი მიწის გასხვისებას აპირებს

ბათუმის მერია ჩაქვის პლაჟზე 4 ჰექტარამდე ტერიტორიას აჭარის მთავრობას საკუთრებაში გადასცემს, მისი შემდგომში ინვესტორზე გადაცემის მიზნით. როგორც განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის მერიას ოფიციალურად მიწერა, რომ ჩაქვის პლაჟის ტერიტორიას, მიმდებარე ნაკვეთთან ერთად მეზღვაურთა ქუჩაზე, #20/22-ში და ასევე ბათუმის ქუჩაზე #50-ში, საინვესტიციოდ ამზადებენ.

ეს წერილი მერიაში 21 მაისს მიიღეს. ის უკვე განიხილეს, მოამზადეს შესაბამისი განკარგულების პროექტი და საკრებულოს გადაუგზავნეს დასამტკიცებლად. საკრებულო ამ საკითხს 31 მაისს ჩანიშნულ სხდომაზე განიხილავს.

განკარგულების პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, კომპანია ჩაქვში ყოფილი ტურბაზის ტერიტორიაზე 250 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა, ასევე უნდა გაკეთდეს ზღვისპირა ბულვარი – სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურა, აპარტამენტები, ბავშვთა გასართობი სივრცეები, სპორტული ზონა, ღამის კლუბი, რესტორნები, ღია და დახურულ აუზები.

განმარტებითი ბარათით ირკვევა ასევე, რომ ჩაქვის ყოფილი ტურბაზის ტერიტორიაზე ინვესტიციის განხორციელებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები 2019 წელს დაიწყო. შემდეგ კი ქონების ეროვნულმა სააგენტომ ეს ნაკვეთები საკუთრებაში ბათუმს გადმოსცა. მუნიციპალიტეტმა თავის მხრივ ქონება უნდა გადასცეს აჭარის მთავრობას უსასყიდლოდ, მთავრობა კი მას ინვესტორზე გაასხვისებს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანია „აჭარა რიზორთს დეველოპმენტ კომპანი“ 2019 წელს გიორგი ბოლქვაძემ დააფუძნა. მალევე მან კომპანია რუსეთის ორ მოქალაქეზე გადააფორმა, თვითონ კი კომპანიის დირექტორის პოზიციას დღემდე იკავებს.

შესაბამისად, კომპანიის 50 პროცენტი რუსეთის მოქალაქეს, მარინა დავიდოვას ეკუთვნის, 50 პროცენტი კი – ორმაგი მოქალაქეობის მქონე ნათია მურვანიძეს.

შპს „აჭარა რიზორთს დეველოპმენტ კომპანი“ ფლობს ასევე 2019 წელს პირობიანი აუქციონის წესით შეძენილ მიწის ნაკვეთს გოდერძის უღელტეხილზე. აქ 4136 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობა პირობიანი აუქციონით კომპანიამ დარეგისტრირებიდან ერთ თვეში შეისყიდა, მიწის ნაკვეთში 331 000 ლარი გადაიხადა და მასზე 1 მილიონ 500 000 ლარის ღირებულების ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო.

შენიშვნა: სტატიის თავდაპირველი სათაური იყო „მთავრობა აპირებს რუსეთის მოქალაქეებს ჩაქვის პლაჟზე 4 ჰექტარი მიწა მიყიდოს“. სტატია მომზადდა ბათუმის საკრებულოს განმარტებით ბარათზე დაყრდნობით, რომლის მიხედვითაც ჩანს, რომ 4 ჰექტარ ტერიტორიას ჩაქვში კონკრეტული კომპანიისთვის გადასაცემად ამზადებენ. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ „ბათუმელებს“ დაუკავშირდნენ აჭარის მთავრობიდან. მთავრობის განმარტებით, ჩაქვში 4 ჰექტარ მიწის კონკრეტულ ინვესტორზე გადაცემა არ იგეგმება და ამ ქონებას აუქციონის წესით გაასხვისებენ.

___

ამავე თემაზე: 

მთავრობის გამოხმაურება ჩაქვში 4 ჰექტარი პლაჟის გასხვისებაზე

უნდა გვეშინოდეს თუ არა კორონავირუსის ინდური შტამის

ბათუმში სასტუმრო „ჰილტონში“ შეხვედრის დროს, ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა კორონავირუსის ინდურ შტამთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

რატომ გვეშინია კორონავირუსის მუტაციების? –  ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩნდება კითხვა, იქნება თუ არა ეს შტამი ადვილად გავრცელებადი, იქნება თუ არა უფრო მძიმე დაავადების გამომწვევი და უფრო მეტად დამაზიანებელი ჩვენი ორგანიზმისთვის და ხომ არ შეუშლის ხელს არსებული ვაქცინების მოქმედებას?

„გამომდინარე იქედან, რა ინფორმაციასაც დღეს ვფლობთ, ინდური ვარიანტი, რომელშიც სამხრეთ აფრიკული და ბრაზილიური შტამების ცვლილებებია ერთად ასახული,  აჩვენებს რომ 15-იდან 50 პროცენტამდე უფრო მეტად გადამდებია ვიდრე საწყისი შტამი. დაახლოებით იგივე ფარგლებშია, რაც ბრიტანული შტამი, რომელიც დომინანტურია ჩვენთან. შესაბამისად, არაფერი აქ გადაცემის სიხშირის და სისწრაფის თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა.

დაავადების სიმძიმეზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯერჯერობით არავითარი მინიშნება იმისა, რომ ინდური ვარიანტი იწვევს უფრო მძიმე დაავადებას ან ხანგრძლივ ავადობას, არ არსებობს. შესაბამისად, ამ მხრივ, შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს“-ამბობს კულუმბეგოვი.

რაც შეეხება იმას, მოქმედებს თუ არა ინდურ ვარიანტზე თანამედროვე კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები, ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ დღეს არსებული ინფორმაციით,  ვაქცინების ეფექტურობა შემცირებულია, თუმცა ადამიანს დაავადების გართულებისგან იცავს.

„ფაიზერის“  ეფექტურობა შემცირებულია 94 პროცენტიდან 88 პროცენტამდე და „ასტრაზენეკასი“ 66-იდან 60 პროცენტამდე.  რაც შეეხება „სინოფარმსა“ და „სინოვაკს“  ჯერჯერობით ასეთი ტიპის კვლევა არ გვაქვს. შესაბამისად, არ შეგვიძლია ვამტკიცოთ ამცირებს თუ არა ვაქცინების ეფექტურობას.

ერთადერთი, ის ინფორმაცია გვაქვს, რომ „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ზუსტი ანალოგი ვაქცინა აქვს ინდოეთს, ეს არის „კოვაქსინი“,  რომელიც ასევე ინაქტივირებული ვირუსია და იგივე ტექნოლოგიითაა დამზადებული.  „კოვაქსინის“ კვლევამ აჩვენა შემცირებული ეფექტურობა ინდურ შტამთან მიმართებაშიც“-ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.

მისი თქმით, სანამ  უფრო მეტი კვლევა გაჩნდება ვაქცინების ეფექტურობასთან დაკავშირებით, ყველას უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ ინაქტივირებული ვაქცინები „სინოფარმი“ და „სინოვაკი“  ადამიანს მძიმე დაავადებებისგან და კორონავირუსის სიკვდილისგან დაიცავს.

საფრთხის შემცველი და დასაგმობია პარლამენტარის მიერ ბავშვზე ძალადობის გამართლება – ომბუდსმენი

სახალხო დამცველი მოითხოვს, რომ პარლამენტის წევრის ვახტანგ მეგრელიშვილის მიერ ბავშვის უფლებებისა და არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის შესახებ გაკეთებული განცხადებები პარლამენტმა, „პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის“ საფუძველზე განიხილოს.

პარლამენტარი ვახტანგ მეგრელიძე ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ბავშვების მიმართ ძალადობას ამართლებდა და ამბობდა, რომ მშობელს უფლება აქვს ფიზიკურად იძალადოს შვილზე.

„პარლამენტის წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი არასრულწლოვნებს განუმარტავს, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსი არასწორია, ზოგადად, ბავშვებს არ აქვთ უფლებები და კარგია, თუ ბავშვები არ იქნებიან ინფორმირებულნი კოდექსის შესახებ.

გადაცემის მსვლელობისას ვახტანგ მეგრელიშვილი საუბრობს ბავშვთა მიმართ ძალადობაზეც და აღნიშნულს განიხილავს, როგორც თემის კულტურულ თავისებურებას, რომელშიც არ უნდა ხდებოდეს ჩარევა.

პარლამენტარმა ასევე, გააჟღერა რომ ბავშვის ცემა არის მშობლის უფლება. აღნიშნულის მაგალითად ვახტანგ მეგრელიშვილი მოიყვანა ბავშვობისას ოჯახში ძალადობის საკუთარი გამოცდილება და ახდენდა ამ შემთხვევის ნორმალიზებას“-ამბობს სახალხო დამცველი.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, საქართველოს პარლამენტის პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგენს ქვეყანის ტერიტორიაზე ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველყოფა. შესაბამისად, „განსაკუთრებით საფრთხის შემცველი, შემაშფოთებელი და დასაგმობია მგავსი გამოსვლა საქართველოს პარლამენტის წევრისგან, რომელსაც საკუთარი მანდატის ფარგლებში აქვს ვალდებულება, ხელი შეუწყოს ქვეყანაში არაძალადობრივი და ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებული გარემოს შექმნას.

ვახტანგ მეგრელიშვილის მოქმედებები ასევე, ეწინააღმდეგება „საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსით“ პარლამენტარისთვის დადგენილ ვალდებულებას, დაიცვას საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობა, პატივი სცეს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, ხელი შეუწყოს ქვეყნის დემოკრატიის გაძლიერებასა და სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას“-ამბობს ლომჯარია.

სახალხო დამცველი ხაზს უსვამს იმასაც, რომ სამაუწყებლო კომპანია „ფორმულას“ მიერ აღნიშნული გადაცემის ეთერში განთავსებისას, ბავშვთა უფლებების და ბავშვის მიმართ ძალადობის საკითხები უნდა გაშუქდეს განსაკუთრებული სიფრთხილით, „მგრძნობიარე მიდგომის გამოყენებით და საკითხის შესახებ დაბალანსებულად წარმოჩენილი პოზიციების საფუძველზე“.

ბათუმში კოვიდისგან ერთი ადამიანი გარდაიცვალა

აჭარაში 29 მაისს, კორონავირუსის 82 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 1 ადამიანი. კრიტიკულად, ანუ მართვით სუნთქვაზე 14 პაციენტი იმყოფება.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელებულად მიიჩნევა 74 ადამიანი, ხოლო კლინიკა 29 პაციენტმა დატოვა.

ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის აჭარის კლინიკებში 382 ადამიანი მკურნალობს, ონლაინკლინიკაში კი 506 ადამიანი გადის მკურნალობას.

კოვიდსასტუმროში 275 ადამიანი იმყოფება.

რას წერდა ქობულეთელი „დროებას“ 1876 წელს – „გთხოვ, ძიავ, ეს ამბავი სხვა გაზეთებსაც გააგებიე“

1876 წელს, მაშინ, როცა აჭარა ჯერ კიდევ ოსმალეთის იმპერიის საზღვრებში იყო, ქართულ პრესაში პერიოდულად იბეჭდებოდა წერილები აჭარის შესახებ, ხოლო გაზეთ „დროებაში“ ქობულეთიდან შესული წერილიც კი გამოქვეყნდა.

გარდა იმისა, რომ ეს წერილი მე-19 საუკუნის 70-იანი წლების ქობულეთის ცხოვრებას აღწერს, იგი საინტერესოა ენობრივი თვალსაზრისითაც. ბევრი სიტყვა, რომელსაც წერილში ვხვდებით, ჯერ ისევ ცოცხლობს აჭარულ დიალექტში.

ქობულეთელი კაცი „დროებას“ თავის და ქობულეთელების გასაჭირს უზიარებს. იგი წერილში ახსენებს ალი ფაშა თავდგირიძესაც, რომლის შესახებაც აჭარაში ანდაზაც ყოფილა – „ალი ფაშას სამართალი ფულით იყიდებოდაო“.

„ბატონო გაზეთჯიმ!

ერთი ორი გზობა ამას წინეთ შეგაწყინე თავი ჩვენ ქობულეთლების გაჭირებაზედ და მეტი აღარ მინდოდა თქვენი შეწუხება, მაგრა ახლანდელმა ჩვენმა მდგომარეობამ, თუ გაიბედება ჩემო ძიავ, ისევე გამაბედვიე რაც ჩემი უსწავლელობიდამ შეიძლება,  ჩვენი გაჭირვება კიდევ შეგატყობიო და იმედი მაქვს, რომ თქვენს გაზეთში იქნება დაწერილი.

ერთი ბაბუაის ნათქვამი ანბავი უნდ ამოგახსენო: „ძალა აღმართს ხნავსო“. მე იგი არ მგონებია თუ „ძალა“ კაცებსაც დახნავდა და ძირბუდიანათ ამოაგდებდა; ახლა კი დევინახე ძიავ!

ეს დაგვემართა ჩვენ ქობულეთლებს: ჩვენმა ფაშებმა, ამას წინეთ ჩამოგვიყენა სოფლებში ჯარები და გამოგვიცხადეს, რომ ავი კაცები უნდა დევიჭიროთო. ჩვენ დასტურ მართალი გვეგონა, ძიავ და გაგვიხარდა, მოგვეხმარა ღმერთი თუ რამე ფირალი და ქურდი არის დეიჭირვენ და მართალი რახათში ვიქნები მეთქი; მარა ძიავ თურმე სხვას ფიქრობდნენ: წიესიენ და მართალ-ბრუნდიანად ვისაც წაიხელეს დაიჭირეს ყველა და გაგზავნეს ბათომში ასთეი, რომ ამ ცოტა ხანში საზღვრის განაპირის სანჯაყიდან ათას კაცამდი დაჭერილია ბათუმში და კიდევ ზდევენ ვისაც ნახვენ დასაჭერვად.

აი, ძიავ, ახლა შევიტყეთ, რომ ქურდი კაცების დაჭირვა კი არ ზდომებიათ, რაცხა სხვაი ანბავია ნიშანში.

გამოცხადება არის: ქობულეთის მცხოვრები სულ ორი ათას მოსახლემდი არისო და იმათში ათას ხუთასი კაცი მიზამი და რედიფი ხართო და სინამდი იგინს არ წეიყვანებენ, არ გვეყრებიან.

იმისთანაი შენს დუშმანს, ძიავ, რა გაჭირვება ჩვენ ამ ჯარებიდგან გვადგია: ერთი რომ თუ რამე გვქონდა ცოლ-შვილის სარჩო ის შეგვიჭამეს და კიდევ გამოგვიცხადეს დაჭერულების ჭირისუფლებს, ბათომის სამტყვეოში [ციხეში] მტყვეებს [ტყვეებს, დაკავებულებს] საჭმელი თქვენ მოუტანეთო, რადგან ხაზინა არაფერს აძლევსო. მარტო საჭმელის ზიდვას ვერ აუვალთ.

მაგი მაგია ჩემო ძიავ, კიდევ გამოგვიცხადეს, რომ შეძლების-და-გვარათ და უკანასკნელი შვიდი მანეთი ყველამ გარდიხადეთო, ხაზინას ფული უნდაო.

ჩვენმა ბეგმა ალი-ფაშა თავდგირიძემ გამოიჩინა ვითამ ერთგულება, გაგვიწერა თურმე მთავრობასთან, რომ ქობულეთლები ხვანთქრის ორგულები არიანო და ძალაზე ადგიანო. ის კი არ თქვა, რომ გაჭირვებულებია და ამდენი გადასახადის ალი არ აქვანო. მარა ყველამ იცის მისი კაი-კაცობა და იშალა დავუმტკიცებთ.

სულ ალი-ფაშამ გვიქნა ჯარების გამოსევა და ჩვენი აქოლიანცება; მარა რა უჭირს ძიავ, ჩვენ, ღმერთს გარდა იმისთანა არავინ დაგვირჩა ან თათარი, ან სხვაი ვინმე, რომ ჩვენთვის რამე თქვას და ამ უბრალო შეწუხებისგან გვიხსნას.

გთხოვ, ძიავ, რომ ეს ამბავი თუ შეიძლებოდეს სხვა გაზეთებსაც გააგებიე, რომ ყველამ შეიტყოს ჩვენი გაჭივრების და შეწუხების მიზეზი“. [ქვეყნდება სტილის დაცვით, მცირედი შემოკლებით] 

წერილი 12 ივნისითაა დათარიღებული, „დროებაში“ კი 1876 წლის 18 ივლისს გამოქვეყნდა.

წერილს ხელს ახმედ კ-ოღლი აწერს. ეს ცნობილი ქობულეთელის, ახმედ გულო-აღა კაიკაციშვილის ფსევდონიმია. ცნობილია მისი დაბადების თარიღი – 1840 წელი, ეს წერილი მან 35 წლის ასაკში დაწერა.

ცნობილია, რომ ახმედ გულო-აღა კაიკაციშვილს ახლო ურთიერთობა ჰქონდა სერგი მესხთან, გიორგი ყაზბეგთან და სხვა ცნობილ ქართველ მოღვაწეებთან, იბრძოდა მუჰაჯირობის წინააღმდეგ.

იგი ერთ-ერთი პირველი იყო აჭარიდან, რომელმაც შვილი თბილისის გიმნაზიაში გაგზავნა სასწავლებლად.

_____________

ფოტოზე: ახმედ გულო-აღა კაიკაციშვილი.

ნამოხვანში დაკავებული 8 პირი გაათავისუფლეს, სასამართლო პროცესი გადაიდო

ადგილობრივების ინფორმაციით, წუხელ რიონის ხეობაში, სოფელ გუმათში დაკავებული საპროტესტო აქციის მონაწილე რვავე პირი უკვე გაათავისუფლეს. მათი თქმით, დაკავებულების სასამართლო პროცესი ერთი კვირით გადაიდო.

წუხანდელი დაკავებების მიუხედავად, მთელი დღე რიონის ხეობის მცველებმა გუმათის დასახლების შესასვლელთან, კომპანია „ენკას“ ოფისთან გაატარეს. ისინი მობილიზებულები იყვნენ, რომ არ გაეტარებინათ კომპანიის სპეცტექნიკა, თუმცა მსგავსი ტექნიკა გუმათის დასახლებაში არ გამოჩენილა.

გუმათში განთავსებული „ენკა რინიუებლზის“ ოფისის ეზოში ბევრი პოლიციელი და სპეცრაზმელია მობილიზებული. დამატებითი ძალები ხეობაში სავარაუდოდ მეზობელი სამეგრელოს რეგიონიდან შეიყვანეს.

სოფელ გუმათთან, სადაც პოლიციას რკინის ბარიკადები აქვს აღმართული, ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის ურთიერთობა წუხელ დაიძაბა.

შეკრებილები პროტესტს რკინის ბარიკადებზე ხელის დარტყმით გამოხატავდნენ, რის გამოც პოლიცია ბარიკადების მეორე მხარეს გადავიდა და აქციის 8 მონაწილე დააკავა.

მწვანე კონცხი, კვარიათი, გონიო – ბათუმის მერიამ პლაჟების საფასური დაადგინა

როგორც კომპანიები, ასევე ფიზიკური პირები ბათუმის მერიისგან პლაჟების პირდაპირი განკარგვის წესით, არაკონკურენტულ გადაცემას ითხოვენ და ამის მიზეზად პანდემიას ასახელებენ.

როგორც შესაბამისი განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათში წერია, გადაწყვეტილების მიმღები პირები მიიჩნევენ, რომ პანდემიის პირობებში პლაჟების პირდაპირი წესით გასხვისება მიზანშეწონილია:

„მიზანშეწონილია გათვალისწინებული იქნას ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით გამოცხადებული პანდემიის ფონზე საქართველოში და მათ შორის აჭარის რეგიონში არსებული მძიმე ეკონომიკური გამოწვევები, ხელი შეუწყოს მოიჯარეებს, რათა მათ შეძლონ რთულ ეკონომიკურ მდგომარეობასთან გამკლავება და პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით, 2021 წლის 01 ნოემბრამდე ვადით სარგებლობაში გადაეცეთ პლაჟის მონაკვეთები, საპლაჟო ინფრასტრუქტურის [შეზლონგები] და მსუბუქი კონსტრუქციის მომსახურების ობიექტების განსათავსებლად.“

განკარგულების პროექტის მიხედვით, მერიამ განსაზღვრა ასევე 1 კვ.მეტრი პლაჟის გამოყენების წლიური საფასური, როგორც საპლაჟო ინფრასტრუქტურის განსათავსებლად, ასევე მსუბუქი კონსტრუქციის მოსაწყობად. ფასები კონკრეტული ადგილების მიხედვით განსხვავებულია.

პროექტის მიხედვით, კვარიათის პლაჟის ათვისების მსურველს ყველაზე მაღალი ფასის გადახდა მოუწევს.

მერიის მიერ დადგენილი ფასების მიხედვით, 100 კვ.მეტრი მსუბუქი კონსტრუქციის განთავსება, მაგალითად, ბუნგალოს მოსაწყობად, მთელი წლის განმავლობაში მოიჯარეს 6000 ლარი დაუჯდება, ხოლო იმავე ფართობზე შეზლონგების განთავსებისთვის 3000 ლარის გადახდა მოუწევს.

კომპანიები, რომლებიც სანაპიროს გასწვრივ აშენებენ, პლაჟებს ძირითადად გრძელვადიანი იჯარის წესით ითხოვენ. პლაჟზე სეზონურად მომუშავე მოიჯარეები კი ხშირად მანამდე იკავებენ ტერიტორიებს, ვიდრე მერია აუქციონს გამოაცხადებს. საკურორტო სეზონის გასვლის შემდეგ კი ამ კონსტრუქციებს პლაჟზე ტოვებენ და არც ტერიტორიის გასუფთავებით იწუხებენ თავს.

ეს ერთი შეხედვითაც კი ჩანს, მაგალითად, გონიოს სანაპიროზე, სადაც პლაჟზე კუსტარულად მოჭედილ ხის საპირფარეშოებსაც კი ნახავთ.

ჩაბეტონებული ჯიხური კვარიათის პლაჟზე
საპირფარეშო გონიოს პლაჟზე

ქვიარსოლიდარობა რიონის ხეობას – პოლიციამ ბანერის დაზიანებაზე მოკვლევა დაიწყო

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ თბილისში გამართულ აქციაზე აქციის მონაწილეებისადმი ჩადენილი ძალადობის კიდევ ერთი ფაქტის შესახებ მოკვლევა დაიწყო. საუბარია 23 მაისს რესპუბლიკის მოედანზე მომხდარ ინციდენტზე, როცა ულტრამემარჯვენე ჯგუფის წევრმა, გურამ ფალავანდიშვილის შვილმა, ალექსანდრე ფალავანდიშვილმა, მომხრეებთან ერთად, ქვიარსოლიდარობის გამომხატველი ბანერი გადატეხა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ადამიანებს, რომლებსაც ბანერი ეჭირათ. 

“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” (WISG) იურისტის, ციალა რატიანის განმარტებით, საქმე გადაეცა ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს მე-7 განყოფილების მართლწესრიგის ოფიცერს. გუშინდელი მონაცემებით, ალექსანდრე ფალავანდიშვილი დაკითხული კვლავაც არ არის.

აზა გაბუნია „ნამახვანჰესის” მშნებლობის მოწინააღმდეგე აქციის ერთ-ერთი მონაწილეა, ვისაც ბანერი დაუზიანეს. ის ჰყვება, რომ ფალავანდიშვილისა და მისი თანამოაზრეების თავდასხმის მიზეზი სიტყვა „ქვიარი“ გახდა. „ამის გამო მან გარყვინლების და ცოდვის პროპაგანდაში დაგვადანაშაულა, გზა გადაგვიღობა, ხელები გადაუგრიხა ერთ-ერთ ჩვენგანს და ბანერი იძულებით დაგვაკეცინა. გვეჯაჯგურეს და ერთ-ერთმა მათგანმა ბანერიც გადატეხა,“ – ჰყვება ის.

„ქვიარი არანაირად არ არის ლგბტ-ს სინონიმი. ის გულისხმობს კატეგორიებად დაყოფაზე უარის თქმასა და საერთოს ძიებას, საერთო ჩაგვრის გამოკვეთას,“ – განმარტავს აქციის ერთ-ერთი მონაწილე მარიამ ქაჯაია.

ქვიარადამიანებმა სოლიდარობა რიონის ხეობის მცხოვრებთ ჯერ კიდევ მარტში გამოუცხადეს, როცა მათ სოციალურ ქსელში ამავე სახელწოდებით კამპანია წამოიწყეს

„რიონის ხეობის გადარჩენისთვის ბრძოლა არის ბრძოლა კერძო კაპიტალის მომაკვდინებელი ინტერესისა და მასთან გარიგებული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამ ბრძოლას სახელმწიფო სამარცხვინო მეთოდებით, პოლიციური რეჟიმითა და რიონის ხეობის მცველებისთვის სიძულვილის, ქსენოფობიისა და ჰომოფობიის დაბრალებით დაუპირისპირდა. შეეცადნენ ისინი ჩამორჩენილ, პროგრესთან და განვითარებასთან დაპირისპირებულ ადამიანებად წარმოეჩინათ. ამ დროს პირიქითაა. სინამდვილეში, რიონის ხეობის გადარჩენისთვის ბრძოლა განვითარების, სიცოცხლისა და სამართლიანობისთვის ბრძოლაა. შესაბამისად, ჩვენ ამ სახალხო პროტესტის ნაწილი ვართ.

„ქვიარსოლიდარობა ბათუმიდან“ – ამ ბანერით გვინდოდა გვეთქვა, რომ არ გამოგივათ ამ სახალხო ბრძოლას გაგვმიჯნოთ; არ გამოგივათ დაგვყოთ და ასე დაგვასუსტოთ, რადგან კარგად ვიცით, რას ნიშნავს იბრძოდე სიცოცხლისთვის, გადარჩენისთვის. კარგად ვიცით, რა მწარეა, როცა სახლს გართმევენ, საკუთარი მიწა-წყლიდან გერეკებიან და ბიზნესებისთვის კაპიკებზე მომუშავე მუშახელად გაქცევენ. ჩვენი სოლიდარობა ქვიარსოლიდარობაა და ის გულისხმობს ისეთ მომავალზე სწორებას, სადაც საზოგადოება ლგბტ და არალგბტ ჯგუფად კი არ დავიყოფით, არამედ მნიშვნელობას დაკარგავს ყველა ნიშანი, რომლითაც დღეს ერთმანეთისგან გვანსხვავებენ, ერთმანეთისგან გვყოფენ და ნაცვლად ამისა, ერთად ვიდგებით საერთო ინტერესის სადარაჯოზე.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ თბილისში გამართულ აქციაზე ძალადობის კიდევ რამდენიმე ფაქტი მოხდა, რის გამოც საპროტესტო აქციის ლიდერებს განცხადებების გაკეთება მოუწიათ: ისინი გაემიჯნენ ძალადობას და აქციის მონაწილეებს მოუწოდეს შემწყნარებლობისკენ.

„იმისთვის, რომ ეს ჰომოფობიური თავდასხმა რიონის ხეობის მოძრაობას არ მისწეროდა ფართო საზოგადოების თვალში, გადატეხილი ბანერი დავკეცეთ და უხმაუროდ გამოვერიდეთ თავდამსხმელებს. ისინი დღემდე დაკითხულიც კი არ ჰყავს პოლიციას ამ ძალადობრივი ფაქტზე, მაშინ, როცა რიონის ხეობის მცველებს პროტესტის გამოხატვისთვის იჭერს, უკანონოდ აღმართული ჯებირს რატომ უბრახუნებ შიშველ ხელებსო. ესეც ნათლად აჩვენებს, რომ ბიზნესთან გარიგებული სახელმწიფო ფაშისტურ ჯგუფებს იყენებს საერთო ბრძოლისთვის გაერთიანებული ხალხის ხელოვნურად დასანაწევრებლად,” – განმარტავს მარიამ ქაჯაია.

აზა გაბუნია პოლიციის მხრიდან დაგვიანებულ რეაქციაზეც საუბრობს და ამბობს, რომ მიუხედავად დროული მიმართვისა, პოლიციამ ინციდენტის ადგილზე ძალიან დაიგვიანა – „კაგრა ხანს არ გამოყვნენ ადამიანს, ვინც შეატყობინა შემთხვევის შესახებ. ფაქტობრივად, მაშინ მოვიდნენ, როცა ბანერი უკვე დაზიანებული იყო და ჩვენც განზე ვიდექით”.

რა უნდა ვიცოდეთ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე – ინტერვიუ ნონა ნაკაშიძესთან

რას ნიშნავს ფსიქოლოგიური ტრავმა და როგორ გავუმკლავდეთ მას? როგორ დავეხმაროთ ადამიანს, თუ ვფიქრობთ, რომ  ის ფსიქოლოგიური პრობლემების იდენტიფიცირებას ვერ ახდენს ან არ აღიარებს მას? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ფსიქოთერაპევტ ნონა ნაკაშიძეს ესაუბრა.

  • ქალბატონო ნონა, რომ აგვიხსნათ, რა არის ფსიქოლოგიური ტრავმა, რით განსხვავდება ის სტრესისგან, დეპრესიისგან?

დეპრესია არის სტრესის,  ტრავმის ან სხვა მიზეზებით განვითარებული კლინიკური მდგომარეობა, ის არის გართულების შედეგი, ანუ დეპრესია და ტრავმა ერთ ჭრილში არ განიხილება.

დეპრესია არის უკვე კლინიკური მდგომარეობა, ხოლო ტრავმა არის მოვლენა, რომელიც ადამიანის გამოცდილების, მისი ამტანობის რესურსებს  მნიშვნელოვნად აღემატება.

სტრესიც ასევე ნეგატიური ზემოქმედებაა ადამიანის ფსიქიკურ ფუნქციონირებაზე, ოღონდ არა იმდენად მასშტაბური, რამდენადაც ტრავმა.

  • ტრავმა ყოველთვის რაღაც კონკრეტულ გამოცდილებას უკავშირდება? 

ტრავმების კვალიფიცირება შესაძლებელია. არის კონკრეტული, ძლიერი, მასშტაბური, ინტეგრირებული გამოცდილების ტრავმა ან შესაძლებელია ტრავმა იყოს გახანგრძლივებული, არა მასშტაბური, ძლიერი და მწვავე, მაგრამ  ხანგრძლივად დროში მიმდინარე და აქედან გამომდინარე ის ახდენს მატრავმირებელ ზემოქმედებას ფსიქიკაზე.

  • როცა კონკრეტული პერიოდის განმავლობაში ადამიანები განიცდიან სტრესს, შიშს, დაძაბულობას, თუმცა ამ ყველაფერს თავად არ არქმევენ სახელს, არ ითხოვენ, ან არ იღებენ დახმარებას, რა ხდება ასეთ შემთხვევაში?

რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს თავისი ინდივიდუალური, უნიკალური შესაძლებლობები აქვს და მათ შეიძლება სხვადასხვა შედეგი დაუდგეთ.

ვინც უფრო მოწყვლადია, მას შესაძლოა ერთსა და იმავე სტრესულ-მატრავმირებელ სიტუაციაში განუვითარდეს ტრავმის შემდგომი სინდრომები, შეიძლება – არა.

ხშირ შემთხვევაში ადამიანები იდენტიფიცირებას არ/ვერ ახდენენ, რომ მათ ახლა პოსტტრავმული ან პოსტსტრესული სიმპტომები აქვთ.

ხშირად ამას ადამიანები ხასიათის თავისებურებად მიიჩნევენ, ან არ მოსდით აზრად, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის მოვლის მიზნითაც შესაძლებელია სპეციალისტებს მიმართონ. თუმცა ასეთი საჭიროებები ძალიან ხშირადაა.

ჩვენს საზოგადოებაში პოპულარული არ არის მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ისე, როგორც, მაგალითად, ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.

  • რასთან გვაქვს საქმე, როცა პირი ფიქრობს, რომ თავად შეუძლია დაძლიოს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა? 

ძალიან სუბიექტური საკითხია და ყველა ინდივიდუალურ შემთხვევას ალბათ ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება.

არის შემთხვევები, როცა ადამიანებს ჰყოფნით რესურსები, მსოფლმხედველობა, სოციალური გარემო იმისთვის, რომ გაუმკლავდნენ რაღაც პრობლემებს.

ხშირ შემთხვევაში ადამიანები ასე ფიქრობენ სწორედ იმიტომ, რომ ან გარკვეული სტიგმა არსებობს – „მე რომ ახლა ჯანმრთელობის სფეროს სპეციალისტებს მივმართო…“ ან ნაკლები ინფორმაცია აქვთ იმაზე, რომ მათ შეუძლიათ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, ფსიქიკური პრობლემების მოგვარება.

ამიტომაა მნიშვნელოვანი ადამიანებს ერთის მხრივ მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ და  მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია იმ სოციალური გარემოს მხარდაჭერა, რომელშიც ისინი არიან.

  • თქვენი პრაქტიკით, ძირითადად როგორ ახერხებენ ფსიქიკური პრობლემების დაძლევას ის ადამიანები, რომლებიც სპეციალისტებს არ მიმართავენ?

ჩემი პრაქტიკა მოიცავს იმ ცოდნას, ვინც უკვე მიმართა სპეციალისტებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ინფორმირებული ვარ, ზოგადად პოპულაციებში რა ხდება, რამდენად მიმართავენ  ან არ მიმართავენ სპეციალისტებს.

არის შემთხვევები, როცა არ მიმართავენ სპეციალისტს, თუკი რაღაც არ დამძიმდა მათ მენტალურ ჯანმრთელობაში, რაც მნიშვნელოვნად აუარესებს ცხოვრების, ურთიერთობების ხარისხს და ბედნიერების განცდას.

ამ შემთხვევაშიც ბევრი რამაა დამოკიდებული მიკროსოციალურ გარემოზე, როცა ადამიანები ფიქრობენ „ჩემს თავს მე მივხედავ“, ან „ჩემს თავს ვერ მოვერიე“, „ჩემს თავს ვერ დავეხმარე და ესე იგი, მე ვერავინ დამეხმარება“… ასეთი მცდარი კოგნიციები, ისეთი დასკვნები და რწმენები კი არ ეხმარება ადამიანებს, პირიქით, პრობლემებში დიდხანს ტოვებს მათ.

ხშირად მომისმენია იმ ადამიანებისგან, რომლებიც მე მომმართავენ, რომ ისინი სხვა დარგის სპეციალისტებთან არიან მანამდე ნამყოფი. ფსიქოსომატური სიმპტომები ხშირად ვითარდება სტრესების შემდეგ და ადამიანები ძალიან ხშირად სომატური სპეციალისტების კაბინეტებში აღმოჩნდებიან ხოლმე.

ძალიან ხშირად მედიცინის მუშაკებისგანაც არის ეს გზავნილი – „თქვენ თავს თქვენ უნდა დაეხმაროთ“, „თქვენს თავს უნდა შემოუძახოთ“, „ვერავინ დაგეხმარებათ, თუ თავს  ხელში არ აიყვანთ“… – ასეთი მესიჯები ადამიანებში აღრმავებს იმ წარმოდგენებს, რომ მენტალური  ჯანმრთელობის სფეროს მიმართვიანობა არც ისე კარგი ხარისხისაა.

თუმცა არის ის ტენდენციაც, რომ უკვე გაცილებით მეტი ნდობა უჩნდებათ ფსიქოლოგიური კონსულტაციების მიმართ და უფრო მეტად მიმართავენ სპეციალისტს, ვიდრე ამას აკეთებდნენ ცოტა ხნის წინ.

  • თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, რაზეა დამოკიდებული სპეციალისტის ჩარევის შემდეგ სწრაფი შედეგი?

სწრაფი შედეგი, რა თქმა უნდა, არ არის „ ჯადოქრობის“ შედეგი. შედეგი ისევ და ისევ  მულტიფაქტორულ  მონაცემებზეა დამოკიდებული,  იმაზე, თუ რა რესურსი აქვს ადამიანს, რა მასშტაბის მატრავმირებელ  მოვლენებში აღმოჩნდა, რა მხარდაჭერა მიიღო ამის შემდეგ, როგორია მისი დამოკიდებულება ფსიქოსერვისებისადმი.  მულტიფაქტორულია ეს ყველაფერი და შედეგებიც, თუმცა ადამიანების ინდივიდუალურად გამკლავების მექანიზმებზე, რა თქმა უნდა, ბევრია დამოკიდებული.

  • როცა კონკრეტული მიზეზები არ ვიცით, ტრავმას უმეტესწილად ბავშვობის წლებში ეძებენ, რატომ?

ყველა ჩვენგანი ბავშვობიდან მოვდივართ და ყველა ჩვენგანის მდგომარეობაზე ზრდასრულობაში გავლენას ახდენს ის, თუ როგორი იყო ჩვენი ბავშვობა, მაგრამ ერთპიროვნულად აწმყოში არსებული პრობლემების უგულებელყოფა და ყველაფრის  ბავშვობაზე მიწერა, რა თქმა უნდა, ცალმხრივი დამოკიდებულება იქნება.

  • როგორ შეიძლება დაეხმარონ ახლობლები  ადამიანს, თუ ის უარს ამბობს სპეციალისტთან ვიზიტზე ან არ შეუძლია ამ სერვისით სარგებლობა, თუნდაც ფინანსური პრობლემების გამო?

როცა ახლობლები ფიქრობენ, რომ სპეციალისტს უნდა მიმართოს ადამიანმა, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ახლობლები ხედავენ გამოხატულ, აშკარა პრობლემას.

ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ ახლობლებმაც  გაიარონ კონსულტაცია სპეციალისტებთან. ასეთ დროს შესაძლოა რაღაც მწვავე პრობლემასთან გვქონდეს საქმე და აუცილებელია მოიძიონ ყველა გზა, რომ მიმართონ პირველად ჯანდაცვას, სპეციალისტებს, გაიარონ კონსულტაციები და  გუნდური დახმარება გასწიონ, რომ ადამიანმა მიიღოს დროული და ადეკვატური სპეციალიზებული დახმარება.

  • ბოლო დროს სოციალურ ქსელებში გაჩნდა შეთავაზებები ონლინ კონსულტაციებზე, რა საფრთხეები შეიძლება ახლდეს ამას, რა უნდა გავითვალისწინოთ?

როგორც ყველაფერ სხვაში, მათ შორის ფსიქოლოგიური სერვისების მიწოდებაშიც არის მრავალფეროვნება. ეს სივრცე გააქტიურებულია იმისათვის, რომ ადამიანმა მიიღოს კვალიფიციური, სანდო და ხარისხიანი მხარდაჭერა.

ვფიქრობ, დაინტერესებულმა ადამიანმა, სანამ ვინმეს მიენდობა, აუცილებლად უნდა გაარკვიოს სპეციალისტის კომპეტენციის წყარო, შეაგროვოს  ინფორმაცია მისი აკრედიტაციის და განათლების სტანდარტების შესახებ.

მთავრობა ბობოყვათის სანაპიროზე 28 ჰექტარს ყიდის – საწყისი ფასი 48 მილიონია

ბობოყვათის სანაპიროს გასწვრივ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მომხიბვლელ სარეკრეაციო ზოლში, აჭარის მთავრობა 28,5 ჰექტარს ელექტრონული აუქციონით ყიდის. ქონების საწყისი ფასი 48 მილიონი ლარია, ხოლო ბიჯი – 450 000 ანუ თითქმის ნახევარი მილიონი.

ეს ტერიტორია განსაკუთრებული რეგულირების ზონას მიეკუთვნება და მისი განვითარებაც წინასწარ განსაზღვრული დეტალური განაშენიანების გეგმით უნდა განხორციელდეს, ეს აუქციონის ერთ-ერთი პირობაა.

ნაკვეთი მნიშვნელოვანია ასევე კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით, აქ აღმოჩენილია ანტიკური ხანის დიუნური ნამოსახლარები, თუმცა ტერიტორია სრულად შესწავლილი არ არის.

გასაყიდ ტერიტორიას რამდენიმე კერძო ნაკვეთიც ესაზღვრება, რომლებზეც ორსართულიანი საცხოვრებელი სახლები და მათი დამხმარე ნაგებობებია განთავსებული. თუმცა აუქციონის პირობებში მხოლოდ ერთი სახლის შესახებ არის მითითებული და იქვე აღნიშნულია, რომ ამ ქონების ნაწილი დაკავებულია [შემოღობილია] ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე.

საკადასტრო კოდს, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აქვს მითითებული, ორი კერძო საკუთრება ესაზღვრება. მათ შორის ერთი გასაყიდად აუქციონზე გატანილი ქონებით მთლიანადაა შემოსაზღვრული და ამ ქონების გაყიდვის შემთხვევაში, მეპატრონეს, ფაქტობრივად, სხვის ტერიტორიაზე მოუწევს გავლა სახლში შესასვლელად, ხოლო მეორე სახლი მხოლოდ ნაწილობრივ ესაზღვრება გასაყიდ ნაკვეთს.

მწვანედ მონიშნულია გასაყიდი ტერიტორია – კიდევ ერთი შენობა კი, რომელიც ფოტოზე ჩანს, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზეა. ჯერ არ გვაქვს ინფორმაცია, ცხოვრობენ  თუ არა ამ შენობაში
ეს მეორე კერძო საკუთრებაა, რომელიც, ერთი მხრივ, გასაყიდ ტერიტორიას ესაზღვრება, ქვედა მხარეს კი მონიშნულია შპს “აჭარა რიალ ისთეითის” საკუთრება, თუმცა ამ სახლს გზაზე გასავლელი რჩება.

ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე მცირე ზომის შენობაა, თუმცა არ ვიცით გამოიყენება თუ არა ისინი საცხოვრებლად. ნაკვეთი, სადაც ეს შენობებია განთავსებული, მთავრობის ბალანსზეა.

       საინვესტიციო პირობები

მყიდველმა შეძენილი 28 ჰექტარის განვითარების კონცეფცია აჭარის მთავრობის მიერ შემუშავებული საინვესტიციო ოფერტის (teaser) დაგეგმარების გათვალისწინებით უნდა შექმნას და ნაკვეთების შეძენიდან 12 თვეში წარუდგინოს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს – ეს ერთ-ერთი მთავარი პირობაა.

პირობების ჩამონათვალშია ასევე საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთის ტერასული განვითარება, საპლაჟე სექტორის გასწვრივ საფეხმავლო გზის, ე.წ. პრომენადის მოწყობა თავისი ველობილიკით. პრომენადიდან სამშენებლო მიწის ნაკვეთამდე კი უნდა დაიგეგმოს მწვანე ზოლი, შეუფერხებელი საზოგადოებრივი წვდომის პირობით.

პირველ ზოლში, ზღვიდან გზის მიმართულებით, საკუთრებაში გადაცემული ქონებიდან რიგის სიგრძე უნდა იყოს არანაკლებ 80 მ, სადაც შესაძლებელი იქნება მხოლოდ ვილების, ე.წ. “Beach House”-ის ან და სასტუმროს [გარდა სასტუმრო ტიპის აპარტამენტებისა] ან საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების განთავსება, როგორიც შეიძლება იყოს  კაფე, რესტორანი, გასართობი სივრცე.

მეორე ზოლში რიგის სიგრძე უნდა იყოს არანაკლებ 80 მ. აქ  შესაძლებელია განთავსდეს ვილები, აპარტამენტები ან საცხოვრებელი სახლები – ე.წ. “SEMI-DETACHED HOUSE” ან საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები, როგორიცაა: კაფე, რესტორანი, გასართობი და კომერციული სივრცე ან სასტუმრო.

მესამე ზოლში შესაძლებელია განთავსდეს პირველი და მეორე ზოლის ობიექტები, აგრეთვე, სხვა ტიპის ობიექტები.

აუქციონის პირობით  განსაზღვრულია ასევე პირველ, მეორე და მესამე ზოლში განსათავსებელი შენობების პარამეტრები:

პირველ ზოლში შენობა-ნაგებობების სიმაღლე გრუნტის ზედაპირიდან არ უნდა აღემატებოდეს 10 მეტრს, მეორე ზოლში – 15 – ს, ხოლო მესამე ზოლში- 30 მეტრს.

ამ ყველაფერთან ერთად დასაშვებია, რომ ტერიტორიაზე გამოიყოს სპეციალური ადგილი, მათ შორის, პირველ და მეორე ზოლში, სადაც შესაძლებელი იქნება არაუმეტეს 2 მაღლივი სასტუმროსა და აგრეთვე, კომერციული ობიექტების განთავსება, თუმცა ეს პირობა არ ითვალისწინებს სასტუმრო ტიპის აპარტამენტების განთავსებას.

გასაყიდად გამოტანილ ტერიტორიაზე, კონკრეტულ ზოლებში, დაწესებული პარამეტრების გათვალისწინებით, უნდა განთავსდეს მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც უნდა მოიცავდეს, მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს:

არანაკლებ 300-ნომრიან სასტუმროს ან სასტუმროებს, დასასვენებელ და გასართობ სივრცეს და შესაბამის ინფრასტრუქტურას – აუზი, სკვერი, პარკი, სპორტული მოედნები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ან  სარეაბილიტაციო ცენტრი, ცალკე მდგომი საზოგადოებრივი ან სავაჭრო დანიშნულების ობიექტები.

აუქციონის პირობის მიხედვით, ტერიტორიის არანაკლებ 75% უნდა წარმოადგენდეს რეკრეაციულ ზონას – ღია ტიპის შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღჭურვილი აუზი, პარკი, სკვერები, ღია სათამაშო მოედნები, სასეირნო ბილიკები, ველობილიკები, სარბენი ბილიკები, დასასვენებელი ზონები, გზები, პარკინგები, წყალსაცავები და წყლის არხები.

სასტუმრო ტიპის აპარტამენტის წილი არ უნდა იყოს ტერიტორიაზე განსათავსებელი ასაშენებელი შენობების საერთო ფართობის 65%-ზე მეტი.

პირობების მიხედვით, ამ ტერიტორიაზე შესაძლებელია ასევე მოეწყოს ვერტმფრენის ასაფრენ-დასაფრენი მოედანი და არანაკლებ 30 მცურავ საშუალებაზე [ნავი, იახტა და ა. შ.] გათვლილი ნავმისადგომი და პირსი. უნდა მოეწყოს ასევე არანაკლებ 500 ავტომობილისთვის გათვლილი საპარკინგე ადგილი. 

ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვეში მყიდველმა უნდა უზრუნველყოს ტერიტორიის განაშენიანების დეტალური გეგმის [გდგ] შემუშავება და დამტკიცება, გდგ უნდა მოიცავდეს შეთანხმებული კონცეფციით გათვალისწინებულ ობიექტებს. ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 თვის ვადაში ქონების მყიდველმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს უნდა წარუდგინოს საპროექტო ობიექტის ვიზუალური ესკიზი – ოთხი მხრიდან ხედი მოცულობაში, საპროექტო ობიექტის გაბარიტებისა და ფასადის მოსაპირკეთებელი მასალების ჩვენებით, ასევე მიწის ნაკვეთზე საპროექტო ობიექტების დასმის გეგმა.

              კომპლექსის მართვა

აუქციონით გათვალისწინებული პირობების მიხედვით, მყიდველმა უნდა უზრუნველყოს მრავალფუნქციური კომპლექსის  მართვა სასტუმროს საერთაშორისო ბრენდის მიერ ან იმ სასტუმრო ოპერატორის მიერ, რომელიც კომპლექსის ამოქმედების მომენტისათვის OECD -ის წევრ ქვეყანაში ახორციელებს სასტუმრო ქსელის ოპერირებას.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ღონისძიებები

აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველმა საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე არტეფაქტებისა და კულტურული ფენების აღმოჩენის შემთხვევაში, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ღონისძიებები უნდა გაატაროს. ეს, სპეციალისტების თქმით, უმეტესწილად ვერ უზრუნველყოფს საკვლევი ტერიტორიის დაცვას, რადგან ინვესტორების უმეტესობა დაინტერესებულია შეძენილ ნაკვეთზე მშენებლობის ოპერატიულად განხორციელებით და არქეოლოგიური კვლევების გამო დროის გაჭიანურება მის ინტერესებში არ შედის.

აუქციონი 25 ივნისს უნდა დასრულდეს.

ბათუმში მასწავლებლების „სინოვაკით“ ვაქცინაცია დაიწყო

დღეს, 28 მაისს, ბათუმში სკოლის პედაგოგების  ვაქცინაცია დაიწყო. მასწავლებლებს „სინოვაკით“ აცრიან. ვაქცინაციამდე 50-მდე პედაგოგი სასტუმრო „ჰილტონში“ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც მათ „სინოვაკთან“ დაკავშირებით მიიღეს ინფორმაცია.

„ძალიან მინდოდა აცრის გაკეთება, მასწავლებელი ვარ და 35 ბავშვი მყავს სადამრიგებლოში. როგორ შეიძლება ამდენ ბავშვთან მქონდეს სიახლოვე და არ ავიცრა. მინდოდა ეს პრობლემა მომეხსნა.

აქამდე ვერ მოვახერხე დარეგისტრირება, მანამდე თვითიზოლაციაში ვიყავი, კოვიდი არ გადამიტანია, მაგრამ ხომ შეიძლება შემხვდეს, ამიტომ მინდოდა აცრა. ერთი ჩემი კოლეგა მეუბნებოდა წამოსვლისას, „სად მიდიხარ თუ იციო“ – სკეპტიკურად შემომხედა. მე ვენდობი ექიმებს და მიხარია, რომ ავიცერი. ჭორებს ვერ ავყვები“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ბათუმის პირველი საჯარო სკოლის სპეცმასწავლებელი ნანი ჟღენტი.

ნანი ჟღენტი, პირველი სკოლის სპეცმასწავლებელი

„არასდროს შემიკავებია თავი. უბრალოდ, ახლა მაქვს ვაქცინაციის შანსი და გამოვიყენებ. იმიტომ ვიკეთებ ვაქცინაციას, რომ გადავარჩინო ჩემი სიცოცხლე და სხვებსაც არ შევუქმნა საფრთხე. ექიმებთან შეხვედრა დამეხმარა იმაშიც, რომ იმ კითხვებზე მივიღე დეტალური განმარტება, რაც მაინტერესებდა. მაგალითად, კითხვები მქონდა ანემიასთან, ფიზიკურ აქტივობებთან, ლაქტაციასთან დაკავშირებით. ამ ყველაფერზე ამომწურავი პასუხი მივიღე“, – ამბობს თეონა კაკაბაძე, დაწყებითის მასწავლებელი.

„გადაწყვეტილება მივიღე ძალიან იოლად, ძალიან მინდა დავიცვა ჩემი ოჯახი, ჩემი სიცოცხლე, ჩემი მოსწავლეები და კოლეგები. ვფიქრობ, ვაქცინაცია აუცილებელია და მოვალეობაცაა ჩვენი, რომ ავიცრათ“, – ამბობს მარინა ჟღენტი, ქობულეთის სოფელ ოჩხამურის საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე. მის სკოლაში აქამდე არც ერთი მასწავლებელი არ იყო აცრილი და იმედოვნებს, რომ ყველა აიცრება.

ჩიქუნეთის სკოლის მასწავლებელი თამილა საფარიძე „სინოვაკით“ აიცრა.

„თავიდან არ მქონდა მოტივაცია, რადგან ბევრი ნეგატიური და განსხვავებული ინფორმაცია მესმოდა, მაგრამ შემდეგ მაინც მივიღე გადაწყვეტილება. თუ რაიმე გადაგვარჩენს ვირუსისგან, ეს აცრაა“, – ამბობს ცისანა ტაკიძე, ოჩხამურის სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი.

ბათუმი. 28 მაისი, 2021 წელი. სკოლის პედაგოგები ვაქცინაციის რიგში.

ვაქცინაციის პროცესს აჭარის განათლების მინისტრი მაია ხაჯიშვილიც ესწრებოდა. მას ვკითხეთ, თუ აქვს ინფორმაცია დაახლოებით რამდენი პედაგოგია ვაქცინირებული. მინისტრი ამბობს, რომ ამ ინფორმაციას არ ფლობს.

„რადგან ვაქცინაცია ნებაყოფლობითია, აღრიცხვის ფორმას ამას არ ვაძლევთ. თუმცა გვაქვს ინფორმაცია, რომ პედაგოგები აქტიურად იცრებიან. რეგისტრირდებიან როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჩვენც ვეხმარებით რეგისტრაციაში“, – ამბობს ხაჯიშვილი.

მინისტრმა ასევე თქვა, რომ არ იცის ზუსტად რამდენი პედაგოგი აიცრება დღეს, თუმცა გვითხრა, რომ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრას 50-მდე პედაგოგი ესწრებოდა.

ბათუმი. 2021 წლის 28 მაისი. პედაგოგების შეხვედრა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან „ჰილტონში“, ვაქცინაციასთან დაკავშირებით.

ზუსტად რამდენი პედაგოგი აიცრება დღეს, ამის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია დღის ბოლოს იქნება ცნობილი. აცრაზე პედაგოგები მოვიდნენ როგორც ბათუმის, ასევე ქობულეთისა და ხელვაჩაურის საჯარო სკოლებიდან.

_______________________

მთავარი ფოტო: ვაქცინირებული პედაგოგები: მარინა ჟღენტი, თეონა კაკაბაძე და ცისანა ტაკიძე.

დისკუსია კონკურსის წესით შერჩეულ დანისპარაულის სკოლაში

„არაფორმალური განათლება ქართული საგანმანათლებლო სივრცისთვის დღემდე მნიშვნელოვანი გამოწვევაა. განსაკუთრებით მაღალმთიანი მუნიციპალიტეტებისთვის. მათ არ უნდა იგრძნონ, რომ ქალაქებში მეტი შესაძლებლობებია. მათაც უნდა შევუქმნათ გარემო, სადაც ექნებათ თავისუფალი სასაუბრო სივრცე, იქნებიან გადაწყვეტილებების მიმღები პირები. საზოგადოებაში ფესვგამდგარი მახინჯი სტერეოტიპებისა და სტიგმების დასამარცხებლად საუბარი და კომუნიკაციაა საჭირო“, – ამბობს ელზა ლემსაძე, სამოქალაქო აქტივისტი.

ადამიანის უფლებების თემაზე საჯარო ლექციებისა და დისკუსიების ჩატარების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ აჭარაში 10 სკოლა შეარჩია კონკურსის გზით.

თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის პროექტის ფარგლებში, 19 მაისს, სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობის შესახებ, დანისპარაულის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა. ამ თემაზე მოსწავლეებს სწორედ ელზა ლემსაძე ესაუბრა.

შეხვედრა დანისპარაულის საჯარო სკოლაში

დანისპარაულის სკოლა ერთ-ერთია იმ საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომელიც „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ კონკურსის წესით შეარჩია. მანამდე ასეთი შეხვედრა გენდერული სტერეოტიპების თემაზე ხაბელაშვილების საჯარო სკოლაში გაიმართა.

დანისპარაულში შეხვედრის თემა სკოლის წარმომადგენლების ინიციატივას ეფუძნება და ადგილობრივ თემში არსებული პრობლემების შესახებ ჯანსაღ დისკუსიას და ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

მონაწილეებთან ერთად მომხსენებელმა შეხვედრაზე განიხილა სამოქალაქო საზოგადოების საჭიროება, მოქალაქეთა საზოგადოებრივ პროცესებში ჩართულობისა და აქტიურობის შედეგები, ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა პერიოდიდან, მათ შორის უახლოესი მაგალითები.

შეხვედრა დანისპარაულის საჯარო სკოლაში

დანისპარაულის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ დისკუსიის პროცესში, გამოხატავდნენ მოსაზრებებს და საუბრობდნენ მათ გარშემო მომხდარ შემთხვევებზე.

„საუბრისას ვგრძნობდი, მოსწავლეთა მხრიდან აქტიურ ჩართულობას, რასაც, სიმართლე გითხრათ, არ ველოდი. ხშირად მოსწავლეები მსგავსი შეხვედრებისას დუმილს ირჩევენ, რცხვენიათ საკუთარი შეხედულებების გაზიარების, რაც გამოწვეულია მსგავსი შეხვედრების ნაკლებობით. „კიდევ როდის ამოხვალთ?“,  „ჩვენ ძალიან მოგვეწონა დისკუსია“, გვითხრეს და დავრწმუნდი, რომ ამ სიტყვების მიღმა იმალებოდა დიდი ენთუზიაზმი. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ახალგაზრდებს მივცეთ შესაძლებლობა,  ღიად ისაუბრონ მათი თვალით დანახულ გამოწვევებზე და მოვუსმინოთ, თუ რაში ხედავენ გამოსავალს“, – ამბობს ელზა ლემსაძე.

მისივე თქმით, სწორედ დისკუსიებში ჩანს ყველაზე კარგად საზოგადოებაში გავრცელებული სტიგმა და სტერეოტიპები: „ამ სკოლებს სჭირდებათ მრავალფეროვნება, სიახლე და მოტივაცია“.

დისკუსიას მოდერაცია დანისპარაულის საჯარო სკოლის პედაგოგმა – ზურაბ შამანაძემ გაუწია.

შეხვედრა დანისპარაულის საჯარო სკოლაში

შეხვედრები იმართება „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტის ფარგლებში „დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში“. პროექტის მხარდამჭერია ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“(NED).


სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „დემოკრატიული იდეების და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში“. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკული ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED]. არ არის აუცილებელი სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

ბათუმში ბანკიდან 3.5 მილიონი ლარი მოიპარეს

„ლიბერთი ბანკის“ ბათუმის ფილიალის ყოფილ მენეჯერს და კიდევ 14 თანამშრომელს სასამართლოში უჩივიან. მიზეზი მილიონობით თანხის დაკარგვაა. „ლიბერთი ბანკი“ ბათუმის საქალაქო სასამართლოში იმ თანამშრომლებს ედავება, ვისთანაც შრომითი ხელშეკრულებები უკვე შეაჩერა. საქმეს მოსამართლე სალიხ შაინიძე განიხილავს.

საქმის მასალების მიხედვით, ბანკიდან 2 მილიონ 533 ათასი ლარი, 202 ათასი ამერიკული დოლარი და 80 ათასი ევროა დაკარგული. სხვადასხვა ტრანზაქციით 37 პირის ანაბრიდან და პირადი ანგარიშიდან თანხას 2015 წლიდან ითვისებდნენ.

სასამართლოში საქმის განხილვის დაწყებამდე „ლიბერთი ბანკის“ ადმინისტრაციას  ახსნა-განმარტება მიაწოდა ბანკის ბათუმის ფილიალის ყოფილმა მენეჯერმა და თქვა, რომ თანხის მითვისება ხელშეკრულებების გაყალბების გზით მოხერხდა, ასევე გაყალბებული შემნახველი ანგარიშების შექმნით. მას ჯერ სასამართლოსთვის ჩვენება არ მიუცია.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, თანხა ძირითადად ბანკის ფილიალის ყოფილმა მენეჯერმა მიითვისა, რომელიც აზარტული თამაშებით იყო გატაცებული. თუმცა საქმის მასალებში, რომელსაც ჩვენ გავეცანით, ამის შესახებ არაფერი წერია.

ბანკი ითხოვს, რომ დაკარგული თანხა თანამშრომლებს დაეკისროთ, რადგან მიაჩნია, რომ ამ თანამშრომლების არასწორი მოქმედებების შედეგად დაკარგა ბანკმა მილიონები.

„ბათუმელები“ მეტი დეტალის გასარკვევად „ლიბერთი ბანკს“ დაუკავშირდა, სადაც მხოლოდ ეს გვიპასუხეს წერილობით:

„საქმე მოკვლევისთვის და გამოძიებისთვის გადაცემულია სამართალდამცავ ორგანოებზე. ბანკი სრულად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან. ბანკის ყველა ფილიალი სრულად ფუნქციონირებს, შეზღუდვების გარეშე. ჩვენი კლიენტების თანხები დაცულია და საფრთხე არ ემუქრება,“ – მოგვწერეს „ლიბერთი ბანკის“ პრესცენტრიდან.

აქ ვერ გვითხრეს, დაწყებულია თუ არა გამოძიება „ბანკიდან მილიონების დაკარგვის საქმეზე“.

სასამართლოში სამოქალაქო საქმის განხილვის პარალელურად, დაწყებულია თუ არა გამოძიება – ინფორმაცია ამ დრომდე ვერ მოგვაწოდეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

რას პასუხობს რიჟვაძე ეტლით მოსარგებლეს, რომელმაც ეტლი და საპენსიო ბარათი დაუტოვა

რატომ არ შეხვდა თორნიკე რიჟვაძე ან მთავრობის აპარატის წარმომადგენელი ეტლით მოსარგებლე ჯემალ ჭელიძეს სამი დღის განმავლობაში? – ვკითხეთ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს დღეს, 28 მაისს, მთავრობის სხდომის შემდეგ.

საუბარია ეტლით მოსარგებლე მოქალაქეზე, რომელსაც სოციალურ პრობლემაზე სასაუბროდ აჭარის მთავრობაში არავინ შეხვდა და მან 26 მაისს, პროტესტის ნიშნად ეტლი აჭარის მთავრობის სახლის წინ დატოვა. ჯემალ ჭელიძემ თორნიკე რიჟვაძეს საპენსიო ბარათიც დაუტოვა.

ეტლით მოსარგებლე ჯემალ ჭელიძე ძმები ჭელიძეების მამაა, რომლებიც რიონის ხეობის დაცვის საპროტესტო აქციაში მონაწილეობის შემდეგ ძმებ წულუკიძეებთან და ელდარ ანთაძესთან ერთად დააკავეს. ჯემალ ჭელიძის თქმით, შვილების დაკავების შემდეგ მისი სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.

„თქვენ იცით, თუ ეს რა კონკრეტულ თემას უკავშირდება. გასაგებია ჩემთვის ეტლით მოსარგებლის პოზიცია, აბსოლუტური პატივისცემა მას.

მერწმუნეთ, შესაბამისი თანამშრომლები მათთან არიან ახლო კომუნიკაციაზე,“ – გვიპასუხა თორნიკე რიჟვაძემ, თუმცა მან ვერ დაგვიკონკრეტა, რომელი სამსახური დაუკავშირდა ჯემალ ჭელიძეს, რა გაირკვა, ან რატომ არ შეხვდა მას არავინ სამი დღე, თუკი თორნიკე რიჟვაძეს მოქალაქესთან შესახვედრად არ ეცალა.

„ყველა შესაბამისი უწყება დაუკავშირდა,“ – ზოგადი პასუხით შემოიფარგლა თორნიკე რიჟვაძე. მან არ მიიჩნია საჭიროდ განემარტა, რა პასუხი გასცა, რით დაეხმარება ან რატომ ვერ დაეხმარება აჭარის მთავრობა ეტლით მოსარგებლე მოქალაქეს.

„წინასწარ დასკვნები არ არის კარგი საქმე, მოგაწოდებთ დეტალურ ინფორმაციას,“ – გვითხრა თორნიკე რიჟვაძემ მას შემდეგ, როცა მას ვუთხარით, რომ ეტლით მოსარგებლემ ეტლი დაუტოვა პროტესტის ნიშნად.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ჯემალ ჭელიძის პროტესტი უკავშირდება მისი ორი შვილის დაპატიმრებას.

„რაც შეეხება კონკრეტულ თემას, კონკრეტულ სამართლებრივ საკითხში, მათ შორის, მართლმსაჯულების განხორციელების ნაწილში, აჭარის მთავრობა  არა და ვერ ჩაერევა,“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

სად არის ეტლი, რომელიც ჯემალ ჭელიძემ დატოვა? – ესეც ვკითხეთ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს.

„ალბათ გადაეცემოდა შესაბამის მოქალაქეს, ან იქნება შესაბამის უსაფრთხო ადგილას განთავსებული,“ – გვიპასუხა თორნიკე რიჟვაძემ.

ხულოში მცხოვრები ჯემალ ჭელიძე ამბობს, რომ მას არავინ დაკავშირებია აჭარის მთავრობიდან.

„არავინ დამკავშირებია არც ეტლის დატოვებამდე და არც მას შემდეგ… თუ დამიკავშირდა ვინმე, იქნებ დაასახელონ, ვინ იყო… მე ეტლის გარეშე ვაგრძელებ ცხოვრებას, სკამზე ვზივარ და ესაა,“ – გვითხრა ჯემალ ჭელიძემ.

Exit mobile version