Batumelebi | აჭარის ტელევიზიას ქარტიის 2 მუხლის დარღვევა დაუდგინეს – ბულვარის დირექტორის საქმე აჭარის ტელევიზიას ქარტიის 2 მუხლის დარღვევა დაუდგინეს – ბულვარის დირექტორის საქმე – Batumelebi
RU | GE  

აჭარის ტელევიზიას ქარტიის 2 მუხლის დარღვევა დაუდგინეს – ბულვარის დირექტორის საქმე

ბათუმის ბულვარის ყოფილი დირექტორის „ირაკლი ჯინჭარაძის სამსახურიდან გაშვების საქმეზე“ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ აჭარის ტელევიზიას ორი პრინციპის დარღვევა დაუდგინა – ინფორმაციის სიზუსტე [მუხლი 1] და არაზუსტი ინფორმაციის შესწორება [მუხლი 5]. იმის მიუხედავად, რომ სასამართლოს ჯერ ირაკლი ჯინჭარაძის საქმის განხილვა არც კი დაუწყია, აჭარის ტელევიზიამ 18 მაისს გამოაქვეყნა ინფორმაცია სათაურით: „ბათუმის სასამართლომ ირაკლი ჯინჭარაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა“.

ინფორმაცია აჭარის ტელევიზიის საიტზე დღესაც ამ სათაურით იძებნება.

ბულვარის დირექტორმა ირაკლი ჯინჭარაძემ ბულვარის პლაჟის იჯარით გაცემა გააპროტესტა, რის შემდეგაც ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მისი გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად კი აუდიტის დასკვნა დაასახელა მთავრობამ.

ყოფილმა დირექტორმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა. 14 მაისს ირაკლი ჯინჭარაძის სარჩელი სასამართლომ წარმოებაში მიიღო. ირაკლი ჯინჭარაძე ითხოვდა, რომ ვიდრე სასამართლო მის საქმეს განიხილავდა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბათუმის ბულვარის დირექტორად ვერავინ დაენიშნა. სასამართლომ ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე თქვა უარი. სასარჩელო მოთხოვნების განხილვა კი, 31 მაისის მდგომარეობით, დაწყებული არ არის. მეტიც, „ირაკლი ჯინჭარაძის საქმეზე“ ჯერ სასამართლო სხდომა ჩანიშნულიც კი არ არის.

„მიუხედავად ჟურნალისტთან, ემზარ დიასამიძესთან საუბრისა, 2021 წლის 18 მაისს 21:24 სთ-ზე სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ ვებგვერდზე განთავსდა სტატია სათაურით – „ბათუმის სასამართლომ ირაკლი ჯინჭარაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა“, –  აღნიშნა ქარტიისთვის მიმართულ საჩივარში პაატა დიასამიძემ, საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა.

საია სასამართლოში ირაკლი ჯინჭარაძის ინტერესებს იცავს.

პაატა დიასამიძის თქმით, ირაკლი ჯინჭარაძესთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა ჟურნალისტს სტატიის გამოქვეყნებამდე, თუმცა სტატიაში საია-ს პოზიცია ასახული არ იყო. სტატიაში საია-ს იურისტის, მირზა მამულაძის პოზიცია გაჩნდა და ინფორმაცია დაზუსტდა მას შემდეგ, როცა აჭარის ტელევიზიამ ირაკლი ჯინჭარაძის შესახებ სტატია ფეისბუქგვერდზეც გამოაქვეყნა, ხოლო საია-ს ადვოკატმა, ილონა დიასამიძემ ფეისბუქში ტელევიზიას ინფორმაციის გადამოწმებისკენ მოუწოდა.

„გამომდინარე იქედან, რომ სათაური იყო შეცდომაში შემყვანი, ის არ გასწორდა მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა. 2021 წლის 19 მაისს, 13:08 საათზე, ტელეფონით დავურეკე ფირუზ ბოლქვაძეს [აჭარის ტელევიზიის PR მენეჯერი], ავუხსენი მდგომარეობა, რაც მისთვის ისედაც ცნობილი იყო და ვთხოვე, რომ შეეცვალათ სათაური. მან განმიმარტა, რომ აღნიშნულ საკითხს შეისწავლიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სტატიის განთავსების შემდეგ არაერთხელ გვქონდა კომუნიკაცია აჭარის ტელევიზიის წარმომადგენლებთან, სტატიის სათაური მაინც არ შეცვლილა, სტატია არის შეცდომაში შემყვანი,“ – მიიჩნევს იურისტი პაატა დიასამიძე.

საბოლოოდ, აჭარის ტელევიზიამ ინფორმაცია ირაკლი ჯინჭარაძის შესახებ დააზუსტა, თუმცა სათაური არ შეცვალა. აჭარის ტელევიზიას ამ თემაზე ვიდეოსიუჟეტი არ ჰქონია.

პაატა დიასამიძის თქმით, სათაურმა არაერთი მოქალაქე შეიყვანა შეცდომაში.

„გვიკავშირდებოდნენ მოქალაქეები და აინტერესებდათ, ასე სწრაფად როგორ განიხილა ეს საქმე სასამართლომ… მე მივწერე ტელევიზიას ინფორმაციის გამოქვეყნების დღეს და მოვთხოვე, რომ დღის ბოლომდე შეეცვალათ პასუხი, მაგრამ ეს არ გააკეთეს,“ – ამბობს საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, პაატა დიასამიძე.

ირაკლი ჯინჭარაძე სასამართლოში მისი გათავისუფლების შესახებ გამოცემული განკარგულების ბათილად ცნობას, ასევე სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს. ირაკლი ჯინჭარაძე სასამართლოში ასევე ეცდება იმის დადასტურებას, რომ ის განსხვავებული მოსაზრებების გამო დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

ირაკლი ჯინჭარაძე ბათუმის ბულვარის დირექტორის პოზიციიდან 12 აპრილს გაათავისუფლეს. მან განაცხადა, რომ გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია აჭარის ტელევიზიიდან შეიტყო. „აჭარის ტელევიზიამ ჩემი გათავისუფლების შესახებ მგონი მინისტრზე ადრე იცოდა“, – თქვა ირაკლი ჯინჭარაძემ.

____

ამავე თემაზე:

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ეთერ თურაძე არის გაზეთ "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი 2001 წლიდან