მთავარი,სიახლეები

რას წერდა ქობულეთელი „დროებას“ 1876 წელს – „გთხოვ, ძიავ, ეს ამბავი სხვა გაზეთებსაც გააგებიე“

28.05.2021 • 17936
რას წერდა ქობულეთელი „დროებას“ 1876 წელს – „გთხოვ, ძიავ, ეს ამბავი სხვა გაზეთებსაც გააგებიე“

1876 წელს, მაშინ, როცა აჭარა ჯერ კიდევ ოსმალეთის იმპერიის საზღვრებში იყო, ქართულ პრესაში პერიოდულად იბეჭდებოდა წერილები აჭარის შესახებ, ხოლო გაზეთ „დროებაში“ ქობულეთიდან შესული წერილიც კი გამოქვეყნდა.

გარდა იმისა, რომ ეს წერილი მე-19 საუკუნის 70-იანი წლების ქობულეთის ცხოვრებას აღწერს, იგი საინტერესოა ენობრივი თვალსაზრისითაც. ბევრი სიტყვა, რომელსაც წერილში ვხვდებით, ჯერ ისევ ცოცხლობს აჭარულ დიალექტში.

ქობულეთელი კაცი „დროებას“ თავის და ქობულეთელების გასაჭირს უზიარებს. იგი წერილში ახსენებს ალი ფაშა თავდგირიძესაც, რომლის შესახებაც აჭარაში ანდაზაც ყოფილა – „ალი ფაშას სამართალი ფულით იყიდებოდაო“.

„ბატონო გაზეთჯიმ!

ერთი ორი გზობა ამას წინეთ შეგაწყინე თავი ჩვენ ქობულეთლების გაჭირებაზედ და მეტი აღარ მინდოდა თქვენი შეწუხება, მაგრა ახლანდელმა ჩვენმა მდგომარეობამ, თუ გაიბედება ჩემო ძიავ, ისევე გამაბედვიე რაც ჩემი უსწავლელობიდამ შეიძლება,  ჩვენი გაჭირვება კიდევ შეგატყობიო და იმედი მაქვს, რომ თქვენს გაზეთში იქნება დაწერილი.

ერთი ბაბუაის ნათქვამი ანბავი უნდ ამოგახსენო: „ძალა აღმართს ხნავსო“. მე იგი არ მგონებია თუ „ძალა“ კაცებსაც დახნავდა და ძირბუდიანათ ამოაგდებდა; ახლა კი დევინახე ძიავ!

ეს დაგვემართა ჩვენ ქობულეთლებს: ჩვენმა ფაშებმა, ამას წინეთ ჩამოგვიყენა სოფლებში ჯარები და გამოგვიცხადეს, რომ ავი კაცები უნდა დევიჭიროთო. ჩვენ დასტურ მართალი გვეგონა, ძიავ და გაგვიხარდა, მოგვეხმარა ღმერთი თუ რამე ფირალი და ქურდი არის დეიჭირვენ და მართალი რახათში ვიქნები მეთქი; მარა ძიავ თურმე სხვას ფიქრობდნენ: წიესიენ და მართალ-ბრუნდიანად ვისაც წაიხელეს დაიჭირეს ყველა და გაგზავნეს ბათომში ასთეი, რომ ამ ცოტა ხანში საზღვრის განაპირის სანჯაყიდან ათას კაცამდი დაჭერილია ბათუმში და კიდევ ზდევენ ვისაც ნახვენ დასაჭერვად.

აი, ძიავ, ახლა შევიტყეთ, რომ ქურდი კაცების დაჭირვა კი არ ზდომებიათ, რაცხა სხვაი ანბავია ნიშანში.

გამოცხადება არის: ქობულეთის მცხოვრები სულ ორი ათას მოსახლემდი არისო და იმათში ათას ხუთასი კაცი მიზამი და რედიფი ხართო და სინამდი იგინს არ წეიყვანებენ, არ გვეყრებიან.

იმისთანაი შენს დუშმანს, ძიავ, რა გაჭირვება ჩვენ ამ ჯარებიდგან გვადგია: ერთი რომ თუ რამე გვქონდა ცოლ-შვილის სარჩო ის შეგვიჭამეს და კიდევ გამოგვიცხადეს დაჭერულების ჭირისუფლებს, ბათომის სამტყვეოში [ციხეში] მტყვეებს [ტყვეებს, დაკავებულებს] საჭმელი თქვენ მოუტანეთო, რადგან ხაზინა არაფერს აძლევსო. მარტო საჭმელის ზიდვას ვერ აუვალთ.

მაგი მაგია ჩემო ძიავ, კიდევ გამოგვიცხადეს, რომ შეძლების-და-გვარათ და უკანასკნელი შვიდი მანეთი ყველამ გარდიხადეთო, ხაზინას ფული უნდაო.

ჩვენმა ბეგმა ალი-ფაშა თავდგირიძემ გამოიჩინა ვითამ ერთგულება, გაგვიწერა თურმე მთავრობასთან, რომ ქობულეთლები ხვანთქრის ორგულები არიანო და ძალაზე ადგიანო. ის კი არ თქვა, რომ გაჭირვებულებია და ამდენი გადასახადის ალი არ აქვანო. მარა ყველამ იცის მისი კაი-კაცობა და იშალა დავუმტკიცებთ.

სულ ალი-ფაშამ გვიქნა ჯარების გამოსევა და ჩვენი აქოლიანცება; მარა რა უჭირს ძიავ, ჩვენ, ღმერთს გარდა იმისთანა არავინ დაგვირჩა ან თათარი, ან სხვაი ვინმე, რომ ჩვენთვის რამე თქვას და ამ უბრალო შეწუხებისგან გვიხსნას.

გთხოვ, ძიავ, რომ ეს ამბავი თუ შეიძლებოდეს სხვა გაზეთებსაც გააგებიე, რომ ყველამ შეიტყოს ჩვენი გაჭივრების და შეწუხების მიზეზი“. [ქვეყნდება სტილის დაცვით, მცირედი შემოკლებით] 

წერილი 12 ივნისითაა დათარიღებული, „დროებაში“ კი 1876 წლის 18 ივლისს გამოქვეყნდა.

წერილს ხელს ახმედ კ-ოღლი აწერს. ეს ცნობილი ქობულეთელის, ახმედ გულო-აღა კაიკაციშვილის ფსევდონიმია. ცნობილია მისი დაბადების თარიღი – 1840 წელი, ეს წერილი მან 35 წლის ასაკში დაწერა.

ცნობილია, რომ ახმედ გულო-აღა კაიკაციშვილს ახლო ურთიერთობა ჰქონდა სერგი მესხთან, გიორგი ყაზბეგთან და სხვა ცნობილ ქართველ მოღვაწეებთან, იბრძოდა მუჰაჯირობის წინააღმდეგ.

იგი ერთ-ერთი პირველი იყო აჭარიდან, რომელმაც შვილი თბილისის გიმნაზიაში გაგზავნა სასწავლებლად.

_____________

ფოტოზე: ახმედ გულო-აღა კაიკაციშვილი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: