ჩატარებულია 857 056 აცრა, სრულად აცრილია 251 447 ადამიანი

საქართველოში ამ დროისთვის მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 6,7 პროცენტია სრულად ანუ 2 დოზით აცრილი კორონავირუსზე. თუ ამას ერთი დოზით აცრილების რაოდენობასაც დავუმატებთ, გამოდის, რომ საქართველოში აცრა [1 ან 2 დოზა] მთლიანი მოსახლეობის 16,2 პროცენტს აქვს გაკეთებული.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 3 728 600 ადამიანი ცხოვრობს. აცრა 16 და მეტი ასაკის მოქალაქეებში ტარდება. კორონავირუსზე აცრა მოქალაქეებისთვის უფასოა.

18 აგვისტოს დილის მდგომარეობით კორონავირუსზე აცრის სტატისტიკა საქართველოში ასეთია:

  • სულ ჩატარებულია 857 056 აცრა;
  • სრულად ანუ 2 დოზით აცრილია 251 447 ადამიანი ;
  • ერთი დოზით აცრილია 354 162 ადამიანი.
  • ანუ აცრა [1 და 2 დოზა] სულ 605 609 ადამიანს აქვს გაკეთებული.

რაც შეეხება აჭარას, სადაც 354 900 ადამიანი ცხოვრობს, ორი დოზით რეგიონის მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 7,7 პროცენტია აცრილი.

18 აგვისტოს დილის მდგომარეობით კორონავირუსზე აცრის სტატისტიკა აჭარაში ასეთია:

  • სულ ჩატარებულია  101 554 აცრა;
  • სრულად ანუ 2 დოზით აცრილია 27 500 ადამიანი ;
  • ერთი დოზით აცრილია 46 554 ადამიანი.
  • ანუ აცრა [1 და 2 დოზა] აჭარაში სულ 74 054 ადამიანს აქვს გაკეთებული.

წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აცრა [“ფაიზერით” და “სინოფარმით”] ბათუმში შესაძლებელია „მედცენტრში“ [პუშკინის ქუჩა N118] ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 10-დან 18 საათამდე;

წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აცრა შესაძლებელია ასევე ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტსა და მოლებში.

აცრაზე წინასწარი რეგისტრაცია კი შეგიძლიათ ამ ბმულზე

 

[toggle title=”სად შეიძლება აიცრათ აჭარაში – სრული ჩამონათვალი ნახეთ აქ:”]

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ
ჯავშნის გარეშე მიმართონ:
ბათუმის შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ოთხივე ვაქცინაზე:
სავაჭრო ცენტრი „სითი მოლი“ – სინოფარმი, სინოვაკი;
სავაჭრო ცენტრი „ბათუმი მოლი“ (გუდვილი) – სინოფარმი, სინოვაკი;
გონიოს საექიმო ამბულატორია – სინოფარმი, სინოვაკი;
ახალსოფლის საექიმო ამბულატორია – სინოფარმი, სინოვაკი;
 ბობოყვათის საექიმო ამბულატორია – სინოფარმი, სინოვაკი;
ოჩხამურის საექიმო ამბულატორია – სინოფარმი, სინოვაკი;
ხუცუბნის საექიმო ამბულატორია – სინოფარმი, სინოვაკი.
 „სინოფარმით“ და „სინოვაკით“
ბათუმი
შ.პ.ს. “თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრი”
შპს “ბათუმის N1 პოლიკლინიკა”
შპს “საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი”
შპს მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი “მედცენტრი” (მხოლოდ სინოფარმი)
N4 პოლიკლინიკა
მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი
ქობულეთი
შპს ქობულეთის ცენტრალური საავადმყოფო – ,,ბომონდი” (მხოლოდ სინოფარმი)
ჩაქვის სამედიცინო ცენტრი
ხელვაჩაური
შპს ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრი
ქედა
სს “ევექსის კლინიკები”-ქედის კლინიკა
შუახევი
სს “ევექსის კლინიკები”-შუახევის კლინიკა
ხულო
სს “ევექსის კლინიკები”-ხულოს კლინიკა
„ფაიზერი”
ბათუმი
ს.ს.”საზღვაო ჰოსპიტალი”
სს “ევექსის ჰოსპიტალები” – ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი
შპს ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო
შპს მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი მედცენტრი
ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი შპს “BROTHERS”
ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრი “მედინა”
ქობულეთი
სს “ევექსის ჰოსპიტლები” – ქობულეთის ჰოსპიტალი
სს ქობულეთის სამედიცინო ცენტრი
ხელვაჩაური
 ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრი ,,მედინა”
ქედა
 სს “ევექსის კლინიკები”-ქედის კლინიკა
შუახევი
 სს “ევექსის კლინიკები”-შუახევის კლინიკა
ხულო
 სს “ევექსის კლინიკები”-ხულოს კლინიკა
,,ასტრაზენეკა”
,,ბათუმის სამედიცინო ცენტრი- BMC”.

[/toggle]

 

ბათუმში ვაქცინაციის ცენტრებისკენ სპეციალური ტრანსპორტი მოძრაობს – ნახეთ განრიგი

სად შეიძლება კოვიდზე ტესტირება ბათუმსა და აჭარის მუნიციპალიტეტებში – მისამართები ნახეთ აქ

18 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 914 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გასულ დღე-ღამეში საქართველოში 49 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

საია და TI “ოცნებას” უჩივის ბათუმში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გამო 

„ქართული ოცნების“ მიერ წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ბათუმის #79-ე საარჩევნო ოლქში საჩივარი ორმა ორგანიზაციამ შეიტანა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ და საია ცალ-ცალკე ასაჩივრებენ სამართალდარღვევის შესაძლო ფაქტს.

„ქართული ოცნების“ აჭარის ორგანიზაციაში წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციულ რესურსის გამოყენების ფაქტი „ბათუმელებმა“ 16 აგვისტოს გამოაქვეყნა. კომპანია „ბათუმის წყალმა“ მმართველი პარტიის ოფისში საკუთარი ავტომობილით სკამები მიიტანა.

ბათუმის #79-ე  საარჩევნო ოლქის ხელმძღვანელი ციალა შავაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ოლქი 10 დღის ვადაში განიხილავს საჩივრებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

იმ შემთხვევაში, თუ ოლქი დარღვევად მიიჩნევს ამ ფაქტს, მაშინ მმართველ პარტიას 2 ათასი ლარით დააჯარიმებენ.

საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციისას და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება აკრძალულია. მათ შორის, იკრძალება კამპანიის პერიოდში მუნიციპალიტეტის ორგანოების საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება.

„ბათუმის წყალი“ კერძო სამართლის იურიდიული პირია, თუმცა ის ბათუმის მერიის დაარსებულია და კომპანიის 100%-იან წილსაც ბათუმის მერია ფლობს. ბათუმის მერი ნიშნავს და ათავისუფლებს კომპანიის დირექტორსაც. „ბათუმის წყალი“ ნაწილობრივ ფინანსდება ბათუმის მერიისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია ბიუჯეტიდან ანუ მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადებიდან გარკვეულ თანხას იღებს.

საქართველოში 2 ოქტომბერს ტარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. შესაბამისად, ბათუმიც ირჩევს ახალ საკრებულოსა და მერს. დღეს მოქმედი საკრებულო და მერის მოვალეობის შემსრულებელი, რომელიც „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატია, პირდაპირ ზედამხედველობენ „ბათუმის წყალს“.

ფეისბუქზე ყალბი პროფილით მოქალაქეს 300 დოლარი გამოსძალეს თაღლითურად – შსს

კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ თაღლითობის ბრალდებით დააკავა 1996 წელს დაბადებულ გ.ლ.

შსს-ს ცნობით,  გ.ლ.-მ 2020 წლის დეკემბერში კანადაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის სახელით სოციალურ ქსელ ფეისბუქზე დაარეგისტრირა მომხმარებლის ყალბი პროფილი, რის შემდეგაც დაიმატა მეგობრები და მათგან ერთ-ერთს, ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ნ.ღ.-ს მისწერა, თითქოს მის შვილს ჰქონდა ფინანსური პრობლემები, რის გამოც საქართველოში სასწრაფოდ უნდა გადაეგზავნა 300 აშშ დოლარი.

ნ.ღ-მ ჩათვალა, რომ რეალურად კომუნიკაცია ჰქონდა მის ნათესავთან, რის გამოც იმავე დღეს, სწრაფი გზავნილების საერთაშორისო სისტემის მეშვეობით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში, გ.ლ-ს სახელზე გამოგზავნა თანხა 300 აშშ დოლარის ოდენობით.

აღნიშნული თანხა გ.ლ.-მ გაანაღდა ერთ-ერთი კომერციული ბანკის ფილიალიდან.

გამოძიება თაღლითობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარაში დადასტურდა კოვიდის 877 ახალი შემთხვევა | 18 აგვისტო

18 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში დადასტურდა კორონავირუსის 877 ახალი შემთხვევა.

დღეის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 945 პაციენტი, მათგან 23  ხელოვნურ სუნთქვაზეა.

აჭარაში თვითიზოლაციაშია 7 566 პირი.

დადასტურდა კოვიდის 5914 ახალი შემთხვევა

18 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5914 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში 49 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

დღეის მონაცემებით, საქართველოში კოვიდის 57 312 აქტიური შემთხვევაა.

17 აგვისტოს კორონავირუსზე აიცრა 25 241 პირი.

ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია 251 447 ადამიანი.

ავღანეთიდან დაბრუნდა საქართველოს 6 მოქალაქე

ავღანეთიდან დაბრუნდა საქართველოს 6 მოქალაქე.

ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მთავრობის ცნობით, საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში უნგრული ბორტით დაბრუნდნენ.

„საქართველოს მოქალაქეებს აეროპორტში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ილია დარჩიაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დახვდნენ.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია და საგარეო საქმეთა სამინისტრო ავღანეთში მყოფი საქართველოს დანარჩენი მოქალაქეების გამოყვანის საკითხზე აქტიურ მუშაობას განაგრძობს“ – ვკითხულობთ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს მოქალაქეები ავღანეთში, კერძო კონტრაქტით, ამერიკულ კომპანიაში იყვნენ დასაქმებულები. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ავღანეთში სულ 23 საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა.

ლიტერატურა ეხმარება ადამიანს დარჩეს ადამიანად | ზაალ ანდრონიკაშვილი

ავტორი: ზაალ ანდრონიკაშვილი, ილიაუნის პროფესორი, კულტურის კვლევების მიმართულებით
___

არსებობს ლამაზი, მაგრამ დაუდასტურებელი ამბავი ამერიკელი ანთროპოლოგი მარგარეტ მიდის შესახებ. მისთვის უკითხავთ, რა არისო ცივილიზაციის მთავარი ნიშანი. მიდს არ მოუყვანია არც იარაღის, არც ჭურჭლის კეთების მაგალითი. მას უთქვამს, რომ ცივილიზაციის ნიშანი იყო 15.000 წლის წინანდელი გატეხილი და ადამიანის მეშვეობით შეხორცებული ბარძაყის ძვალი. ცივილიზაციის დასაწყისად მიდს მიუჩნევია არა შრომა, არამედ ზრუნვა: იმისათვის, რომ ფეხმოტეხილ ადამიანს ძვალი შეუხორცდეს, მეორე ადამიანმა უნდა დაუთმოს მას დრო და ენერგია, უმკურნალოს, მოუაროს, აჭამოს, ასვას და ანუგეშოს.

არ ვიცით, მართლა თქვა თუ არა მიდმა ოდესმე ასეთი რამ. დაწერით არასოდეს დაუწერია. მიუხედავად ამისა, ერთმანეთზე ზრუნვა, როგორც ცივილიზაციის დასაწყისი, სულაც არ არის მცდარი აზრი.

კიდევ ერთი თეორია ადამიანის გაადამიანურების შესახებ ზრუნვის სხვა ფორმას ასახელებს: ადამიანები მიცვალებულების დამარხვას იწყებენ. ისინი არა მარტო მარხავენ მიცვალებულს, არამედ იმახსოვრებენ წინაპრებს და შთამომავლობას გადასცემენ ამბებს მათ შესახებ. გამოცდილების და მეხსიერების გადაცემის ეს ფორმა ნამდვილად შეგვიძლია ჩავთვალოთ კულტურის, ადამიანის გაადამიანურების ერთადერთ თუ არა ერთ-ერთ მთავარ წყაროდ.

იქ, სადაც ერთი ადამიანი – მეორეს, გამოცდილი – გამოუცდელს, უფროსი – უმცროსს, წინაპარი – შთამომავალს ცოდნას და გამოცდილებას უზიარებს, ლიტერატურა იბადება. ეს ლიტერატურა ჯერ ზეპირია, მაგრამ მას ზუსტად იგივე რამ სჭირდება, რაც მსოფლიო ლიტერატურის ყველზე რთულ ნაწარმოებს: ამბის შინაარსიანად და თანმიმდევრულად გადმოცემა, მოქმედი პირი, სამოქმედო გარემო, კავშირი მოქმედებებს შორის, რომელსაც დღეს სიუჟეტს ვეძახით. სიუჟეტური თხრობა, შინაარსიანი ამბის თანმიმდევრულად გადმოცემა სავარაუდოდ კულტურის ერთ-ერთი უძველესი ფორმაა, რომელიც დროთა განმავლობაში გამდიდრდა და დაიხვეწა, მაგრამ საფუძველი არ შეუცვლია.

რაში გვჭირდება კითხვა? დღევანდელ სამყაროში ინფორმაციის მიღების და გავრცელების ფორმები იმდენად მრავალფეროვანი და დახვეწილია, რომ ცოდნის და გამოცდილების გაზიარებისათვის სიუჟეტური თხრობა, რომელიც მხატვრული ლიტერატურის საფუძველს წარმოადგენს, შეიძლება ვინმემ ზედმეტადაც კი ჩათვალოს. თუ მე შემიძლია ცოდნა და გამოცდილება უფრო სწრაფად და დაუძაბავად მივიღო, რატომ უნდა ვიკითხო წიგნი?

ამ კითხვაზე ბევრი პასუხი არსებობს. მარტო ქართულ ლიტერატურას რომ გადავხედოთ, გურამ დოჩანაშვილის მოთხრობის „კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ პერსონაჟი, ვასიკო კეჟერაძე ამბობს, რომ ყოველი წიგნი ადამიანს უკეთესს ხდის. ჩემი მეგობარი, მწერალი არჩილ ქიქოძე ამბობს, რომ კითხვა ადამიანს კურნავს მარტოობისაგან – არა ჩვეულებრივი მოწყენილობისგან, არამედ სამყაროში მარტოობისაგან. ვეცდები ამ კითხვას კიდევ ერთი, მსგავსი პასუხი გავცე.

ყველაზე ძველი ლიტერატურული ნაწარმოები მსოფლიოში გილგამეშის შესახებ მოგვითხრობს. ყველაზე ვრცელი, ბაბილონური ეპოსი გვიამბობს ურუქის მეფის მეგობრობის, სიყვარულის, გმირობის და სიკვდილის ამბავს. როდესაც გილგამეშს განუყრელი მეგობარი ენქიდუ მოუკვდება, ის წავა უკვდავების საძებნელად. უკვდავების ამბავი მხოლოდ უთნაფიშთიმმა, წარღვნისაგან გადარჩენილმა ერთადერთმა ადამიანმა იცის. უთნაფიშთიმი გილგამეშს ეტყვის, რომ უკვდავება არ არსებობს, მაგრამ მას გაახალგაზრდავების ბალახს მიასწავლის. ოღონდ უკვდავების ბალახს გილგამეშს გველი მოჰპარავს.

გილგამეშის ამბავმა მსოფლიო ლიტერატურაში დიდი კვალი დატოვა. ჩვენს წელთაღრიცხვამდე XXI საუკუნეში შუმერულად დაწერილი ამბავი ძველი აღმოსავლეთის „ბესტსელერად“ იქცა, ბაბილონურ და ხეთურ ენებზეც ითარგმნა და გავლენა მოახდინა როგორც ბიბლიის წარღვნის ამბავზე, ისე ჰომეროსის ილიადაზე და ოდისეაზე. გილგამეშის მრავალრიცხოვანი თანამედროვე ვერსია არსებობს. (სხვათა შორის, გილგამეშის ქართული თარგმანი ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში: მიხაკო წერეთელმა გილგამეში ქართულად თარგმნა გერმანული, ინგლისური და ფრანგული თარგმანების შემდეგ 1924 წელს. ქართველმა მწერალმა ოთარ ჭილაძემ თავის რომანში „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ ქართულ სოფელს, რომელშიც რომანის მოქმედების დიდი ნაწილი ვითარდება, გილგამეშის მშობლიური ქალაქის სახელი, ურუქი დაარქვა. ჭილაძის კიდევ ერთი რომანის სათაური „აველუმი“, შუმერული სიტყვაა და (თავისუფალ) ადამიანს ნიშნავს.

„გილგამეშის“ ზურაბ კიკნაძისეული შესანიშნავი ქართული თარგმანი სკოლაში, ჩვენმა ქართულის მასწავლებელმა, თათუნა გრძელიძემ წაგვაკითხა. ეს წიგნი მთელი ცხოვრება გამომყვა და დღემდე ისე იკითხება, თითქოს არ არსებობდეს ის დრო, რომელიც ჩვენს XXI საუკუნეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე XXI საუკუნეს აშორებს. რატომ ხდება ასე? მიუხედავად უზარმაზარი ტექნიკური პროგრესისა, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანმა ისწავლა ინფორმაციის სწრაფი გადაცემა, გაფრინდა კოსმოსში, მკურნალობს ურთულეს დაავადებებს, მისი ძირეული გამოცდილებები არ შეცვლილა. ის კვლავ მოკვდავია და ეშინია სიკვდილის, მას კვლავ აქვს სიყვარულის და მეგობრობის მოთხოვნილება, ეშინია დარჩეს მარტო, ეძებს თავის მსგავს არსებებს, უნდა, რომ ის ახსოვდეთ მომავალშიც და ამიტომაც ცდილობს, რაღაც კვალი დატოვოს.

ყოველი ადამიანი დგას მორალური დილემების შესახებ, როგორ მოიქცეს ამა თუ იმ შემთხვევაში, ხშირად, თუმცა რა ყოველთვის აწუხებს სინდისი, თუ ჩათვლის, რომ მისი საქციელი არ აკმაყოფილებს მისსავე ან საზოგადოების ფასეულობებს. ამ შემთხვევაში ადამიანი მარტოა. როგორც ქართველი ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილი ამბობდა, ადამიანი მარტოა სიკვდილის ან სიყვარულის დროს. არ არსებობს არავინ, ვინც მას ეტყოდა, როგორ უნდა მოიქცეს ის, იმიტომ რომ სიკვდილი და სიყვარული ყოველი ადამიანისათვის უნიკალური გამოცდილებაა. არ არსებობს ცოდნის გადაცემის მექანიზმი, რომელიც ადამიანს შეუცვლიდა საკუთარ გამოცდილებას.

ახლა ცოტა ხნით ძველ საბერძნეთში გადავინაცვლოთ: ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნის ათენში დიონისეს “ფესტივალზე” სამი ტრაგედია და ერთი კომედია იდგმებოდა ხოლმე.

ტრაგედია არა მარტო „ბედნიერებიდან უბედურებისაკენ“ ცვლილებას გულისხმობს, რასაც არისტოტელე „პოეტიკაში“ „მეტაბაზისს“ ეძახის, არამედ ადამიანის თვისებრივ ცვლილებას. რომ განვმარტო რას ვგულისხმობ, მაგალითს მოვიყვან: სოფოკლეს “ანტიგონეში” ქორო (ანუ გუნდი) ეუბნება ანტიგონეს, რომელსაც კრეონმა ცოცხლად დამარხვა მიუსაჯა: (ანტიგონემ, როგორც გახსოვთ, თავისი სამოქალაქო ომში დაღუპული ძმა, პოლინეიკესი დამარხა და დაიტირა კრეონის, თებეს მეფის,აკრძალვის მიუხედავად) „მართალია, ჩვენ მოკვდავები ვართ, მაგრამ მოკვდავი ქალისთვის ამაზე მეტი რა უნდა იყოს, რომ მასზე იტყვიან, ღმერთების მსგავსი წილი ხვდა წილად სიცოცხლეშიც და სიკვდილის შემდეგაცო“.

ტრაგედიის გმირის, გინდა ქალის და გინდა კაცის, სხვა ადამიანებისაგან განსხვავება ის არის, რომ ადამიანი თავის თავზე მეტი ხდება და ღვთაებრივს უახლოვდება, ოღონდ ისე, რომ თავის ადამიანობას (ანუ მოკვდაობასაც) ინარჩუნებს, ამიტომაც მისთვის ეს ღვთაებრიობასთან მიახლოების გზა ტკივილზე, უბედურებაზე და სიკვდილზე გადის.

თეატრი ის ადგილია, სადაც მაყურებელი, რომელსაც არ მიეცა იმის საშუალება, რომ გაეკეთებინა ნახტომი ადამიანიდან ზეადამიანისაკენ, ამ ნახტომის, ამ ტრანსფორმაციის მომსწრე სცენაზე მაინც ხდება. ის “შიშით და ძრწოლით” ადევნებს თვალყურს ტრაგედიას, იმისათვის რომ ბოლოს განიწმინდოს – არა იმდენად შიშისა და ძრწოლის, ან სხვა უარყოფითი ემოციებისაგან, არამედ თავადაც განიცადოს ეს ცვლილება. ამ განწმენდას ათენელი ფილოსოფოსი არისტოტელე კათარსისს ეძახდა.

თეატრი ის ადგილია, სადაც ადამიანი უკიდურესი ძალისხმევის შედეგად ახერხებს თავის თავს გასცდეს, გახდეს უფრო მეტი, ვიდრე ის არის, მაგრამ ამავე დროს თავისი თავი შეინარჩუნოს კიდევაც. ერთდროულად იყოს მეც და მე-ზე მეტიც.

დავუბრუნდეთ ისევ მარგერეტ მიდს და ცივილიზაციისა და კულტურის საწყისებს. ქართველი ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილი ამბობდა, რომ ადამიანი, მართალია ბიოლოგიურ ადამიანად იბადება, მაგრამ ეს ბიოლოგიური ადამიანი ჯერ უნდა შედგეს ადამიანად ამ სიტყვის კულტურული მნიშვნელობით. ადამიანის ადამიანად შედგომა ერთჯერადი პროცესი არ არის, ის გამუდმებით ხდება – ადამიანმა თავის ადამიანურობა ყოველდღიურად უნდა დაადასტუროს. ეს ამოცანა ცოდნისმიერი და ინფორმაციული არ არის. მასზე პასუხს ვიკიპედია, იუთუბი და ტიკ-ტოკი ვერ გასცემს. ადამიანის გაადამიანურება სინამდვილეში იგივეა, რაც ადამიანის „ზეადამიანად“ გადაქცევა ბერძნულ თეატრში, რომელსაც უზარმაზარი ძალისხმევა ჭირდება. ლიტერატურა არის ის კულტურული ფორმა, ის დამხმარე საშუალება, რომელიც ადამიანს ეხმარება თავისი ყოველდღიური, მაგრამ ურთულესი ამოცანის შესრულებაში: გახდეს და დარჩეს ადამიანად, მოსიყვარულე, მეგობარ, თანა-ადამიანებზე მზრუნველ არსებად.

ამ წერილს ვუძღვნი ჩემს მეგობარ გიგი უგულავას, რომლის მეგობრობა ყოველთვის მეხმარებოდა ვყოფილიყავი უკეთესი, ვიდრე ვარ.

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

 

 

 

5 ქალი – „ოცნების“ სია ბათუმის საკრებულოში

ბათუმის მერობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“, არჩილ ჩიქოვანმა დღეს მმართველი პარტიის ის გუნდი წარმოადგინა, ვინც 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე ბათუმის საკრებულოში მოსახვედრად იბრძოლებს. მმართველი პარტიის პროპორციულ სიაში 5 ქალია, სიის პირველი ნომერია კი ყოფილი ფეხბურთელია.

სია:

  1. ასლან ბალაძე [ყოფილი ფეხბურთელი]
  2. როსტომ ხალვაში [ექიმი]
  3. ნერიმან ცინცაძე [საკრებულოს მოქმედი წევრი]
  4. ზურაბ ნაკაიძე [საკრებულოს მოქმედი წევრი]
  5. რიჩარდ სირაბიძე [„ქართული ოცნების“ აქტივისტი]
  6. ნატალია ზოიძე [საკრებულოს მოქმედი წევრი]
  7. ლევან ცხოიძე
  8. დავით მახარაძე [საკრებულოს მოქმედი წევრი]
  9. ნინო ცხვარაძე [გაზეთ „აჭარას“ ჟურნალისტი]
  10. ლევან ბერიძე
  11. თენგიზ აფხაზავა [ბათუმის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი]
  12. თეონა ბერიძე [ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი]
  13. გელა ღოღობერიძე [აჭარის უმაღლესი საბჭოს თანამშრომელი]
  14. მინდია დავითაძე
  15. ნატალია მგელაძე [ბათუმის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი]
  16. ელგუჯა ანდრიაძე [ბათუმის საკრებულოს მოქმედი წევრი].

რაც შეეხება მაჟორიტარებს, „ქართული ოცნების“ კანდიდატები ბათუმში იქნებიან:

  1. მამული ლომაძე
  2. გოჩა მგელაძე
  3. ოთარ დიასამიძე
  4. მამუკა კაკაბაძე
  5. ლევან დოლიძე
  6. გიორგი ლომთათიძე
  7. მინდია გოგუაძე.

ბათუმის მერობის კანდიდატი, მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანია. ის საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წარუდგინა.

„ეს ჯადოქრობა გულიდან ლოდს გადაგიგორებს“ | ნინო გურასპაული

ავტორი: ნინო გურასპაული, წიგნის მოყვარული

არის წუთები, დღეები, ხანდახან თვეებიც კი, როცა გრძნობ, რომ დაიღალე… გეჩვენება, რომ სამყარო შეიშალა, შენ კი ძალა აღარ გაქვს, ფეხი აუწყო დედამიწის აჩქარებას. შველა გჭირდება, კითხვებზე პასუხები გჭირდება, სხივი გჭირდება, საკუთარი თავის გადარჩენა გჭირდება, იმიტომ, რომ ლოდი, რომელიც გულზე გაწევს, დღითიდღე მძიმდება.

და უცებ გონება გინათდება, ხვდები, რომ არსებობს ხსნა, არსებობს სასწაული და ის შენგან ხელის გაწვდენაზეა… დაღლილ-დაქანცულს შეგიძლია გულისფანცქალით ჩამოჯდე „დედის ოთახში“ და ყველა კითხვაზე იპოვო პასუხი, ჩარლი გორდონთან ერთად გაასწორო ნაწერი და გაუსაძლისი ტკივილი იგრძნო ძველებურად შეშლილ პირველივე ასოზე, დედისიმედთან ერთად აგიჩქარდეს გული დავითის დაძახებულზე – „ჩემო“ და  ანტიოქიის ურწყულ მიწაზე ფარსმან ჩორჩანელთან ერთად უხმოდ დაიტანჯო, ხურჯინით რომ აჰკიდეს  ბაქარ ჩორჩანელისა და მისი სახლთუხუცესის თავები და ასე უსასრულოდ…

კითხულობ და ხვდები, რომ არსად წასულა შენი სიხარული და ტკივილები… ხვდები, რომ იმ სოფლელი კაცივით შენც ბალახი გინდა იყო და არა გწადია ცელობა, რაც არ უნდა გაბოროტდეს სამყარო… და შენ უფრო მართალი ხდები, უფრო გულწრფელი და ისეთი ძლიერი, რომ მთებს გადადგამ! აღარც გულზე შემოწოლილი ლოდია ისეთი მძიმე…

დიახ, წიგნი ხსნაა, ჯადოქრობაა და ეს ჯადოქრობა გულიდან ლოდს გადაგიგორებს! მადლობა პროექტის ავტორებს ამ წამოწყებისათვის. აჭარის სოფლებში მცხოვრებ ბავშვებს კი ნამდვილად მისალოცად აქვთ საქმე, მათ ხომ დიდი სიამოვნება ელით, სიამოვნება „პირველად წაკითხვის“.

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

ბათუმში კორონავირუსით დღეს მონაზონი გარდაიცვალა

დღეს, 17 აგვისტოს, ბათუმში კოვიდით გარდაიცვალა მონაზონი, რომელიც სარფის დედათა მონასტერში მსახურობდა.

ინფორმაციას მონაზვნის გარდაცვალების შესახებ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ავრცელებს.

„ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, რომ გარდაიცვალა სარფის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის დედათა მონასტრის მონაზონი სოსანა (ვასაძე).

„სულმან მისმან კეთილთა შინა განისვენოს და ნათესავმან მისმან დაიმკვიდროს ქვეყანა“ – ვკითხულობთ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის განცხადებაში.

მონაზონი კოვიდის დიაგნოზით დღეს შეიყვანეს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. როგორც კლინიკაში გვითხრეს, იგი  მძიმე მდგომარეობაში იყო და კლინიკაში მიყვანიდან მოკლე ხანში გარდაიცვალა.

_____________

ფოტო: ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია

ყველა სოფლის წყალმომარაგება დასრულდება 2028 წლამდე – ღარიბაშვილი

დღეს, 17 აგვისტოს, ირაკლი ღარიბაშვილმა „ოცნების“ ქობულეთის მერობის კანდიდატის ლევან ზოიძის კანდიდატურის წარდგენისას  სასმელი წყლის პრობლემაზეც ისაუბრა.

„გვაქვს სერიოზული გეგმები წყლის მიმართულებით, რადგან საქართველოში ჯერ კიდევ არის გამოწვევა ხარისხიანი სასმელი წყალი.

ამიტომ ამ მიმართულებით რამდენიმე ასეული მილიონი წყლის მობილიზება გვაქვს გაკეთებული და დაიწყება აქტიურად მუშაობა.

2022 წელს ყველა ქალაქს ექნება 24-საათიანი წყალმომარაგება და ჯამში ყველა სოფლის წყალმომარაგება დასრულდება დაახლოებით 2028 წლამდე, გეგმების მიხედვით.

ეტაპობრივად ჩვენ ყოველ წელს ძალიან ინტენსიურად დავიწყებთ ამ მიმართულებით მუშაობას,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამავე თემაზე: 

მღვრიე წყალი ქობულეთის სოფელში, სადაც წყლის სისტემაზე 4 მილიონი დახარჯეს

 

 

 

„გონიოში უნდა აშენდეს ახალი ქალაქი თავისი კაზინოებით, ბანკებით“ – ღარიბაშვილი

დღეს, 17 აგვისტოს, ქვეყნის პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ხელვაჩაურში, გონიოს ციხის ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი, ზაზა დიასამიძე წარადგინა. ირაკლი ღარიბაშვილმა სწორედ აქ განაცხადა, რომ გონიოში აშენდება ახალი ქალაქი კაზინოებითა და ბანკებით.

„აქვე არსებობს უნიკალური ადგილი, გონიოს ყოფილი პოლიგონი, რომელიც არის დაახლოებით 300 ჰექტარი, უფრო მეტიც. ჩემი დავალებით მთავრობა მუშაობს, მათ შორის აჭარის ადგილობრივი ხელისუფალი ბატონი თორნიკე, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად. გვაქვს შემდეგი ხედვა, რომ გონიოს ყოფილი პოლიგონის ადგილზე უნდა შეიქმნას სპეციალურ ეკონომიკური ზონა თავისი ფინანსური ცენტრით. რეალურად ახალი ქალაქის მშენებლობას ეხება აღნიშნული პროექტი და იდეა.

ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ კონცეფციაზე, რომელიც წლის ბოლოს იქნება დასრულებული. ჩვენი სურვილია, რომ ჩავრთოთ მაქსიმალურად ყველა, ყველა ის კომპეტენტური, საუკეთესო კომპანია და ორგანიზაცია, რომელიც ამ სფეროში არის სპეციალიზებული და გონიოში უნდა აშენდეს ახალი ქალაქი თავისი კაზინოებით, ოფისებით, ბანკებით, ფინანსური ცენტრი უნდა შეიქმნას და რეალურად ახალი სიცოცხლე შევიტანოთ ამ მხარეში და ამ რეგიონში“, – განუცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა გონიოს ციხეში შეკრებილ საზოგადოებას.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მთავრობა აცხადებს, რომ გონიოს პოლიგონზე ინვესტიციების მოზიდვა იწყება. მაგალითად, აჭარის მთავრობა ჯერ კიდევ 2017 წელს აცხადებდა, რომ გონიოს პოლიგონის ტერიტორიაზე საინვესტიციო კონცეფცია მოამზადა.

იგივე განაცხადეს 2019 წელსაც.

თუმცა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ 2021 წლის მაისის დასაწყისში უთხრეს, რომ „მიმდინარე ეტაპზე ინფრასტრუქტურული და საინვესტიციო პროექტების განხორციელება არ განიხილება“.

___

ამავე თემაზე:

გონიოს ყოფილ პოლიგონზე მთავრობამ საინვესტიციო კონცეფცია მოამზადა

იუსტიციის სახლებში კოვიდბარათების გაცემა იწყება – მთავრობა

მთავრობის ცნობით, იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები კოვიდბარათების გაცემას იწყებენ.

მომხმარებელს კოვიდბარათის მიღება საქართველოს მასშტაბით, ყველა ფილიალში შეეძლება. კოვიდბარათზე პირის სრული ან ნაწილობრივი ვაქცინაციისა და ბოლო PCR-კვლევის შესახებ ინფორმაცია, ასევე აცრის უნიკალური QR კოდი და პირადი მონაცემები იქნება დატანილი, რომელიც იუსტიციის სახლის შტამპით დამოწმდება.

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, კოვიდბარათზე განცხადების წარდგენა უფასოა და დოკუმენტი განცხადების წარდგენისთანავე, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე გაიცემა.

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს კოვიდბარათი საქართველოს ფარგლებს გარეთ წარსადგენად, აპოსტილი/ლეგალიზაციით დამოწმებული სჭირდება, აღნიშნული სერვისის მიღება იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებშია შესაძლებელი.

მასწავლებლები, პოლიციელები – აუცრელობის შემთხვევაში კიდევ ვისთვის იქნება ტესტირება ფასიანი [ინიციატივა]

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ისინი მუშაობენ რეგულაციაზე, რომლის მიხედვითაც შეიძლება სახელმწიფომ თავისი ხარჯით აღარ გატესტოს სხვადასხვა ჯგუფი. საუბარია საქართველოს მთავრობის #975 განკარგულებით განსაზღვრულ ჯგუფებზე, რომლებიც პერიოდულად იტესტებიან კორონავირუსზე.

„ტესტირება გახლავთ ერთ-ერთი მთავარი მეთოდი პანდემიის მართვის და საკმაოდ დიდ ფულს ხარჯავს სახელმწიფო ტესტირებებში.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში საშუალო მაჩვენებელი გვაქვს 38 ათასი ყოველდღიური ტესტი. ამიტომ სადღაც 15 სექტემბრიდან ვფიქრობთ, რომ ის ესენციური ჯგუფები, რომლებიც აუცილებლად იტესტებიან სახელმწიფოს მიერ, აღარ გაიტესტებიან სახელმწიფოს დაფინანსებით.

ამავდროულად, მათ ექნებათ ვალდებულება. ტესტი ჩაიტარონ. თუ ორჯერ ვაქცინირებულები იქნებიან, ისევ სახელმწიფო დააფინანსებს ამას [ტესტირებას]. მაგრამ თუ არ იქნებიან ვაქცინირებულები, მაშინ ან დამსაქმებელმა, ან თვითონ უნდა გადაიხადონ იმიტომ, რომ ჩვენი სახელმწიფო უზრუნველყოფს და უფასოდ ცრის მათ, კეთილი ინებონ და აიცრან.

ისინი გარკვეულ პერიოდში კვირაში ერთხელ, ორ კვირაში ერთხელ უნდა გაიტესტონ,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, კონკრეტულად რომელ ჯგუფს შეეხება ეს რეკომენდაცია, ამირან გამყრელიძემ უპასუხა:

„ესენი არიან, ძირითადად ვისაც ვტესტავთ დღეს ჩვენ. იგივე ჩემი კოლეგები, მაგრამ ჩემს კოლეგებზე ალბათ გამონაკლისი იქნება, მაინც ის წინა ხაზია.

ესენი არიან სხვადასხვა ესენციური ჯგუფები, როგორიც არიან სხვადასხვა მოლების, მაღაზიების თანამშრომლები, მასწავლებლების გარკვეული ჯგუფები, პოლიციის ჯგუფები, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით იტესტებიან.

დიდია ეს ჩამონათვალი.

მთავრობის 975-ე დადგენილებაა და იქ შეგიძლიათ ნახოთ სრულად. თუ ისინი აიცრებიან ორჯერ, მაშინ ისევ სახელმწიფო გააგრძელებს მათ ტესტირებას. თუ არ აიცრებიან, მაშინ გარკვეული პერიოდის შემდეგ მათ მოუხდებათ ან თვითონ ან დამსაქმებლებმა გადაიხადონ ეს თანხა,” – განმარტა ამირან გამყრელიძემ.

კლინიკაში მყოფი პაციენტების 95 პროცენტი აუცრელია კოვიდზე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კოვიდკლინიკებში მყოფი პაციენტების 95 პროცენტი აუცრელია კორონავირუსზე.

„მოქალაქეების საკმაოდ დიდი რაოდენობაა აცრილი და ჩვენ გავაკეთეთ მოკვლევა, რომ დაგვედგინა, როგორია წილი ჰოსპიტალში მოხვედრილი პაციენტების, ვინც უკვე იყვნენ აცრილი ერთი ან ორი დოზით.

გამოიკვეთა, რომ ერთი დოზით აცრილებში, განურჩევლად ვაქცინისა, კლინიკაში მოხვდა მხოლოდ 2,85 პროცენტი, ხოლო ორი დოზით აცრილი პაციენტების – 2,13 პროცენტი.

კლინიკაში დღესდღეობით მკურნალობას გადის 95 პროცენტი იმ ადამიანებისა, რომლებიც არ არიან აცრილი არც ერთი დოზით“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს, 17 აგვისტოს.

მან მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა:

„მე კიდევ ერთხელ ვთხოვ ჩვენს ყველა მოქალაქეს, გააქტიურდნენ, ჩაერთონ ვაქცინაციაში და გამოიყენონ ნიღაბი ყველგან, სადაც შეიძლება ჰქონდეთ კონტაქტი სხვა ადამიანთან“.

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში სავალდებულო ხდება პირბადის ტარება ღია სივრცეშიც.

ახალი რეგულაცია – დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულოა

დღეიდან, 17 აგვისტოდან, შიდა და გარე სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება.

ამის შესახებ დღეს, 17 აგვისტოს, ეკატერინე ტიკარაძემ, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

დღემდე პირბადის ტარება ღია სივრცეში სავალდებულო იყო ხალხმრავალ ადგილებში და, ასევე, ისეთ ადგილას, სადაც თავს იყრიდა 5-ზე მეტი ადამიანი.

აჭარაში დადასტურდა კოვიდის 810 ახალი შემთხვევა | 17 აგვისტო

17 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში დადასტურდა კორონავირუსის 810 ახალი შემთხვევა.

დღეის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 927 პაციენტი, მათგან 20 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია.

1603 ადამიანი იმყოფება აჭარაში კოვიდსასტუმროში.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 6208 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 47 ადამიანი გარდაიცვალა.

დადასტურდა კოვიდის 6208 ახალი შემთხვევა

17 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 6208 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 47 872 კვლევა ტესტით.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში 47 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

ქვეყანაში კოვიდით ინფიცირების 54 763 აქტიური შემთხვევაა, აქედან 6 965 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6 208 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 2 540 შემთხვევა, აჭარაში – 810, იმერეთში – 782, ქვემო ქართლში – 307შიდა ქართლში – 363, გურიაში – 172სამეგრელო – ზემო სვანეთში – 368, კახეთში – 513მცხეთა-მთიანეთში – 157, სამცხე-ჯავახეთში – 146, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 50.

16 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 12.97%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10.63% ხოლო 7 დღის მანძილზე – 11.14%.

17 აგვისტოს მონაცემებით ჯამურად ჩატარებულია 831 815 აცრა. ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია 245 207 ადამიანი.

 

რეგიონებს შორის დღეს აჭარაში ყველაზე მეტი ადამიანი აიცრა

16 აგვისტოს აჭარაში 2521 ადამიანი აიცრა კოვიდზე – რეგიონების მიხედვით კორონავირუსზე აცრების სტატისტიკას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

16 აგვისტოს მონაცემები ასე გამოიყურება:

ამ მონაცემების თანახმად, აჭარაში დღეს საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით ყველაზე მეტი ადამიანი აიცრა კორონავირუსზე.

გუშინდელი, 15 აგვისტოს მონაცემებით, აჭარაში 2518 აცრა გაკეთდა კორონავირუსზე.

ამავე თემაზე: 

აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 91 954 დოზა გაკეთდა

 

ბათუმის წყალი „ოცნების“ სამსახურში – ადმინისტრაციულ რესურსის გამოყენების ფაქტი 

„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციულ რესურს იყენებს. ამის დამადასტურებელი ფოტოები „ბათუმელებმა“ მემედ აბაშიძის გამზირზე, „ქართული ოცნების“ აჭარის ორგანიზაციის ცენტრალური ოფისის წინ გადაიღო. საქართველოში 2021 წლის 2 ოქტომბერს თვითმმართველობის, მათ შორის ბათუმის მერის არჩევნები ტარდება.

კომპანია „ბათუმის წყალმა“ მმართველი პარტიის ოფისში კუთვნილი ავტომობილით სკამები მიიტანა.

საარჩევნო კოდექსით წინასაარჩევნო პერიოდში პარტიების მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება აკრძალულია და დასჯადი.

„ბათუმის წყალი“ კერძო სამართლის იურიდიული პირია, თუმცა ის ბათუმის მერიის დაარსებულია და კომპანიის 100%-იან წილსაც თავად ფლობს. ბათუმის მერი ნიშნავს და ათავისუფლებს კომპანიის დირექტორსაც. „ბათუმის წყალი“ ნაწილობრივ ფინანსდება ბათუმის მერიისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია ბიუჯეტიდან ანუ მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადებიდან, გარკვეულ თანხას იღებს.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა „ბათუმის წყალს“ კომენტარისთვის. გვაინტერესებდა არსებობდა თუ არა რაიმე ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც კომპანია მოემსახურა „ქართული ოცნებას“. არც „ბათუმის წყლის“ დირექტორმა და არც სხვა პასუხისმგებელმა პირებმა კომპანიიდან ჩვენს კითხვებს არ უპასუხეს.

„ბათუმის წყლის“ პრესსამსახურის ცნობით, ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენებაზე ისინი ამ ეტაპზე კომენტარს არ გააკეთებენ.

„ბათუმელებმა“ სცადა „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსთან, გიორგი მანველიძესთან დაკავშირებაც. მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. კითხვებზე პასუხის მიღება ვერც „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის საშუალებით შევძელით.

„ბათუმის წყალმა“ მმართველი პარტიის ოფისში სკამები კუთვნილი ავტომობილით მიიტანა. 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, პაატა დიასამიძე ამბობს, რომ სახეზეა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.

„წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა პრაქტიკა, როცა მმართველი პარტია სხვადასხვა ფორმით იყენებს ამ ადმინისტრაციულ რესურსს. წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე. პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატები სარგებლობენ თანასწორი უფლებებით და აკისრიათ თანაბარი ვალდებულებები.

წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერ პირს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება.

მათ შორის იკრძალება, სახელმწიფო ხელისუფლების ან მუნიციპალიტეტის ორგანოების საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება, რასაც მოცემულ შემთხვევაში აქვს ადგილი. ეს არის ერთგვარი მავნე პრაქტიკა, რასაც წლებია იყენებს სახელისუფლებო გუნდი,“ – განმარტავს პაატა დიასამიძე.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციისას და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისას და თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებისას კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა ითვალისწინებს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

რისი ეშინოდათ 2 საუკუნის წინ ყვავილზე აცრისას

იზოლაციას, ნიღბის ტარებასა და სხვა მსგავს პროფილაქტიკურ რეგულაციებს, რაც ყვავილის ეპიდემიის პირობებში წესდებოდა XIX და XX საუკუნეებში, ხშირად უგულებელყოფდა მოსახლეობა და მეტიც, დასცინოდნენ კიდეც.

პირველი ვაქცინა, რომელიც გამოიყენებოდა მე-19 საუკუნეში ყვავილის წინააღმდეგ, სავალდებულო არ გამხდარა ყველასთვის საფრანგეთში 1902 წლამდე. იმდროინდელი ფრანგული პრესის ინფორმაციით, ხელისუფლებას უწევდა ძალიან ბევრი ადამიანის მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა ვაქცინაციისა და რევაქცინაციისა, განსაკუთრებით 1907 წელს, როცა „შავ ყვავილად“ წოდებული ჰემორაგიული ყვავილისგან ბევრი ადამიანი დაიღუპა. თუმცა სანამ ადამიანების დიდი უმრავლესობა საკუთარი სურვილით აიცრებოდა, ფრანგულ საზოგადოებას ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა დიდი შეტევის მოგერიება დასჭირდა.

„ამცრელები და აცრილები” -Crafty, « Vaccinateurs et vaccinés », გამოცემა Le Monde illustré, 21 mai 1870. Gallica (BnF). / წყარო: საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა – Bibliothèque Nationale De France (BNF).

მე-18 საუკუნეში ყვავილით ინფიცირებული ყოველი მეხუთე ადამიანი კვდებოდა, დანარჩენებს კი ეპიდემია მძიმე კვალს უტოვებდა: ნაიარევ სახესა და ოფთალმოლოგიურ პრობლემებს, სიბრმავეს.

„ყვავილის შედეგი“ ვაქცინის პრაქტიკულ სახელმძღვანელოში გამოყენებული ლითოგრაფია/Paris, 1821. Collection BIU Santé Médecine / წყარო: საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა – Bibliothèque Nationale De France (BNF).

ამ დროისთვის სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყვავილით 10% იყო. მიიჩნევა, რომ ევროპაში ყვავილი აღმოსავლეთიდან გავრცელდა. მიუხედავად ეპიდემიის მძიმე შედეგებისა, საფრანგეთში დიდი კამათი იყო გაჩაღებული ვაქცინაციის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის.

ფრანგული საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევდა, რომ ყვავილის აცრა იყო მნიშვნელოვანი წვლილი, რაც თითოეულ მოქალაქეს უნდა შეეტანა საზოგადოებრივი ჯანდაცვის განვითარების საქმეში, თუმცა კათოლიკური ეკლესია აცრის წინააღმდეგ გამოდიოდა. 1774 წელს ყვავილით გარდაიცვალა საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XV, მისი შვილი, ლუდოვიკო XVI კი დაინფიცირდა და ყვავილმა ტრავმები დაუტოვა. გადარჩენილი ლუდოვიკო აიცრა და 1786 წელს ბრძანა ვაქცინაცია სავალდებულო გამხდარიყო ყველასთვის, ვინც სამხედრო სასწავლებელში აპირებდა შესვლას.

ყვავილთან საბრძოლველად ვირუსის ინოკულირების მეთოდი გამოიყენებოდა მანამ, სანამ ინგლისელმა მეცნიერმა ედუარდ ჯენერმა არ აღმოაჩინა, რომ ძროხის ყვავილს შეეძლო ადამიანები ამ ინფექციური დაავადების ეპიდემიებისგან დაეცვა. ცხოველის ამ ვირუსის შესუსტებული ვარიანტის ადამიანის სხეულში შეყვანით იმუნიტეტი უფრო ძლიერი ხდებოდა, ვიდრე ადამიანის ვირუსით ინოკულირების შემთხვევაში.

1800 წელს, ჯენერის კვლევების საფუძველზე, ინგლისში ყვავილის ვაქცინა შეიქმნა, თუმცა მხოლოდ მე-19 საუკუნის ბოლოს მივიდნენ მეცნიერები დასკვნამდე, რომ ერთი დოზით გაძლიერებული იმუნიტეტი არ იყო საკმარისი და ადამიანებს ხელახლა ვაქცინაცია სჭირდებოდათ.

ვაქცინაციას ყვავილის წინააღმდეგ საფრანგეთის ქალაქებში მცხოვრები განათლებული მოსახლეობა ემხრობოდა ძირითადად. ამას მოწმობს იმ დროს გავრცელებული გრავიურები, რითაც აცრისკენ მოუწოდებდნენ საზოგადოებას პრესაში. ამ გრავიურებზე ასახულია 1801 წელს საფრანგეთში დაფუძნებული „ვაქცინაციის კომიტეტის“ მუშაობაც.

„ვაქცინის კომიტეტი”Collection De Vinck (histoire de France, 1770-1871). Gallica (BnF). / წყარო: საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა – Bibliothèque Nationale De France (BNF).

 

„ვაქცინა მოგზაურობს”/ Gallica (BnF)./ წყარო: საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა – Bibliothèque Nationale De France (BNF).

 

„ვაქცინა” Gallica (BnF)./ წყარო: საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა – Bibliothèque Nationale De France (BNF).

 

„ვაქცინის წარმომავლობა” / Gallica (BnF)./ წყარო: საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა – Bibliothèque Nationale De France (BNF).

მიუხედავად იმისა, რომ ნაპოლეონმა ვაქცინაცია სავალდებულო გახადა არმიაში, მოსახლეობის დიდი ნაწილი ყოყმანობდა და აცრას არ იკეთებდა. ვაქცინაციასთან დაკავშირებული უამრავი სახუმარო პოსტერიც ვრცელდებოდა საფრანგეთში.

მაგალითად, როგორ უკეთებს ყვავილის საწინააღმდეგო აცრას ცოლი ქმარს, რის შემდეგაც ქმარს რქები ამოსდის. ეს ერთგვარი ალუზია იყო ღალატზე, მაგრამ სხვა მხრივ მსგავსი პოსტერები ვაქცინის ,,ეშმაკისეულ“ წარმოშობაზე მიანიშნებდა.

„ვაქცინის თვალწარმტაცი ეფექტი” / Gallica (BnF)./ წყარო: საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა – Bibliothèque Nationale De France (BNF).

იმდროინდელ პრესაში ბევრგან წააწყდებით ვაქცინაციის შემდეგ რქებამოსულ ადამიანებს, რაც მაშინდელი შიშების გამომხატველი იყო: რახან ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა ძროხის ყვავილის დასუსტებულ ვირუსს შეიცავდა, ადამიანები შიშობდნენ, რომ ცხოველების ნიშნები გაუჩნდებოდათ: ამოუვიდოდათ რქები, გამოესხმებოდათ კუდი და ა.შ.

ამ შიშების ამსახველია 1907 წლის სახალისო ფერადი გრავიურა წარწერით „აცრის მშვენიერი ეფექტი!“ სადაც გაშარჟებულია უსაფუძვლო შიში.

„აცრის მშვენიერი ეფექტი!” – Gallica (BnF)./ წყარო: საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა – Bibliothèque Nationale De France (BNF).

ან კიდევ 1870 წლის პოსტერი სათაურით „ძროხის ვაქცინის შედეგი!“

„ძროხის ვაქცინის შედეგი!” – Gallica (BnF)./ წყარო: საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა – Bibliothèque Nationale De France (BNF).

ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სკოლებისა და სკოლა-ინტერნატების მოსწავლეებისთვის საფრანგეთში სავალდებულო გახდა 1809 წელს, შემდეგ წლებში კი თანდათან სხვა დაწესებულებებისა და ინსტანციებისთვისაც ვალდებულებად იქცა.

მოგვიანებით ვაქცინაციის პროპაგანდაში ჩაერთო ეკლესიაც, არამხოლოდ ვაქცინაციის კაბინეტებში მომუშაქვე ექიმები და მედდები, არამედ სხვადასხვა დარგის ექიმებიც. საგანმანათლებლო სამუშაოები გულისხმობდა ჩვეულებრივ საუბრებსაც ხშირად აცრამდე, სტიგმებისა და შიშების დასაძლევად.

გაზეთებში, სასკოლო სახელმძღვანელოებში, ახალგაზრდა დედებისთვის განკუთვნილ წიგნებსა და ლექსიკონებში – ყველგან იყო განხილული ვაქცინაციის სარგებლიანობის თემა ვრცლად და ამომწურავად. 1890 წლის ლარუსი – უნივერსალური ფრანგული ენციკლოპედია დიდ წერილს უძღვნის ანტივაქსერებს, მაგრამ მათი მოსაზრებების პასუხად აქვეყნებს არგუმენტებს ვაქცინაციის უალტერნატივობაზე. მე-19 საუკუნის პრესა ღიად გამოდის ანტივაქსერების წინააღმდეგ.

„ვაქცინაცია პარიზის მედიცინის აკადემიაში” გამოცემა „Le Monde” illustré, 19 mars 1870. Gallica (BnF). / წყარო: საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა – Bibliothèque Nationale De France (BNF).

პოპულარული პრესა ვაქცინაციის პროპაგანდას ეწევა, აქარწყლებს მყარი არგუმენტებით ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა მოსაზრებებს, 1880 წელს გამოცემამ „Le Petit Journal” ვრცელი სტატია მიუძღვნა ვაქცინის მნიშვნელობას:

„ნუ მოატყუებთ დედებსა და მამებს. ვაქცინა – ეს არის უსაფრთხო საშუალება ყვავილის წინააღმდეგ, დაუფიქრებლად აცერით შვილები და დაფიქრდით, ვაქცინაცია საზოგადოებრივი მნიშვნელობის აუცილებლობაა“, – წერს მე-19 საუკუნის პოპულარული ფრანგული გამოცემა.

ტერმინი „ვაქცინაცია“ ოფიციალურად ციმბირული წყლულისა და ცოფის აცრების გამომგონებელს, ლუი პასტერს ეკუთვნის, რომლისკენაც ძალიან დიდი კრიტიკა იყო მიმართული. კრიტიკულად განიხილებოდა მისი ცდები ცხოველებზე, საზოგადოების ერთი ნაწილი ბრალს სდებდა, რომ ვაქცინა მან მატერიალური სარგებლის მიზნით გამოიგონა და ა.შ.

საფრანგეთს საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა იმისთვის, რომ ვაქცინაცია სავალდებულო გამხდარიყო 1902 წლის 15 თებერვლიდან.

„საზოგადოებრივი ვალი. სავალდებულო ვაქცინაცია”, გამოცემა Le Matin, jeudi, 22 août, 1907/ წყარო: საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა – Bibliothèque Nationale De France (BNF).

კანონი ავალდებულებდა მშობლებს ერთი წლის ასაკში აეცრათ ჩვილი, მეორე დოზით კი 10, 11 წლის როცა გახდებოდა.

სავალდებულო ვაქცინაცია საზოგადოების ერთი ნაწილისთვის მიუღებელი იყო, თუმცა საზოგადოებრივმა აზრმა მნიშვნელოვნად დაიწყო ცვლილება მას შემდეგ, რაც 1907 წელს მარსელში ყვავილის ეპიდემიის დიდი აფეთქება მოხდა. პრესის გადმოცემით ამ პერიოდში ქალაქში ყვავილით გარდაცვლილი იმდენი ადამიანი იყო, რომ დილაობითაც კი იმართებოდა დაკრძალვის ცერემონია, ერთმანეთისთვის რომ არ შეეშალათ ხელი გარდაცვლილთა ოჯახებს. 1907 წელს მარსელის ყვავილის ეპიდემია ხშირად იყო მაშინდელი პრესის პირველ გვერდებზე.

„ყვავილი მარსელში” / წყარო: საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა – Bibliothèque Nationale De France (BNF).

თავდაპირველად საზოგადოება იმედგაცრუებული იყო იმით, რომ ყვავილზე აცრილები მაინც ავადდებოდნენ, თუმცა პრესა და სამედიცინო ჟურნალები აქვეყნებდნენ ოპფიციალურ სტატისტიკას, რომ აცრილებსა და მით უფრო ორჯერ აცრილებს დაავადება ბევრად მსუბუქად გადაჰქონდათ და აქვეყნებდნენ ასევე სტატისტიკას, რომ აცრილთა რაოდენობის ზრდასთან ერთად იკლებდა ყვავილით გარდაცვლილთა რაოდენობა.

1907 წელი, პარიზი. „ვაქცინაცია მედიცინის აკადემიაში – ხალხის რიგი” L’Écho de Paris, 20 mars 1907. Gallica (BnF). / წყარო: საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა – Bibliothèque Nationale De France (BNF).

მას შემდეგ, რაც ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობამ იმატა, სატირული ფრანგული პრესა ხშირად აქვეყნებდა ვაქცინაციის ამსახველ სახალისო ნახატებს იმის საჩვენებლად, რომ ახლა უკვე ყველგან იცრებოდნენ ადამიანები, იქაც კი, სადაც საჭირო არ იყო.

„ვაქცინაცია”, კარლ გრიპის ილუსტრაცია / Carlo Gripp, « La vaccination», Paris-Comique, 2 avril 1870. Musée Carnavalet. Paris Musées. / წყარო: საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა – Bibliothèque Nationale De France (BNF).

ყვავილმა ათასწლეულების მანძილზე ასობით მილიონი ადამიანი იმსხვერპლა. ვაქცინაციის მსოფლიო კამპანიის შედეგად, 1980 წლისთვის, ეს დაავადება სრულად აღმოიფხვრა.
ყვავილი ბოლოს 1977 წელს გავრცელდა სომალიში, მაგრამ ეპიდემია დროულად აღკვეთეს. ყვავილის ვირუსის უკანასკნელი ნიმუშები ამჯერად რუსეთსა და აშშ-ში ინახება.


წყარო: (BNF)Bibliothèque Nationale De France / საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა

საველე ჰოსპიტალი 500 პაციენტისთვის თბილისში | ფოტო

თბილისში, დიღმის ოლიმპიურ სოფელში მდებარე საველე ჰოსპიტალი 500-მდე პაციენტს მოემსახურება. საწოლების უმეტესი ნაწილი ჟანგბადით აღჭურვილი იქნება.

საველე ჰოსპიტლის შექმნის საჭიროება საქართველოში გამოიწვია კოვიდინფიცირებულთა რიცხვის მკვეთრმა მატებამ. დღეის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 50 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევაა. ქვეყანაში კოვიდის დიაგნოზით ყოველდღიურად იღუპება 30-50 ადამიანი.

ფოტო: ჯანდაცვის სამინისტრო
ფოტო: ჯანდაცვის სამინისტრო
ფოტო: ჯანდაცვის სამინისტრო

უსკოს წევრი ირაკლი გვარამია კოვიდით გარდაიცვალა

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკოს) წევრი ირაკლი გვარამია კორონავირუსით დღეს გარდაიცვალა.

მას კოვიდი 17 ივლისს დაუდასტურდა. თავდაპირველად ვირუსზე კოვიდსასტუმროში მკურნალობდა, მოგვიანებით კი ერთ-ერთ კოვიდკლინიკაში.

კლინიკაში გადაყვანიდან ერთ კვირაში მისი მდგომარეობა დამძიმდა. ირაკლი გვარამია დღეს, 16 აგვისტოს გარდაიცვალა.

ის 43 წლის იყო.

უსკოს წევრად ირაკლი გვარამია მიმდინარე წლის ივლისში აირჩიეს.

დღეს აჭარაში კორონავირუსით 3 ადამიანი გარდაიცვალა.

„ჩვენ ბელარუსში გველის პატიმრობა და წამება“ – რეჟიმსგამოქცეული აქტივისტი ბათუმში

„საქართველო, ნუ დაუჭერ მხარს ლუკაშენკოს რეჟიმს“, „დიქტატორი, ტერორისტი“ – ამ სლოგანს სკანდირებდნენ დღეს აჭარის მთავრობასთან შეკრებილი ბელარუსები. აქციაზე გვითხრეს, რომ ლუკაშენკოს რეჟიმისგან ბათუმს თავი შეაფარეს ძირითადად ჟურნალისტებმა, ბლოგერებმა და უფლებადამცველებმა. აქციის მონაწილეებმა მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, ნუ ითანამშრომლებს ბელარუსის „კაკებესთან“, რომელიც „ადამიანების დევნით და წამებით არის დაკავებული“.

ახალგაზრდა ქალის, ნატალიას თქმით, თუ ბელარუსებისთვის ერთადერთი ქვეყანა, საქართველოც ჩაიკეტება, მაშინ მათი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუსაძლისი გახდება.

„საქართველომ, ფაქტობრივად ხელი მოაწერა ბელარუსისთვის პოლიტპატიმრების გადაცემას. ჩვენ გვეშინია, რომ დაგვაბრუნებენ ბელარუსიაში პოლიტიკური მოტივებით. ბელარუსები არ ვართ ტერორისტები, ჩვენთან დღეს ციხეებში სხედან არტისტები, ჟურნალისტები, ბელარუსი საზოგადოების ნიჭიერი ნაწილი. მათ უსჯიან 6-დან 12 წლამდე პატიმრობას.

ისინი ტერორისტული რეჟიმის მსხვერპლები არიან. ეს ძალიან მტკივნეულია.

ნატალია აქციაზე

ჩვენ, ბელარუსებს დღეს ძალიან ცოტა არჩევანი გვაქვს – ყველამ იცის, რომ ჩაკეტილია საჰაერო მიმოსვლა და საქართველო დარჩა ერთადერთ ქვეყნად, სადაც შეიძლება სწრაფად გაფრინდე ვიზებისა და დოკუმენტების გარეშე. ბევრი ალაგებს ბარგს და ასე მოდის. ჩვენ, უბრალოდ,  სხვა ვარიანტი არ გვაქვს.

ჩვენ გვინდა, რომ საქართველო დარჩეს თავშესაფრად ბელარუსებისთვის. მაგრამ ამ შეთანხმების შედეგად ბელარუსებს აღარ შეგვიძლია საქართველოში ვიგრძნოთ თავი უსაფრთხოდ. ეს ძალიან სევდიანი ამბავია.

ჩვენ გვეშინია, რომ ადამიანებს, რომლებიც ახლა აქ არიან, სისხლის სამართლის საქმეებით გააბრუნებენ უკან და ჩასვამენ ციხეებში. ჩვენ იქ გველის წამება და პატიმრობა. ადამიანები საკუთარი ნებით კი არ გარბიან, არამედ იძულებულები არიან დატოვონ ქვეყანა. ჩვენთან ადამიანებს, უბრალოდ, ქუჩებიდან იტაცებენ“.

ნატალიამ ითხოვა, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მისი გვარი არ დავასახელოთ.

კიდევ ერთი ბელარუსი არტისტი, დიმა [არც მის გვარს ვასახელებთ] ბათუმში 2 კვირის წინ ჩამოვიდა. ამბობს, რომ როცა ბელარუსში იყო, ძალიან უნდოდა ქვეყნიდან გამოღწევა, მაგრამ უკვე ენატრება სამშობლო:

დიმა აქციაზე

„ორი კვირის წინ გამოვიქეცი ბელარუსიდან. სახლში როცა ვიყავი, ძალიან მინდოდა ქვეყნიდან გაღწევა, მაგრამ როგორც კი გამოვაღწიე, იქაურობა მენატრება. სინამდვილეში აქ თავს ვგრძნობ როგორც კურორტზე, როგორი სტუმართმოყვარეც არ უნდა იყოს საქართველო, მაინც გვენატრება ჩვენი სამშობლო.

საქართველო ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანია, სადაც შეიძლება სწრაფად და კომფორტულად გადაიმალო, ანუ  გამოიქცე ბელარუსიდან. ამიტომ ძალიან უცნაურია, რომ ასეთი სიტუაცია შეიქმნა. მე არ ვიცი, ეს რატომ მოხდა, მაგრამ ვიცი, რომ მანამ იქნება შეუძლებელი უკან დაბრუნება, სანამ ჩვენს ქვეყანაში სიტუაცია არ დაწყნარდება.

ჩვენს ქვეყანაში ახლა სამართლიანობა არ არის, კანონი არ მუშაობს. ჩვენ გვეშინია ექსტრადიციის, ჩვენ გვეშინია ყველა შესაძლო მორიგი გიჟური სიუჟეტის განვითარების. მე არ შემიძლია განვსაზღვრო, რა შეიძლება ეს იყოს, მაგრამ როდესაც თანამშრომლობ სპეცსამსახურებთან, განსაკუთრებით „კაკებესთან“, ჩვენ ეს მსუბუქად რომ ვთქვათ, ძალიან გვაღელვებს. ჩვენ ნამდვილად განვიცდით ამას და დაძაბულები ვართ.

მე ვხვდები, რომ ეს შეიძლება იყოს ერთგვარი ფორმალობაც, მაგრამ ისევ ვიმეორებ, ჩვენს ქვეყანაში არ მუშაობს უფლებები, ამიტომ ეს ფორმალობა, სრულიად შესაძლებელია, რომ არ იყოს ფორმალობა.

მე გამოვხატავდი ჩემს აზრს და ვითხოვდი თავისუფლებას, მე გამოვდიოდი მოედანზე და ამისათვის მე არაერთხელ ვიყავი დაკავებული. მე ვიცი იქ რა ხდება“.

ბელარუსის უსაფრთხოების კომიტეტს შორის გაფორმებული შეთანხმების შესახებ დღეს განცხადება გაავრცელა საქართველოს სუსმაც.

უწყების ცნობით, „ქვეყნის უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი უწყებების დისკრედიტაციის პროცესში საერთაშორისო შეთანხმებების გამოყენება წარმოადგენს განსაკუთრებული შეშფოთების საგანს, რადგან შესაძლოა ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს“.

საქართველოს სუს-სა და ბელარუსის უშიშროების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ამოქმედებას საერთაშორისო საზოგადოების არაერთი წარმომადგენელიც კრიტიკულად გამოეხმაურა. საუბარია 2016 წელს ხელმოწერილ დოკუმენტზე, რომელიც ბელარუსში ოფიციალურად ახლა შევიდა ძალაში. 

აქცია ბათუმში, სადაც ბელარუსი ბლოგერები, ჟურნალისტები და უფლებადამცველები საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ ნუ ითანამშრომლებს ბელარუსის ,,კაგებესთან“.

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/559472/

გერმანიამ შესაძლოა ავღანეთიდან 10 000 ადამიანი გამოიყვანოს

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა პარტიას აცნობა იმის შესახებ, რომ გერმანიამ შესაძლოა ავღანეთიდან 10 000 ადამიანი გამოიყვანოს – ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერსი“ ავრცელებს პარტიის წყაროებზე დაყრდნობით.

სააგენტოს ცნობით, 10 000 ადამიანში შედის 2 500 ავღანელი, რომლებიც დამხმარე პერსონალის პოზიციებზე მუშაობდნენ, უფლებადამცველები, ადვოკატები და ის პირები, რომელთაც საფრთხე შეიძლება ემუქრებოდეთ.

მერკელმა ასევე განაცხადა, რომ გერმანიამ უნდა ითანამშრომლოს ავღანეთის მოსაზღვრე ქვეყნებთან, რათა მხარი დაუჭირონ ქვეყნიდან გაქცეულებს.

_________________

15 აგვისტოს თალიბებმა ქაბულზე კონტროლი მოიპოვეს.

ქაბულზე კონტროლის მოპოვების შემდეგ თალიბანმა 20-წლიანი ომი დასრულებულად გამოაცხადა.

ამ დროისთვის ქაბულის აეროპორტი არის ერთადერთი ადგილი ქვეყანაში, რომელსაც თალიბანი ვერ აკონტროლებს.

აეროპორტის ტერიტორიაზე გარდა თურქული და აზერბაიჯანული რაზმებისა, ასევე იმყოფებიან ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ქვეყანაში საელჩოების თანამშრომლების ევაკუაციის მიიზნით მიავლინეს.

გარდა უცხოელი მოქალაქეებისა, ქაბულის აეროპორტის გავლით ქვეყნის დატოვებას ცდილობს ადგილობრივი მოსახლეობაც.

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა მუშაობას 3 კვირით წყვეტს

ბათუმის საჯარო  ბიბლიოთეკამ მუშაობა 4 სექტემბრამდე შეაჩერა. მიზეზი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და კორონავირუსის მზარდი სტატისტიკაა.

საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის, თეონა ბერიძის თქმით, ამ ეტაპზე მუშაობა შეჩერებული აქვს სამკითხველო დარბაზს და აბონემენტთა მომსახურების განყოფილებას. თუმცა ადმინისტრაცია მუშაობს.

„ბიბლიოთეკა გადადის დისტანციურ რეჟიმზე. დახურულია სამკითხველო დარბაზი. ადმინისტრაცია მუშაობს, მაგრამ უშუალოდ მკითხველზე მომსახურებისგან 4 სექტემბრამდე ვიკავებთ თავს.

გაცემული წიგნების დაბრუნება ჩვეულებრივ უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ უკან დაბრუნებული წიგნი დავიტოვოთ. თუკი გატანის მსურველი არის ვინმე, შეუძლია ასევე მოთხოვნა დატოვოს, დავუკავშირდებით და კონკრეტულ დროს შევატყობინებთ, როდესაც შეძლებს მოცემული წიგნის გატანას,” – უთხრა “ბათუმელებს” თეონა ბერიძემ.

მისივე თქმით, მართალია, ამ დროისათვის ბიბლიოთეკის თანამშრომლები ჰოსპიტალიზებული არ არიან, მაგრამ კლინიკებში იმყოფებიან თანამშრომელთა ოჯახის წევრები. ამასთანავე, ბიბლიოთეკის ზოგიერთი  თანამშრომელი ასაკის გამო რისკჯგუფშია. სწორედ ამიტომ ადმინისტრაციამ მუშაობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

 

ბათუმში გამოიდარებს | უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარაში 16 აგვისტოს 21 საათიდან 17 აგვისტოს 21 საათამდე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, მცირე წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი
  • ღამით: 18– 23 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +28 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 18-19 აგვისტოს, ბათუმში და  აჭარის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

__________

სად შეიძლება კოვიდზე ტესტირება ბათუმსა და აჭარის მუნიციპალიტეტებში – მისამართები

ბათუმსა და აჭარის მუნიციპალიტეტებში კორონავირუსზე ტესტირება სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი.

გთავაზობთ მისამართების ჩამონათვალს, თუ სად შეიძლება აჭარაში ამბულატორიულად უსიმპტომო და სიმპტომიანი პაციენტების COVID 19 – ზე ტესტირება როგორც ანტიგენით, ისე PCR-ით.

ბათუმში კორონავირუსზე ტესტირება ექვს სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი:
[checklist]

  • შპს „ქ.ბათუმის N1 პოლიკლინიკა“ ;
    მის: ტბელ აბუსერიძის ქ. N2
    ტელ: (0422) 27-40-08
  • შპს „საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი“;
    მის: ბარათაშვილის ქ.N30
    ტელ: (0422) 21-70-01
  • სს ,,საზღვაო ჰოსპიტალი“;
    მის: მელიქიშვილის ქ.N102
    ტელ: (0422) 29-34-43
  • სს ,,ევექსის კლინიკები’’ – ბათუმის პოლიკლინიკა; მისამართი, სელიმ ხიმშიაშვილის #20ტელ: 032 2 55 05 05
  • შპს „ქ.ბათუმის N4 პოლიკლინიკა“;მის: ტაბიძის ქ. N 7ტელ: (0422) 240503
  •  შპს “თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრი”; მის: ტბეთის ქ.N4ტელ: (0422) 25-20-03
[/checklist]

ქობულეთში კორონავირუსზე ტესტირება სამ ადგილასაა შესაძლებელი:

[checklist]

  • ,,ბომონდი“ ქობულეთის ცენტრალური საავადმყოფო;
    მის: 26 მაისის ქ. # 2
    ტელ:596 42 24 22
  • სს ,,ევექსის ჰოსპიტლები“ – ქობულეთის სამედიცინო ცენტრი;
    მის: ქობულეთი, აბაშიძის ქ.18
    ცხელი ხაზი: +995322600600
    ცხელი ხაზი: +995322550505
  • ქობულეთის ჰოსპიტალი – ევექსი;
    მის: ქობულეთი, აბაშიძის ქ.18
    ტელ: 032 2 600 600

[/checklist]

 ხელვაჩაური
[checklist]

  • შპს “ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრი”
    მის: ფრიდონ ხალვაშის გამზირი ქ.#7
    ტელ: (0422) 25-87-01
[/checklist]

ქედა
[checklist]

  • სს ,,ევექსის კლინიკები“ – ქედის კლინიკა;
    დაბა ქედა, რუსთაველის ქ. 14
    ტელ: 032 2 55 05 05

[/checklist]

შუახევი
[checklist]

  • სს ,,ევექსის ჰოსპიტლები“ – შუახევის ჰოსპიტალი;
    მის: დაბა შუახევი, რუსთაველის ქ.№32
    ტელ: 032 2 55 05 05
[/checklist]

ხულო
[checklist]

  • სს ,,ევექსის კლინიკები“ – ხულოს კლინიკა;
    მის: ხულო, აღმაშენებლის ქ. 1
    ტელ: 032 2 55 05 05
[/checklist]

70 ადამიანი დაიღუპა წყალდიდობის შედეგად – ბოლო ცნობები თურქეთიდან

თურქეთში, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, წყალდიდობის შედეგად დაღუპული ადამიანების რაოდენობა გაიზარდა. ბოლო ცნობების თანახმად, კასტამონუს პროვინციაში წყალდიდობის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა, სინოპში – 9 ადამიანი, ხოლო ბართინის პროვინციაში – 1 პირი.

წყალდიდობის გამო ორი ათასზე მეტი ადამიანია ევაკუირებული.

კოკისპირულმა წვიმამ თურქეთში წყალდიდობა გამოიწვია. ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, დაზარალებული რეგიონები სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა.

________________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/AYTUG CAN SENCAR

ტერა ავტო სესხი 45 წუთში — ავტო სესხი ტერაბანკისგან

ტერაბანკი მომხმარებლებს ახალ, მარტივ ავტო სესხს — ტერა ავტოს სთავაზობს. პროდუქტი განკუთვნილი მათთვის, ვისაც მსუბუქი ავტომობილის, ავტობუსის ან მსხვილი სატრანსპორტო საშუალების შესაძენად თანხა ესაჭიროება. ამას გარდა, სესხის აღებას შეძლებენ ის მსურველებიც, რომლებიც ამ სატრანსპორტო საშუალებებს უკვე ფლობენ.

ტერა ავტოს მსურველი 45 წუთში მიიღებს. მინიმალური ოდენობა 1,000 ლარია, მაქსიმალური კი – 100,000 ლარი. აღსანიშნავია, რომ სესხის მისაღებად თავდები ან თანამსესხებელი არ მოითხოვება. სესხი მანქანის ბანკზე გადაფორმების გარეშე გაიცემა და არ მოითხოვება შემოსავლების დოკუმენტურად დადასტურება. გირავნობის ხარჯი, სესხის გაცემისა და თანხის გატანის საკომისიო კი 0 ლარია.

„ეს ახალი, კონკრეტულ სეგმენტზე მორგებული პროდუქტი კიდევ უფრო ამრავალფეროვნებს ჩვენი პროდუქტების არჩევანს და ზრდის ხელმისაწვდომობას. ვფიქრობთ, სხვა სესხების მსგავსად, ტერა ავტო პოპულარული მალევე გახდება“, – აცხადებენ ტერაბანკში.

პროდუქტით სარგებლობა შეუძლია ყველას, მათ შორის ტერაბანკის არსებულ მომხმარებლებს, ასევე მათ, ვისაც სხვა საფინანსო ორგანიზაციიდან პორტირება სურთ.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ან პროდუქტით სარგებლობისთვის ეწვიეთ ტერაბანკის ბათუმის ფილიალებს მისამართებზე: ჭავჭავაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთა, რუსთაველის N10 ან დარეკეთ ნომერზე: 2 55 00 00

“ტოცილიზუმაბი”, რომელსაც კოვიდის დროს იყენებენ, კლინიკებში თანაბრად გადანაწილდება – ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს დღეს, 16 აგვისტოს ჟურნალისტებმა დეფიციტურ წამალ „ტოცილიზუმაბთან“ დაკავშირებით ჰკითხეს. ეს პრეპარატი კოვიდის დროს გამოიყენება.

ტიკარაძის თქმით, სამინისტრო შეეცდება ყველა კლინიკას თანაბრად ჰქონდეს წვდომა პრეპარატზე.

„ტოცილიზუმაბთან“ დაკავშირებით ყველა ფარმაკოლოგიურ კომპანიას აქვს დავალებული და ასევე, თვითონ მთავარ მომწოდებელს. ჩვენ გვაქვს დასტაბილურებული ფასი ამ პრეპარატთან მიმართებაში და  კლინიკებს აქვთ საშუალება, რომ შეიძინონ ეს პრეპარატი.

ასევე დაფიქსირდა პრობლემა, რომ კლინიკები ავალებდნენ პაციენტის პატრონებს პრეპარატის შეზღუდვას, ეს ყოვლად მიუღებელია. კლინიკების ვალდებულებაა, ისინი უზრუნველყოფილნი იყვნენ ყველა იმ პრეპარატით, რომელიც პაციენტების საუკეთესო ინტერესებს ემსახურება და  მათი ჯანმრთელობის უსაფრთხო გამოსავალს.

დღეს, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, პრეპარატის შემოტანა გრძელდება. გარკვეულმა კლინიკამ შეიძინა გარკვეული მარაგი, რომელიც იმ მომენტისთვის მას არ ესაჭიროებოდა. ჩვენ შევეცდებით ამ პროცესშიც მივიღოთ მონაწილეობა და მოვახდინოთ პრეპარატის თანაბარი გადანაწილება,” –  განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

“ტოცილიზუმაბის” გამოყენების ნებართვა გარკვეული კატეგორიის ჰოსპიტალიზებულ კორონავირუსით ინფიცირებულ ავადმყოფებში აშშ-ის წამლისა და საკვების ადმინისტრაციამ FDA-მ გასცა.

 

საველე ჰოსპიტალი 500 საწოლზე გაიშლება თბილისში – ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თბილისში საველე ჰოსპიტალი 500 საწოლზე გაიშლება.

„საწოლების უმეტესი ნაწილი იქნება ჟანგბადით აღჭურვილი. დღესდღეობით ინვენტარი და ყველა ის მოწყობილობა, რომელიც ესაჭიროება საწოლებს, რომ ჟანგბადით მომარაგდეს, გამართულია.

დამონტაჟებულია 2 ხუთტონიანი ცისტერნა, რომელიც მოამარაგებს ამ საწოლებს ჟანგბადით,” – თქვა ჯანდაცვის მინისტრმა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საველე ჰოსპიტლის მუშაობაში არ იგეგმება იმ სამხედრო ექიმების ჩართვა, რომლებსაც აქვთ სამხედრო წოდება.

„უნდა აღინიშნოს, რომ გეგმას არ წარმოადგენს მათი გამოყვანა და საველე ჰოსპიტალში მუშაობა, ვინაიდან ამისათვის განხორციელებულია უკვე დამატებითი სამუშაო და სხვა ექიმთა ჯგუფი მიიღებს პაციენტებს, რომლებიც მათი საკმარისი კვალიფიკაციით პაციენტებს გაუწევენ შესაბამის მომსახურებას.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს კომუნიკაცია წითელ ჯვართან, რომელსაც აქვს საკმაოდ კარგი გამოცდილება როგორც მოხალისეების კუთხით, ასევე მათ მუდმივ თანამშრომლებთან ერთად და მათთან ერთად პაციენტები მიიღებენ იმ მომსახურებას, რომელიც მათ ესაჭიროებათ.

ჯანდაცვის სამინისტრო გააკეთებს ყველაფერს, რომ საველე ჰოსპიტალი  იყოს ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში გამოყენებული. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, პაციენტების და ექიმების ინტერესებიდან, მათი კომფორტიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, კოვიდის მართვა დარჩეს ჰოსპიტალურ სექტორში და არ გახდეს საჭირო საველე ჰოსპიტლების გამოყენება.

საველე ჰოსპიტალი – ეს არის ყველაზე უკიდურესი გეგმა, რომლისთვისაც საქართველო უკვე მზად არის,” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

პოლიციამ ხელვაჩაურში რესტორანი „ჩვენებური“ დალუქა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, იზოლაციისა და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევის გამო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე რესტორანი „ჩვენებური“ დალუქეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ობიექტი იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დაჯარიმდა. ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების მიუხედავად, რესტორნის ადმინისტრაციამ კვლავ განაგრძო საქართველოს მთავრობის დადგენილებით აკრძალული ეკონომიკური საქმიანობა, რის გამოც გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით.

აღნიშნული რესტორანი პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევის გამო დალუქა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248 -ე პრიმა მუხლის თანახმად, იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისათვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, კერძოდ, იურიდიული პირის შემთხვევაში დაჯარიმებას, საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, ასევე, მის მიმართ ლიკვიდაციისა და დაჯარიმების ღონისძიების ერთობლივად გამოყენების შესაძლებლობას, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში – შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ვადით.

____________

ფოტო: შსს

ავღანეთიდან 23 ქართველის გამოყვანაზე მინისტრის მოადგილის განმარტება

ავღანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გამოსაყვანად საქართველოს მთავრობა თვითმფრინავს გაგზავნის ქაბულში – ამის შესახებ დღეს, 16 აგვისტოს, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიშვილმა.

მისი განცხადებით, ავღანეთში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა გუშინ, 15 აგვისტოს, ითხოვეს დახმარება. ისინი არიან ყოფილი სამხედრო პირები, რომლებიც კერძო კომპანიებში მუშაობენ კონტრაქტით.

„17 კაცია დასაქმებული კანადურ კომპანიაში და 6 კაცია დასაქმებული ამერიკულ კომპანიაში“ – განაცხადა ალექსანდრე ხვთისიშვილმა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, გუშინ ქაბულიდან 4 რეისი გამოფრინდა, რომლებზეც საქართველოს მოქალაქეებს შეეძლოთ ასვლა, მაგრამ ისინი ვერ ახერხებენ აეროპორტში მისვლას.

„არის დასტური, რომ მათი გამოყვანა მოხერხდება, თუ ისინი აეროპორტში მოვლენ. რამდენიმე რეისი ისევ არის დაგეგმილი. მათ სამწუხაროდ ვერ მოახერხეს ღამის განმავლობაში აეროპორტში მისვლა, იმიტომ, რომ მდგომარეობა იყო დაძაბული და არჩიეს დარჩენილიყვნენ ბაზაზე.

თურქულმა მხარემ დაგვიდასტურა, რომ მზად არიან ჩვენი მოქალაქეები ჯავშნიანი მანქანებით მიიყვანონ ქაბულის აეროპორტში, იმედია, ეს მოხდება და აეროპორტიდან ჩვენი პარტნიორები უზრუნველყოფენ მათ ჩამოყვანას საქართველოში.

საქართველოს მთავრობა გააგზავნის ცალკე ბორტს მათ წამოსაყვანად, ახლა მიმდინარეობს ნებართვებთან მიმდინარე სამუშაოები და ჩვენი თვითმფრინავიც ჩაფრინდება ქაბულში,“ – განაცხადა ხვთისიშვილმა.

„თალიბანის მებრძოლებმა“ 15 აგვისტოს ქაბულზე კონტროლი მოიპოვეს. მანამდე ქვეყნის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა და მეზობელ ტაჯიკეთში თვითმფრინავით გაემგზავრა.

ქაბულზე კონტროლის მოპოვების შემდეგ, „თალიბანმა“ 20-წლიანი ომი დასრულებულად გამოაცხადა.

ამ დროისთვის ქაბულის აეროპორტი არის ერთადერთი ადგილი ქვეყანაში, რომელსაც „თალიბანი“ ვერ აკონტროლებს.

_________________

ფოტო: ქაბულის აეროპორტში ასობით ადამიანი ცდილობს თვითმფრინავის ბორტზე ასვლას და ქვეყნიდან გაქცევას.

რატომ ავადობენ ხშირად ბავშვები – ექიმის რჩევები

რატომ ავადობენ ხშირად ბავშვები, როდის უნდა გამოვიკვლიოთ  და როგორ უნდა დავიწყოთ მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა – ამ და სხვა კითხვებზე გვიპასუხა ირინა ქოქოლაძემ, მეცნიერებათა დოქტორმა, მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალ „მედცენტრის“ პედიატრმა.

ბავშვის ხშირად ავადობა როდის შეიძლება მივიჩნიოთ ნორმად?

თუ ბავშვი 1 წლის განმავლობაში ავად ხდება რესპირატორული ინფექციებით ყოველთვიურად, ამასთან სჭირდება მედიკამენტოზური, განსაკუთრებით ანტიბიოტიკოთერაპია, ის ითვლება ხშირად მოავადედ და უნდა ვეძებოთ მიზეზი. ყოველთვიურად თუ დაგყავთ პედიატრთან ერთი და იმავე პრობლემით, აძლევთ ერთსა და იმავე მედიკამენტებს სხვადასხვა დასახელებით, უნდა გადაიხედოს რაშია პრობლემა, რა არის მიზეზი.

რა არის ყველაზე ხშირი მიზეზი?

ხშირად ეს არის სუსტი იმუნური სისტემის მქონე ბავშვი, რომელსაც პრობლემა ჰქონდა მუცლადყოფნის პერიოდიდან ან „ცუდად მოვლილი“ ბავშვი, რომელსაც საკვები არ აქვს სწორად შერჩეული, ან არ იმყოფება სუფთა ჰაერზე საკმარისად, აქვს რაქიტი – დე ვიტამინის დეფიციტი, აქვს ალერგია, აქვს ორგანოთა განვითარების მანკი.

უფრო დაზუსტებით რომ გვითხრათ, რა კავშირი აქვს მუცლადყოფნის პერიოდთან ბავშვის დაბადების შემდგომ პრობლემებს?

ბავშვის ჯანმრთელობა ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის პერიოდიდან იწყება, ჩასახვის დღიდან, მნიშვნელობა აქვს მშობლების ჯანმრთელობის მდგომარეობას, მავნე ჩვევებს (მწეველობა, ალკოჰოლიზმი, ნარკოტიკული საშუალებების მიღება) ქრონიკული ინფექციების არსებობას (სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, ცხვირ-ხახის ქრონიკული ინფექციები) სომატურ დაავადებებს (ქრონიკული სხვადასხვა სისტემის დაავადებები) მემკვიდრულ წინასწარგანწყობას (ალერგიული რინიტი, ასთმა, ატოპური დერმატიტი, შაქრიანი დიაბეტი და სხვა). თუ მშობელი ბავშვის ჩასახვამდე ყურადღებას აქცევს აღნიშნულ მდგომარეობებს, მას მართავს, ეწევა ჯანსაღი ცხოვრების წესს, შესაბამისად ნაყოფის განვითარებაც ჯანსაღია.

ასევე, მინდა აღვნიშნო დედის განსაკუთრებული როლი, სასურველი ორსულობა, დედის მზაობა ორსულობისათვის. ორსულობა არ არის პათოლოგიური მდგომარეობა, სწორად მართული ორსულობა, სწორი კვება, ძილის რეჟიმი, პოზიტიური გარემო, მავნე ჩვევების უარყოფა, ნაკლები მედიკამენტების მიღება, ყოველთვის მთავრდება ჯანსაღი ახალშობილის დაბადებით.

თუმცა არის შემთხვევები, როცა ორსულობა მიდის პათოლოგიის გარეშე, მაგრამ ბავშვს დაბადების შემდეგ მაინც აქვს პრობლემები, რას შეიძლება უკავშირდებოდეს ეს?

ზოგჯერ არის მდგომარეობები, როცა ორსულობა მიდის კარგად ბოლო ტრიმესტრამდე, მაგრამ სხვადასხვა ფაქტორის ზემოქმედებით (ინფექციები, ტრავმები) ხდება ნაყოფის ნაადრევი დაბადება ან  ნაყოფის განვითარების შეფერხება ბოლო ტრიმესტრში, როცა ხდება ნაყოფში მაღალდიფერენცირებული უჯრედების მომწიფება პროლიფერაცია-გამრავლება და დიფერენციაცია, როგორიცაა: იმუნური უჯრედები, ნერვული უჯრედები, კუჭ-ნაწლავის ეპითელიუმი. შესაბამისად ბავშვის დაბადების შემდეგ ერთი შეხედვით უხილავი პრობლემები, ბავშვის ზრდა-განვითარების პერიოდში, ეტაპობრივად იჩენს თავს. აღნიშნულ დარღვევებს თუ თან ერთვის გენეტიკური წინასწარგანწყობა, დასაშვებია ჩამოყალიბდეს დაავადება, რომელიც ადრეულ ასაკში მიიღებს უკვე ქრონიკულ მიმდინარეობას. მაგალითად, ალერგიული დაავადებები, ბრონქული ასთმა, რინო-სინუსიტები, ქრონიკული გასტროდუოდენიტი, წყლულოვანი დაავადება, სხვადასხვა სახის ნერვულ-ფსიქიკური აშლილობა.

შესაძლებელია თუ არა თავიდან ავირიდოთ გართულებები და რა არის ამისთვის საჭირო ?

პრობლემის სწორი გააზრებით, ბავშვის მოვლით, დასაშვებია ბევრი გართულების თავიდან არიდება. მაგალითად, 1 წლამდე ბავშვის სწორი მოვლისა და სწორად შერჩეული კვების შემთხვევაში შესაძლებელია გენეტიკურად წინასწარგანწყობილი დაავადებების თავიდან აცილება და მართვა.

კვება უნდა იყოს ბალანსირებული, ძუძუთი კვება ჩვილობის ასაკში შეუცვლელია, თუ რაიმე მიზეზის გამო მოხდა ჩანაცვლება ხელოვნური რძის ნარევით, ის უნდა იყოს შერჩეული სწორად, უკვე გამოცდილი და მაღალი ხარისხის, შემადგენლობა მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული დედის რძესთან და არა კომერციული თვალსაზრისით – იაფი ან ძვირადღირებული, როგორც ხდება შერჩევა ხშირ შემთხვევაში ჩვენს რეალობაში. დამატებითი კვება უნდა იყოს დაწყებული დროულად, ექიმთან შეთანხმებით, ეტაპობრივად, აუცილებელია ალერგიული წინასწარგანწყობის გათვალისწინება, თუ მშობლებს აქვთ ალერგია ან ბავშვს დამატებითი კვების დაწყებამდე გამოუვლინდა ალერგიული რეაქციები კანის, კუჭ-ნაწლავისა და/ან რესპირატორული სისტემების მხრიდან, დამატებითი კვება და ხელოვნული ნარევი უნდა იყოს აუცილებლად ჰიპოალერგიული, რომელიც უნდა გადაწყვიტოს ექიმმა. მოზრდილი ბავშვის საკვები უნდა იყოს ბალანსირებული – ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებით, ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი, არა ერთფეროვანი და არა ჭარბი რაოდენობით. კატეგორიულად არ შეიძლება რაფინირებული საკვების გამოყენება (კარამელიზებული ტკბილეული, ცხიმიანი ძნელად მოსანელებელი საკვები, საღებავებისა და კონსერვანტების შემცველი საკვები).

და ბოლოს რომ გვირჩიოთ, რა არის მნიშვნელოვანი ბავშვის ჯანმრთელობისთვის?

ბავშვის მოვლა ადვილია, მას სჭირდება სუფთა ჰაერი, ყოველდღიური ჰიგიენა, კვება და მშობლებთან ყოფნა მშვიდ და უსაფრთხო გარემოში, რათა ის გაიზარდოს ჯანსაღი, სრულფასოვანი და ბედნიერი. როცა ბავშვი ჩნდება, ოჯახი უნდა გადაეწყოს ბავშვის რეჟიმზე, ყოველგვარი ხმაური (ტელევოზორის ჩათვლით), ხალხმრავლობა და ტრადიციული სუფრები, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება ოჯახში ბავშვის თანდასწრებით ყოვლად დაუშვებელია. უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვი ოჯახის სარკეა და ჩვენს ყველა ქმედებას აქვს თავისი შედეგი!

აჭარაში დადასტურდა კოვიდის 538 ახალი შემთხვევა | 16 აგვისტო

16 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში დადასტურდა კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა.

აჭარის კოვიდკლინიკებში 920 პაციენტს მკურნალობენ, კოვიდსასტუმროში 1532 ადამიანია.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2676 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 30 ადამიანი გარდაიცვალა.

Exit mobile version