მთავარი,სიახლეები

თურქეთში, ბათუმიდან 80 კმ-ში, აეროპორტი ზღვაში ააშენეს

28.10.2021
თურქეთში, ბათუმიდან 80 კმ-ში, აეროპორტი ზღვაში ააშენეს

საქართველო-თურქეთის საზღვრიდან 80 კილომეტრში, თურქეთში, ფაზარის რაიონში, სოფელ იეშილკოისთან ახალი აეროპორტის მშენებლობა დასკვნით ფაზაში შედის.

ახალი აეროპორტი თურქეთის ორი პროვინციის – რიზესა და ართვინის გასაყარზე აშენდა და მას „რიზე-ართვინის აეროპორტი“ ერქმევა.

გამომდინარე იქიდან, რომ ორივე პროვინცია გეოგრაფიულად მთაგორიანია, აეროპორტი ზღვაში ააშენეს. მშენებლობისთვის 280 ჰექტარი ზღვა, 30 მ სიღრმეზე ამოავსეს. თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზღვის ამოსავსებად 100 მლნ ტონა ქვა დაიხარჯა.

„აეროპორტი მთლიანად ზღვაზეა აშენებული. შესაძლოა ეს ამ ტიპის პირველი აეროპორტია გარკვეული მახასიათებლების გამო. გამოვიყენეთ განსაკუთრებული საინჟინრო ტექნიკა. არ უნდა იფიქროთ, რომ ქვები უბრალოდ ჩავყარეთ. ჩვენი აეროპორტის ფსკერი მაქმანივით არის ამოქარგული,“ – ამბობდა რიზეს გუბერნატორი ქემალ ჩებერი მიმდინარე წლის თებერვალში „ჰაბერ თურქისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ახალ აეროპორტს 3 ათასი მეტრი სიგრძისა და 45 მეტრი სიგანის ასაფრენი ბილიკი ექნება და ის ყველა სახის თვითმფრინავის მიღებას შეძლებს. აეროპორტი წელიწადში სამი მილიონი მგზავრის გადაყვანაზეა გათვლილი და ის მოემსახურება როგორც რიზესა და ართვინს, ისე მთელი შავი ზღვის რეგიონს.

ცალკე აღსანიშნავია აეროპორტის არქიტექტურა. რიზე-ართვინის აეროპორტის სანავიგაციო კოშკი ჩაის ჭიქის ფორმის იქნება, შესასვლელი ჩაის ფოთლის ფორმის იქნება, ხოლო აეროპორტის მთავარ შენობაში განთავსდება ჩაის მუზეუმი.

აეროპორტის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო და 2021 წლის ბოლომდე უნდა გაიხსნას.

თავდაპირველად ახალი აეროპორტის გახსნა 2020 წლის 29 ოქტომბერს იყო დაგეგმილი, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. მიზეზად პანდემია და ამის გამო შემცირებული მუშახელი დასახელდა. თურქეთის მეგა პროექტის მშენებლობა 750 მილიონი თურქული ლირა დაჯდა.

ახალი აეროპორტის რენდერი
ფოტო: თურქეთის ტრანსპორტის მინისტრის, ადილ კარაისმაილოღლუს ტვიტერიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: