სიახლეები

როინ შავაძის ქვრივი: „კითხვები ისევ უპასუხოდ რჩება“

08.11.2015 • 2218
როინ შავაძის ქვრივი: „კითხვები ისევ უპასუხოდ რჩება“

2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში წამებით მოკლული ბათუმელი სერჟანტის, როინ შავაძის საქმე ისევ გამოუძიებელია. შავაძის ქვრივმა ყველა ინსტანციას მიმართა, შემდეგ კი  ევროსასამართლოს მიმართა, საიდანაც ორი წლის წინ საქმის ნომერი გამოუგზავნეს.

„სახელების ჩამოთვლაც აღარ მინდა, თუ ვის მივმართეთ და რამდენჯერ. სათქმელიც არაფერი მაქვს, ახალი არაფერია, არავინ არაფერს გვეუბნება. მიდის გამოძიება… მიდის გამოძიება… სად მიდის, ვინ იძიებს –  არც ადვოკატს აყენებენ საქმის კურსში. უჩა ნანუაშვილი, ეკა ბესელია… ყველა საქმის კურსშია -ვის მივმართო ისიც კი არ ვიცი. მისამართი აღარ დაგვიტოვებია – პასუხი მხოლოდ ერთია, მიდის გამოძიება“, -ამბობს ციცინო შავაძე. ახლა ის სახალხო დამცველთან შეხვედრის მოლოდინშია. მასთან შეხვედრა ორი თვის წინ ითხოვა და დღემდე პასუხი არ მიუღია.

ბოლო დროს ციცინო შავაძეს ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვები აკვირვებს: „მეკითხებიან, რატომ ვითრევ ფეხს. უბრალოდ, სათქმელი არ მაქვს, რა მოვყვე? რა ვუთხრა, სად წავიდე? –  შვიდი წელი გავიდა და დაზარალებულად არ ვარ ცნობილი. როცა მეუბნებიან სახელმწიფოსგან რა დახმარებას იღებო, სისხლი მეყინება. მხოლოდ ის მინდა, რომ ყველაფერი გამოიძიონ. სხვა რამ როგორ შემიძლია ვთხოვო სახელმწიფოს ან რატომ?  მე სიმართლეს ვეძებ. არც მიმიმართავს ვინმესთვის, რომ თანხით ან სხვა სახის დახმარება მომცეს. მე რომ თანხა მდომოდა, მკვლელებისგან ავიღებდი. სისხლის სანაცვლოდ თუ ფულს აიღებ, სულერთია, ვისგან აიღებ“.

ციცინო შავაძის თქმით, როინ შავაძის მკვლელობის შემდეგ მის ოჯახსაც ემუქრებოდნენ: „ყველაფერი დაკეტილი გვქონდა. მთელი სანათესაო ვიჯექით სოფელში, ჩელტაში. სოზარ სუბარი მაშინ სახალხო დამცველი იყო, ჩემთან ღამეებს ათევდა, ვერაფერს გახდა. იქ იყო მურმან დუმბაძეც. ტელეფონზე რეკავდნენ და პირდაპირ გვეუბნებოდნენ დაგწყვეტთ, მოგკლავთ, ხმა არ გაიღოთ, აიღეთ ფული, შეცდომა მოხდაო“.

ციცინო შავაძის თქმით, ხელისუფლებაში მოსვლამდე ახალი მთავრობის წევრები ჰპირდებოდნენ, რომ გამოძიებას დააჩქარებდნენ. საქმე წინ არ წასულა: „ახლა ხმას არავინ იღებს. ალბათ ამ მთავრობასაც სჭირდება ის ხალხი. ვფიქრობ, სხვა ხელისუფლების პირობებშიც გაგრძელდა ძველი დამოკიდებულება ამ საქმეზე. მე შეიძლება რაღაც შეცდომა მომივიდეს, სიტყვა არასწორად ვთქვა, მაგრამ პრემიერ-მინისტრი გლეხი კაცი ხომ არ არის? – როგორ შეიძლება პრემიერმა თქვას, რომ არ უნდა დაისაჯონ მკვლელები. ჩემს მეუღლეს 18 წლის ასაკიდან ფორმა არ გაუხდია, აფხაზეთი, ავღანეთი, ერაყი – ყველაფერი მოიარა. როცა დაღუპულ ჯარისკაცებს ტელევიზიით გმირებად მოიხსენიებენ, მე სახლში ვერ ვჩერდები.“

23-ე ბატალიონის სერჟანტი, როინ შავაძე ცხინვალის ბრძოლებიდან დაბრუნების მეორე დღეს, 16 აგვისტოს, ბათუმში ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა დააკავეს. თვითმხილველების თქმით, სპეცოპერაციის დროს ნიღბიანები იძახდნენ, რომ სამშობლოს მოღალატეს აკავებდნენ. საღამოს როინ შავაძე ოჯახის წევრებმა მორგში მკვდარი იპოვეს. ოფიციალური ინფორმაციით, სერჟანტი ნარკოტიკული საშუალების შენახვა-რეალიზაციისთვის დააკავეს. ხოლო მისი ლიკვიდაცია გაქცევის მცდელობის გამო მოხდა. ციცინო შავაძის თქმით, ის სასტიკად იყო ნაწამები: „მისი სხეული ტყვიებით იყო დაცხრილული. თითქმის ყველა თითი, მკლავები და ფეხები დამტვრეული, ხორცები დაგლეჯილი ჰქონდა“.

სერჟანტი როინ შავაძე ცხინვალის კონფლიქტში 23-ე ბატალიონის შემადგენლობაში იბრძოდა. მანამდე იგი ასლან აბაშიძის სპეცდანიშნულების რაზმის რიგითი წევრი იყო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: