მთავარი,სიახლეები

აჭარის უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილე სასამართლომ სრულად გაამართლა

31.08.2019 •
აჭარის უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილე სასამართლომ სრულად გაამართლა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უდანაშაულოდ მიიჩნია გიორგი კუპრეიშვილი. მას 2006 წლის იანვარში 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გიორგი კუპრეიშვილი ასლან აბაშიძის მმართველობის დროს უშიშროების მინისტრის მოადგილე იყო 1996 წლიდან 2004 წლის 5 მაისამდე, ვიდრე აჭარაშიც მოხდებოდა „ვარდების რევოლუცია“.

„გიორგი კუპრეიშვილის საქმის“ გადასინჯვის მოთხოვნით ამჯერად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მთავარმა პროკურატურამ მიმართა. გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ 2019 წლის 17 ივნისს მიიღო.

გიორგი კუპრეიშვილი 2006 წელს, ანუ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, რამდენიმე მუხლით გაასამართლეს. ერთ-ერთი მთავარი ბრალი უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო იზოლატორში თამაზ ასანიძის უკანონოდ მოთავსება იყო. პროკურატურა მაშინ ირწმუნებოდა, რომ გიორგი კუპრეიშვილმა მოათავსა იზოლატორში უკანონოდ სხვებთან ერთად თამაზ ასანიძე, რომელმაც საბოლოოდ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დააღწია ციხეს თავი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მინისტრის მოადგილის ფუნქციურ მოვალეობებს, რა პოზიციაზეც გიორგი კუპრეიშვილი მუშაობდა, მინისტრი განსაზღვრავდა.

„პატიმრების იზოლატორში დატოვებასთან, გადაყვანასთან, გათავისუფლებასთან მინისტრის არც ერთ მოადგილეს შემხებლობა არ ჰქონდა და ეს მათ მოვალეობაში არ შედიოდა. მათთან ურთიერთობა შესაძლებელი იყო მხოლოდ მინისტრის დავალებით,“ – აღნიშნულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

„სააპელაციო სასამართლოში თენგიზ ასანიძის მიერ მიცემული ჩვენებით, მოწმე თენგიზ ასანიძე გამორიცხავს გიორგი კუპრეიშვილის როლს დროებითი მოთავსების იზოლატორის კურატორობასთან მიმართებაში… მოწმე თენგიზ ასანიძე გიორგი კუპრეიშვილს მოიხსენიებს რეჟიმის მსხვერპლად, რომელიც გასამართლებული იქნა ასლან აბაშიძის და იოსებ გოგიტიძის ნაცვლად,“ – ვკითხულობთ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

ასლან აბაშიძის აჭარიდან წასვლის შემდეგ აჭარის უშიშროების მინისტრის მოადგილის – გიორგი კუპრეიშვილის სამუშაო კაბინეტში სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღიც აღმოაჩინეს. მაშინ გამოძიება ავრცელებდა ვერსიას, რომ იარაღი გიორგი კუპრეიშვილის ჩაკეტილ კაბინეტში იპოვეს. სააპელაციო წესით საქმის განხილვის დროს კი, მოწმეებმა თქვეს, რომ გიორგი კუპრეიშვილს კაბინეტი და არც მოსასვენებელი ოთახი ჩაკეტილი არ ჰქონდა და იქ არც იარაღი ინახებოდა. მას იარაღი ჩაუდეს.

გიორგი კუპრეიშვილს ედავებოდნენ 2004 წლის მარტში ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის ცემის და ძარცვის, ასევე ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის დავალების გაცემასაც. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კი მიუთითა უშუალოდ ვახტანგ კომახიძის ჩვენებაზე, სადაც ის მხოლოდ აჭარის იმდროინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს – ჯემალ გოგიტიძეს და უშიშროების მინისტრს – იოსებ გოგიტიძეს ამხელდა.

„მოწმის სახით დაკითხულმა ვახტანგ კომახიძემ განაცხადა, რომ მისი ცემისა და ძარცვის ფაქტზე გიორგი კუპრეიშვილის მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას აწვდიდნენ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის იმდროინდელი თავმჯდომარე გივი თარგამაძე და ჟურნალისტი გურამ დონაძე. დახურულ სასამართლო სხდომაზე ვ. კომახიძემ ასევე განაცხადა, რომ გივი თარგამაძე ითხოვდა მისგან დაედასტურებინა სასამართლოზე, რომ გიორგი კუპრეიშვილის კაბინეტში 2004 წლის 6 მაისს ერთად ყოფნისას ნახა იარაღები, რაზედაც მან, მიუხედავად მასთან მეგობრობისა იმ პერიოდში, უარი განაცხადა“, – ვკითხულობთ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.

აქვე აღნიშნულია, რომ გიორგი კუპრეიშვილის მიმართ შეწყდა ჟურნალისტების ძარცვისა და ცემის ფაქტებზე, ასევე ტერორიზმის მცდელობის კუთხით დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა.

ჟურნალისტებზე უკანონო სატელეფონო მიყურადებასაც ედავებოდნენ გიორგი კუპრეიშვილს. გამოძიების ვერსიით, აბაშიძის მმართველობის დროს „აჭარა პს“-ის ჟურნალისტებს – ლალი ბერძენიშვილსა და ჯონი კალანდაძეს, ასევე სააგენტო „ინტერპრესის“ ჟურნალისტს – დიანა ტრაპაიძეს, გიორგი კუპრეიშვილის დავალებით, უკანონოდ უსმენდნენ.

სააპელაციო სასამართლოს ინფორმაცია მიაწოდა ვინმე სერგო კუვშინცოვმაც, რომელმაც 2004 წელს გამოძიებას დაუდასტურა ის, რომ სატელეფონო მიყურადებაზე დავალებას გიორგი კუპრეიშვილისგან იღებდა. ამჯერად კი, მოწმემ თქვა, რომ ეს „ფსიქოლოგიური ზეწოლის“ გამო თქვა და უკანონო მოსმენებს უშუალოდ უშიშროების მინისტრი – იოსებ გოგიტიძე ავალებდა.

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: