მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

12 პერსონალური ასისტენტი 12 შშმ პირისთვის – რას მოიცავს საპილოტე პროგრამა

27.10.2021 • 1940
12 პერსონალური ასისტენტი 12 შშმ პირისთვის – რას მოიცავს საპილოტე პროგრამა

მომავალი წლიდან ბათუმში სრულად ამოქმედდება პილოტური პროგრამა – პერსონალური ასისტენტების სერვისი შშმ პირებისთვის. პროგრამა პილოტურია, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი 12 თვეზეა გათვლილი. ამ ხნის განმავლობაში სერვისით დაახლოებით 12 ბენეფიციარი ისარგებლებს.

საქართველოს კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ: პერსონალური ასისტენტის სერვისი − სერვისი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს უწევს სათანადო დახმარებას დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და საკუთარი ცხოვრების კონტროლის გაზრდის მიზნით, აგრეთვე განათლების მიღებისას, სამუშაო ადგილზე, საჯარო სერვისებით სარგებლობისას ან ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებისას;

წელს 12-მა ადამიანმა გიარა პერსონალური ასისტენტის დაახლოებით ერთთვიანი კურსი, რისთვისაც ბიუჯეტიდან 14 400 ლარი დაიხარჯა. „წელს ჩვენ  გადავამზადეთ პერსონალური ასისტენტები, რადგან გადამზადების გარეშე ისინი კვალიფიციურ სერვისს ვერ მიაწოდებენ შშმ პირებს” – ამბობს მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე მარინა რუხაძე. ასისტენტები ტენდერში ივლისში გამარჯვებულმა ასოციაცია “ანიკამ” გადაამზადა.

მერიის ჯანდაცვის სამსახურში განმარტავენ, რომ სერვისი გათვლილია იმ ეტლით მოსარგებლე შშმ პირებისთვის, რომლებიც ეწევიან აქტიურ ცხოვრებას, „მაგალითად, იქნებიან ესენი სტუდენტები, სპორტდარბაზში თუ სადმე სხვაგან წასვლის მსურველი შშმ ადამიანები. ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენ ადამიანს აქვს გადაადგილების პრობლემა ბათუმში და ზოგადად, აჭარაში, არ არის ცნობილი, თუმცა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო ცხრა თვეში, აჭარის მასშტაბით, დაფინანსებულია 218 ვაუჩერი ეტლის შესაძენად.

„რახან საპილოტეა, დავთანხმდით, რომ იყოს 12 ადამიანი, თან უნდა იყოს სრულწლოვანი და აქტიური ცხოვრებით უნდა ცხოვრობდეს, მუშაობდეს, სწავლობდეს ან სპორტით იყოს დაკავებული, ყოველდღიურ რეჟიმში უნდა უწევდეს გამოსვლა სახლიდან… ჩვენ გვინდა, რომ განაცხადი და საბუთები შეიტანოს ყველამ, ვინც აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს და ვინც არ აკმაყოფილებს, რომ გვქონდეს დაახლოებითი სტატისტიკა, თუ რამდენ ადამიანს სჭირდება რეალურად ეს” – ამბობს თომა კაკაბაძე ორგანიზაციიდან „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“.

საქართველოს მთავრობას აღებული აქვს ვალდებულება 2024 წლის 1-ელ იანვრამდე უზრუნველყოს პერსონალური ასისტენტის სერვისის მართვის სტანდარტებისა და წესების, მათ შორის, პერსონალური ასისტენტის შერჩევის კრიტერიუმების, დამტკიცება.

მარინა რუხაძის თქმით, ახალ პროგრამაში შშმ პირთა ასისტენტის უფლება-მოვალეობების შემუშავებისას მერიის ჯანდაცვის სამასახურმა შშმ პირთა კონვენციით იხელმძღვანელა.

„მათ მოვალეობაში შედის, რომ ამ ადამიანებს დაეხმარონ აქტივობის შესრულებაში. ვთქვათ, იქნება ეს ჩაცმა თუ თავის მოვლა. საქმიანობა იმდენად არა, უფრო დახმარება გადაადგილებაში, ტრანსპორტირებაში, დასვენება, კომუნიკაცია, დღის დაგეგმვა იქნება ეს თუ რამე სხვა ასეთი აქტივობა, ამ ყველაფერში დახმარება” – ამბობს მარინა რუხაძე – “ეს სანამ დამტკიცდება სახელმწიფო სტანდარტი და თუ კიდევ რაიმე დაჭირდება დამატებით, შესაბამისად გაფართოვდება მათი უფლება-მოვალეობები. გარდა ამისა, ჩვენ ვგეგმავთ, რომ თითოეულ შშმ პირსა და პერსონალურ ასისტენტს შორის გაფორმდეს ხელშეკრულება, რომელშიც იქნება გაწერილი ორმხრივი ვალდებულებები, რადგან ან ნაკლები სერვისი არ მიაწოდონ შშმ პირებს, ან იმათგან იყოს მეტის მოთხოვნა”.

ეს არის პილოტური, დავიწყებთ, შევხედავთ, რაც გამოვლინდება ხარვეზი, სურვილები, შესაბამისად გავითვალისწინებთ, ამიტომ ვიწყებთ 2022 წლიდან მხოლოდ 12 პირზე. – მარინა რუხაძე

ბენეფიციარები მხოლოდ სურვილის მიხედვით ვერ შეირჩევიან, მერიის ჯანდაცვის სამსახურს ამ ნაწილში “დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი” დაეხმარება. ეს ცენტრები საქართველოს მუნიციპალიტეტებში USAID-ის დამოუკიდებელი ცხოვრების პროგრამის ფარგლებში გაიხსნა. “ისინი აარჩევენ, რადგან ჩართულნი არიან ამ შშმ პირთა უფლებებთან დაკავშირებულ ყველანაირ საკითხებში, იქნება ეს ადვოკატირება თუ სხვა რამ” – თქვა რუხაძემ.

გადამზადებულ 12 ასისტენტს 8-საათიანი სამუშაო დღე ექნება. მათი დღის განრიგი ინდივიდუალური მიდგომის საფუძველზე გაითვლება. მომავალი წლის ბიუჯეტიდან ამ პროგრამისთვის 43 200 ლარია გათვალისწინებული, რაც ძირითდად ასისტენტების ხელფასებზე დაიხარჯება.

მთავარ ფოტოზე: ეტლით მოსარგებლე ჯემალ ჭელიძე, რომელმაც ეტლი პროტესტის ნიშნად დაუტოვა თორნიკე რიჟვაძეს, რადგან მას აჭარის მთავრობაში არავინ მოუსმინა. იგი მთავრობისგან პერსონალური ასისტენტის დანიშვნას ითხოვდა, რადგან მისი ორი შვილი პატიმრობაშია და მოვლის პრობლემა აქვს.

 

ამავე თემაზე:

რის გამო დაუტოვა ჯემალ ჭელიძემ ეტლი რიჟვაძეს და რას ნიშნავს „პერსონალური ასისტენტი“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: