მთავარი,სიახლეები

პატიმრების წამების საქმე ბათუმის ციხეში – რატომ არ ასრულებენ 7 წელი მოწმეების დაკითხვას

28.10.2021 • 1113
პატიმრების წამების საქმე ბათუმის ციხეში – რატომ არ ასრულებენ 7 წელი მოწმეების დაკითხვას

ბათუმის ციხის ყოფილი უფროსების საქმის განხილვა მე-7 წელი გრძელდება ბათუმის სასამართლოში და არ დასრულებულა. „ქართული ოცნების“ ლიდერები კი 2021 წლის არჩევნებზეც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ციხეებში არსებულ სისასტიკეზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ცოცხი „ნაციონალური  მოძრაობის“ სიმბოლოა.

ბათუმის ციხის ყოფილი უფროსების – გიორგი ვეკუას და ზაზა ჯიქიას სასამართლო პროცესები 2014 წელს დაიწყო. ბრალდებულები, რომელსაც პროკურატურა პატიმრების მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში სდებს ბრალს, მოსამართლე დავით მამისეიშვილს გირაოთი ჰყავს გათავისუფლებული  და პროცესები იშვიათად ტარდება. მაგალითად, ამ საქმის ადვოკატს პაატა ბოლქვაძის თქმით, დაახლოებით ზაფხულში იყო ბოლო სხდომა.

რამდენიმე სასამართლო პროცესზე მოსამართლეს ათეულობით ყოფილი პატიმარი მოუყვა, როგორ აწამებდნენ ციხეში.

„მორიგი სხდომა 4 ნოემბერსაა ჩანიშნული,“ – მოგვწერეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციიდან. აქ პროცესის გახანგრძლივება პანდემიას დაუკავშირეს.

„დაახლოებით 50 მოწმე კიდევ არის დასაკითხი,“ – ზუსტად ვერ იხსენებს დასაკითხი მოწმეების რაოდენობას ადვოკატი პაატა ბოლქვაძე.

„ციხის ყოფილი უფროსების საქმეზე“ სულ 116 მოწმეა. შესაბამისად, თუ იგივე ტემპით გაგრძელდა მოწმეების დაკითხვა, ამ პროცესის დასრულებას მინიმუმ ხუთი წელი დასჭირდება.

გარდა ამისა, გამორიცხული არაა, ვინც უკვე დაკითხეს, მისი ხელახლა დაკითხვა და პროცესის თავიდან დაწყება გახდეს საჭირო. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი მოსამართლე დავით მამისეიშვილი სამუშაოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადავა.

მოსამართლე დავით მამისეიშვილი იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებით 9 აგვისტოდან თბილისის სააპელაციო სასამართლოშია გამწესებული, თუმცა ის ამ დრომდე ბათუმში მუშაობს.

რატომ არ გადადის სამუშაოდ ბათუმიდან თბილისში მოსამართლე დავით მამისეიშვილი – ესეც ვკითხეთ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მენეჯერს, რომელმაც იუსტიციის საბჭოში გადაგვამისამართა. იუსტიციის საბჭოს პრესცენტრიდან კი, ჯერ პასუხი არ მიგვიღია.

ამ საქმის განხილვა მაქსიმუმ 2019 წლამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა მოსამართლის პასუხისმგებლობაზე იუსტიციის საბჭოს არ უმსჯელია. საქმეს არც სათადარიგო მოსამართლე ჰყავს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი „ციხის ყოფილი უფროსების“ დავის დასრულებამდე დავით მამისეიშვილი სამუშაოდ თბილისში გადავა, ხელახლა დაიწყება დროის ათვლა და ყოფილი პატიმრების ისტორიების მოსმენაც.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: