მთავარი,სიახლეები

„სახელმწიფოს დაევალება გამოძიება“ – სტრასბურგის ყოფილი მოსამართლე სერჟანტ შავაძის საქმეზე

20.11.2020 • 1774
„სახელმწიფოს დაევალება გამოძიება“ – სტრასბურგის ყოფილი მოსამართლე სერჟანტ შავაძის საქმეზე

ევროსასამართლომ ბათუმში, 2008 წელს მოკლული „სერჟანტ როინ შავაძის საქმეზე“ სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა. ამ გადაწყვეტილების პოლიტიკურ ჭრილში სათავისოდ გამოყენება გუშინვე სცადა ხელისუფლებამ – ხელისუფლების მთავარი აქცენტი იყო ის, რომ სერჟანტი წინა ხელისუფლების დროს მოკლეს. ხელისუფლებამ გვერდი აუარა სტრასბურგის გადაწყვეტილების იმ ნაწილს, სადაც ეფექტურ გამოძიების პრობლემაზეა საუბარი და რის გამოც პასუხისმგებლობა მოქმედ ხელისუფლებას ეკისრება – როინ შავაძის მკვლელობიდან 12 წლის შემდეგ საქმე გამოძიებული არ არის, ამ საქმის პროკურორი ვასილ როინიშვილი კი, მაგალითად, უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა.

რა წერს ევროსასამართლო „როინ შავაძის საქმეზე“ და რა უნდა გააკეთოს საქართველომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ? – „ბათუმელები“ ევროსასამართლოს ყოფილ მოსამართლეს, ნონა წოწორიას ესაუბრა. იგი ამჟამად ამერიკის იურისტთა ასოციაციის პროგრამების დირექტორია ტუნისსა და ლიბიაში.

  • ქალბატონო ნონა, ევროსასამართლო „როინ შავაძის საქმეზე“ რა კონტექსტში ეხება ეფექტურ გამოძიებას, როცა დადგინდა ევროკონვენციით გათვალისწინებული მე-2 მუხლის, ანუ სიცოცხლის უფლების დარღვევა?

მეორე მუხლს, ანუ სიცოცხლის უფლებას სასამართლო განიხილავს ორ საფუძველზე: იყო თუ არა ადამიანის გარდაცვალება სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და მეორე – ეფექტური გამოძიება ჩატარდა თუ არა.

მთავრობა აღიარებს იმას, რომ როინ შავაძე გარდაიცვალა პოლიციელების ხელში, ანუ სახელმწიფოს წარმომადგენლების მონაწილეობით, თუმცა ფაქტების ინტერპრეტაცია მოსარჩელის და სახელმწიფოს მხრიდან განსხვავდება. მოსარჩელე [მოკლული სერჟანტის ცოლი. ავტ.] ამტკიცებს, რომ როინ შავაძე გახდა წამების და არაჰუმანური მოპყრობის მსხვერპლი, ხოლო მთავრობა ამბობს, რომ სერჟანტი, მართალია გარდაიცვალა პოლიციელების ხელში, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც ის დააკავეს ნარკოტიკული დანაშაულისთვის.

მთავრობა ამტკიცებს, რომ ის გაქცევას აპირებდა და გაქცევის დროს მოხდა მისი ლიკვიდაცია. ფაქტი, რომ ადამიანის გარდაცვალება მოხდა სამართალდამცავების ხელში, სადავო არ არის, მაგრამ ინტერპრეტაცია არის სადავო. საქმე ევროსასამართლოში წარიმართა ევროკონვენციის მეორე მუხლის შესაბამისად. შესაძლოა, საჩივარი თავდაპირველად იყო სხვა მუხლებზეც, მაგრამ ამ გადაწყვეტილებაში სხვა მუხლები არ ფიგურირებს. ვვარაუდობ, რომ თუ საჩივარში თავის დროზე სხვა მუხლები იყო წარმოდგენილი, ის დასაშვებობის ეტაპზე ამოირიცხა. ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ ევროკონვენციის მეორე მუხლი ფუნდამენტური უფლებაა. ის იმდენად ყოვლისმომცველია, რომ მისი დარღვევის ცნობის შემთხვევაში, შესაძლოა სასამართლომ სხვა მუხლების განხილვა საჭიროდ აღარ ჩათვალოს.

ჩემთვის უცხო და  საინტერესო ამ საქმეში არის ის, რომ თუკი ტრადიციულად სასამართლო პირველ საკითხად ადგენს გარდაცვალებაში რამდენად არის სახელმწიფოს პასუხისმგებელობა, ამ შემთხვევაში მან პირიქით დაიწყო მსჯელობა. უფრო კონკრეტულად კი – ჩატარებული გამოძიება იყო თუ არა ეფექტური. ვერ ვიტყვი, რომ პირველი პრეცედენტია. შესაძლოა, სხვა შემთხვევაც არსებობს საკითხის ასე განხილვის, მაგრამ ეს ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას.

  • კონკრეტულად რის გამო მიიჩნია ევროსასამართლომ, რომ გამოძიება ეფექტურად არ ჩატარდა „როინ შავაძის საქმეზე“? 

ევროსასამართლო ძალიან კრიტიკულია ჩატარებული გამოძიების ხარისხზე და ამას რამდენიმე საფუძველი აქვს. უპირველესი პრობლემა არის ის, რომ როცა ინციდენტი მოხდა და აშკარად პოლიცია იყო ამაში ჩარეული, გამოძიება უნდა ჩაეტარებინა არა პოლიციას, არამედ პროკურატურას.  ეს ეწინააღმდეგებოდა მოქმედ კანონმდებლობას და ევროსასამართლოს სტანდარტებს. გამოძიება უნდა იყოს დამოუკიდებელი ინსტიტუციურად და ფაქტობრივად. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს მაგალითი, როცა გამოძიება ჩაატარა იმავე უწყებამ, რომლის თანამშრომლებიც შესაძლებელია პასუხისმგებელი ყოფილიყვნენ კონკრეტული დანაშაულის ჩადენაზე.

ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რადგან ხშირად პირველადი საგამოძიებო მოქმედებები განსაზღვრავს გამოძიების შემდგომ ბედს. ამიტომაც, სასამართლო ყოველთვის ძალიან კრიტიკულად უყურებს ამ მომენტს. პრობლემა ვერ მოაგვარა გამოძიების  პროკურატურისთვის გადაცემამ.  გადაწყვეტილებიდან ასევე ჩანს, რომ სასამართლომ  ვერ დაადგინა, თუ რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა საქმის პროკურატურისთვის გადაცემის შემდეგ.

კიდევ ერთი პრობლემა, რაც ეხება ეფექტურ გამოძიებას, არის  დაზარალებულთან დამოკიდებულება. მიუხედავად  მრავალგზის თხოვნისა, ის პროცესში ვერ ჩაერთო სამოქალაქო მოსარჩელედ. შედეგად, მოსარჩელეს   არ ჰქონდა საქმის მასალებზე წვდომის შესაძლებლობა.

მნიშვნელოვანია ამ საქმეში ის, რომ არათუ მხარეს, არამედ სასამართლოსაც კი არ მიაწოდეს საქმის მასალები. 2012 წლის პირველ ნოემბერს მიმართა მოსარჩელემ ევროსასამართლოს. საქმის წარმოება ისე დასრულდა, რომ  სასამართლოს ხელთ არ ჰქონდა საქმის მასალები, რაც სასამართლოსთვის ინდიკაციაა არაეფექტური გამოძიების. არც დაზარალებულს და არც სასამართლოს ხელი არ მიუწვდებოდა სამედიცინო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე, რასაც უნდა დაედგინა რისგან დადგა გარდაცვალების ფაქტი და წარმოადგენდა საკვანძო მტკიცებულებას. სასამართლო პირდაპირ ამბობს, უცნობია, კიდევ რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარესო. დაზარალებულმა  ვიდეო ჩანაწერი მიაწოდა სასამართლოს, მისი  დათვალიერებაც შედგა, მაგრამ  გასათვალისწინებელია, რომ სასამართლო არ არის საექსპერტო დაწესებულება.

სასამართლომ ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო გამოძიების გაჭიანურებას არაეფექტურობის შეფასებისას.

  • რაც შეეხება არსებით ნაწილს – რის საფუძველზე დარწმუნდა ევროსასამართლო, რომ დაირღვა სიცოცხლის უფლება „როინ შავაძის საქმეში“?

როცა გარდაცვალება დგება პოლიციელების, ანუ სახელმწიფოს წარმომადგენლების ხელში, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა არის გაცილებით  მეტი. მან უნდა აჩვენოს, როგორ განვითარდა მოვლენები და დეტალურად განმარტოს ფაქტები. როდესაც სახელმწიფო ამას დასაბუთებულად და ამომწურავად ვერ აკეთებს,  ამ შემთხვევაში სასამართლო მეორე მუხლის დარღვევას ადვილად ადგენს. ამ კონკრეტულ საქმეში ვერსია, რომელიც სასამართლოში  იყო წარდგენილი საქართველოს მთავრობის მიერ, არ დასტურდებოდა საქმის ფაქტობრივი გარემოებებით. ანუ, ვერსია, რომ როინ შავაძე გაქცევის დროს გარდაიცვალა, არ აღმოჩნდა  სარწმუნო სასამართლოსთვის. ამასვე ამტკიცებდა მოწმეების ჩვენებები, რომლებიც დაკავების ფაქტს შეესწრნენ.  ყველაფერ ამას გამოძიების არაეფექტურობა დაემატა.

სასამართლო ითვალისწინებს, რომ შესაძლოა გარკვეულ შემთხვევებში სამართლამდაცველს ადამიანი შემოაკვდეს.  მთავრობამ ამ დროს უნდა დაამტკიცოს, რომ კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით ფატალური შედეგი გარდაუვალი იყო და რომ ის ლეგიტიმური ძალის გამოყენებას მოჰყვა. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს პასუხისმგებლობა გარდაცვალების ფაქტისთვის დიდი ალბათობით არ დადგება.

  • რამდენად კრიტიკულია ევროსასამართლო ამ საქმეზე საქართველოს მიმართ?  

სასამართლოს ენა ამ საქმეზე არის  მძიმე. იშვიათად მინახავს, სასამართლოს ეთქვას, რომ საგამოძიებო ორგანოების უარი მოსარჩელის პროცესში ჩართვაზე მიზანმიმართულ უარს ჰგავსო.  სასამართლო იყენებს სიტყვას Deliberate [განზრახ, მიზანმიმართულად]. პირადად მე არ მახსოვს, რომ ეს სიტყვა  გამომეყენებინოს რომელიმე გადაწყვეტილებაში.

სხვათა შორის, ამავე სიტყვას იყენებს სასამართლო გამოძიების გაჭიანურების ნაწილშიც, რაც დღემდე არ დასრულებულა. სასამართლო  ამბობს, რომ როცა ასე ჭიანურდება პროცესი, ეს ზოგჯერ მართლმსაჯულებაზე უარის თქმას ნიშნავს და მიუხედავად საბოლოო შედეგისა, გამოძიების არაეფექტურობაზე მიანიშნებს. ეს ყველაფერი  კარგად მიუთითებს სასამართლოს  განწყობას და დამოკიდებულებაზე.

  • როგორი უნდა იყოს „როინ შავაძის საქმეზე“ სახელმწიფოს რეაგირება? ამ საქმეს როცა შსს იძიებდა, მაშინდელი ხელმძღვანელი პირი – რესან კონცელიძე ახლა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატია ბათუმში, ამ საქმის პროკურორი ვასილ როინიშვილი კი, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გახდა. 

ეს გადაწყვეტილება როდესაც შევა ძალაში, ანუ მთავრობა თუ არ გაასაჩივრებს  სამი თვის თავზე, ამის შემდეგ დაიწყება აღსრულების პროცედურა. ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის აღსრულების დეპარტამენტი ზედამხედველობს გადაწყვეტილების აღსრულებას ის საქართველოს მთავრობასთან იქონიებს კომუნიკაციას და ამ კოორდინაციის ფარგლებში დადგინდება – რა არის ამ გადაწყვეტილების აღსრულების ეფექტური გზა. ცალსახაა, რომ რადგანაც აქ გამოძიების ეფექტურობა არის სერიოზული პრობლემა, სახელმწიფოს დაევალება, რომ ის დაასრულოს. ეფექტური გამოძიება ნიშნავს, რომ სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველა ზომა სიმართლის დასადგენად და პასუხისმგებაში მისცეს დამნაშავე პირები. სხვათა შორის, მხარეებს და არასამთავრობო ორგანიზაციეებსაც შეეძლებათ წარადგინონ საკუთარი პოზიციები აღსრულების პროცესში.

  • რა ფორმით უნდა დადგეს პასუხისმგებლობა იმ პირების, რომლებსაც 12 წელია არ დაუსრულებიათ ამ საქმის გამოძიება, ან როგორც ევროსასამართლო მიიჩნევს – „განზრახ“ ხელს უშლიდნენ ეფექტურ გამოძიებას?  

ვერ გეტყვით.  სტრასბურგის სასამართლოს ენა და მინიმუმ ორჯერ გადაწყვეტილებაში ნახსენები სიტყვა deliberate, თითქოს გვაძლევს მინიშნებას, რომ აღსრულების პროცესში ამ საკითხსაც უნდა მიექცეს ყურადღება, თუმცა, ამას მხოლოდ  გეგმის ნახვის შემდეგ ვნახავთ, როცა  აღსრულების დეპარტამენტი კონკრეტულ ვალდებულებებს დაუდგენს მთავრობას.

ნონა წოწორია

გადაბეჭდვის წესი


ასევე: