მთავარი,სიახლეები

ჟურნალისტ ვახო კომახიძის ცემის საქმეში „ოცნების“ კანდიდატი ზაზა დიასამიძე ფიგურირებდა – ენმ-ს დეპუტატი

28.10.2021 • 1710
ჟურნალისტ ვახო კომახიძის ცემის საქმეში „ოცნების“ კანდიდატი ზაზა დიასამიძე ფიგურირებდა – ენმ-ს დეპუტატი

დღეს, 28 ოქტომბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ბრიფინგზე განცხადება გააკეთა ხელვაჩაურის საკრებულოს ახალარჩეულმა წევრმა მალხაზ თავდგირიძემ. ის ხელვაჩაურში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს ზაზა დიასამიძეს მეწარმეების მოსყიდვასა და მუქარაში ადანაშაულებს.

მალხაზ თავდგირიძემ ბრიფინგზე ასევე განაცხადა, რომ  ზაზა დიასამიძის  წინააღმდეგ მიმდინარეობდა სისხლის სამართლებრივი დევნა 2004 წელს ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის ცემის ფაქტზე. ვახო კომახიძეს ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში ხელვაჩაურში საგამოძიებო სიუჟეტის მომზადების დროს სასტიკად სცემეს.

„ზაზა დიასამიძე – მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“, მუნიციპალიტეტის მეწარმეებს ხვდება და გარკვეული ხმების სანაცვლოდ, მაგალითად, შარაბიძეებში თუ არის ვინმე მეწარმე, ეუბნება, „მომიტანე 200-300 ხმა, მე რომ მერი გავხდები,პირდაპირი წესით, ყოველგვარი კონკურსის გარეშე გადმოგცემ ისეთ ტენდერებს, რომელიც იქნება მომგებიანი თქვენთვის და დიდ ფულს იშოვით“. ამ საუბრებს არაერთხელ შესწრებიან ჩვენი ახლობლები, მეგობრები. თან, ამ საუბრებში იკვეხნის, რომ თუ მერი გავხდები, დასაჭერთა სია მაქვს და ამ სიაში არის მალხაზ თავდგირიძეცო. ჩემზე საუბრობს. რა დავუშავე არ ვიცი“, – ამბობს მალხაზ თავდგირიძე „ბათუმელებთან“.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა რომელიმე კონკრეტულ საქმეზე შეხება დიასამიძესთან და რის გამო შეიძლება ემუქრებოდეს მას? – თავდგირიძე ამბობს, რომ ზაზა დიასამიძესთან საქმიანი გადაკვეთა არ ჰქონია. თუმცა დასძენს, რომ დიასამიძის მსგავსად წლების წინ ისიც პოლიციაში მუშაობდა და თადარიგის ოფიცერია.

„დიასამიძეც თადარიგის ოფიცერია უკვე. კოლეგიალურად და მეგობრულად მხოლოდ კარგი ურთიერთობა გვქონდა და შელაპარაკების დონეზეც არ გვქონია გადაკვეთა. შესაძლოა იმიტომ [მაკავებს], რომ მე ოპოზიციის საარჩევნო სიაში ვიყავი პირველი ნომერი და ასე შევედი საკრებულოში, მათთვის კი ყველა მიუღებელია, ვინც ოპოზიციაშია“, – ამბობს თავდგირიძე.

რაც შეეხება ვახტანგ კომახიძის ცემის ფაქტს, მალხაზ თავდგირიძის თქმით, ის ყოფილი გამომძიებელია და აქვს ინფორმაცია, რომ კომახიძის ცემასთან დაკავშირებით გამოძიება დიასამიძის წინააღმდეგაც იყო დაწყებული.

„ჩემს წარმოებაში მსგავსი საქმე არ ყოფილა, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ აჭარის პროკურატურაში ამ ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობდა. ასევე ისმის კითხვა, რატომ იყო გაქცეული რუსეთში და რატომ ემალებოდა მართლმსაჯულებას? რატომ არ ჩამოდიოდა საქართველოში, ვინ უკრძალავდა. ის სწორედ ამის გამო აფარებდა თავს რუსეთის ფედერაციას“, – ამბობს თავდგირიძე.

მისი თქმით, ზაზა დიასამიძე 2004 წელს, „აჭარის ვარდების რევოლუციიდან“ მალევე წავიდა რუსეთში, თავის ნათესავ ვაჟა თაბაქიძესთან ერთად და მხოლოდ 2012 წელს დაბრუნდნენ, როცა „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში.

მალხაზ თავდგირიძის განცხადებებიდან გამომდინარე „ბათუმელები“ ზაზა დიასამიძესაც დაუკავშირდა. მერობის კანდიდატს ვკითხეთ, ჰქონდა თუ არა რაიმე კავშირი ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის ცემის ფაქტთან და მართლა თუ იყო გამოძიება დაწყებული მის წინააღმდეგ.

„ვინ ვახო კომახიძე, რა კომახიძე? სად იყო ეს ბრიფინგი? 2004 წელს ხელვაჩაურში ჟურნალისტის ცემის ფაქტი? – რა სისულელეა. მასეთ სისულელეებზე შეიძლება განცხადება ვაკეთო? მაგენმა კარგად მოიკითხონ ყველაფერი“, – გვითხრა მოკლე სატელეფონო საუბარში ზაზა დიასამიძემ და დასძინა, რომ მოგვიანებით დაგვიკავშირდებოდა.

მოგვიანებით ზაზა დიასამიძის პრესცენტრმა განმარტა, რომ ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებენ.

„ბათუმელები“  ვახტანგ კომახიძესაც დაუკავშირდა და ჰკითხა, ხომ არ ფიგურირებდა გამოძიების საქმის მასალებში ზაზა დიასამიძე.  კომახიძე ამბობს, რომ  გამოძიების პროცესში როცა იმყოფებოდა  ხელვაჩაურის პოლიციაში, რამდენიმე პირი ამოიცნო, თუმცა ვინაობა არც მაშინ იცოდა.

„როგორც მახსოვს, ორი პირი ამოვიცანი, თუმცა მათი სახელები არ მახსოვს. ბრალდებულებზე  შესაძლოა ჰქონდეს ინფორმაცია ასლან აბაშიძის უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილეს გოგი კუპრეიშვილს, რადგან მასაც ედავებოდა გამოძიება ამ საქმეში“, – ამბობს ვახტანგ კომახიძე. მისი თქმით, აღნიშნული საქმე წინა ხელისუფლების დროს დაიხურა.

___

მთავარი ფოტო: მალხაზ თავდგირიძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: