მთავარი,სიახლეები

კომპანია ბათუმში კიდევ 4 ცათამბჯენის აშენებას გეგმავს

26.10.2021
კომპანია ბათუმში კიდევ 4 ცათამბჯენის აშენებას გეგმავს

ბათუმში, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე, შპს „შინჩიბა“ ოთხი ცათამბჯენის აშენებას გეგმავს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მიწის ნაკვეთზე განაშენიანების გეგმის მომზადების მიზნით ბათუმის მერიას უკვე მიმართა და თანხმობაც მიიღო.

რენდერი

შპს „შინჩიბა“ „მეტრო ჰოლდინგთან“ დაკავშირებული კომპანიაა – 80 პროცენტს ოზგურ ქურთი, 10 პროცენტს „მეტრო ატლას ჯორჯია“, ხოლო დარჩენილი 10 პროცენტს ბინ ლიანგ ჰუანგი ფლობენ.

ოზგურ ქურთი არის ასევე შპს „ვესთ თაუერის“ აქციების მფლობელი. ეს კომპანიაც „მეტრო ჰოლდინგთან“ არის დაკავშირებული და ბათუმში, ფიროსმანის #12ა-ში, ბათუმის იუსტიციის სახლთან, 240 მეტრი სიმაღლის ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს.

242 მეტრი სიმაღლე და 72 სართული – ახალი, ყველაზე მაღალი თაუერი ბათუმში

„მეტრო ჰოლდინგის“ ერთ-ერთი დირექტორის, რაულ კახაძის ინფორმაციით, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა იგეგმება.

„იქნება თანამდროვე სტანდარტების ბიზნესცენტრები, სავაჭრო ცენტრი და ასე შემდეგ, განხორციელდება 220 მილიონი დოლარის ღირებულების ქართული და უცხოური ინვესტიცია“, – ირწმუნება რაულ კახაძე. მისივე ინფორმაციით, უცხოური ინვესტიცია დუბაიდან იქნება – „ინვესტორებს დუბაიში ბიზნესცენტრები აქვთ“.

ორი ნაკვეთი ყოფილი მაქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე, თითქმის ერთი ჰექტარი [9 904 კვ.მ] ბათუმში, ცენტრალური სტადიონის მიმდებარედ, ბათუმის მერიამ ერთ ლოტად, პირობიანი აუქციონის წესით, 18 მაისს გაყიდა.

ნაკვეთების საწყისი ფასი 9 მილიონ 095 428 ლარი იყო, კომპანიამ ის კონკურენციის პირობებში 15 მილიონ 94 428 ლარად იყიდა. ხელშეკრულების თანახმად,  კომპანიას ამ დროისთვის ქონების ღირებულების მხოლოდ 60% უნდა ჰქონდეს გადახდილი.

ბათუმის მერიას ამ აუქციონთან დაკავშირებით კიდევ ერთი განსაკუთრებული პირობა ჰქონდა დაწესებული, გასხვისებული ნაკვეთების მომიჯნავედ არსებულ მიწის ნაკვეთზე მერია ქუჩის მოწყობას გეგმავს, რომელიც არსენა ოძელაშვილის ქუჩას უნდა შეუერთდეს.

მერია წერდა, რომ ქუჩის მოწყობის საშუალებას არ აძლევდა ოძელაშვილის #4-ში მდებარე 171 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა, ამიტომაც აუქციონის პირობით მყიდველი დაავალდებულა გამოესყიდა ეს ნაკვეთი თავისი შენობის ჩათვლით, გაეთავისუფლებინა ის და მუნიციპალიტეტისთვის გადაეცა საკუთრებაში.

საჯარო რეესტრის ამჟამინდელი მონაცემებით, ეს ნაკვეთი უკვე ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია.

რენდერი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: