სიახლეები

ბენედიქტ კამბერბეჩი ლიტვინენკოს როლს შეასრულებს სერიალში „ლონდონგრადი“

29.10.2021 • 1697
ბენედიქტ კამბერბეჩი ლიტვინენკოს როლს შეასრულებს სერიალში „ლონდონგრადი“

HBO იღებს სერიალს, სახელწოდებით „ლონდონგრადი“, რომელშიც მსახიობი ბენედიქტ კამბერბეჩი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) ყოფილი თანამშრომლის, პოლონიუმით მოწამლული ალექსანდრ ლიტვინენკოს როლს შეასრულებს.

BBC-ი წერს, რომ სერიალს ბრიტანელი ჟურნალისტის, ალან კოუელის წიგნის მიხედვით გადაიღებენ, რომელსაც „უკანასკნელი ჯაშუში“ / „The Terminal Spy“ ჰქვია. წიგნი 2006 წელს ლონდონში ლიტვინენკოს მოწამვლას შეეხება.

სცენარს სერიალისთვის დევიდ სკარპა წერს, რეჟისორი კი ოსკაროსანი ბრაიან ფოგელი იქნება.

ლიტვინენკო იყო როგორც სსრკ-ს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (КГБ), ასევე თანამედროვე რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) ყოფილი წევრი. იგი დაიღუპა ლონდონში 2006 წელს.

ლიტვინენკო ირწმუნებოდა, რომ შესაძლოა ფედერალური უსაფრთხოების სამსახური ყოფილიყო ჩართული 1999 წელს რუსეთში სახლების აფეთქების საქმეში. მან წიგნიც დაწერა ამ თემაზე, სახელწოდებით – „ФСБ взрывает Россию“. რუსეთში ეს ტექსტი ფედერალურ სიაშია შესული, როგორც ექსტრემისტური რესურსი.

ბრიტანელმა სამართალდამცავებმა გამოძიებით დაადასტურეს, რომ ლიტვინენკო იშვიათი რადიოაქტიური ნივითიერებით, პოლონიუმ 210-ით იყო მოწამლული, დამნაშავეებად კი მისივე ყოფილი კოლეგები დასახელდნენ ФСБ-დან: ანდრეი ლუგოვოი და დიმიტრი კოვტუნი.

ბრიტანეთი რუსეთის ხელისუფლებისგან ითხოვდა ლუგოვოის  ექსტრადიციას, რომ ის სასამართლოს წინაშე წარმსდგარიყო, როგორც მკვლელობაში ბრალდებული, რაზეც რუსეთმა უარი განაცხადა. ლუგოვოი უარყოფდა თავის ბრალეულობას ლიტვინენკოს მოწამვლის საქმეში. ახლა ის დუმის ანტიკორუფციული კომიტეტის პირველი მოადგილეა.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს გამომძიებელმა რობერტ ოუენმა დაასკვნა, რომ ლუგოვოი და კოვნუტი სავარაუდოდ მოქმედებდნენ ФСБ-ს ხელმძღვანელის, ნიკოლაი პეტრუშევისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მითითებით. კრემლში ამ გამოძიებას ზედაპირული და არაპროფესიონალური უწოდეს.

_________________

წყარო: BBC

გადაბეჭდვის წესი


ასევე: