Batumelebi | რა პროგრამებს ემატება ბენეფიციარები ბათუმის მერიის მომავალი წლის ჯანდაცვის პროგრამებში რა პროგრამებს ემატება ბენეფიციარები ბათუმის მერიის მომავალი წლის ჯანდაცვის პროგრამებში – Batumelebi
RU | GE  

რა პროგრამებს ემატება ბენეფიციარები ბათუმის მერიის მომავალი წლის ჯანდაცვის პროგრამებში

ბათუმის მერიის ინფორმაციით, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში ჯანდაცვის მიმართულებით არსებული პროექტების განახლებასთან დაკავშირებით რამდენიმე სიახლეა გათვალისწინებული. მიმდინარე პროექტებში ბენეფიციარების რაოდენობისა და ბიუჯეტის გაზრდის თაობაზე დეტალები ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია, თუმცა რამდენიმე პროგრამაში კონკრეტული რიცხვები უკვე დასახელდა.

მაგალითად, დაავადებათა ადრეული გამოვლენის პროგრამას ემატება ფილტვის კიბოს სკრინინგი 1500 ბენეფიციარზე, მატერიალური დახმარების მიმღებ ბენეფიციართა რაოდენობა გაიზრდება 495 ბენეფიციარით.

ასევე, მერიის ცნობით, მომავალი წლიდან 300 ლარის ოდენობით განისაზღვრება ტრეფიკინგის ცენტრის ძალადობის მსხვერპლ პირთა მატერიალური დახმარება.

2022 წლიდან იგეგმება ბენეფიციართა რაოდენობის გაზრდა ბინაზე მოვლის საჭიროების მქონე პირთათვის გათვალისწინებული პროგრამის ფარგლებში. ასევე, დაგეგმილია საკურორტო რეაბილიტაციის პროგრამასა და აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ღონისძიებებში მონაწილე ბენეფიციართა რაოდენობის გაზრდაც. მერიაში ამბობენ, რომ კონკრეტულად რამდენით გაიზრდება თითოეული პროგრამის ბიუჯეტი და პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობა, ეს ჯერ განხილვის პროცესშია.

2021 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებით, ასევე, მერიის სხვადასხვა სერვისით, 50 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან