მთავარი,სიახლეები

მევლუდა – რას წერდა აჭარელ ფირალზე დავით კლდიაშვილი

27.10.2021 • 16921
მევლუდა – რას წერდა აჭარელ ფირალზე დავით კლდიაშვილი

აჭარელ ფირალზე, მევლუდაზე, აჭარაში ძველად არაერთი ამბავი თუ ლეგენდა დადიოდა. ჰყვებოდნენ კაცზე, რომელიც უსამართლობის გამო იძულებული გახდა ტყეში გაჭრილიყო ყაჩაღად და უარი ეთქვა გლეხის ცხოვრებაზე.

ვინ იყო მევლუდა, ამის შესახებ ქართველი მწერალი, დავით კლდიაშვილი გვიყვება თავის მოგონებებში.

კლდიაშვილი წერს, რომ „სიცოცხლით სავსე ბიჭი“, მევლუდ დიასამიძე, მილიციელი იყო, როცა მგზავრის დაყაჩაღება დაჰბრალდა და დაიჭირეს, თუმცა ციხიდან გაიქცა და ტყეს შეაფარა თავი. ტყეში მარტო დიდხანს არ ყოფილა, XIX საუკუნის 80-90-იან წლებში ფირალად გავარდნა ხშირი ამბავი იყო და მევლუდმაც მალე შემოიკრიბა ირგვლივ მეგობრები.

მოსახლეობის დიდ ნაწილს მევლუდი მოსწონდა და ხელსაც აფარებდნენ, მაგრამ კავკასიის მთავარმართებელი, სისასტიკით ცნობილი გოლიცინი, ცოფებს ყრიდა და მთელი მხარის აწიოკებით იმუქრებოდა, თუ მევლუდს არ შეიპყრობდნენ.

„მომეცით, მევლუდა მომეცით, თორემ მთელს მხარეს ავიკლებო“ – გაიძახოდა გოლიცინი.

ერთ დღესაც მევლუდ დიასამიძე დაიჭირეს.

დავით კლდიაშვილი წერს, რომ მევლუდის საქმე ერთი კვირის მანძილზე ირჩეოდა ბათუმის სასამართლოში. მევლუდმა რუსული არ იცოდა, თარჯიმნები არ ვარგოდნენ, ამიტომაც სასამართლომ სხვა თარჯიმნები მოითხოვა და ასე აღმოჩნდა ერთ-ერთ თარჯიმნად თავად დავით კლდიაშვილი.

„აქედან ვიცი ამ საქმის გარემოება“ – წერს მოგონებებში მწერალი.

„მევლუდას დამცველმა კაპიტანმა დუბროვსკიმ მშვენიერი დასაცავი სიტყვა თქვა და მევლუდამაც ისეთი უკანასკნელი სიტყვით მიმართა სასამართლოს, ისეთი მძლავრი კილოთი და შინაარსით, რომ ვისაც ქართული ესმოდა, გული აუდუღა და ატირა.

დამცველმა მთხოვა, რომ რაც შეიძლებოდა სიტყვასიტყვით გადამეცა ბრალდებულის ნათქვამი მოსამართლეთათვის.

მეხსიერება კარგი მქონდა და მევლუდას ნათქვამი სავსებით, მისი კილოს დაცვით გადავუთარგმნე მოსამართლეებს. ორ მათგანს, ლიომინგს და არვანიტავის აუჩუყდათ გული და თვალთაგან ცრემლები წამოუვიდათ“, – წერს დავით კლდიაშვილი.

მევლუდ დიასამიძის ჩამოხრჩობას გეგმავდნენ, მაგრამ სასამართლომ ბათუმში მას ჩამოხრჩობის ნაცვლად სამუდამო კატორღა მიუსაჯა.

დავით კლდიაშვილის ჩანაწერების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ კავკასიის მთავარმართებელ გოლიცინის ძალიან ეშინოდათ, სასამართლოს წევრებს განაჩენი ვერაფრით  შეაცვლევინეს.

ხალხი განაჩენმა გაახარა. მართალია, სამუდამო კატორღა მძიმე განაჩენი იყო, მაგრამ მევლუდი სიკვდილს გადაურჩებოდა, თუმცა სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა.

გოლიცინმა ბათუმის სასამართლოს განაჩენი პეტერბურგის უმაღლეს სამხედრო სასამართლოში გაასაჩივრა და მევლუდ დიასამიძეს საქმის ხელმეორედ გარჩევის გარეშე ჩამოხრჩობა მიუსაჯეს.

მევლუდ დიასამიძე ჩამოახრჩვეს.

კლდიაშვილი წერს, რომ გოლიცინი კიდევ დიდხანს იყო მთავარმართებელი, სანამ კოჯრის გზაზე თავი არ გაუხეთქეს. ამის შემდეგ იგი იძულებული გახდა რუსეთში დაბრუნებულიყო.

მიუხედავად იმისა, რომ მევლუდ დიასამიძე სიკვდილით დასაჯეს, მის შესახებ სიკვდილის შემდეგაც ვრცელდებოდა ლეგენდები. ამბობდნენ, რომ მევლუდამ კიდევ ერთხელ მოახერხა გაქცევა და ოსმალეთის იმპერიაში გადაიხვეწა, თუმცა ამ ვერსიას არაფერი ადასტურებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: