მთავარი,სიახლეები

რას ამბობენ „ოცნება“ და კირთაძე სიძულვილის შემცველ ახალ პლაკატებზე – „გამყიდველია“

29.10.2021 • 2555
რას ამბობენ „ოცნება“ და კირთაძე სიძულვილის შემცველ ახალ პლაკატებზე – „გამყიდველია“

„ეს კიდევ უფრო გააბრაზებს ამომრჩეველს ისევ „ოცნების“ წინააღმდეგ, რადგან ამ პატარა ქალაქში ყველამ იცის, რომ საფლავი არ გაყიდულა და ეს არც იგეგმებოდა,“ – იმედოვნებს გიორგი კირთაძე პლაკატებზე – „გიორგი კირთაძე გამყიდველია“, რომლებიც ბათუმში წუხელ ღამით გააკრეს. პლაკატებზე წერია ისიც, რომ ოპოზიციური ერთობის ბათუმის მერობის კანდიდატმა 72 ქონება გაყიდა ერთ ლარად, მათ შორის, იუნკრების საფლავი.

გიორგი კირთაძის ინფორმაციით, პლაკატები ბათუმში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის აქტივისტებმა გააკრეს. „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში პალაკატებზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა პრესცენტრში გვითხრეს, რომ პლაკატების გაკვრასთან კავშირი „ქართულ ოცნებას“ არ აქვს.

ეს თემა – იუნკრების საფლავის გასხვისება – „ქართული ოცნების“ წევრებმა და სახელისუფლებო პარტიასთან დაახლოებულმა ძალებმა არჩევნების მეორე ტურის წინ გაააქტიურეს ბათუმში. რამდენიმე დღის წინ ბათუმში საპროტესტო აქციაც გაიმართა, სადაც, მაგალითად, უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ დავით თედორაძე ამბობდა, რომ ბათუმის მერობის კანდიდატმა, გიორგი კირთაძემ, იუნკრების საფლავიც კი გაასხვისა, როცა ის ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე იყო.

„პლაკატების გაკვრასთან მე არანაირი კავშირი არ მაქვს, არ ვიცი ვინ გააკრა,“ – გვიპასუხა დავით თედორაძემ, რომელსაც ტელეფონით დავუკავშირდით. მან უარი გვითხრა დაეკონკრეტებია, რასაც აქციაზე ამბობდა: რაზე დაყრდნობით განაცხადეთ აქციაზე, რომ გიორგი კირთაძემ იუნკრების საფლავი გაყიდა? – ვკითხეთ დავით თედორაძეს.

„სხვაგან გაარკვიეთ ეს სიმართლე,“ – გვიპასუხა დავით თედორაძემ და ტელეფონი გათიშა.

პლაკატებთან კავშირი უარყო თენგიზ თავდგირიძემაც, რომელიც „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირია და ერთ-ერთია, რომელიც ე.წ. იუნკრების საფლავთან აქციას ესწრებოდა.

„არანაირი კავშირი არ მაქვს პლაკატებთან მე, „ბათუმელების“ სხვა კითხვებს არ ვუპასუხებ,“ – გვითხრა თენგიზ თავდგირიძემ.

ოპოზიციური ერთობის ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი კირთაძე განმარტავს, რომ გმირთა სკვერის გაყიდვა არც იგეგმებოდა, მისი მიმდებარე ტერიტორია გადასცეს აჭარის მთავრობას, თუმცა საბოლოოდ, მის გასხვისებაზეც უარი თქვეს. გიორგი კირთაძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ბევრი სხვა პროტესტისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საზოგადოების რეაქციას ანგარიში გაუწია.

იუნკრების საფლავი არ არის, ისტორიაც არ იციან…

„ისტორიაც არ იციან, იუნკრების საფლავი იქ არ არის, იქ არის გმირთა სკვერი… საუბარია მიმდებარე ტერიტორიის გასხვისებაზე, რაზეც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩვენ დავიხიეთ უკან.

მე არ ვამბობ იმას, რომ ყოველთვის ვუსმენდით პროტესტს, მაგრამ ეს მართლა იყო გამონაკლისი. ჩვენ დავინახეთ მძაფრი რეაქცია და აღარ გადავეცით მიწის ეს ნაკვეთი ინვესტორს. განსხვავება რომ დავინახოთ, მაგალითად, ახლა მძაფრი რეაქციაა ბულვარში „ამბასადორის“ მშენებლობაზე და ამის მიუხედავად უკანონოდ სართულებიც ემატება, არავინ ითვალისწინებს პროტესტს,“ – ამბობს გიორგი კირთაძე.

ბათუმის მერობის კანდიდატი ოპოზიციური ერთობიდან ასევე უსამართლოდ მიიჩნევს ბრალდებას იმაზე, რომ 1 ლარად ქონებას ასხვისებდა. გიორგი კირთაძე ოპონენტებს ახსენებს, რომ 1 ლარად ქონების გასხვისების უფლება საკრებულოს თავმჯდომარეს არც კი ჰქონდა, ხოლო არაერთ შემთხვევაში ბათუმის მუნიციპალიტეტი გადასცემს ქონებას აჭარის მთავრობას კონკრეტული საინვესტიციო პროექტის განსახორციელებლად.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: