„პოლიტიკოსებისგან განსხვავებით ამომრჩეველი გაიზარდა – პოლიტიკოსები როცა ფიქრობენ, რომ მხარდამჭერებს გაიჩენენ, პირიქით, აღიზიანებენ“, – მეორე ტურის წინ წინასაარჩევნო სტრატეგიაზე საკუთარ დაკვირვებას და დასკვნას გვიზიარებს ასლან ჭანიძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი.
ასლან ჭანიძის დაკვირვებით, მერობის კანდიდატები ბათუმში მეორე ტურის სამზადისში ნაკლებად საუბრობენ რეალურ თვითმმართველობაზე და იმაზე, თუ კონკრეტულად რა სარგებელს მიიღებს ამომრჩეველი. „ქართული ოცნების“ კანდიდატმა – არჩილ ჩიქოვანმა ბათუმში, ისევე, როგორც სახელისუფლებო პარტიამ მთლიანად ქვეყანაში, მთავარი აქცენტი საბოლოო გამარჯვებაზე გააკეთა და იმის მიუხედავად, რომ ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციას ეკუთვნის, ამომრჩევლის დარწმუნებას ცდილობს, უმრავლესობა მაინც ჩემი იქნებაო.
გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა – გიორგი კირთაძემ კი კოალიციური მმართველობის შესაძლებლობაზე დადო ფსონი.
„იმისთვის, რომ მოეზიდა სხვა პოლიტიკური ჯგუფების მხარდამჭერები, გიორგი კირთაძემ ყურადღება გაამახვილა მრავალპარტიულობაზე და „ქართული ოცნების“ ამომრჩეველსაც უთხრა, რომ ოპოზიციურ საკრებულოში „ქართული ოცნება“ უნდა მართავდეს, მაგალითად, იმ კომიტეტს, რომელსაც რეალურად უნდა ჰქონდეს ეფექტური მონიტორინგის შესაძლებლობა.
ის ესაუბრება ასევე გახარიას მხარდამჭერებს და ცდილობს დაარწმუნოს, რომ ის სამი წარმომადგენელი, ვინც საკრებულოში შევიდა გახარიას პარტიიდან, არ დაიჩაგრება…
არჩილ ჩიქოვანს კი, ახალი არაფერი უთქვამს. შესაძლოა, მას ჰქონდეს იდეები და შეთავაზებები, მაგრამ პარტიას აქვს გაჟღერებული რადიკალური პოზიცია, რომ ის არ აპირებს ვინმესთან კოალიციის შექმნას. „ქართული ოცნება“ არც იმას ამბობს, რომ გახარიას გუნდის წარმომადგენლებთან ითანამშრომლებს. გადმოვიბირებო, ამას ამბობს, რაც შესაძლოა, პირიქით, გამაღიზიანებელი აღმოჩნდეს გახარიას ამომრჩევლისთვის,“ – მიიჩნევს ასლან ჭანიძე.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი ვარაუდობს, რომ ბათუმში, როგორც საკრებულოს, ასევე მეორე ტურის ბედს გახარიას მხარდამჭერები გადაწყვეტენ.
„არაა გამორიცხული, „ქართული ოცნების“ ელიტის განცხადებებმა გამაღიზიანებლად იმოქმედოს გახარიას პარტიის ამომრჩეველზე. ჩვენთან ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია ვინაა ლიდერი. მართალია, გახარიას პარტიის ბათუმის მერობის კანდიდატზე არ იყო აგრესია მმართველი პოლიტიკური გუნდიდან, მაგრამ გახარიას პოლიტიკური გუნდის ამომრჩევლისთვის მნიშვნელოვანია თავად გახარიას ფაქტორი, რომელსაც ლანძღავ და მოღალატეს უწოდებ.
გახარიას პოლიტიკურ გუნდსაც აქვს სერიოზული გამოწვევა, რადგან თუ ამ პოლიტიკური ძალისგან საკრებულოში არჩეული წევრები „ქართულ ოცნებაში“ გადაბარგდნენ, შემდეგ არჩევნებზე მას ამომრჩეველი აღარ მისცემს ხმას – მე თუ გახარიას ვაძლევ ხმას, ამით ვემიჯნები „ოცნებას“ და შენ თუ მაინც „ოცნებაში“ გადადიხარ, რაღა გამოვიდა.
გახარიას მხარდამჭერებს არჩევნების მეორე ტურზე მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება, მათი გადასახედიდან, ორი უბედურებიდან რომელია უფრო ნაკლები,“ – მიიჩნევს ასლან ჭანიძე.
„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელს ასევე მიაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი – არჩილ ჩიქოვანი ზოგჯერ უსამართლო ბრალდების სამიზნეც ხდება, როცა, მაგალითად, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევაშიც მას ადანაშაულებენ.
„შესაძლოა, არ მუშაობს მონიტორინგის მექანიზმები, მაგრამ ხომ ვიცით, რომ ჩვენ, მოქალაქეებიც ვაშავებთ?
ამ არჩევნებზე მთავარი თემა მაინც უკანონო მშენებლობაა, ანუ არა რაღაც ფანჯრის გამოჭრა და სართულის დაშენება, არამედ მთელი კორპუსების უკანონოდ აშენება. ამ ფონზე ძალიან რთულია ამომრჩეველს უთხრა, რომ რამეს ჰპირდები, რადგან შენ უკან უკანონო კორპუსები შენდება და შენ არაფერს აკეთებ,“ – გვითხრა ასლან ჭანიძემ.