სიახლეები

პატიმრების წამების საქმე სასამართლოში

28.10.2014
პატიმრების წამების საქმე სასამართლოში

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

ციხის ყოფილი დირექტორისა და მისი მოადგილის სისხლის სამართლის საქმეში პროკურორი ვლადიმერ თურმანიძე პროკურორმა ირაკლი გაჩეჩილაძემ ჩაანაცვლა. გაჩეჩილაძემ მოსამართლე დავით მამისეიშვილს უთხრა, რომ საქმის მასალების გაცნობა ვერ მოასწრო და ამიტომაც სასამართლო პროცესის გადადება სთხოვა.

 

ბათუმის №3 საპყრობილის ციხის დირექტორისა და მისი მოადგილის სისხლის სამართლის საქმე ოთხტომიანია. “ბატონო პროკურორო, ეს თქვენი პირველი საქმეა, რომელსაც მე განვიხილავ, თქვენ ალბათ მოგეხსენებათ, რომ თითოეულ მოსამართლეს გვაქვს 100 საქმე განსახილველი. დღეს მე ამ სხდომისთვის 4 საათი მქონდა გამოყოფილი. გთხოვთ გაითვალისწინოთ ეს დეტალები… აქვე მინდა გაცნობოთ მხარეებს, რომ პატიმარმა ბათუმის მესამე საპყრობილიდან რამდენჯერმე გამოგვიგზავნა წერილი, ის ითხოვს დავკითხოთ ამ საქმეზე სასამართლოში. მოგეხსენებათ ეს ჩემს უფლებამოსილებაში არ შედის, ჩემი თანაშემწე მხარეებს გაგაცნობთ წერილის შინაარს“, – განაცხადა სასამართლო პროცესზე მოსამართლე დავით მამისეიშვილმა.

 

გიორგი ვეკუასა და მის მოადგილეს ზაზა ჯიქიას სისხლის სამართლის კოდექსის 144.3-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა, ბ, დ და ზ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ედებათ ბრალი. ეს ნიშნავს დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას. „პირის დამცირება ან იძულება, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს… სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; ორი ან მეტი პირის მიმართ დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის, დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ანდა დამნაშავეზე მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის მიმართ; ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, ჯარიმით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე ან უამისოდ”.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოში 116 ადამიანი უნდა დაიკითხოს. საქმის მასალების მიხედვით, ამ ეტაპზე 50 დაზარალებულია, მათ შორის უმრავლესობა პატიმარია. გიორგი ვეკუასა და ზაზა ჯიქიას პროკურატურა ათეულობით პატიმრის არაადამიანურ, დამამცირებელ და სასტიკად მოპყრობაში ადანაშაულებს.
მოსამართლეებმა ისინი წინასწარი პატიმრობიდან გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. ორივე ბრალდებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ბრალდებულის ინტერესებს ადვოკატები -პაატა ბოლქვაძე და სოსო ჯალაღონია იცავენ.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.