მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

ქერტლი – დაავადება თუ კანის სიმშრალე

28.10.2021 • 6735
ქერტლი – დაავადება თუ კანის სიმშრალე

თავის თმიან ნაწილში წარმოქმნილი მსხვილი და წვრილი აქერცლილი ელემენტები – ქერტლი საკმაოდ ხშირი მოვლენაა. არსებობს მოსაზრება, თითქოს ქერტლი პირადი ჰიგიენის წესების არასათანადოდ დაცვის შედეგია. ექიმი-დერმატოლოგი ნატალია შავდია ამბობს, რომ ეს მცდარი მოსაზრებაა – როგორც წესი, კანის აქერცლა გამოწვეულია კანის სიმშრალით ან დაავადებებით.

  • ქალბატონო ნატალია, რა არის ქერტლი და რატომ ჩნდება ის?

ქერტლი კანის მკვდარი უჯრედებია, იგი შეიძლება იყოს წვრილი და ადვილად სცილდებოდეს კანს, შეიძლება იყოს მსხვილფირფიტოვანი და კანს შორდებოდეს თმის დავარცხნისას. ზოგ შემთხვევაში წარმოიქმნება მორუხო-მოთეთრო აქერცლილი კერები, რომლებიც განლაგებულია არა მარტო თავის თმიან ნაწილში – პროცესი შეიძლება გავრცელდეს სახეზე, კისერსა და სხეულზე.

ჩვეულებრივ, აქერცვლა ნორმალური ფიზიოლოგიური წარმონაქმნია და ჩვენ შეუიარაღებელი თვალით ამ ქერტლს ვერ ვხედავთ. არასასურველი ფაქტორების ზემოქმედებით კი ეს ე.წ. დაღუპული უჯრედების რაოდენობა იზრდება და ვითარდება ჭარბი აქერცვლა, რაც უკვე შესამჩნევია თვალისთვის.

ქერტლი ყოველთვის დაავადებაზე არ მიუთითებს, შეიძლება განვითარდეს რაღაცის ნეგატიური ზემოქმედებით, მაგალითად, არასწორად შერჩეული შამპუნის გამო, კვების რეჟიმის დარღვევის ან გარემოს ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობის გამო. ასევე მოქმედებს სტრესი, ულტრაიისფერი დასხივება, ჭარბი და აგრესიული საშუალების გამოყენება თმის შეღებვის ან/და დახვევის დროს. თუ ამ  ფაქტორების ზემოქმედებას შევამცირებთ ან სულაც შევწყვეტთ, ყველაფერი ჩადგება ნორმის ფარგლებში.

დიდი რაოდენობით ქერტლის წარმოქმნის მიზეზი შესაძლოა იყოს სხვადასხვა დაავადებაც.

  • რა დარღვევების მაჩვენებელი შეიძლება იყოს ქერტლი?

სებორეული დერმატიტი ხშირად განპირობებულია პათოლოგიური პროცესებით, ეს შეიძლება იყოს ცხიმოვანი ჯირკვლების დისფუნქცია, ეპიდერმისის უჯრედების დაჩქარებული სიკვდილი და მიკროორგანიზმების გამრავლება.

ცხიმოვანი ჯირკვლების დისფუნქცია ზოგადად განპირობებულია ჰორმონალური ფონის შეცვლით. ჰორმონალური ფონი იცვლება პუბერტატულ პერიოდში, ორსულობის, მენოპაუზის დროს. სებორეის განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს კაცების ჰორმონ ტესტოსტერონის ჭარბი პროდუქცია ორგანიზმში. ამიტომ კაცებში უფრო ხშირია სებორეული დერმატიტი, ვიდრე ქალებში.

რა თქმა უნდა, სებორეის განვითარებას ხელს უწყობს დაბალი იმუნიტეტი, მაგალითად, აივ დადებით პაციენტებში სებორეა ათჯერ უფრო ხშირია, ვიდრე პირებში, ვისაც ნორმალური იმუნიტეტი აქვთ. სებორეული დერმატიტი პროგრესირებას იწყებს ასევე ნერვული სისტემის დაზიანების დროს, მაგალითად, დამბლის დროს, პარკინსონის დაავადებისას.

სებორეული დერმატიტის პროგრესირების ხელშემწყობი ფაქტორია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიები, ფერმენტოპათიები.

  • სებორეა რა დაავადებაა?

სებორეა არსებობს მშრალი და ცხიმოვანი. გადამდები არ არის. მშრალი სებორეის დროს კერები არის წარმოქმნილი თავის თმიან ნაწილზე, წარბებზე, წამწამებზე, წვერ-ულვაშის მიდამოებში. ქერტლი ამ დროს არის თეთრი ფერის, მსხვილფირფიტოვანი, მწვავდება უფრო ზამთრის პერიოდში, ხელს უწყობს ტემპერატურის ცვალებადობა და კანის სიმშრალე. დაავადების პროგრესირების დროს კანზე (სხეულზე, ძირითადად, გულმკერდის, სახის მიდამოსა და ყურის ნიჟარებში) შეიძლება წარმოიქმნას მოვარდისფრო ლაქები, რომლებიც დაფარულია თეთრი ქერტლით.

ცხიმიანი სებორეის დროს უფრო მეტად გამოიყოფა ცხიმი და ამ დროს მკვდარი უჯრედები ადვილად არ შორდება კანს, ისინი წარმოქმნიან ცოტა მოზრდილი ზომის კონგლომერატებს. ამ შემთხვევაში უფრო მეტი შანსია, რომ ამ კონგლომერატებში გამრავლდეს სოკოები, რომლებიც ბინადრობენ თავის თმიან ნაწილში მცირე რაოდენობით. სოკოები შთანთქავენ ცხიმის კომპონენტებს, გამოყოფენ თავიანთ ნივთიერებებს, რომელთაც გააჩნიათ გამაღიზიანებელი მოქმედება კანზე, იწვევენ ანთებით პროცესებს და აქერცვლას.

სოკოს გამრავლებას ხელს უწყობს სითბო, მომატებული ტენიანობა და აქტიური პროცესის დროს, როცა არის გამწვავება, დაზიანებულ კანზე წარმოიქმნება ქერქები. აი, ამ ქერქების ქვეშ ვრცელდება პათოლოგიური სოკოები.

ქერტლი არ არის გადამდები, ეს არ არის კონტაგიოზური დაავადება. ნორმაში, თავის  თმიან ნაწილში, არის სოკო, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობით. იმისთვის, რომ ეს სოკო გამრავლდეს, საჭიროა ხელშემწყობი ფაქტორები.

  • როდის მივმართოთ ექიმს?

აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, როდესაც პროცესი ხანგრძლივად (მაგალითად, ერთ თვეზე მეტ ხანს) მიმდინარეობს და პაციენტი თავისი ძალებით ვერ უმკვლავდება ამ პრობლემას. ექიმმა უნდა დასვას დიაგნოზი და დაინიშნოს მკურნალობა როგორც ზოგადი, ისე ადგილობრივი.

  • რა რეკომენდაციები არსებობს შამპუნის შერჩევასა და თავის დაბანის სიხშირესთან დაკავშირებით?

როდესაც ქერტლი წარმოქმნილია გარეგანი ფაქტორის ზემოქმედებით, შესაძლოა სწორად შერჩეული შამპუნით მოვაგვაროთ პრობლემა. რაც შეეხება დაბანას – ხშირად არ შეიძლება. თავისა და ტანის კანზე წარმოიქმნება უხილავი წყალლიპიდური მანტია, რომელიც იცავს ჩვენს ორგანიზმს პათოლოგიური ფლორის შეღწევისაგან. ხშირი დაბანით ჩვენ ვაცილებთ კანს ამ მანტიას და კანი ხდება დაუცველი, უფრო ადვილად ღიზიანდება და შეიძლება მასში შეაღწიოს პათოლოგიურმა ფლორამ, მაგალითად, მეორადმა ინფექციამ. რა თქმა უნდა, ეს სოკოს განვითარებისთვის ხელშემწყობი ფაქტორია. სითბო, ტენიანობა, ნესტი – ეს ყველაფერი ხელს უწყობს სოკოს განვითარებას.

ზოგადად, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია თავის დაბანა 3-4 დღეში ერთხელ. როცა კანის სიმშარალეა გამოხატული, უფრო ნაკლები სიხშირით შეიძლება დაბანა, რადგან დაბანა, გელების, საპნის გამოყენა უფრო აშრობს კანს. კანის სიმშრალის დროს დაბანის შემდეგ უნდა გამოვიყენოთ კანის დამატენიანებლები.

ძალიან ბევრი სახის შამპუნი არსებობს დღეს, ის უნდა შევარჩიოთ კანისა და თმის ტიპის მიხედვით. არსებობს შამპუნები მშრალი თმისთვის, ცხიმიანი თმისთვის. არსებობს შამპუნები, რომელთა შემადგენლობაშიც შედის სოკოს საწინააღმდეგო ნივთიერებაც.

  • როგორ მკურნალობენ?

თუ ქერტლი არ ქრება შამპუნის შეცვლისა და სხვა ფაქტორების აღმოფხვრის შედეგად, აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმ-დერმატოლოგს. ის დაადგენს მიზეზს, თუ რა იწვევს ჭარბი ქეწრტლის წარმოქმნას და დანიშნავს სათანადო მკურნალობას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: