მთავარი,სიახლეები

რა ევალება მეპატრონეს, თუ ბინაში საყრდენ კედელს ცვლის – ინტერვიუ არქიტექტორთან

12.10.2021 • 6171
რა ევალება მეპატრონეს, თუ ბინაში საყრდენ კედელს ცვლის – ინტერვიუ არქიტექტორთან

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა. შენობის ჩამონგრევის გამომწვევ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს, რომელზეც ამჟამად მუშაობენ. თუმცა ითქვა, რომ კორპუსის ჩამონგრევა მზიდი ანუ საყრდენი კედლის მოშლამ გამოიწვია. რა ევალება როგორც ბინის მეპატრონეს, ასევე სამუშაოების შესრულებისთვის დაქირავებულ პერსონალს და რა შემთხვევაშია დაუშვებელი თვითნებური ცვლილება საცხოვრებელ სახლებში. ამ თემაზე „ბათუმელები“ არქიტექტორ გიორგი რამიშვილს ესაუბრა.

  • ბატონო გიორგი, ხშირად ადამიანები თვითნებურად ცვლიან სივრცეებს თავიანთ საცხოვრებელ ფართობში. რა შემთხვევაშია აუცილებელი სპეციალისტების შეფასება და რა შემთხვევაში შეუძლია მეპატრონეს არ გააკეთოს შეტყობინება სივრცის ცვლილებაზე?

კანონმდებლობაში ნათლად არის განსაზღვრული, თუ რა შემთხვევაში არ სჭირდება მეპატრონეს ნებართვა. თუ მეპატრონე ატარებს მხოლოდ რემონტს, რაშიც იგულისხმება მოპირკეთება, შეკეთება, აღჭურვა და ასე შემდეგ, როცა არ იცვლება შენობა-ნაგებობების იერ-სახე  და მზიდი კონსტრუქციები, ასეთ შემთხვევებში მეპატრონეს არ სჭირდება მერიისგან ნებართვა.

სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, ნებართვის მიღება აუცილებელია. კერძოდ: თუ იგეგმება მზიდი ელემენტების რეკონსტრუქცია – ახლით შეცვლა ან სხვა ტიპის კონსტრუქციით ჩანაცვლება, თუ იგეგმება მწყობრიდან გამოსული, დაზიანებული მზიდის გამაგრება. მაგალითად, მზიდ კედელს ბზარიც რომ ჰქონდეს და ამ ბზარის გამაგრებაც რომ დაიწყოთ, გჭირდებათ ნებართვა.

ასევე გჭირდებათ ნებართვა, თუ აპირებთ შენობის ინტერიერში მზიდ კონსტრუქციაში ღიობის გაჭრას. სულ მცირე ნახვრეტიც რომ გააკეთოთ მზიდ კონსტრუქციაში, ამასაც კი ნებართვა სჭირდება.

  • ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ცვლილების შემთხვევაში – ბინის, ფართობის მეპატრონეს, თუ იმ პირს, ვინც უშუალოდ ატარებს ასეთ სამუშაოებს?

პასუხისმგებლობა ეკისრება, პირველ რიგში, მენაშენეს და იმ პირებსაც, ვინც სამუშაოებშია ჩართული. მენაშენის პასუხისმგებლობაა სწორად შეარჩიოს სპეციალისტი და სამუშაოების დაწყებამდე შეაფასებინოს მდგომარეობა.

საბჭოთა პერიოდში განსხვავებული მიდგომები იყო, მაშინ ყველაფრის მეპატრონე სახელმწიფო იყო და პასუხისმგებლობაც მასზე მოდიოდა. შემდეგ, როცა შეიცვალა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ფორმაცია, სახელმწიფომ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყო ამ პასუხისმგებლობის ჩამოხსნა.

მოვედით დღემდე, როდესაც მენაშენე ანუ დამკვეთი არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ თვითონ შეარჩიოს შემსრულებელი სწორად. იქნება ეს არქიტექტორი, კონსტრუქტორი თუ სხვა. ყველაფერზე თვითონ აგებს პასუხს შემსრულებელთან ერთად.

ეს პასუხისმგებლობა ყველა მეპატრონეს უნდა ჰქონდეს გააზრებული. ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ თვითონ აგებს პასუხს თავის გადაწყვეტილებაზე. არა მარტო მეპატრონემ, იმანაც, ვინც პუშკინის ქუჩაზე დგას და იძახის, რომ ყველაფერი იცის და ანაზღაურების გამო ყველანაირ სამუშაოზე თანხმდება დამკვეთს.

  • ამაზეც მინდოდა მეკითხა, მუშახელს იმავე დოზით ეკისრება პასუხისმგებლობა, როგორც მეპატრონეს?

სამუშაოზე და შედეგზეც პასუხს აგებს მენაშენე, მესაკუთრე იმ ფართობის, ვინც მოიყვანა ეს მუშები და ის მუშაც, რომელმაც შეასრულა ესა თუ ის სამუშაო.

ამიტომ ვამბობ, რომ სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი მექანიზმების შექმნას, რომელსაც არ ქმნის. არამარტო ასეთ დონეზე, არამედ არქიტექტურის დონეზეც კი.

2018 წელს, როდესაც მიიღეს სამშენებლო კოდექსი, ითქვა, რომ 2022 წლისთვის შეიმუშავებდნენ არქიტექტორების ლიცენზირების მექანიზმს, რაც ამ დრომდე არ არის.

არქიტექტორებს და ინჟინერ-მშენებლებს უნდა მოეთხოვებოდეს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა ეს დოკუმენტი ვინ უნდა გასცეს, სახელმწიფომ თუ ნახევრად საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, როგორც გერმანიაშია მაგალითად, ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. შეგნებულად თუ შეუგნებლად, სახელმწიფოს ეს პროცესი არ მიჰყავს ბოლომდე.

მაგალითად, საბჭოთა პერიოდში ელექტრონული ნაწილიც კი ბარდებოდა, რადგან ხანძარი იყო გახშირებული. შემთხვევიდან გამომდინარე სახელმწიფო აკეთებდა ანალიზს და ცვლიდა წესებს შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ არ ვაკეთებთ. არც ერთ ჩვენს ხელისუფლებას ეს არ გაუკეთებია.

ის კანონებიც კი, რომლებიც გვაქვს, ურთიერთსაწინააღმდეგოა, რადგან ნაწილი ევროპულია, ნაწილი ამერიკული და სერიოზული არეულობაა მასში.

  • თქვენ ამბობთ, რომ მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება მეპატრონეს, რადგან ის არის ვალდებული სამუშაოები ჩაატაროს კვალიფიციური სპეციალისტების მითითებით. თუ მეპატრონეს არ აქვს საკმარისი პასუხისმგებლობა, როგორ უნდა დაიცვას თავი მეზობელმა ხიფათისგან, ან ისეთი ტრაგედიისგან, რაც ვნახეთ ბათუმში?

სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოება ჯერ კიდევ ვერ მომწიფდა ისე, რომ შექმნას თანამედროვე ადეკვატური სტრუქტურა. მაგალითად, კონსულტაციების ინსტიტუტი, რომელიც დაეხმარება ადამიანებს სპეციალისტებთან კონსულტაციაში.

თუ მე მინდა, რომ პირველ სართულზე გავაკეთო რაღაც, წესით, უნდა გავარკვიო, მჭირდება თუ არა ამ სამუშაოსთვის ნებართვა. თუმცა, თუ ამ სამუშაოებს ნებართვა არ სჭირდება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ მქონდეს საშემსრულებლო დოკუმენტაცია. გამართული დოკუმენტაცია ყველა ვარიანტში უნდა ჰქონდეს სამუშაოების მწარმოებელს.

  • რა იგულისხმება დოკუმენტაციაში?

უნდა ჰქონდეს ნახაზი წარმოდგენილი, თუ რა ცვლილება შეიძლება განხორციელდეს კონკრეტულ სიტუაციაში. რისი შეცვლა შეიძლება და რისი – არა. ასე ხელაღებით, რომ ხელი არ მოკიდო მზიდ კედელს, ეგეთი აკრძალვაც არ არის. უბრალოდ, თუ მზიდ კედელს ანაცვლებთ სხვა რამით, ან ღიობს აკეთებთ, აუცილებლად უნდა გქონდეთ შესაბამისი პროექტი, რომ არ მოხდეს კატასტროფა.

  • ამბობთ, რომ შეიძლება შეიცვალოს მზიდი კედელიც, რა შემთხვევაში და როგორ?

რა თქმა უნდა, შეიძლება. ბათუმში არსებობს ისეთი სახლები, სადაც გაკეთებულია მსგავსი ჩარევები, მაგრამ ეს უნდა გააკეთო ტექნიკურად სწორად, გააზრებულად, გონივრულად. პროექტი უნდა გააკეთო შესაბამისი გათვლებით, ბევრნაირი ხერხი არსებობს ამის. სახლები გადააქვთ ერთი ადგილიდან მეორეზე, ისეთი ტექნოლოგიებია დღეს, ყველაფრის გაკეთება შეიძლება, ოღონდ შესაბამისი კვალიფიკაციით. ამას სჭირდება სწორი საინჟინრო გადაწყვეტა. ხელაღებით და უპასუხისმგებლოდ არაფერი არ შეიძლება. ეს უნდა იყოს დეტალებამდე გააზრებული.

ამას ყველაფერს სჭირდება არა მარტო გონივრულად მომზადებული, არამედ მეტ-ნაკლებად მატერიალურად უზრუნველყოფილი საზოგადოებაც, რადგან ჩვენ სერიოზული პრობლემები გვაქვს ამ დარგშიც სიღარიბის გამო. სწორედ ამიტომ ქირაობენ არაკვალიფიციურ ადამიანებს მუშებად, თუმცა სიღარიბე არ გვათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან.

  • თქვენი აზრით, რა მოხდა 26 მაისი ქუჩაზე, კორპუსის ჩამონგრევისას?

ექსპერტიზა დაადგენს, რა თქმა უნდა მაგას, მაგრამ ჩემი აზრით, ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ყოფილიყო მზიდი კედლების მოშლა. მე ვიცნობ მაგ შენობის სქემას და ერთი მზიდი კედლის მოშლაც საკმარისი იქნებოდა მანდ, რომ ჩამოშლილიყო შენობა – ეგრეთ წოდებული სინკარებია ორივე მხრიდან ჩამოდებული. შეიძლება ბევრი სხვა ფაქტორიც დაერთო, ეგ არავინ იცის, მაგრამ მხოლოდ იმ კედლის გამოღება იქნება სრულიად საკმარისი თან პირველ სართულზე,  რომელსაც ზედა 7 სართულის წონა ადევს.

  • როცა ცვლილებებს ვგეგმავთ ე.წ. სინკარული ტიპის სახლში რა უნდა გავითვალისწინოთ აუცილებლად?

თუ მეპატრონე გონიერია, სამუშაოების დაწყებამდე აუცილებლად უნდა აჩვენოს ნახაზი კონსტრუქტორს და არქიტექტორს. კონსტრუქტორი ეტყვის, რამდენად სანდოა, მდგრადი და საიმედოა შენობა კონკრეტული ცვლილებისთვის. შეიძლება კვლევაც დასჭირდეს. ამ ორი სპეციალისტის კონსულტაცია მსგავსი ცვლილებების დროს აუცილებელია.

  • როგორც ვიცით, საცხოვრებელ კორპუსებში არსებობს „ამხანაგობები“. როცა რაიმე სერიოზული ცვლილება იგეგმება კორპუსში, მით უმეტეს, პირველ სართულზე, არ უნდა იცოდეს „ამხანაგობის“ თავმჯდომარემ?  

თუ ადამიანი აკეთებს სარემონტო სამუშაოებს და არ ეხება მზიდ კონსტრუქციებს, არც „ამხანაგობას“ არ უთანხმდება, მაგრამ სადაც საჭიროა ნებართვა, აუცილებლად უნდა ჰქონდეს ინფორმაცია „ამხანაგობასაც“.

  • როგორ ფიქრობთ, ჩამონგრეული კორპუსის „ამხანაგობას“ უნდა ჰქონოდა ინფორმაცია რა კეთდებოდა პირველ სართულზე?

დეტალები არ ვიცი, მაგრამ მეპატრონეს ხომ უნდა ეთქვა ვინმესთვის, რას აკეთებდა. მზიდ კედელში ნახვრეტიც რომ გააკეთო, ეს უკვე ნიშნავს შესაბამისი პროცედურების დაწყებას. ასეთი საკითხის შეთანხმება „ამხანაგობასთან“ აუცილებელია.

  • ხშირია შემთხვევა, როცა შენობა დასრულდება, შემდეგ იწყება სართულების დამატება. რამდენად დასაშვებია ეს, არ უქმნის დაშენებები შენობის მდგრადობას საფრთხეს?

ეს არის შესწავლის საგანი. დაშენების შემთხვევაში უნდა გაშიშვლდეს შენობის ფუნდამენტი ორივე მხრიდან, გეოლოგიურად უნდა მოხდეს შესწავლა, რადგან ყველაფერი ითვლება რეზერვით.  არის შემთხვევები, როცა შეიძლება დაშენება, მაგრამ არის შემთხვევები, როცა სპეციალისტი ამბობს, რომ მცირე რეზერვი აქვს შენობას, ამიტომ დააშენე ხის კონსტრუქცია ან სპეციალისტი გეტყვის, რომ ზღვარზეა რეზერვი და არ შეიძლება დაშენება.

მაგალითად, პირველი აფთიაქი ერთსართულიანი იყო, მაგრამ დაემატა ოთხი სართული. ძველი ბათუმი მასეა სულ დაშენებული. ამას სჭირდება კვალიფიციური საინჟინრო გადაწყვეტა, შემდეგ კი კარგ პროექტს კარგი შესრულება და ეს ცალკე თემაა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: