დღეს, 29 ოქტომბერს, აჭარის მთავრობის სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მომავალ, 2022 წლის ბიუჯეტზე ისაუბრა. მისი განცხადებით, უკვე განისაზღვრა ბიუჯეტის პარამეტრები, რომელიც მომავალი წლისთვის 436 მილიონ ლარს შეადგენს.
თორნიკე რიჟვაძის თქმით, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით იზრდება მუნიციპალიტეტებზე გადასაცემი ტრანსფერის მოცულობაც და მომავალი წლისთვის 135 მილიონით იქნება განსაზღვრული.
„ამ დაფინანსების ფარგლებში თითოეულ მუნიციპალიტეტში იგეგმება როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსების გაზრდა,“ – ამბობს რიჟვაძე.
მთავრობის სხდომაზე რიჟვაძემ ასევე თქვა, რომ ბათუმში ავარიულ სახლებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება მუნიციპალური პროგრამების ფარგლებშია გათვალისწინებული და ამისთვის მომავალი წლისთვის 20 მილიონი ლარი იქნება თვითმმართველობის ბიუჯეტში გათვალისწინებული.
„პირველ ეტაპზე დაკმაყოფილდება 630 ოჯახი, რომელიც ავარიულ სახლებში ცხოვრობს, ხოლო 2025 წლისთვის 3 ათასამდე ოჯახის იქნება უზრუნველყოფილი თანამედროვე საცხოვრისით,“ – ამბობს რიჟვაძე.
2021 წლის აჭარის ბიუჯეტი 414 მლნ ლარი იყო კორექტირების შემდეგ.