მთავარი,სიახლეები

რატომ არ აღადგინა „ოცნებამ“ სამართლიანობა სერჟანტ შავაძის საქმეზე – 13 წელი მკვლელობიდან

28.10.2021 • 1562
რატომ არ აღადგინა „ოცნებამ“ სამართლიანობა სერჟანტ შავაძის საქმეზე – 13 წელი მკვლელობიდან

„არანაირი საგამოძიებო მოქმედება არ ჩაუტარებიათ“, – ამბობს ადვოკატი რამინ პაპიძე „როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე“, თითქმის ერთი წლის შემდეგ მას აქეთ, როცა სტრასბურგის სასამართლომ სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა და თქვა, რომ „მიზანმიმართულად არ ჩატარდა ეფექტური გამოძიება“.

ამჯერადაც ვერ ამოქმედდა „ოცნების“ ცნობილი დაპირება: „სამართლიანობის აღდგენა“ იმის მიუხედავად, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები, წინა წლების მსგავსად, ყველაზე ხშირად სააკაშვილის ხელისუფლების დანაშაულებრივი რეჟიმს ახსენებენ, მათ შორის, იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც დღეს ვიცე-პრემიერია.

აგვისტოს ომის მონაწილე სერჟანტის მკვლელობიდან უკვე 13 წელი გავიდა.

სერჟანტი როინ შავაძე ბათუმში 2008 წლის 16 აგვისტოს მოკლეს. ის ცხინვალის ბრძოლებიდან დაბრუნების მეორე დღეს, 16 აგვისტოს, ბათუმში ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა დააკავეს. თვითმხილველების თქმით, ქუთაისის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ნიღბიანები იძახდნენ, რომ სამშობლოს მოღალატეს აკავებდნენ. იმავე საღამოს როინ შავაძე ოჯახის წევრებმა მორგში მკვდარი იპოვეს.

როინ შავაძეს ოფიციალური ბრალდება არა სამშობლოს ღალატს, არამედ ნარკოტიკს უკავშირდება.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გასული წლის 19 ნოემბერს გამოქვეყნდა, არჩევნების მეორე ტურამდე ორი დღით ადრე. მაშინ ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა სერჟანტის საქმის გამოძიების ერთ-ერთმა პასუხისმგებელმა პირმა – რესან კონცელიძემ. ის ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო პარლამენტში, დღეს კი დეპუტატია.

დაწინაურდა ამ საქმის პროკურორიც – ვასილ როინიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გახდა.

დაახლოებით ერთი წლის წინ, წინასაარჩევნოდ, როცა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი, „ოცნების“ ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას შეასრულებდნენ, რაც როინ შავაძის ქვრივისთვის კომპენსაციის გადახდის გარდა ეფექტური გამოძიების ჩატარებას გულისხმობს.

ერთი წლის შემდეგ „ბათუმელები“ დაინტერესდა – რა შეიცვალა?

ადვოკატი რამინ პაპიძე, რომელიც დაზარალებულად ცნობილი სერჟანტის ქვრივის ინტერესებს იცავს, ამბობს, რომ ხელისუფლებას ერთი საპროცესო მოქმედებაც კი არ ჩაუტარებია.

„ეს საქმე ისევ თაროზეა შემოდებული… მუდმივად მაქვს კონტაქტი გამომძიებლებთან. გაცნობებთო, სულ ამას ამბობენ.

ჩვენ ველოდებით წლისთავს, როცა სტრასბურგის სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მიიღო და შემდეგ ოფიციალურად მივმართავთ შესაბამის საერთაშორისო სტრუქტურებს. როგორც იცით, სტრასბურგის გადაწყვეტილების შეუსრულებლობა იწვევს პოლიტიკურ და ფინანსურ სანქციებს,“ – ამბობს ადვოკატი რამინ პაპიძე.

რამდენად არსებობს ობიექტური გამოძიების შესაძლებლობა ახლა? – ადვოკატი განმარტავს, რომ საქმეში 12-მდე მოწმის ჩვენებაა, რომლებსაც აღიარებითი ჩვენება აქვთ გამოძიებისთვის მიცემული.

„ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაკითხულია აჭარის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სპეცდანიშნულების დაახლოებით 12 თანამშრომელი. მათ აღიარებული აქვთ, რომ ჩაიდინეს როინ შავაძის მკვლელობა იმ მიზნით, რომ თავიდან აეცილებინათ თითქოსდა როინ შავაძის მხრიდან შეიარაღებული თავდასხმა… ამბობენ, რომ როცა დაკავებული სერჟანტი თბილისში გადაჰყავდათ, გაქცევას აპირებდა, იარაღის ხელში ჩაგდება მოახერხა და ჩვენი მისამართით დაიწყო სროლა, ამ დროს მოვახდინეთ მისი ლიკვიდაციაო, რაც ზღაპარია.

ასევე დასტურდება, რომ ჩხრეკა იქ არ ჩატარებულა, ამას 60 კაცი ადასტურებს და გამომძიებელიც, ვინც ყალბი ოქმი შეადგინა, პასუხისგებაში არ მიუციათ,“ – აღნიშნავს რამინ პაპიძე.

ადვოკატი მიიჩნევს, რომ საქმის გამოძიების ნება რომ ჰქონოდა საგამოძიებო ორგანოს, მარტივად შეიძლებოდა იმის დადგენა, ვინ დაავალა გამომძიებელს ყალბი ოქმის შედგენა და პროკურორიც, რომელიც პასუხის მოთხოვნის ნაცვლად დააწინაურეს, იტყოდა: რატომ წარმართა გამოძიება არასრულად.

„თემურ პატარაძე [აჭარაში კუდის ყოფილი უფროსი] როცა დაჭერილი ჰყავდათ, დაკითხეს. მან თქვა – მერაბიშვილმა დამავალა შავაძის თბილისში გადაყვანაო. ერთი კითხვაც არ დაუსვეს მერაბიშვილს ამ საქმეზე,“ – დასძინა რამინ პაპიძემ „ბათუმელებთან“.

რა ეტაპზეა „როინ შავაძის მკვლელობის საქმის გამოძიება“? – ვკითხეთ დანაშაულის ჩადენიდან 13 წლის შემდეგაც პროკურატურის პრესცენტრს. თუმცა პასუხი არც ამჯერად მიგვიღია.

პასუხი არც თეა წულუკიანმა გაგვცა. მას მივწერეთ: რატომ არ გააქტიურდა საგამოძიებო მოქმედებები მას შემდეგ მაინც, როცა უკვე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ დასდო ბრალი „ოცნების“ ხელისუფლებას არაეფექტურ გამოძიებაში?

თეა წულუკიანმა გუშინ, 27 ოქტომბერს, თბილისში მმართველი პარტიის მიერ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა: „სააკაშვილო, გამოიხედე ციხის საკნიდან, ნახე, რამდენი თავისუფალი ქართველია აქ, რომელსაც ახსოვს შენი მოძალადეობრივი რეჟიმი, რომელსაც არ უნდიხარ.“

ამ საქმეზე:

„სახელმწიფოს დაევალება გამოძიება“ – სტრასბურგის ყოფილი მოსამართლე სერჟანტ შავაძის საქმეზე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: