საჯარო სხდომა დამალული საკითხებით – როგორ ამტკიცებენ ბათუმის ბიუჯეტს

პირველად ნამდვილად არ ხდება, როცა ბათუმის საკრებულო მომავალი სხდომის დაანონსებისას აქვეყნებს განსახილველი საკითხების მცირე ჩამონათვალს, სხდომის წინა დღეს კი მათი რიცხვი იზრდება: გამოქვეყნებულ დღის წესრიგს არაერთი ახალი საკითხი ემატება და უმეტესწილად ეს საკითხები მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის.

დღევანდელ შემთხვევაში საკრებულომ არც მეტი არც ნაკლები, განსახილველ საკითხებს მომავალი წლის ბიუჯეტი და არა მხოლოდ ბიუჯეტი დაამატა.

საკრებულოს ეს ქმედება წინააღმდეგობაში მოდის კანონთან, რადგან კანონი პირდაპირ ითხოვს დღის წესრიგის გასაჯაროებას. გადაწყვეტილების მიმღები გვეუბნება, რომ საკუთარ რეგლამენტს ეყრდნობა, სადაც ცოტა ხნის წინ 64-ე მუხლში სწორედ ბიუჯეტის განხილვის ვადებთან დაკავშირებული ცვლილებები შეიტანეს, რომ მომავალში ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტის იმ ფორმით განხილვა გაემართლებინათ, როგორც ამას ხვალ, 26 ნოემბერს დაგეგმილ სხდომაზე აპირებენ.

26 ნოემბერს დაგეგმილი სხდომის შესახებ ბათუმის საკრებულომ ინფორმაცია 16 ნოემბერს გამოაქვეყნა, შვიდი სამუშაო დღით ადრე. ამ შემთხვევაში კანონით განსაზღვრული წესი თარიღებთან დაკავშირებით დაცულია.

თუმცა, 16 ნოემბერს გამოქვეყნებულ დღის წესრიგში მხოლოდ სამი საკითხი იყო, მათ შორის არც ბიუჯეტი ყოფილა და არც ბევრი სხვა საკითხი, რომლის განხილვასაც საკრებულო ხვალ გეგმავს.

საკრებულომ ბიუჯეტი, ისევე, როგორც სხვა რამდენიმე საკითხი, სხდომის წინა დღეს დამატებით საკითხად შეიტანა დღის წესრიგში, რაც საჯაროობის პრინციპის დარღვევაა.

საკრებულოს, როგორც არჩეულ კოლეგიურ ორგანოს თვითმმართველობის კოდექსი საჯაროობის პრინციპის დაცვას ავალებს. დაინტერესებულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გაეცნოს დღის წესრიგს და თუ იქ მისთვის საინტერესო საკითხია, დროულად მიიღოს ამის შესახებ ინფორმაცია.

თვითმმართველობის კოდექსი ამბობს, რომ სხდომა, ისევე როგორც საკრებულოს მიერ მიღებული  აქტები, საჯარო უნდა იყოს. კოლეგიური ორგანოს სხდომის საჯაროობის მისაღწევად კონკრეტულ თარიღებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი აწესებს.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ამბობს:

„კოლეგიური საჯარო დაწესებულება ვალდებულია ერთი კვირით ადრე საჯაროდ გამოაცხადოს მომავალი სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე მისი დახურვის შესახებ.“

ამ შემთხვევაში საკრებულომ ნამდვილად  დაიცვა თარიღებთან დაკავშირებული წესი, მაგრამ სრულ დღის წესრიგზე წვდომა არ გვქონია.

რა ხდება მაშინ, თუ სხდომა რიგგარეშეა, აუცილებლობით არის მისი მოწვევა განპირობებული? – გადაუდებელი აუცილებლობისას კოლეგიური საჯარო დაწესებულება, ანუ საკრებულო უფლებამოსილია ჩაატაროს სხდომა კანონით გათვალისწინებული ზემოთ ნახსენები წესების დაუცველად.

„ამ შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოაცხადოს სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე მისი დახურვის შესახებ.“

ხვალ, 26 ნოემბერს, საკრებულო არა რიგგარეშე სხდომას, არამედ „მორიგ სხდომას“ მართავს.

კიდევ ერთი, საკრებულოს რეგლამენტი კანონზე უპირატესი ვერ იქნება და ვერც რეგლამენტში ჩაიწერება ისეთი რამ, რაც კანონს შეეწინააღმდეგება და საჯაროობის პრინციპს უგულებელყოფს.

თუმცა, საკრებულოს იურისტი სულიკო შვენთიძე განმარტავს, რომ ბათუმის საკრებულოსთვის, როგორც თვითმმართველი ორგანისთვის, უპირატესია თვითმმართველობის კოდექსი, რომელიც საკრებულოს საშუალებას აძლევს კონკრეტული თარიღები განსაზღვროს.

  • რა წერია ბათუმის საკრებულოს რეგლამენტში?

რაც ბათუმის საკრებულოს რეგლამენტში სხდომის დღის წესრიგის საჯაროობასთან დაკავშირებით  წერია, კანონს ნამდვილად არ ეწინააღმდეგება, სხვა საქმეა რამდენად ასრულებს საკრებულო ამ ჩანაწერს.

რეგლამენტი ამბობს:

 სხდომაზე განსახილველი საკითხების დღის წესრიგი, სხდომაზე განსახილველი (ინიცირებული) სამართლებრივი აქტების პროექტები ქვეყნდება სხდომის ჩატარებამდე ერთი კვირით ადრე საკრებულოსა და მერიის ადმინისტრაციულ შენობაში საჯარო გაცნობისთვის ხელმისაწვდომ და თვალსაჩინო ადგილას არსებულ საინფორმაციო დაფაზე განთავსების ფორმით და საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.batumicc.ge. ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია და დოკუმენტები შესაძლებელია გამოქვეყნდეს საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით წინასწარ
განსაზღვრულ მასობრივი ინფორმაციის შესაბამის ბეჭდვით საშუალებებში.

სულიკო შვენთიძე კი განმარტავს, რომ საკრებულოს უფლებამოსილია დაამტკიცოს როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი საკითხები, რომლებიც მოგვიანებით შედის დღის წესრიგში, რადგან გასავლელია რიგი პროცედურებისა – კომისიები, ბიურო და ასე შემდეგ. თუმცა რატომღაც ხშირად აღმოჩნდება ხოლმე, რომ დამატებითად მიჩნეული საკითხები ძირითად საკითხებზე მნიშვნელოვანია.

„მე მაინც ვფიქრობ, რომ საჯაროობის პრინციპი არ ირღვევა, ასე შეიძლება ვიდავოთ, რომ ვინც ორი დღით ადრე ვერ ნახა გამოქვეყნებული საკითხები, შეიძლებოდა ერთი კვირით ადრეც ვერ ენახა. გარდა ამისა, საჯაროა კომისიების და ბიუროს სხდომები“, – ამბობს სულიკო შვენთიძე.

თუმცა ფაქტია ისიც, რომ დღეს, 25 ნოემბერს, ბიუროს სხდომაზე დასწრების საშუალება საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარეს არ მისცეს. ის მოქალაქეებთან ერთად მომავალი წლის ბიუჯეტის ნაჩქარევად განხილვას აპროტესტებდა.

___

მთავარი ფოტო: ბიუროს წევრი ენმ-დან მირდატ ქამადაძე, საკრებულოს თავმჯდომარეს სულიკო თებიძეს მოუწოდებს, ვადაგასულმა საკრებულომ არ დაამტკიცოს 2022 წლის ბიუჯეტი

„ზეწოლა არ ფიქსირდება“ – ტიტე აროშიძე ნუგზარ ფუტკარაძის სავარაუდო მოსყიდვასა და შანტაჟზე

„ყველა ნორმა დაცულია,“ – ეს ორჯერ გაგვიმეორა დღევანდელ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ტიტე აროშიძემ, რომელსაც ვკითხეთ: რატომ არის „ქართული ოცნებისთვის“ პრინციპულად მიუღებელი, გაითვალისწინოს ამომრჩევლის ნება – ახალარჩეულმა საკრებულომ დაამტკიცოს ბათუმის ბიუჯეტი?

მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოს ახალი შემადგენლობა არჩეულია, ახალი ბიუჯეტის დამტკიცებას წინა მოწვევის საკრებულო აპირებს – ხვალ, 26 ნოემბერს.

„მათ უნდათ, რომ გააჩერონ მთლიანად ქალაქი და ამას არ დავუშვებთ… „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა არ შეიძლება. ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანაში იყოს არეულობა და დესტაბილიზაცია,“ – განაცხადა ტიტე აროშიძემ ბრიფინგზე და დასძინა, რომ ენმ-ს ამის შესაძლებლობას არ მისცემენ.

„ყველა ნორმა დაცულია, ყველა პროცედურა გავლილია. შესაბამისად, არანაირი კანონი არ ირღვევა ხვალინდელ სხდომაზე,“ – ნორმებზე აქცენტირებით სცადა მმართველი პოლიტიკური პარტიის წევრმა კითხვის არიდება.

ტიტე აროშიძეს ჟურნალისტებმა გავახსენეთ ისიც, რომ 2017 წელს, როცა ახალი მოწვევის საკრებულო შეიკრიბა, მაშინაც ახალმა შემადგენლობამ დაამტკიცა შემდეგი წლის ბიუჯეტი და შემდეგ წლებშიც დეკემბრის ბოლოს მტკიცდებოდა ბიუჯეტი.

ტიტე აროშიძეს ვკითხეთ საკრებულოსგან მერიის კონტროლის უფლებაზეც, რაც ამ შემთხვევაში საკრებულოს არ მიეცემა, რადგან ბიუჯეტი მას არ ექნება დამტკიცებული.

„დამტკიცებული ბიუჯეტის გაკონტროლება შეეძლება, რა თქმა უნდა, ახალი მოწვევის საკრებულოს,“ – გამოსავალი იპოვა ტიტე აროშიძემ.

კითხვების დასმამდე ტიტე აროშიძემ სამართალდამცავებს მოსთხოვა ხვალინდელი სხდომის „ნორმალურ პირობებში ჩატარება“.

დღევანდელ ბრიფინგზე ტიტე აროშიძე გამოეხმაურა ენმ-ს მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც საკრებულოს წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის სავარაუდოდ მოსყიდვას „ქართული ოცნება“ 100 ათას დოლარად ცდილობდა.

„გამოძიება დაწყებულია და ყველა კითხვას გასცემს პასუხს,“ – აღნიშნა ტიტე აროშიძემ. მას ვუთხარით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ასევე პროკურატურამ უარი თქვა სავარაუდო მოსყიდვის ფაქტის გამოძიებაზე.

გამოძიება შსს-მ 18 ნოემბერს დაიწყო, როცა ბათუმის საკრებულოს წევრი ენმ-დან ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა და ამ საქმის ფარგლებში დაიბარეს დღეს გამოსაკითხად რამდენიმე ოპოზიციონერი. გამოძიებას, მაგალითად, ამ დრომდე არ დაუწყია იმ ჩანაწერის ავთენტურობის კვლევა, სადაც საკრებულოს წევრის სავარაუდო მოსყიდვაა ასახული.

„არ ვარ კომპეტენტური, რა დეტალებს შეიცავს გამოძიება,“ – აღნიშნა ტიტე აროშიძემ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება – ჩანაწერი ნამდვილიც რომ იყოს, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, ტიტე აროშიძე ზეწოლას ვერ ხედავს იმ ჩანაწერში, რაც გუშინ გავრცელდა ნუგზარ ფუტკარაძის შესახებ.

„გამოძიება დაადგენს ამ ჩანაწერის ავთენტურობას, თუმცა მის გარეშეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნუგზარ ფუტკარაძის მიმართ ზეწოლა არ ფიქსირდება…“ – მიიჩნევს ტიტე აროშიძე. მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ პირები, რომლებიც ჩანაწერში ფიგურირებენ, არ აქვთ კავშირი „ქართულ ოცნებასთან“.

რა შრომა სჭირდება მატყლის წინდების მოქსოვას – ტრადიცია აჭარაში, რომელიც იკარგება

აჭარელი ქალები მაღალმთიან სოფლებში დღემდე ამუშავებენ მატყლს, თუმცა ეს ტრადიცია ნელ-ნელა იკარგება.

აჭარაში უკვე აღარ ამზადებენ იმ ხელსაწყოებსაც, რომლებსაც მატყლის ძაფის დასართავად იყენებენ, თუმცა ხერტალი, კვირისთავი, ჭახრაკი და საჩეჩელი აჭარაში ჯერ კიდევ აქვთ შემონახული. ქალები, რომელთაც იციან ეს საქმე, მატყლის დამუშავებისთვის აუცილებელ ხელსაწყოებს უფრთხილდებიან.   

აჭარაში მატყლის ძაფის დამზადების და ქსოვის კულტურა შედარებით უფრო  ხულოში, სოფელ ღორჯომშია შენარჩუნებული. „ბათუმელები“ აქ მცხოვრებ ორ ქალს – ესმა ადაძესა და შუშანა ბერიძეს ესაუბრა. 

  • „ოჯახში ახლა მატყლის წინდებს მხოლოდ ბებია და ბაბუა იცვამს“

„ადრე ხშირად ქსოვდნენ მატყლის ძაფით, ახლა იშვიათად ქსოვენ. ვისაც აინტერესებს, ახლაც მოქსოვს, მაგრამ ინტერესი დაიკარგა. 

საჩეჩელი რომ დაანახო ახლა ვინმეს, ვერ მიხვდება რა არის, აღარ უნდათ ეს საქმე.

ჩემს ახალგაზრდობაში ქსოვა რომ არ გცოდნოდა, სირცხვილი იყო,“ – ამბობს ესმა ადაძე სოფელ ღორჯომიდან. 

ღორჯომში მცხოვრებ ქალებს დღის განმავლობაში ძალიან ბევრი საქმე აქვთ, მატყლის ძაფის დასამზადებლად და საქსოვად დრო ცოტა რჩებათ. 

„ზამთარში დილით საქონელს ვუვლით, რძეს ვამუშავებთ, ვალაგებთ და მხოლოდ  ამის შემდეგ ვქსოვთ. ზაფხულში ქსოვისთვის დრო საერთოდ  არ გვრჩება, ბევრი საქმეა, ჭალაა, ყანაა, სხვა ათასი საქმეა კიდევ“ –  ჰყვება ესმა. 

ესმა ადაძე

ესმას ქსოვა დედამ და ბებიამ ასწავლეს. ის „ბათუმელებთან“ საუბრისას იხსენებს, რომ  წინდისთვის ქუსლის ამოქსოვა კარგად არ გამოსდიოდა და გათხოვების შემდეგ დედამთილისგან ისწავლა.

„ბებიაჩემი, დედამთილი, ჩვენზე უფროსი ქალები  მრავალფეროვანი ორნამენტებით ქსოვდნენ. ჩვენც ვიცით სხვადასხვა ორნამენტის წინდაზე, ქუდებზე, ხელთათმანებზე ამოქსოვა, მაგრამ მათი ნაქსოვები უფრო დახვეწილი იყო, ვიდრე ჩვენია,“ – ამბობს ესმა.

მზითვში მატყლის ძაფისგან მოქსოვილი ნივთების, საბნებისა და  ლეიბების ჩუქების ტრადიციას დღემდე ინარჩუნებენ ღორჯომში მცხოვრები ქალები. 

„ერთი საბნის შეკერვას 4-5 კილოგრამი მატყლი, ხოლო ლეიბს – 25-30 კილოგრამი სჭირდება. შვილის გასამზითვებლად 40-50 კილოგრამი მატყლი მაინც არის საჭირო.

მატყლს ვყიდულობთ. ფასი სულ სხვადასხვაა, ხან 2 ლარი ღირს კილოგრამი, ხან – 3, ხან – 4. რაც უკეთესია მატყლის ხარისხი, მით მეტია ფასი.

გრძელბეწვიანი მატყლი ზაფხულში აქვს ცხვარს, ხოლო მოკლებეწვიანი – ზამთარში, რადგან ზამთარში, ძირითადად, წევს ცხვარი. 

მე მზითვში 5 წყვილი წინდა გამომატანეს ქმრისთვის, მატყლის საბნები და ლეიბები.  მეც გავამზითვე ჩემი შვილები.

ღორჯომში დღემდე აკვანში ვაწვენთ ჩვილებს და აკვნის დასაგებს მატყლითაც ვკერავთ”.  – გვითხრა ესმამ. 

იგი ამბობს, რომ მატყლის ძაფის დამუშავებისთვის საჭირო ტექნიკას დღეს აღარ აკეთებენ. 

„საჩეჩელი, ხერტლები, ჭახრაკი რომ მოვედი ქმრის ოჯახში, დამხვდა, დედამთილს თავისი დედამთილის ნაქონი ჰქონდა, ამ ნივთებმა 4-5  თაობას გაუძლო“. 

ესმა ადაძე

ესმა გვიყვება, რომ ბავშვობაში გაჩეჩილ მატყლს მეზობელ ქალებს ურიგებდნენ ის და მისი თანატოლი გოგონები. ქალები მატყლს გოგონებისთვის ართავდნენ და უბრუნებდნენ, რათა ესა თუ ის ნივთი მოექსოვათ. ესმა ამბობს, რომ დღეს ამას აღარავინ აკეთებს, რადგან ბევრი აღარ ქსოვს. 

„ოჯახში ახლა მატყლის წინდებს მხოლოდ ბებია და ბაბუა იცვამს. ჩვენს ნაქსოვებს ძირითადად სტუმრებს ვჩუქნით.

ხანდახან ვყიდით ბახმაროს მთაშიც. ყიდულობენ ტურისტები, რომელთაც რევმატიზმი აწუხებთ, რადგან მატყლი რევმატიზმს შველის.” – გვიყვება ესმა ადაძე. 

  • „იმდენი წვალება უნდა, ჩაცმა აღარ მოგინდება“

„მატყლის ძაფით ქსოვას იმდენი ამბავი და წვალება უნდა, ჩაცმა აღარ მოგინდება.

ვცდილობთ, რომ ეს საქმე ვაცოცხლოთ, მაგრამ ხელშეწყობა არ გვაქვს. გასაღების პრობლემაა, ვერ ვყიდით. 

ამ საქმეს დიდ დროს ვერ უთმობენ ქალები სოფლის სხვა საქმეებიდან გამომდინარე, ახალგაზრდებსაც აღარ უნდათ ეს საქმე, რაში გამოიყენონ?” – გვითხრა 55 წლის მედეა ბერიძემ ღორჯომიდან.

მედეა ბერიძე

ღორჯომელი ქალები მატყლს წალკაში ყიდულობენ მეცხვარეებისგან იქ მცხოვრები ნათესავებისა და ნაცნობების დახმარებით, ძირითადად გაზაფხულსა და შემოდგომაზე. 

„მატყლს ძალიან რთულად ვყიდულობთ, წალკაში ვრეკავთ და ვაგზავნინებთ ნათესავებს, ძალიან ვწვალობთ. იშვიათია, რომ გასაყიდად მოიტანონ ადგილზე. 

ახლა ხშირად არავინ იცვამს წინდებს, მაგრამ ვქსოვთ, თავს ვიქცევთ, ვჩუქნით. 

მატყლისგან საბნებსა და ლეიბებსაც ვკერავთ, რადგან ხულოში ცივი ზამთარი იცის.

მატყლის საბნებსა და ლეიბებს ყოველწლიური განახლება სჭირდება, ყოველწლიურად უნდა გამოყარო მატყლი, გარეცხო, გაჩეჩო, გაწკეპლო და შემდეგ ისევ შეკერო.

თუ მატყლის საბნებსა და ლეიბებს არ განაახლებ, მალე გაფუჭდება, დაობდება” – გვითხრა მედეამ. 

საჩეჩელი

მედეას მზითვშიც იყო საჩუქრად მატყლის საბნები, ლეიბები, წინდები და ტრადიციისამებრ, თავადაც გაატანა საჩუქრად შვილებს ეს ნივთები.

„ჩვენ ჩვენს ტრადიციებს არ ვკარგავთ, მატყლისგან შეკერილი და ნაქსოვი ნივთები ძვირფას საჩუქრად მიიჩნეოდა, სასიძოსთვის განსაკუთრებულ წინდებს არჩევდნენ, რომელზეც მრავალფეროვანი ორნამენტებით ნაქსოვი ფიგურები ან ცხოველები იყო გამოსახული“. 

ესმა  და მედეა მატყლის სამკურნალო თვისებებზეც საუბრობენ, მათი თქმით,  მატყლის ძაფისგან ნაქსოვი წინდა, რეიტუზი თუ წელის სახვევი, შველის სახსრის ტკივილსა და ანთებებს. 

  • 12 ნაბიჯი მატყლის ძაფის მისაღებად 

52 წლის ესმა ადაძე და 55 წლის მედეა ბერიძე გვიყვებიან 12  ნაბიჯზე, რომლებიც უნდა გაიაროს მატყლმა ძაფის ფორმის მისაღებად. 

ესმა ადაძე
  1. მშრალი მატყლი  იწმინდება ზედმეტი ჭუჭყისგან, რასაც ცხვარი მინდორში ბალახობისას მჭიდროდ იკრავს. 
  2. მატყლი ხარისხდება, გრძელბეწვიანი მატყლი წინდებისა და სხვა ნივთების მოსაქსოვად გამოიყენება, შედარებით მოკლებეწვიანი მატყლი – საბნებისა და ლეიბების შესაკერად. 
  3. დახარისხებული მატყლი ლბება წყალში, რათა ღრმად ჩამჯდარი ჭუჭყი ამოვიდეს. მატყლს რამდენჯერმე ეცვლება წყალი და 2-3 დღე ჩერდება. 
  4. კარგად გასარეცხად მატყლი პატარ-პატარა ნაწილებად უნდა დაყო და ცალ-ცალკე გარეცხო თბილი წყლით. 
  5.  გარეცხილი მატყლი რამდენჯერმე ივლება გამდინარე წყალში.
  6. მატყლის მაღალი ხარისხისთვის მნიშვნელოვანია მისი კარგად გაშრობა.  მაღალმთიან აჭარაში მატყლი გასაშრობად ძირითადად სახლის სახურავებზე ააქვთ, მზეზე აშრობენ და რამდენჯერმე აბრუნებენ, რათა მატყლში ნესტი არ დარჩეს. 
  7.  სუფთა მატყლის ფენები ცალკევდება. საჭიროა მატყლის გაწეწვა ხელით, ამ პროცესს მაღალმთიან აჭარაში „გაღენკვას“ ეძახიან.  
  8.  „გაღენკილი“ მატყლი მყარი თხილის ჯოხით იწკეპლება, რათა საბოლოოდ გასუფთავდეს. 
  9. გაწკეპლილ მატყლს „საჩეჩელზე“ ჩეჩავენ. ამ დროს მატყლი ივარცხნება, ეცლება უხეში ნაწიბურები და პატარ-პატარა ბალიშებად იკვრება, რასაც „ფითილებს“ ეძახიან. 
  10. „ფითილში“ შეყვანილი მატყლი ირთვება ხერტალზე. ხერტალზე მატყლს სწრაფად აბრუნებენ და ამასთან მაღლა ექაჩებიან, რაც მატყლს ძაფის ფორმის მიღებისკენ უბიძგებს. ერთი წყვილი წინდისთვის საჭირო ძაფის დართვას 2-3 დღე სჭირდება. 
  11. დართული ძაფის სამ ყურს ერთად კრავენ და ახვევენ, რათა სათანადო სიმყარის ძაფი შეიკრას. ამ პროცესს აჭარაში დალანდვას ეძახიან. 
  12. დალანდული ძაფის საბოლოო ეტაპია ჭახრაკზე დაგრეხა, იგივე დაძახვა. ჭახრაკის სწრაფი ბრუნვა სამყურა ძაფს მჭიდროდ კრავს.

ამის შემდეგ მატყლის ძაფი მზადაა მოსაქსოვად. 

მატყლი ფერადი წინდების, ჟილეტების, ქუდებისა და სხვა ნივთების მოსაქსოვად იღებება კიდეც. 

ძაფს მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ქალები სხვადასხვა მცენარისა და ბოსტნეულის ნახარშით ღებავენ, ეს შეიძლება იყოს სტაფილოს, ჭარხლის, ხახვის, კაკლის და მუხის ქერქის ნახარში. 

მატყლის შესაღებად საჭიროა შესაღები მასალის კარგად მოხარშვა და გაწურვა, შემდეგ კი გაწურულ ნახარშთან ერთად მატყლის ძაფის ნელ ცეცხლზე ადუღება და 24 საათი გაჩერება. 

თოზუ – უფლებადამცველი გოგო იორმუნღალოდან

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუნღალოში სულ 2200-მდე ადამიანი ცხოვრობს. სოფელი ქართველი აზერბაიჯანელებითაა დასახლებული. 26 წლის თოზუ გულმამედლიც იორმუნღალოდანაა. ოთხი თვეა, რაც თანამოაზრეებთან ერთად სოფელში სათემო ცენტრი დააარსა. ცენტრი იქნება სივრცე, რომელიც დაეხმარება ახალგაზრდებს განვითარებასა და გაძლიერებაში.

აზერბაიჯანულ თემში ქალთა უფლებადამცველად თოზუ ისე იქცა, რომ ამაზე არც უფიქრია. მერე თანამოაზრეები გაიცნო და აღმოაჩინა, რომ არიან ადამიანები, ვინც მასავით წუხს, განიცდის და გრძნობს მოქმედების აუცილებლობას, როცა ქალებზე ძალადობენ ოჯახში და ოჯახს მიღმა, როცა მათი უფლებები პირდაპირ თუ ირიბად ირღვევა.

თოზუ გულმამედლი 2021 წლის კატო მიქელაძის პრემიის ერთ-ერთი ნომინანტია.

როგორია თოზუსთვის ეს გზა? რა წინააღმდეგობები ხვდება მას, როცა ქალების უფლებებს იცავს; როცა აზერბაიჯანულ თემში ტაბუირებულ თემებზე საუბრობს; რა პრობლემები აქვთ და რა სჭირდებათ ახალგაზრდებს იორმუნღალოში; რა ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ განსაზღვრა მისი არჩევანი ებრძოლა ქალებისთვის.

„ბათუმელებთან“ თოზუ გულმამედლი ამ და სხვა თემებზე საუბრობს.

თოზუ გულმამედლი: 

ბავშვობიდანვე, როცა ვხედავდი ქალებს უსამართლოდ ექცეოდნენ, პროტესტის მძაფრი შეგრძნება მქონდა, შინაგანი ხმა მკარნახობდა, რომ ასე არ უნდა ყოფილიყო.

ყველა მარწმუნებდა, სხვების ამბავი ჩვენი საქმე არააო, ყველას ღრმად სწამდა, რომ „სხვები საქმეში“ ჩარევის უფლება არ გვაქვს და წესი ასეთია.

როცა გავიზარდე, გავიცანი ხალხი, ვინც თურმე ქალებს იცავს. არც მიფიქრია ოდესმე, აქტივისტი გავმხდარიყავი, თავისთავად ასე მოხდა.

  • „შენ გოგო ხარ და გაჩუმდი!“

სახელსაც ვერ ვარქმევდი, რა იყო ჩემი პროტესტი. ფემინისტი ვყოფილვარ. ეს მერე გავიგე.

ბუნებრივად ასე მოხდა, სულ ქალების ჩაგვრა, მათი წუხილი და უსამართლო ყოფა მქონდა ცხვირწინ.

მეგობრებთან, მეზობლებთან, ჩემთან სახლში, ოჯახებში, სადაც მივდიოდი მხოლოდ ამაზე ვსაუბრობდი, მხოლოდ ამ წუხილებს ვაკვირდებოდი.

ამ არჩევნებზე კენჭს ვიყრიდი საკრებულოში, მე ვიყავი პირველი ქალი კანდიდატი იორმუნღალოდან, ვინც არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა. დიდი პრობლემა იყო, გაუჭირდათ იმ აზრის მიღება, რომ ქალი შეიძლება იყოს პოლიტიკაში. ვერ გავიმარჯვე, არ მქონდა დიდი მხარდაჭერა.

მინდოდა შემეცვალა რაღაცეები.

თოზუ გულმამედლი

რაც თავი მახსოვს, მახსოვს ისიც, რომ ბევრი რამ არ მომწონდა, სახლში, სოფელში, სკოლაშიც.

„შენ გოგო ხარ და გაჩუმდი!“ – ხშირად გვეუბნებოდნენ ასე.

ჩვენი ცხოვრება ასეთი და კიდევ ბევრნაირი სექსისტური შეგონებით იწყება და მთავრდება. მთელი დღე ბრძოლაში ვართ.

ემოციურად ძალიან რთულია, როცა მტერივით გიყურებენ სიმართლისთვის, ღიად საუბრისთვის.

ეს მტრული დამოკიდებულება ჩანს მზერაშიც კი, კომენტარებში, ჩალაპარაკებებში, ყოველი ფეხის ნაბიჯზე.

თემში მხოლოდ ქალების მცირე ჯგუფია, ვინც ფიქრობს, რომ სასიკეთო საქმეს ვაკეთებ, ჩემი ძირითადი თანამოაზრეებიც ქალები არიან.

მაგრამ მხოლოდ მცირე ჯგუფი.

კაცებისგან აგრესია არ მიკვირს, კაცების აგრესია ჩემთვის გასაგებია, თავი მეფეებად, ყველაფრის უფლების მქონეებად წარმოუდგენიათ და როცა მე ამის საწინააღმდეგო თემებზე ვსაუბრობ, მესმის, რაც აბრაზებთ.

გაცილებით მძიმეა ჩემთვის ქალების აგრესია. მათიც მესმის, მაგრამ ემოციურად ეს ჩემზე ძალიან ცუდად მოქმედებს და მანგრევს.

ხშირად ხდება ხოლმე, როცა ქალებს, რომლებიც მაკრიტიკებენ, დაურეკავთ და დახმარება უთხოვიათ. ეს ხდება მაშინ, როცა ისინი თავად ხდებიან ძალადობის მსხვერპლები ოჯახში, როცა მათ შვილებს, ახლობლებს იტაცებენ.

იორმუნღალო მეცხვარეების, მესაქონლეების სოფელია. კაცები სულ ცხვარში არიან, ძროხებს მწყემსავენ, ქალს ერთადერთი გზა რჩება: დარჩეს სახლში და მიხედოს ოჯახს. სხვა წასასვლელი არსადაა, ვერსად დასაქმდები, მუშაობის შესაძლებლობა, ოჯახს მიღმა სხვა საქმით დაკავების დრო არ არის. არც არეალია სოციუმში თვითრეალიზაციისთვის.

ნაადრევი ქორწინების შემთხვევები თანდათან უფრო იშვიათდება და ეს კარგია.

  • „თუ მე იორმუნღალოსთვის ვაკეთებ რამეს, ეს ნიშნავს, რომ მთელი ქვეყნისთვისაც ვაკეთებ“

აქამდე იორმუნღალოდან ასიდან ერთი ბიჭი თუ აგრძელებდა სწავლას სკოლის შემდეგ. თუ ოჯახში გოგოც იყო და ბიჭიც, ოჯახი ბიჭს გზავნიდა ქალაქში სასწავლებლად, გოგოს სასარგებლოდ არჩევანი არ კეთდებოდა, უპირატესობა ამ მხრივ ყოველთვის ჰქონდათ ბიჭებს.

4+1 პროგრამა დიდი იმედს აძლევს ეთნიკურ უმცირესობებს. თუ ამ პროექტის ამოქმედებამდე ჩვენი პერსპექტივა საქართველოში ნული იყო, ახლა პატარა იმედი გაჩნდა, რომ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა გვექნება.

მაგალითებიც გაჩნდა სოფელში, რომ გოგოებმა დაამთავრეს უმაღლესი სასწავლებელი და დასაქმდნენ, განვითარდნენ, კარიერაზე ფიქრობენ.

წარმოიდგინეთ, გარდა იმისა, რომ ქალები ვერსად რეალიზდებიან და ხშირად ირღვევა მათი უფლებები, ამას ემატება ენობრივი ბარიერიც და იზოლაცია იმ ქვეყნისგან, რომელშიც ვცხოვრობთ.

კარგია 4+1 პროგრამა, მაგრამ არაა საკმარისი. სკოლაში ქართულს ვერ სწავლობენ ბავშვები და მერე ძალიან უჭირთ ენის სრულყოფა. ირგვლივ არც არავინაა ქართულად რომ დაელაპარაკო. ჩემს მაგალითს გიამბობთ.

სკოლას რომ ვამთავრებდი, მაშინ გავიგე 4+1 პროგრამის შესახებ. ბოლო წელს ვაქტიურობდი სკოლაში ქართული რომ მესწავლა, თუმცა ბევრი ვერაფერი ვისწავლე, არ იყო კომუნიკაციის შესაძლებლობა. ქართული ენის პრაქტიკა გვაკლია იორმუნღალოში.

ქართულად ცუდად ვსაუბრობდი, ძლივს მესმოდა და უნივერსიტეტში სწავლაც ჩემთვის დიდად ნაყოფიერი არ იყო. გადარჩენაზე ვფიქრობდი, სემესტრიდან სემესტრამდე საგნის ჩაბარებაზე.

მერე ვეძებდი სამსახურს ენის პრაქტიკა რომ მქონოდა, დაბალი ქულებით დავამთავრე უნივერსიტეტი, ლაპარაკი რომ ვისწავლე, ეს უკვე მიღწევაა ჩემთვის.

ვსწავლობდი ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულებაზე, მაგრამ ამ ტიპის განათლების მიღებაზე საუბარიც ზედმეტი იყო. ვისწავლე ენა და ესაა.

ვფიქრობდი, როგორმე დამემთავრებინა უნივერსიტეტი და მეპოვა სამსახური. მეგონა, რომ სოფელში დაბრუნება წარუმატებლობას ნიშნავდა. ახლა ასე არ ვფიქრობ, გადავაფასე რაღაცეები.

თუ მე იორმუნღალოსთვის ვაკეთებ რამეს, ეს ნიშნავს, რომ მთელი ქვეყნისთვისაც ვაკეთებ.

თოზუ გულმამედლი
  • „არ ვიცი სახელმწიფოს რამდენად უნდა ვიყოთ ინფორმირებული, რომ თავი ვიგრძნოთ საერთოდ ამ ქვეყნის სრულუფლებიან მოქალაქეებად. ხშირად ამაში ეჭვი მეპარება“

ქართული ენის მიმართ ინტერესი ჩვენს თემში 4+1 პროგრამის შემდეგ გაიზარდა.

მანამდე ენას დიდად არავინ სწავლობდა, რადგან არ არსებობდა განათლების მიღების პერსპექტივა. სახელმწიფოც დიდად არ იყო დაინტერესებული ჩვენი განვითარებით.

აზერბაიჯანულ ენაზე  საქართველოში მიმდინარე ამბების შესახებ რაღაც ინფორმაცია ვრცელდება, მაგრამ ინფორმაციის აზერბაიჯანულ ენაზე არახელმისაწვდომობა მაინც და მაინც არ არის პრობლემა. ვფიქრობ, უფრო ჩვენს მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულებაშია პრობლემა – არ ვიცი სახელმწიფოს რამდენად უნდა ვიყოთ ინფორმირებული, რომ თავი ვიგრძნოთ ამ ქვეყნის სრულუფლებიან მოქალაქეებად. ხშირად ამაში ეჭვი მეპარება.

სათემო ცენტრის დაფუძნების იდეა სკოლის პერიოდის მისწრაფებებმა წარმოშვა.

გული მწყდებოდა, ვხედავდი სხვა სკოლებში უფრო აქტიურები იყვნენ ბავშვები, მერე უნივერსიტეტში სწავლისას ვიგრძენი რამხელა სხვაობაა იორმუნღალოელ სტუდენტსა და იმ სტუდენტებს შორის, ვინც ქართულად დაამთავრა სკოლა.

ცხადად ვიგრძენი, რომ ჩამორჩენილები ვიყავით, თურმე რამდენი პერსპექტივაა და ჩვენ ამის შესახებ არც კი გვსმენოდა, რადგან ქართული არ გვესმოდა კარგად.

ჩემთვის ძალიან რთული იყო სტუდენტობის წლები, როცა აუდიტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი სტუდენტი ვიყავი.

ყველა დანარჩენს ბევრი საერთო ჰქონდა ერთმანეთთან, საუბრობდნენ, განიხილავდნენ ათას რამეს, რაშიც მე საერთოდ ვერ ვერკვეოდი.

სხვები თუ საგნებს თავისუფლად სწავლობდნენ, ჩემთვის ქართულად საგნების სწავლა ორმაგად, სამმაგად რთული იყო, წაკითხულიდან აზრის გამოტანაზე, თარგმანზე ვფიქრობდი.

ვსწავლობდი ისეთ საგნებს, რის შესწავლასაც წინასწარი, საბაზისო ცოდნა სჭირდებოდა, რაც არ მქონდა.

იყო ერთი ჩემი თანატოლი იორმუნღალოდან, რომელმაც უნივერსიტეტში ამ სტრესს ვერ გაუძლო და სწავლას თავი დაანება. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად საშუალო განათლების მქონე ადამიანები სწავლობდნენ უნივერსიტეტში, ჩვენ მათ საგრძნობლად ჩამოვრჩებოდით.

  • „იცით რა მარტივი სურვილების ასრულება არ შეუძლიათ გოგოებს ჩვენს თემში? სკოლაში სიარულის გარდა მუსიკის, ცეკვის, ხატვის სწავლა სურთ“

ნაადრევად გოგოები მაშინ ქორწინდებიან, როცა სხვა პერსპექტივა არ ჩანს.

ვგრძნობდი, რომ ამაზე უნდა მემუშავა, მაგრამ დრო დამჭირდებოდა ჩამოყალიბებისთვის, არ ვიცოდი რა, როგორ, საიდან დაგვეწყო. რესურსები დღესაც არ გვაქვს, მაგრამ გამოჩნდნენ თანამოაზრეები და გადავწყვიტეთ სათემო ორგანიზაცია გაგვეკეთებინა. 3, 4 თვეა ავმოქმედდით.

ხშირად აზერბაიჯანული თემი შორსაა იმ დღის წესრიგისგან, რაც საქართველოშია. მაგალითად, იღებენ ახალ კანონს და ჩვენ არ ვიცით ამის შესახებ.

რაღაც კარგი სიახლეა, მაგრამ ეს არ აისახება ჩვენს ცხოვრებაზე. ეს თემი ინფორმაციულ ვაკუუმშია. ვცდილობთ ვიყოთ მედიუმი მთელ ქვეყანასა და ჩვენი თემის ახალგაზრდებს შორის.

იცით, როგორი მარტივი სურვილების ასრულება არ შეუძლიათ გოგოებს ჩვენს თემში? – სკოლაში სიარულის გარდა მუსიკის, ცეკვის, ხატვის სწავლა სურთ. ერთადერთი შანსია, რომ მანქანით იარონ საგარეჯოში, სანამდეც 40, 50 კილომეტრია და შეუძლებელია იქ იარო სულ ასე.

არც ბიჭებისთვისაა განვითარების არანაირი შესაძლებლობა. ერთადერთი კიკბოქსინგს ასწავლის ერთი კაცი სკოლის სპორტდარბაზში.

ვცდილობთ გოგოებისთვის იორმუნღალოში ამ მარტივი სურვილების ასრულება შესაძლებელი გავხადოთ, მინიმალურ, სიმბოლურ ფასად ან უსასყიდლოდ.

ახლა ჩვენთან ქართული ენის სასაუბრო კურსის გავლაა შესაძლებელი, რადგან სკოლაში ნასწავლი ქართული საკმარისი არ არის. ჩვენ ამის მწარე გამოცდილება გვაქვს, ახლა ვიწყებთ არაფორმალური განათლების კურსს ადამიანის უფლებების შესახებ, ეს იქნება სამთვიანი აზერბაიჯანულენოვანი კურსი. უფლებებზე დიდი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი ქართულად, მაგრამ აზერბაიჯანულად ეს ინფორმაციაა არაა ადვილად მოსაპოვებელი.

„რიჟვაძე, ბოდიში, რომ კიდევ მანდ ხარ“ – „სირცხვილიას“ ბანერი აჭარის მთავრობის სახლთან

„რიჟვაძე, ბოდიში, რომ კიდევ მანდ ხარ!“ – ამ წარწერით ბანერი გაშალეს დღეს, 25 ნოემბერს, „სირცხვილიას“ აქტივისტებმა აჭარის მთავრობის სახლთან.

„ვნახეთ თორნიკე რიჟვაძის კომენტარი აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა.

კომენტარში რიჟვაძე ამბობდა, რომ ბოდიშს მოახდევინებდა ყველას ბრალდებების გამო. ჩვენ მოვედით რიჟვაძისთვის ბოდიშის მოსახდელად იმისთვის, რომ ის ჯერ კიდევ ამ შენობაში იმყოფება და ჯერ ისევ იკავებს ამ თანამდებობას, რომელსაც არ იმსახურებს“ – გვითხრა თამარ კურატიშვილმა, მოძრაობა „სირცხვილიას“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

გუშინ, 24 ნოემბერს, ბათუმში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ განაცხადა, რომ ბათუმის ახალი საკრებულოს წევრზე, ნუგზარ ფუტკარაძეზე, ზეწოლას ახდენდნენ, მის მოსყიდვას ცდილობდნენ და ამის დასადასტურებლად აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა. ენმ-ს განცხადებით, ამ პროცესში უშუალოდ ჩართულნი იყვნენ ასლან აბაშიძის დროინდელი პოლიციელები, ხოლო მათ უშუალოდ ხელმძღვანელობდა დავით რიჟვაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მამა.

ოპოზიციის ამ განცხადების საპასუხოდ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ ყველას მოსთხოვს ბოდიშის მოხდას, თუ ჩანაწერებში მისი ოჯახის წევრის სახელი არ ფიგურირებს.

ნუგზარ ფუტკარაძე, რომლის მოსყიდვასაც ცდილობდნენ აუდიოჩანაწერის მიხედვით, ახალი მოწვევის საკრებულოს წევრი იყო „ნაციონალური მოძრაობიდან“. ის 18 ნოემბერს გარდაიცვალა.

ბათუმის საკრებულო ხვალ 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას აპირებს

ბათუმის საკრებულო ხვალ ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაცია ბათუმის საკრებულოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

26 ნოემბერს დანიშნულ საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის საკითხის განხილვა დღეს, 25 ნოემბერს გამართულ ბიუროს სხდომაზე დაამატეს. სხდომა ხმაურის და დაპირისპირების ფონზე გაიმართა, რის შემდეგაც საკრებულოს შენობაში პოლიცია გამოჩნდა და საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები ძალის გამოყენებით გამოიყვანეს ბიუროს ოთახიდან.

2021 წლის მოწვევის საკრებულოს ახლადარჩეული წევრები ითხოვენ, რომ საკრებულომ ხვალ, 26 ნოემბერს არ განიხილოს მომავალი წლის ბათუმის ბიუჯეტი.

ამავე თემაზე:

ვადაგასულები ხართ – დაპირისპირება ბათუმის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე [LIVE]

ვადაგასულები ხართ – დაპირისპირება ბათუმის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე [LIVE]

ბათუმის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე ხმაურია. ახლად არჩეული საკრებულოს წევრები 2017 წელს არჩეული საკრებულოს წევრებს დაუპირისპირდნენ. ძველი მოწვევის საკრებულო ბიუროს სხდომას მართავდა, რა დროსაც შენობაში ოპოზიცია, მათ შორის, ახლად არჩეული საკრებულოს წევრები შევიდნენ.

„ვადაგასულები ხართ. 2017 წლის არჩეული საკრებულო რატომ მიმტკიცებს 2022 წლის ბიუჯეტს?“ – ჰკითხა ირაკლი კუპრაძემ ბათუმის საკრებულოს წევრებს და საკრებულოს თავმჯდომარეს სულიკო თებიძეს.

საკრებულოს შენობაში პოლიცია შევიდა და ახლად არჩეული საკრებულოს წევრები შენობიდან, ბიუროს სხდომის ოთახიდან გამოიყვანა. ბიუროს სხდომიდან გამოიყვანეს მირდატ ქამადაძეც, რომელიც ძველი მოწვევის საკრებულოს წევრია ენმ-დან.

„არჩევნები რატომ ჩავატარეთ, თუ ძველი საკრებულო უნდა იყოს? ბიუროს წევრი ვარ, ყველამ ნახეთ, როგორ გამომიყვანეს გარეთ. კომპარტიის წევრები სხედან ახლა და ცდილობენ მიიღონ 2022 წლის ბიუჯეტი. ბიძინა ივანიშვილი პოლიციის ძალით არჩევნებს აუქმებს,“- თქვა მირდატ ქამადაძემ მას შემდეგ, რაც მას ბიუროს სხდომა დაატოვებინეს.

“ეს არის თვითთმმართველობის დასამარება საქართველოში,” –  ასე შეაფასა ბათუმის მერობის კანდიდატმა გიორგი კირთაძემ მიმდინარე მოვლენები.

„ვადაგასული მონები ხართ,“ „ვადაგასული სულიკოს დაცვა ხართ“, „მაგიტომ გაცვიათ ფორმა, რომ სულიკოს დაცვა იყოთ?“ – ისმოდა ოპოზიციის შეძახილები პოლიციის მისამართით ბათუმის საკრებულოს შენობაში.

ხვალ, 26 ნოემბერს, 11:00 საათზე ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაა ჩანიშნული. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ინფორმაციით, ბათუმის საკრებულო აპირებს ხვალ ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცოს.

მთავარი არხი 111 903 ლარით დააჯარიმეს „სირცხვილიას“ კლიპის გაშვებისთვის

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 111 903 ლარით დააჯარიმა „მთავარი არხი“ მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ მომზადებული ვიდეორგოლის ეთერში განთავსებისთვის.

საუბარია ვიდეორგოლზე, სადაც „ქართული ოცნების“ ლიდერები პუტინის სახეს ქმნიან. ვიდეორგოლს ფონად „ქართული ოცნების“ ჰიმნი ადევს.

ეს ვიდეორგოლი 16 ნოემბერს გავრცელდა ფეისბუქში „სირცხვილიას“ გვერდზე აღწერით:

„ქვეყნის ნახევრადშიშველი პრეზიდენტის საკნიდან საკანში გადათრევის კადრებით, პროტესტის ფორმის დამძიმების პროვოცირებით, მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნის იგნორირებითა და ფატალური შედეგის დადგომის შესაძლებლობის დაჩქარებით, ივანიშვილის “ქართული ოცნება” პუტინის რუსეთის გეგმას ასრულებს.

შეგახსენებთ კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის სიტყვებს: “თბილისში რუსული ტანკები რომ შესულიყო, სიტუაცია დღევანდელის იდენტური იქნებოდა”, – აღნიშნულია ვიდეორგოლის აღწერაში.
„ამ გადაწყვეტილებით ეჭვქვეშ დადგა სარედაქციო დამოუკიდებლობის ცნება, სამოქალაქო აქტივიზმის თავისუფლება და განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებების არსებობს უფლება“, – ასე გამოეხმაურა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებას იურისტი, კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის კოორდინატორი ნათია კაპანაძე.

თიბისელები ინოვაციური იდეებით – გაიცანით სტარტაპ დეკრეტის გამარჯვებულები

დღეს ციფრული სერვისების, აპლიკაციებისა და ტექნოლოგიების გარეშე ცხოვრება თითქმის წარმოუდგენელია. თანამედროვე ადამიანები ცხოვრებისეული რუტინის გამარტივებაზე მუდმივად ფიქრობენ, თუმცა ნებისმიერ კარგ იდეას, შესაბამისი მხარდაჭერაც სჭირდება. სწორედ ამიტომ თიბისიმ სტარტაპ დეკრეტი წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, თანამშრომლების, მეორე მხრივ კი სტარტაპების მხარდაჭერას ემსახურება.

თიბისის მიზანი სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანაა. ამიტომ იდეებით სავსე თანამშრომლებს დრო და სივრცე მისცა – მოსინჯონ საკუთარო ძალები სტარტაპში.

წელს კიდევ 5 დამწყები სტარტაპერი შეძლებს საკუთარი იდეისთვის დეკრეტული შვებულების აღებას. გამარჯვებული პროექტები ინოვაციურია და თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით ცხოვრების გამარტივებაზეა ორიენტირებული.

  • ყოველდღიური საქმეების აუთსორსი — ონლაინ ასისტენტი, რომელიც წვრილმან საქმეებზე თქვენ ნაცვლად იზრუნებს

რუსკა პაპუნაშვილს და მის მეუღლეს, ლევან კავთიაშვილს გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო ყოველდღიური წვრილმანებისთვის დრო და ენერგია ნაკლებად რჩებოდათ. ინოვაციური სტარტაპის იდეა კი მაშინ დაიბადა, როცა ლეპტოპი გაუფუჭდათ და საგარანტიო ვადაში შესაკეთებლად მიტანა უფრო მნიშვნელოვანი საქმეების გამო ვერ შეძლეს. თიბისის გუნდის წევრის, რუსკა პაპუნაშვილის თქმით, ამ გაუთვალისწინებელმა შემთხვევამ შთააგონა, შეექმნა ისეთი პლატფორმა, რომელიც გადატვირთულ ადამიანებს ყოველდღიური წვრილმანების მოგვარებაში დაეხმარებოდათ.

“ჩემი პლატფორმა ყოველდღიური, ისეთი წვრილმანი საქმეების აუთსორსს გულისხმობს, როგორიც ძაღლის გასეირნება, პრეზენტაციის აწყობა, ლეპტოპის საგარანტიოში წაღება, ამაზონის ამანათის გამოტანაა. ეს იქნება ონლაინ ასისტენტების სერვისი, რომელიც იმ წვრილმან საქმეებზე იზრუნებს, რომელთა შესასრულებლად მომხმარებელს დრო ან მოტივაცია არ აქვს”, — ამბობს რუსკა და იმასაც აღნიშნავს, რომ ამჟამად სტარტაპზე მომუშავე გუნდი ორი ადამიანისგან შედგება და ბაზრის კვლევის ეტაპის გავლის შემდეგ აპლიკაციის შექმნაზე იზრუნებენ, რაშიც 6-თვიანი დეკრეტული შვებულება დაეხმარება.

იგი ფიქრობს, რომ სტარტაპ დეკრეტი უმნიშვნელოვანესი ინიციატივაა, რადგან ინოვაციურ იდეებს განვითარებაში ეხმარება.

„სტარტაპ დეკრეტი ინოვაციური იდეების განხორციელებას უწყობს ხელს და ადამიანებს ახალისებს, რომ მეტად მოინდომონ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ეს პროექტი ტექნოლოგიური სიახლეების ხელშეწყობას ისახავს მიზნად, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, — ამბობს რუსკა.

  • NFC სავიზიტო ბარათი — Pkey

ჭკვიანი სავიზიტო ბარათის იდეა, რომელიც ქაღალდის ეკომეგობრული და პრაქტიკული ალტერნატივაა, ლევან კობერიძეს ეკუთვნის. Pkey მრავალჯერადი გამოყენების სავიზიტო ბარათია, რომლის დასკანერებაც QR კოდით ან NFC-ით იქნება შესაძლებელი და საქმიანი კონტაქტების შენახვის ბევრად მოსახერხებელი გზა იქნება. ლევან კობერიძის თქმით, აღნიშნული იდეა ქაღალდის სავიზიტო ბარათების გროვას ჩაანაცვლებს და ბევრად პრაქტიკული იქნება, გარდა ამისა, სტარტაპი კოდის დასკანერების ლოკაციას დაიმახსოვრებს და ამით საქმიანი კონტაქტების ერთგვარი ბაზა შეიქმნება.

„უამრავი ქაღალდის სავიზიტო ბარათის ნაცვლად ერთი ბარათი გექნება, რომელიც მხოლოდ საკონტაქტო ინფორმაციას კი არ შეინახავს, არამედ საქმიანი კონტაქტების ბაზასაც შექმნის. სტარტაპი ამჟამად იდეის დონეზეა და მომდევნო 6 თვეს საიტის შექმნისთვის გამოვიყენებ, რომელზეც მომხმარებელს დარეგისტრირება და სასურველი დიზაინის ბარათის შეკვეთა შეეძლება“, — აღნიშნავს ლევანი.

ლევან კობერიძის აზრით, თიბისის მაგალითს სხვა კომპანიებმაც უნდა მიბაძონ და თანამშრომლებს იდეების განხორციელების მოტივაცია შეუქმნან.

„ჩემი აზრით, ყველა კომპანიამ უნდა მიბაძოს ამ წამოწყებას, რადგან ბევრისგან მსმენია, რომ აქვთ იდეა, თუმცა დროის არქონის გამო ვერ ახერხებენ მათ განვითარებას და მოტივაციაც ეკარგებათ. სრულ გრაფიკზე როცა მუშაობ, დრო აღარ გრჩება იმისთვის, რომ პირად მისწრაფებებზე იზრუნო“, — ამბობს ლევან კობერიძე.

  • მონაცემთა ანალიზის პლატფორმა, რომელიც მცირე ბიზნესებსა და სტარტაპებს საქმეს გაუადვილებს

მონაცემთა ანალიზის პლატფორმა მცირე ბიზნესებსა და სტარტაპებს საქმიანობაში დაეხმარება და მონაცემთა ანალიზის სერვისს შესთავაზებს. სერვისი კონკრეტული ბიზნეს მოდელის მიხედვით შეაფასებს რისკებს, იდეის განხორციელების გზებს, სირთულეთა გადალახვის მეთოდებს და მომხმარებლებს ბიზნესიდეის განვითარებაში დაეხმარება. სტარტაპის იდეა გიორგი ბატიაშვილს ეკუთვნის. მისი თქმით, მცირე ბიზნესებისთვის მონაცემთა ანალიზის სპეციალისტების დასაქმება გამოწვევაა, რადგან ეს ძვირი ჯდება, თუმცა ბაზარზე არსებობისთვის ანალიტიკა აუცილებელია, ამიტომ ამ სერვისის დანერგვა გადაწყვიტა.

„მონაცემთა ანალიზის პლატფორმა ორგანიზაციებს დაეხმარება იმაში, რომ ჰქონდეთ ანალიტიკა, მიუხედავად იმისა, ანალიტიკის მცოდნე სპეციალისტები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა გააჩნიათ თუ არა. სტარტაპებს და მცირე ბიზნესებს ხშირად არ აქვთ საშუალება რომ ანალიტიკა ჰქონდეთ, რადგან ამ მიმართულებით კადრების აყვანა ძვირი ჯდება. ბაზარზე არსებული პროდუქტები ტექნიკურთან ერთად ბიზნეს ანალიტიკასაც ითხოვს, რაც კონკრეტული ინდუსტრიების მიხედვით უნდა შეფასდეს და ეს იდეა სწორედ კონკრეტული ბიზნეს მოდელის მიხედვით შეაფასებს რისკებს, განხორციელების გზებსა და სხვადასხვა ამოცანის გადაჭრის ხერხებს“, — აღნიშნავს გიორგი და იმასაც ამბობს, რომ იდეაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს და ამ ეტაპზე ალგორითმების წერის პროცესშია, ასევე სამუშაო პროცესშია UX/UI. მისი აზრით, როცა ახალი იდეის განხორციელებას იწყებ, მყარი გარანტიები გჭირდება, რაც ფინანსური სტაბილურობის გარეშე რთულად წარმოსადგენია და სტარტაპ დეკრეტი სწორედ ასეთი გარანტიაა.

„სხვაგან არსად გამიგია დეკრეტის მსგავსი პროექტი, ხშირად ფულზე დიდი პრობლემა დროა. ეს წამოწყება ფინანსური სტაბილურობის შესაძლებლობას და საკუთარ იდეაზე მუშაობის დროსაც გაძლევს. სულ რომ იდეის გჯეროდეს და მის წარმატებაში დარწმუნებული იყო, მყარი გარანტიები გჭირდება და სტარტაპ დეკრეტი სწორედ ასეთი გარანტიაა“, — ამბობს გიორგი ბატიაშვილი. 

GZA — ციფრული პლატფორმა, რომელიც მოგზაურობის დაგეგმვას აადვილებს

რევაზ ყუფარაძე, სანამ თიბისის თანამშრომელი გახდებოდა, ტურისტულ სააგენტოში მუშაობდა, რა დროსაც მოგზაურის საჭიროებებზე ბევრი რამ გაიგო. მოგზაურის ციფრული კომპანიონის იდეაც ამ დროს დაებადა, თუმცა პანდემიამ სტარტაპის წამოწყებაში ხელი შეუშალა, მოგზაურობის განახლებასთან ერთად კი მეგობრებმა იდეის გაცოცხლება დაიწყეს. სტარტაპზე ამჟამად სამი ადამიანი მუშაობს, რევაზ ყუფარაძე, ბექა ყაზაიშვილი — გამოცდილი ფინანსური ანალიტიკოსი და თიკო გოგუაძე, რომელსაც ტურისტულ სექტორში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს.

მოგზაურის ციფრული კომპანიონი აქამდე არ არსებობდა, ამიტომ მეგობრებმა ამ საქმის საკუთარ თავზე აღება გადაწყვიტეს და ინოვაციური სტარტაპის შექმნაზე იზრუნეს. რევაზ ყუფარაძემ პლატფორმის მუშაობის სპეციფიკა აგვიხსნა და განმარტა, რომ ციფრული ასისტენტი მოგზაურობის დაგეგმვის მოსაწყენ მხარეზე იზრუნებს.

„მოგზაურობის დაწყებამდე გვიწევს შევისწავლოთ კონკრეტული ქვეყნის რეგულაციები; მოვამზადოთ დოკუმენტები და შეცდომის დაშვების გარეშე შევავსოთ აპლიკაცია, რაც განსაკუთრებულ ყურადღებას და გამოცდილებას მოითხოვს. GZA არის პირველი ციფრული პლატფორმა, რომელიც ამარტივებს წინა-სამოგზაურო პროცესის მოსაწყენ მხარეს. გუნდის ორი წევრი ვცხოვრობთ საზღვარგარეთ. მე ლონდონში, ბექა კი —მადრიდში. ემიგრაციის პროცესში თავად გავხდით GZA-ს მომხმარებლები, რადგან მოგვიწია რამდენიმე ქვეყნის სამოგზაურო რეგულაციებთან შეჭიდება და ძალიან ბევრი დოკუმენტის მომზადება. ამ გამოცდილებამ კიდევ უფრო ნათლად დაგვანახა ჩვენი პროდუქტის საჭიროება“, — აღნიშნავს რევაზი.

პლატფორმა სამი ძირითადი ფუნქციონალისგან შედგება:

  • ციფრული ბიბლიოთეკა — რომელიც თავს უყრის სამოგზაურო რეგულაციებს;
  • მოგზაურის დოკუმენტების არქივი — გეხმარებათ ერთ სივრცეში გააერთიანოთ ყველა სამოგზაურო დოკუმენტი;
  • ვიზების და კოვიდ ფორმების შევსების ავტომატიზაცია და კონსულტაცია.

რევაზის თქმით, ამ ეტაპზე უკვე შეგროვებული აქვთ ყველა მოთხოვნადი ქვეყნის სამოგზაურო და სავიზო ინფორმაცია და ფეისბუქჯგუფის დახმარებით მოგზაურებსაც ეხმარებიან.

„ამ ეტაპზე თავი მოვუყარეთ ყველა მოთხოვნადი ქვეყნის სამოგზაურო და სავიზო ინფორმაციას და შევქმენით ფეისბუქჯგუფი ვიზა, სადაც 7000 ზე მეტ ადამიანს ვეხმარებით წინა სამოგზაურო პროცესის დაგეგმვაში. შემდეგი ნაბიჯია ინფორმაციის გაცემის ავტომატიზაცია რომელსაც ჩეთ-ბოტის დახმარებით შევძლებთ, პარალელურად კი დავიწყებთ ციფრული მოგზაურის პროფილის მშენებლობას. პროექტის ფარგლებში მიღებული უკუკავშირით პრობლემის უფრო ღრმა ანალიზი შევძელით და იდეის პრეზენტაციის ფორმაც დავხვეწეთ“, — გვეუბნება რევაზ ყუფარაძე.

რევაზი იმასაც აღნიშნავს, რომ სტარტაპი პირველ 6 თვეში მოითხოვს განსაკუთრებულ დროსა და ყურადღებას. სტარტაპ დეკრეტი კი ის უნიკალური შესაძლებლობა იყო, რომელმაც იდეაზე სრული დატვირთვით მუშაობის შესაძლებლობა მისცათ.

სტარტაპ დეკრეტი თიბისელებს აქ, ახლა საშუალებას აძლევს, დაწერონ ბიზნეს იდეა, მიიღონ მონაწილეობა კონკურსში, გაიმარჯვონ და წამოიწყონ საქმე, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდნენ.

„თუ დეპუტატების შემოსვლას არ დაუშვებენ, უარს ვაცხადებ მკურნალობაზე“ – სააკაშვილი

„თუ ხვალიდან დეპუტატების შემოსვლას არ დაუშვებენ, მე უარს ვაცხადებ მკურნალობის კურსზე,“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ვრცელდება.

ფეისბუქსტატუსის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილთან არ უშვებენ „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა პარტიის წევრებს.

„უკვე 1 კვირაა ჩემთან არ უშვებენ ნაციონალური მოძრაობის და სხვა პარტიებიდან პარლამენტის წევრებს. ბოლო დღეებში სუსის ჩემს პალატასთან მდგომმა წარმომადგენლებმა დაიწყეს აქ მყოფი სამედიცინო პერსონალის ნამდვილი ტერორი. საგანგებოდ ჩხრეკენ მათ და მუქარანარევ გასაუბრებებს უტარებენ, რათა მე მათი მეშვეობით არ გადავცე ჩვენს საზოგადოებას გზავნილები… მივიღებ მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რომლებიც ტყვედ ჩავარდნამდე მქონდა გამოწერილი,“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა. სააკაშვილის მხარდამჭერები მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ, რაზეც ხელისუფლება უარს ამბობდა.

შიმშილობის 49-ე დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და 19-20 ნოემბრის მიჯნაზე, ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კვება სპეციალური პროტოკოლით 20 ნოემბერს განაახლა.

დღეს, 25 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა მორიგი წერილი გაავრცელა და საზოგადოებას მოუწოდა, რომ 29 ნოემბერს, მისი მორიგი სასამართლო პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბონ.

რძის ნაწარმის ფალსიფიკაციის 9 შემთხვევაზე გამოძიება მიმდინარეობს

რძის ნაწარმის ფალსიფიკაციის 9 შემთხვევაზე გამოძიება მიმდინარეობს.

momxmarebeli.ge-ს ინფორმაციით, სახელმწიფო კონტროლის მიუხედავად, გრძელდება მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანა რძის ნაწარმის დასახელებით ეტიკეტირებულ პროდუქტებში მცენარეული ცხიმის გარევით.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად („რძისა და რძის ნაწარმის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი), პროდუქტი, რომელშიც რძის ცხიმი ჩანაცვლებულია მცენარეული ცხიმით, ან სხვა ინგრედიენტებით, არ წარმოადგენს რძის პროდუქტს და მასზე რძის პროდუქტის დასახელების (კარაქი, არაჟანი, მაწონი და სხვა) მითითება აკრძალულია.

წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებელი შეცდომაში შედის და რძის ნაწარმის ნაცვლად თავისდაუნებურად სხვა პროდუქტს იძენს.

მსგავსი დარღვევებია აღმოჩენილი ერთ-ერთ კარაქში, რომელიც 15 ნოემბერს იყო დამზადებული და რომელზეც მითითებულია, რომ შეიცავს 82% კარაქს.

momxmarebeli.ge-ს ცნობით, კარაქი წარმოებულია ბელორუსში, „სლუცკის ყველის კომბინატში“ და დისტრიბუტორია შპს „დავითი“. ნიმუში აიღეს ბათუში, ტაბიძის ქუჩაზე არსებულ სასურსათო მაღაზია „აისბერგში“.

ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ რძის ცხიმის გარდა შეიცავს სხვა ცხიმების ნარევს, მათ შორის მცენარეულ ცხიმებს, გურჯაანის ნაყინი „პლომბირი ვანილის არომატით“, რომლის მწარმოებელი შპს „აისია“; ნაყინი – „პინგო“ – მწარმოებელია შპს „4ბროსი“; იმერული ყველი, რომელსაც „ქალთა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი დისველი“ აწარმოებს; ხაჭო – 9% MALCO; არაჟანი რანინა და „ბებოს მაწონი“.

„2021 წელს სეს-ის მიერ გამოქვეყნებული კონტროლის შედეგების გაცნობისას შევამჩნიეთ, რომ რძის ნაწარმში მცენარეული ცხიმების გამოვლენის შემთხვევებს მიწერილი ჰქონდა, რომ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს გადაეგზავნა.

როგორც აღმოჩნდა, 2021 წლიდან სეს-ს დაუწყია რძის ნაწარმში მცენარეული ცხიმების გამოვლენის შემთხვევებთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმირება, რადგან ეს უწყებაა პასუხისმგებელი ფალსიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე.

თუმცა, პირველი კითხვა, რაც გაჩნდა, ის იყო, თუ რატომ არ ხდებოდა საგამოძიებო სამსახურის ინფორმირება 2021 წლამდე. ამაზე სეს-მა მხოლოდ ის გვიპასუხა, რომ „პრაქტიკა შეიცვალა“.

გარდა ამისა, შევამჩნიეთ, რომ სეს-მა ზემოაღნიშნული ყველა დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით არ მოახდინა საგამოძიებო სამსახურის ინფორმირება. კერძოდ, 16 სექტემბრის მდგომარეობით, გამოვლინდა 10 დარღვევა, თუმცა, მხოლოდ 7 დარღვევასთან დაკავშირებით მიეწოდა ინფორმაცია საგამოძიებო სამსახურს“ – წერს momxmarebeli.ge.

მათივე ინფორმაციით, განსაკუთრებით თვალშისაცემია, ის, რომ ინფორმირება არ მოხდა შპს „რესპუბლიკის“ პროდუქციაში გამოვლენილ დარღვევებზე, მაშინ როდესაც ამ კომპანიის რძის ნაწარმში 2019-2021 წლებში მცენარეული ცხიმი 11-ჯერ გამოვლინდა -„როგორც ჩვენი, ისე სეს-ის მიერ ჩატარებული შემოწმებების დროს“.

„მას შემდეგ, რაც სეს-ს დავუსვით კითხვა, თუ რატომ არ მოხდა ყველა შემთხვევასთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახურის ინფორმირება, დარჩენილ 3 ფაქტზე შეტყობინებები დამატებით გაიგზავნა საგამოძიებო სამსახურში. აშკარაა, რომ სეს-ის მიერ სავარაუდო სისხლისსამართლებრივ დანაშაულზე სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირება სათანადოდ არ ხდებოდა“ – წერს momxmarebeli.ge.

კოვიდზე საქართველოში აცრილ მოქალაქეს ქვეყანაში დაბრუნებისას PCR-ტესტის წარდგენა აღარ სჭირდება

საქართველოში ვაქცინირებული საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში სახმელეთო საზღვრით ბრუნდება, PCR-ტესტის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდება – გადაწყვეტილება 24 ნოემბერს მიიღო საკოორდინაციო საბჭომ.

ასევე, საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში საჰაერო გზით შემოსვლისას ვალდებულია წარადგინოს ვაქცინაციის სრული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტი და არ არის PCR ტესტის წარდგენის საჭიროება.

რაც შეეხება საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც არ არიან აცრილი კოვიდზე, ისინი საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში დაექვემდებარებიან 8-დღიან თვითიზოლაციას (თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში – საკარანტინე სივრცეში გადასვლას) ან მე-3 დღეს – სავალდებულო PCR ტესტირებას საკუთარი ხარჯით.

ხოლო საქართველოს ის მოქალაქეები, რომელთაც საქართველოში შემოსვლისას ვერ წარმოადგენენ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფით პასუხს, ექვემდებარებიან 8-დღიან სავალდებულო თვითიზოლაციას, თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში – საკარანტინე სივრცეში გადასვლას.

PCR ტესტის პასუხი უნდა იყოს წარმოდგენილი ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენაზე.

ენმ გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის შანტაჟსა და მოსყიდვაზე გამოძიებას ითხოვს

დღეს ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს სლოგანით – „გამოფხიზლდი პოლიცია“. ,,ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ ხელისუფლების მხრიდან მოსყიდვასა და შანტაჟის ფაქტებმა იმსხვერპლა ბათუმის საკრებულოს წევრი, ნუგზარ ფუტკარაძე, შს სამინისტრო და პროკურატურა კი ამ ფაქტზე გამოძიებას არ იწყებენ.

ბათუმის ახალი საკრებულოს წევრი ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა. ენმ-ს თქმით, ნუგზარ ფუტკარაძეს სთავაზობდნენ 100 ათას დოლარს იმის სანაცვლოდ, რომ ყოფილიყო „ნეიტრალი“, ანუ დაეტოვებინა ,,ნაციონალური მოძრაობა” და დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გაეგრძელებინა საქმიანობა საკრებულოში.

24 ნოემბერს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოაქვეყნა 45-წუთიანი აუდიოფაილი, რაც ენმ-ს ლიდერების მტკიცებით, ბათუმის საკრებულოში ენმ-ს წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის მოსყიდვის მცდელობას ასახავს. ჩანაწერი გაკეთებულია ნუგზარ ფუტკარაძის მიერ.

„ნუგზარ ფუტკარაძე მოკლეს მამა-შვილმა რიჟვაძეებმა, ბიძინას, ღარიბაშვილის და კობახიძის დავალებით“, – აცხადებს ელგუჯა ბაგრატიონი, უმაღლესი საბჭოს წევრი ენმ-დან.

ამ საკითხზე გუშინ მოკლე კომენტარი გააკეთა თორნიკე რიჟვაძემაც. მან თქვა, რომ „ყველას მოვთხოვ ბოდიშის მოხდას“

აქციაზე იმყოფება გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის და, ნაზი ფუტკარაძე. აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსმა, დავით მაღრაძემ მას აცნობა, რომ თორნიკე რიჟვაძე თანახმაა მას შეხვდეს. ნაზი ფუტკარაძის თქმით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეხვდება, თუ მასთან ერთად იქნება ელგუჯა ბაგრატიონი ან ჟურნალისტები.

ნაზი ფუტკარაძეს ამაზე უარი უთხრეს.

ნუგზარ ფუტკარაძეს გარდაცვალებამდე ოპოზიციას ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა ჰქონდა – ამჯერად მანდატები 35-წევრიან საკრებულოში ასე ნაწილდება: „ქართული ოცნება“ – 16 წევრი, ენმ – 14 წევრი, „გახარია საქართველოსთვის“ – 2 წევრი, ლელო – 1 წევრი, დამოუკიდებელი კანდიდატი – 1 წევრი. ეს უკანასკნელი გახარიას გუნდს წარმოადგენდა, მაგრამ არჩევნების შემდეგ მან პარტია დატოვა.

„სლოვაკეთი აგებს ბრძოლას კოვიდთან“ – მეორე ქვეყანა ევროპაში, სადაც ლოკდაუნი დაიწყო

სლოვაკეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდის გამო ქვეყნის მთავრობამ 90-დღიანი საგანგებო მდგომარეობა და 2-კვირიანი ლოკდაუნი გამოაცხადა.

ქვეყანაში იკეტება ყველა მაღაზია, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, ბარები და რესტორნები. ორი კვირის განმავლობაში მოსახლეობას შეუძლია დატოვოს სახლი მხოლოდ სამსახურში, სასწავლებელში ან ასაცრელად წასვლისას.

იკრძალება 6 ადამიანზე მეტის შეკრება 90 დღის განმავლობაში, გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც ერთ სახლში ცხოვრობენ.

„ევრონიუსის“ ცნობით, სლოვაკეთში მოსახლეობის 45 პროცენტია აცრილი კოვიდზე, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ევროკავშირის ქვეყნებში.

5,5-მილიონიან სლოვაკეთში ამ დროისთვის კოვიდით ინფიცირებული ჰოსპიტალიზებული პაციენტების რიცხვმა 3200 მიაღწია, რაც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, კრიტიკულია. იმ პაციენტების 83 პროცენტი, რომელთაც ჰოსპიტლებში მკურნალობენ, არ არის ვაქცინირებული კოვიდზე.

სლოვაკეთის პრეზიდენტმა ზუზანა ჩაპუტოვამ სამშაბათს მიმართა მოქალაქეებს და განაცხადა, რომ „სლოვაკეთი აგებს ბრძოლას კოვიდთან“.

სლოვაკეთი მეორე ქვეყანაა ევროპაში, რომელმაც საგანგებო ზომებს მიმართა კოვიდის ახალი ტალღის გამო. ევროპის პირველი ქვეყანა, რომელმაც ლოკდაუნი დაიწყო 22 ნოემბერს, ავსტრიაა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, ბოლო 28 დღის განმავლობაში სლოვაკეთში კოვიდით 1099 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების 231 154 ახალი შემთხვევა.

________________

ფოტო: Visit Bratislava/FB

საკრებულოს წევრის სავარაუდო მოსყიდვაზე გამოძიება არ დაიწყო – საიას შეფასება

„საგამოძიებო ორგანო ვალდებულია დაიწყოს გამოძიება დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე,“ – ამბობს პაატა დიასამიძე, საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, რომელსაც ვკითხეთ: რას ნიშნავს, როცა საკრებულოს წევრის სავარაუდო მოსყიდვის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება, მაგრამ გამოძიება არ იწყება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე პროკურატურის პრესცენტრის ინფორმაციით, ამ დრომდე სავარაუდო მოსყიდვის ამ შემთხვევაზე გამოძიება არ დაწყებულა.

საუბარია 24 ნოემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოქვეყნებულ აუდიოფაილზე, რაც ენმ-ს ლიდერების მტკიცებით, ბათუმის საკრებულოში ენმ-ს წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის მოსყიდვას ასახავს. ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა

„გამოძიების არდაწყება კანონის დარღვევაა. გამოძიების დაწყების საფუძველია, მათ შორის, მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია,“ – აღნიშნავს საია-ს იურისტი პაატა დიასამიძე.

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კირთაძე ამბობს, რომ ჩანაწერის მიხედვით, ნუგზარ ფუტკარაძეს 100 ათას დოლარს სთავაზობდნენ დავით რიჟვაძის დავალებით [თორნიკე რიჟვაძის მამა] ვაჟა თაბაგიძე და ბადრი ბაკურიძე. ეს პირები ასლან აბაშიძის ხელისუფლებაში მუშაობდნენ.

გავრცელებულ ჩანაწერში 3 კაცი საუბრობს, ენმ-ის თქმით, მათგან ერთი თავად ნუგზარ ფუტკარაძეა. ჩანაწერში ისმის, რომ მის თანამოსაუბრეებს ბადრი და ვაჟა ჰქვიათ. ისინი ფუტკარაძეს ეუბნებიან, რომ მასთან მოსალაპარაკებლად გამოგზავნა კაცმა, რომელსაც ისიც იცნობს, თუმცა არ ასახელებენ მის ვინაობას. ჩანაწერში მკაფიოდ ისმის, რომ ბადრი და ვაჟა გარიგებას სთავაზობენ ნუგზარ ფუტკარაძეს – გახდეს საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი. ჩანაწერში არ ისმის ფულის შეთავაზების შესახებ და არ სახელდება კონკრეტული თანხა, თუმცა, ერთ მონაკვეთში ირკვევა, რომ სავარაუდოდ, შეთავაზებული თანხა ნუგზარ ფუტკარაძეს ფურცელზე დაუწერეს.

ჩანაწერში ისმის, რომ თანამოსაუბრეები ფუტკარაძეს ამ თანხის 80 პროცენტს სთავაზობენ, თავად კი 20 პროცენტის მიღება სურთ.

ნუგზარ ფუტკარაძე ბათუმის ახალი საკრებულოს წევრი იყო ენმ-დან. მის გარდაცვალებამდე ოპოზიციას ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა ჰქონდა – ამჯერად მანდატები 35-წევრიან საკრებულოში ასე ნაწილდება: „ქართული ოცნება“ – 16 წევრი, ენმ – 14 წევრი, „გახარია საქართველოსთვის“ – 2 წევრი, ლელო – 1 წევრი, დამოუკიდებელი კანდიდატი – 1 წევრი. ეს უკანასკნელი გახარიას გუნდს წარმოადგენდა, მაგრამ არჩევნების შემდეგ პარტია დატოვა.

ამ თემაზე:

საუბრის ზუსტი ჩანაწერი – ბათუმის საკრებულოში ენმ-ს წევრის სავარაუდო მოსყიდვის მცდელობა

აჭარაში კოვიდის 184 ახალი შემთხვევაა

25 ნოემბრის მონაცემებით, გასულ 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 184 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

დღეის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებშია 506 პაციენტი, კოვიდსასტუმროში იმყოფება 247 ინფიცირებული.

დღეის მონაცემებით აჭარაში 126 მძიმე პაციენტია, მათგან 42 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

25 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კოვიდის 4331 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 57 პაციენტი გარდაიცვალა.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 25 ნოემბრის 21 საათიდან 26 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით და დილით ზოგან წვიმა.

აჭარის მაღალ მთაში ზოგან თოვაა მოსალოდნელი.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 27-28 ნოემბერს, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

57 გარდაცვლილი და კოვიდის 4331 ახალი შემთხვევა – 25 ნოემბერი

25 ნოემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში დადასტურდა კორონავირუსის 4331 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 57 პაციენტი.

24 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.17%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.06% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.06%.

საქართველოში ამ ეტაპზე კოვიდით ინფიცირებულია 46 393 ადამიანი. მათგან 6 523 – მკურნალობს საავადმყოფოში.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 331 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 623 შემთხვევა, აჭარაში – 184, იმერეთში – 822, ქვემო ქართლში – 245, შიდა ქართლში – 428, გურიაში – 86, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 326, კახეთში – 311, მცხეთა-მთიანეთში – 140, სამცხე-ჯავახეთში – 133, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 33.

როგორ უნდა დაიცვა თავი, თუ პოლიცია 48 საათით უკანონოდ გაკავებს

თამარ კურატიშვილი ადმინისტრაციული წესით დაკავებისთვის პოლიციას უჩივის. საჩივრით „სირცხვილიას“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა უკვე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს და დაკავების ოქმის გაუქმება მოითხოვა. იმის მიუხედავად, თუ რას გადაწყვეტს შსს, აქტივისტი სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

თამარ კურატიშვილი პოლიციელებმა 13 ნოემბრის საღამოს დააკავეს ბათუმში, სუსის ადმინისტრაციულ შენობასთან, როცა ის პერფომანსს – „ყველას დაგვიჭერთ?“ მობილური ტელეფონით იღებდა. აქტივისტს პოლიციელებმა ჯარჯი მელაძემ და რეზო ხარაზმა მოსთხოვეს ვიდეოგადაღების შეწყვეტა. თამარ კურატიშვილმა პოლიციელებს მოსთხოვა განმარტება, რატომ უნდა შეეწყვიტა ვიდეოს გადაღება ქუჩაში, საჯარო სივრცეში. პასუხის გაცემის ნაცვლად, პოლიციელებმა თამარ კურატიშვილი დააკავეს.

ის ოზურგეთში გადაიყვანეს და 43 საათი გააჩერეს წინასწარი დაკავების იზოლატორში. თამარ კურატიშვილი დაახლოებით 5 საათი არ დააკავშირეს ადვოკატს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ირმა ტოგონიძემ თამარ კურატიშვილი გაამართლა როგორც წვრილმანი ხულიგნობის, ასევე პოლიციელების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ნაწილში.

სასამართლოში საქმის მოგების მიუხედავად, თამარ კურატიშვილი დავის გაგრძელებას აპირებს, რადგან სამართალდამცველებს პასუხი არ უგიათ მისი უკანონო დაკავებისთვის და იმისთვის, რომ 2 დღე-ღამე იზოლატორში უკანონოდ გააჩერეს მაშინ, როცა 12 წლის შვილი გარეთ მარტო დარჩა.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა სასამართლოს გადაწყვეტილებით დასტურდება ის, რომ დაკავება უკანონოა. თუმცა, იმის გამო, რომ შესაძლოა უკანონოდ დაგაკავონ და შემდეგ 48 საათი რომელიმე ქალაქის იზოლატორში დაგტოვონ, პასუხს არავინ აგებს – დაკავების კანონიერების გასაჩივრების სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს.

დაკავების კანონიერების, ასევე დაკავების ვადის გახანგრძლივების ნაწილში საია საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.

საია-ს იურისტი, მირზა მამულაძე, რომელიც თამარ კურატიშვილის ინტერესებს იცავს, განმარტავს, რომ შსს-თვის მიმართვა დაკავების ოქმის გაუქმების მოთხოვნით კანონით გათვალისწინებული პროცედურის ნაწილია და აქტივისტი სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით იმ შემთხვევაშიც მიმართავს, თუკი შსს იტყვის, რომ სამართალდარღვევის არარსებობის მიუხედავად, დაკავების ოქმი კანონიერია და ის ძალაში უნდა დარჩეს.

„ასეთი შემთხვევაც არსებობს, როცა სამართალდარღვევა არ დადასტურდა, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკავების ოქმის გაუქმებაზე უარი თქვა.

თუკი შსს დაკავების ოქმს გააუქმებს, უფრო მეტი საფუძველი იქნება იმისთვის, რომ ზიანის ანაზღაურება მოვითხოვოთ,“ – გვითხრა მირზა მამულაძემ.

„პოლიციელის მიერ განხორციელებული საპოლიციო ღონისძიება უნდა გამომდინარეობდეს კანონის უზენაესობისა და კანონისმიერი დათქმის პრინციპებიდან… ადმინისტრაციული დაკავება უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევას, უნდა იყოს გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული,“ – აღნიშნულია საჩივარში, რომლითაც თამარ კურატიშვილმა შსს-ს მიმართა.

საჩივარში აღნიშნულია ისიც, რომ ადმინისტრაციული დაკავების ვადა – 24 საათი ისე გაახანგრძლივეს კიდევ 24 საათით, რომ სამართალდამცველებს ამის საჭიროება არ დაუსაბუთებიათ.

„განსახილველ შემთხვევაში პოლიციის თანამშრომლებმა თავისუფლება აღმიკვეთეს აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, უფრო მეტიც, დაკავების 24 – საათიანი ვადის ამოწურვის შემდგომ, დამატებით გამიხანგრძლივეს 24 საათით ადმინისტრაციული პატიმრობა ისე, რომ საამისო საკანონმდებლო საფუძველი არ ყოფილა. ამდენად,  ადმინისტრაციული დაკავების ოქმი გამოცემულია უკანონოდ და დაუსაბუთებლად,“ – მიიჩნევს თამარ კურატიშვილი.

საია-ს იურისტი მირზა მამულაძე აღნიშნავს იმასაც, რომ ახლა განსაკუთრებით საინტერესოა სასამართლოს მიდგომა იმ ფონზე, როცა ადმინისტრაციული დაკავების ვადა გახანგრძლივდა, ხოლო იმ წლებში, როცა დაკავების მაქსიმალური ვადა 12 საათი იყო, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2016 წლის ივლისში მოქალაქისთვის ზიანის ანაზღაურება საჭიროდ არ მიიჩნია.

„სასამართლომ თქვა, რომ უკანონო დაკავება ზიანის ანაზღაურების საფუძველი არ არისო,“ – დასძინა მირზა მამულაძემ.

ძუძუთი კვება და უხილავი მტრები

ავტორი: ქეთი ლაბაძე

________________________

„ფორმულაზე“ არის ასეთი გადაცემა, თოქშოუ „ქალები“. გუშინ, 23 ნოემბერს, ამ გადაცემაში დააკნინეს ძუძუთი კვება, ამაზრზენად წარმოაჩინეს მეძუძური დედა და გაკიცხეს, გააკრიტიკეს საჯაროდ ძუძუთი კვების გამო.

საუბრის ფორმა და გამოყენებული ლექსიკა იყო ღირსებისშემლახავი მეძუძური დედისთვის. წამყვანებს ისიც უკვირთ, რომ მეძუძური დედები ბოდიშს არ ვიხდით ძუძუთი კვების გამო. სალომე შარვაძე, გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი, თავად გააკრიტიკა მეორე წამყვანმა, რომ თურმე ეკლესიის ეზოშიც კი აჭმევდა ბავშვს ძუძუს, თითქოს რამე საშინელებას აკეთებდა, მაშინ როცა ეკლესიაში, ფრესკაზე, ღვთისმშობელი აჭმევს ძუძუს იესოს.

ძუძუთი კვებისას ბავშვებს აქვთ თავისუფალი კვების გრაფიკი, მათ კვების მოთხოვნას წინასწარ ყოველთვის ვერ განსაზღვრავს დედა, ბავშვს შესაძლოა ყველგან მოშივდეს და ძუძუც, სწორედ ამიტომ გვაქვს ანატომიურად, რომ ჩვენს შვილებს ყველგან ვაჭამოთ, შევძლოთ სოციალიზაცია და გადარჩენა.

ასეც რომ არ იყოს, ბავშვის კვება როგორ უნდა ეზიზღებოდეთ ასე? ეს ხომ ყველაზე ბუნებრივი პროცესია. მთელი მსოფლიო მიხვდა, რაოდენ მნიშვნელოვანია ლაქტაციის ხელშეწყობა, ხდება ლაქტაციის პროპაგანდა, ჩვენთან კი დედებს ასე გვკიცხავენ საჯაროდ და გვამუნათებენ ლაქტაციის გამო.

და განა მართლა მხოლოდ გვეწყინა მეძუძურ დედებს ეს ქილიკი? არა, მხოლოდ საწყენი როდია ასეთი აგრესიული დამოკიდებულების წახალისება ტელეეთერიდან, ეს საშიშიც და სავალალო შედეგების მომტანიც არის სინამდვილეში. გეტყვით, რატომ ვფიქრობ, რომ საშიშია მსგავსი ზიზღის ტირაჟირება.

„საქართველოში ბავშვები უფრო მეტად დგანან სიღარიბის საფრთხის წინაშე, ვიდრე მოსახლეობის სხვა რომელიმე ჯგუფი“ – ამ ციტატით იწყება „Unicef საქართველოს“ კვლევის ანგარიში, რომელიც გვამცნობს, რომ საქართველოში 77 ათასი ბავშვი შიმშილობს, 300 ბავშვი კი ყოველწლიურად შიმშილით იღუპება.

როგორი შემზარავი სტატისტიკაა არა? თითქოს ვერც ვიჯერებთ ამას, მაგრამ ეს რეალობაა. გაგახსენებთ 1 წლის გოგიტა აბაშიძეს, რამდენიმე წლის წინ ვნახე ბავშვის შიმშილისგან ჩამქრალი და გატანჯული სახე, რომელიც არასოდეს დამავიწყდება, გოგიტას სიკვდილი ჩვენი საზოგადოების ბრალია.

ამ ამბავს ბევრი მხარე აქვს და ახლა ლაქტაციის მხრიდან შევხედოთ.

ჩვენი სახელმწიფოს ბრალია, რომ დედას არ ჰქონდა სათანადო ცოდნა ლაქტაციის;

სახელმწიფოს ბრალია, რომ დედას არ ჰქონდა საწველი აპარატი და ელემენტარული ხელშეწყობა;

პედიატრების ბრალია, რომ მწარმოებლებისგან იღებენ ფულს და სანაცვლოდ დედებს აჯერებენ, არ აქვთ რძე, ან მათი რძე არ არის სასარგებლო ჩვილისთვის;

კლინიკების ბრალია, რომ არ ჰყავთ ლაქტაციის სპეციალისტები სამშობიაროებში;

საზოგადოების ბრალია, რომ ამუნათებენ დედებს ძუძუთი კვების გამო.

საერთო ჯამში ეს არის წრე, რომელიც ემტერება ძუძუთი კვებას და თითქოს ყველაფერი ცხადია, მაგრამ სინამდვილეში უხილავი მტრები ყოველდღიურად ამცირებენ იმ დედების რიცხვს, რომელებიც კვებავენ ბავშვს საკუთარი რძით.

ძუძუთი კვებაზე ბევრი არასოდეს მიფიქრია. მეგონა, რომ ეს იყო მარტივი პროცესი, რომელიც, თუ მოინდომებ, გამოგივა. სინამდვილე სულ სხვა აღმოჩნდა. საქართველოში  ძუძუთი კვება რომ წარმატებული გქონდეს, ძალიან უნდა გაგიმართლოს, გეყოს ნერვები, იყო ბრძოლისუნარიანი და გყავდეს მხარდამჭერები.

ბავშვის გაჩენა რომ გადავწყვიტე, უკვე მქონდა გადაწყვეტილი, რომ მეკვება ჩემი რძით. დავიწყე ამაზე ინფორმაციის მოპოვება, ფეისბუქზე აღმოვაჩინე ჯგუფი „ლაქტაცია და განვითარება“, დედების დახურული ჯგუფი, სადაც 20 ათასზე მეტი ქალია გაწევრიანებული. ჯგუფის მოდერატორები არიან ლაქტაციის მრჩევლები და ასწავლიან დედებს ძუძუთი კვებას.

რომ არა ეს ჯგუფი, ჩემი ლაქტაცია ვერ იქნებოდა წარმატებული. ერთი პატარა, დახურული ჯგუფი აკეთებს იმდენს, რომ 20 ათასით მეტმა ქართველმა დედამ შეძლო ლაქტაცია, ეს ნიშნავს, რომ 20 ათასი ბავშვი იღებს სრულფასოვან საკვებს და იძლიერებს იმუნურ სისტემას.

ძუძუთი კვების სარგებელი განუზომლად დიდია, ჩვენისთანა ღარიბი ქვეყნისთვის ორმაგად მნიშვნელოვანია ლაქტაციის წახალისება, ეს ევალება სახელმწიფოს, სამედიცინო პერსონალს, მედიას. არ შეიძლება ამ თემაზე აგრესიის და ბოღმის ნთხევა, ეს აზარალებს პირველ რიგში ბავშვებს, რომლებსაც აქვთ უფლება იკვებონ ყველგან, სადაც მოშივდებათ!

7.6 წელი მიუსაჯეს 14 წლის ნინიზე სექსუალურად მოძალადეს – ქობულეთში დაღუპული გოგოს საქმე

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა ნიკა ტაკიძეს „14 წლის ნინის საქმეზე“.

14 წლის ნინი ცეცხლაძის დაღუპვის შემდეგ დააკავეს ნიკა ტაკიძე და ნინის ბაბუა – სულიკო ცეცხლაძე მიუხედავად იმისა, რომ მოზარდს ამ შემთხვევამდე ორი თვით ადრე ჰქონდა სექსუალური ძალადობის შესახებ პოლიციისთვის ჩვენება მიცემული.

მოსამართლემ 24 წლის ბრალდებული გაამართლა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით წარდგენილ ბრალდებაში. დამნაშავედ კი მიიჩნია სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველ ნაწილში, რაც გულისხმობს „სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევას დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში“.

ეს მუხლი სასჯელის სახით მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 7-დან 9 წლამდე. მსჯავრდებული 24 წლისაა.

განაჩენი მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა 2 ნოემბერს მიიღო.

ნიკა ტაკიძის მამის, იაშა ტაკიძის თქმით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ამავე მოსამართლემ გამოუტანა განაჩენი ნინის ბაბუას – სულიკო ცეცხლაძეს 6 აგვისტოს შეუფარდეს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა ოჯახში ძალადობისთვის. ის მუქარის ნაწილში გამართლდა.

2021 წლის 10 თებერვალს ნინი ცეცხლაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ნინი 14 წლის იყო. მაშინ სოფელში ყველა, მათ შორის პედაგოგები აცხადებდნენ, რომ ნინისთვის უცნაური ქცევა, მოწყენილობა არ შეუმჩნევიათ.

„ცამეტიწლინახევრის იყო მაშინ. ემუქრებოდა თუ რა იყო, არ ვიცი, ბავშვი არ ამბობდა რამეს… ჩვენ გავიგეთ მაშინ, მეორეჯერ რომ მოაკითხა, ექვსი თვის მერე“, – უთხრა მედიას მაშინ გარდაცვლილი ბავშვის ბაბუამ.

„ნინის გამო“ – ამ ლოზუნგით გაიმართა „1000 მშობლის მარშიც“. აქციის მოთხოვნები იყო:

  • შეიცვალოს სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი, რითიც თანხმობის არარსებობა გახდება ცენტრალური ამოსავალი;
  • შეიქმნას პროკურატურაში სპეციალიზებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს;
  • გახდეს სქესობრივი განათლება ფორმალური განათლების ნაწილი, რითიც ბავშვები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობას და მისგან თავის დაცვას;
  • გაიზარდოს ფსიქოლოგების და სოცმუშაკების რაოდენობა;
  • დადგეს ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურებრივი გულგრილობის გამო.

___

სუიციდი არ არის გამოსავალი! გირჩევთ:

როგორ უნდა ამოვიცნოთ სუიციდის ნიშნები

საუბრის ზუსტი ჩანაწერი – ბათუმის საკრებულოში ენმ-ს წევრის სავარაუდო მოსყიდვის მცდელობა

დღეს, 24 ნოემბერს, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბათუმში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“, ბათუმის საკრებულოს წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის მოსყიდვას და გადაბირებას ცდილობდა. სანაცვლოდ მას 100 000 დოლარი შეთავაზეს. პარტიამ ამის დასადასტურებლად აუდიო ჩანაწერის მოკლე ვერსიაც გაავცელა.

ნუგზარ ფუტკარაძე ბათუმის ახალი საკრებულოს წევრი იყო ენმ-დან. იგი 18 ნოემბერს გარდაიცვალა. მის გარდაცვალებამდე ოპოზიციას ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა ჰქონდა – ამჯერად მანდატები 35-წევრიან საკრებულოში ასე ნაწილდება: „ქართული ოცნება“ – 16 წევრი, ენმ – 14 წევრი, „გახარია საქართველოსთვის“ – 2 წევრი, ლელო – 1 წევრი, დამოუკიდებელი კანდიდატი – 1 წევრი. ეს უკანასკნელი გახარიას გუნდს წარმოადგენდა, მაგრამ არჩევნების შემდეგ პარტია დატოვა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, აუდიო ჩანაწერი თავად ნუგზარ ფუტკარაძემ გააკეთა. დღეს ენმ-ის ლიდერმა ბათუმში, გიორგი კაირთაძემ განაცხადა, რომ ნუგზარ ფუტკარაძეს 100 ათას დოლარს სთავაზობდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის დავალებით ვაჟა თაბაგიძე და ბადრი ბაკურიძე.

„ბათუმელები“ მთლიან აუდიო ჩანაწერს გაეცნო.

ჩანაწერში 3 კაცი საუბრობს, ენმ-ის თქმით, მათგან ერთი თავად ნუგზარ ფუტკარაძეა. ჩანაწერში ისმის, რომ მის თანამოსაუბრეებს ბადრი და ვაჟა ჰქვიათ. ისინი ფუტკარაძეს ეუბნებიან, რომ მასთან მოსალაპარაკებლად გამოგზავნა კაცმა, რომელსაც ისიც იცნობს, თუმცა არ ასახელებენ მის ვინაობას.

ჩანაწერში მკაფიოდ ისმის, რომ ბადრი და ვაჟა გარიგებას სთავაზობენ ნუგზარ ფუტკარაძეს – გახდეს საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი. ჩანაწერში არ ისმის ფულის შეთავაზების შესახებ და არ სახელდება კონკრეტული თანხა, თუმცა, ერთ მონაკვეთში ირკვევა, რომ სავარაუდოდ, შეთავაზებული თანხა, ნუგზარ ფუტკარაძეს ფურცელზე დაუწერეს.

ჩანაწერში ისმის, რომ თანამოსაუბრეები ფუტკარაძეს ამ თანხის 80 პროცენტს სთავაზობენ, თავად კი 20 პროცენტის მიღება სურთ.

აუდიოჩანაწერი 45 წუთს გრძელდება და პირადი სახის საუბარსაც შეიცავს. „ბათუმელები“ გთავაზობთ ჩანაწერიდან ზუსტად იმ მონაკვეთებს, რომელიც მოსყიდვას ეხება. საუბარი ქვეყნდება სტილის დაცვით, მცირე შემოკლებით.

_____________________________________

ბადრი: ახლა 2 წუთი დაჯე და რაღაცა უნდა გკითხო შენ.

ნუგზარ ფუტკარაძე: მკითხე.

ბადრი: ჩემთან მოსული იყო ჩემი ოჯახის წევრი. იცი შენ ჩემი დამოკიდებულება, ურთიერთობა მოყოლებული იმ დროიდან… მე შეკითხვა მივეცი, რატომ ჩემთან მოდი-თქვა. შენს ძმაკაცზე ვიცი თქვენი დამოკიდებულება, ამიტომაცო, ჩავთვალე, რომ შენს სიტყვას ფასი აქვს და ნდობა აქვს, ვიდრეო…

ნუგზარ ფუტკარაძე: არ უნდა, გეველ ბოლოში.

ბადრი: ამიტომ მე და აგერ, ვაჟაი, ძმაია, იცი, ოჯახის წევრია. ჩვენი საუბარი ჩვენში მოკდება და დარჩება. იმის იქით ვერ გავა. მითხრა, ამ კაცს ძმობაში და კაცობაში დეელაპარაკეო.

ნუგზარ ფუტკარაძე: გააგრძელე.

ბადრი: რომ იქა ხომ არისო და მის მიღწევას მიაღწიაო, მივესალმებით, მაგრამო, არის ამასთან ერთად ჩვენი საერთო თემაო, სადაც საჭირო არის ნეიტრალი.

ნუგზარ ფუტკარაძე: ჭკვიანი ყოფილა, ჭკვიანი კაცი… გევედი ბოლოში, აღარ მინდა. გადასვლა, გადმოსვლა, გადახტომა, გადმოხტომა…

ბადრი: ნეიტრალიო.

ნუგზარ ფუტკარაძე: ნეიტრალი? მე მაშინაც გითხარი, გახსოვს, მაშინაც გითხარი, რომ მე ქალაქში დავდივარ და იცით თქვენ, ლამაზად, ყველაფერი… ვინმე არ მაგინებს… მე მაქ საგინებელს არაფერს არ გავაკეთებ. ვიცი რაფერ მევქცე. იმ კაცს, ვინცხამ გითხრა, არ გეკითხები…

ბადრი: არა, იცნობ იმ კაცს, იმ კაცთან ძაან კაი ურთიერთობა გაქ, ჩვენი ოჯახის წევრია…

ნუგზარ ფუტკარაძე: ვინაა მითხარი…

ბადრი: ჩვენი ოჯახის წევრია და დამასრულებიე… ყველაფერს ხომ მისი წესი აქვს.

ამის შემდეგ საუბარი გრძელდება სხვა თემაზე, თუმცა თანამოსაუბრეები მალევე უბრუნდებიან საუბრის მთავარ თემას.

ბადრი: ჩვენ გვჭირდება. თემას ჭირდება. ნეიტრალი ხომ მიიღე, ნეიტრალი ნიშნავს, არც იქეთ ხარ და არც აქეთ ხარ. და მხარდაჭერა ჭირდებიან შენი, მაგრამ ამ ყველაფერს აქვს მისი სწორი მიდგომა. ახლა რაში მდგომარეობს… მე რომ არ გითხრა და არ გირჩიო, ხვალ-ზეგე ჩვენ უნდა ვიცხოვროთ, შენ მეტყვი, რომ არ ხარ მართალი… ამიტომ თემა დგას ასე დღის წესრიგში. ენდობიო? – კი. ნეიტრალი თემაო – მითხრა და ცხოვრებას, ყველაფერს მისი სწორი მიმართვა აქ, ეს ძმობაში გაგვიკეთოსო და ჩვენი მხრიდან რაც საჭიროა, კაცობაში, პიროვნულადო და სამსახური…

ნუგზარ ფუტკარაძე: ვინ იყო? ვინ კაცი იყო? გვარი მითხარი.

ბადრი: არა.

ნუგზარ ფუტკარაძე: ხვალ და ზეგ გევგებ მაშინ.

ბადრი: დავასრულებ.

ნუგზარ ფუტკარაძე: მისმინე ახლა, შემომხედე. მე რომ მთლად რომ თავი გამევდვა და გავშტერდე, მასე ვერ გავაკეთებებ. არც შამფურს დავწვავ და…

ბადრი: აი-ო, ჩემსგან იქნება… [სავარაუდოდ, სწორედ ამ დროს დაუწერეს ნუგზარ ფუტკარაძეს ფურცელზე შეთავაზებული თანხა]. 

ნუგზარ ფუტკარაძე: არ მინდა არაფერი.

ბადრი: არა, მე უნდა გითხრა შენ. … ძმაკაცები ვართ. გააჩნია ვინ მოვიდოდა. ჩემი ოჯახის წევრია.

ნუგზარ ფუტკარაძე: არ მინდა მე მაი, აქამდე არ მქონია… შემომხედე. მე ძალიან თავს არ გამევდებ ახლა… რომ მიხდენ იქ ჩემებმაც, გეიგე?! თლათ რომ იგი რა ქვია. მარა მე რომ არც შამფურს დავწვავ და არც ხორცს დავწვავ, მაი იქნება.

ვაჟა: მე ხომ ბაბუს [ასლან აბაშიძეს] გადავყევი, მე დავრჩი ბოლო ბაბუსთან და მომ… კაცმა მიმატია…. მე კი არა, ბარე ორი. და იმას ვფიქრობდი სულ, რომ ნეტაი რაცხა მეკეთებია და გამეკეთებია… შენ იჭერ ნეიტრალურ სიტუაციას, ხალხი გამოდის, ხალხი რა, ჩვენი ურთიერთობიდან, ვინც მოვიდა ჩვენთან… ეს არის რაფერი იცი?! ჰალალად რომ შეგერგება.

ნუგზარ ფუტკარაძე: არ მინდა მე…

ბადრი: რაფერ არა…

ნუგზარ ფუტკარაძე: ჯობია, კარგად ვიქნები მე, იმასთანაც, იმასთანაც…. მაი თემა რაფერია ვაჟა იცი?! მაგას რომ იმას იქ, მაშინ ხარ პრ..ი, საქმის გამკეთებელი არ ხარ, დამანებეთ თავი. მე ყოველთვის ვიქნები ისე, რომ ვინმე არ დეწვება, იმათაც გოუხარდებიან, იმათაც გოუხარდებიან… ძალიან დიდი გადასაწყვეტი იქნება, მე გავხდები ავად.

ბადრი: ავად რომ გახდები, ხომ დარჩება საკითხი… პირობითად ვლაპარაკობ.

ნუგზარ ფუტკარაძე: არ დარჩება.

ჩანაწერში ისმის, რომ ნუგზარ ფუტკარაძის თანამოსაუბრეები პოლიციაში მუშაობდნენ. ახსენებენ სამსახურს, წარსულს. ერთ-ერთი მათგანი ნუგზარ ფუტკარაძეს ურჩევს, ისარგებლოს შემთხვევით.

ბადრი: დღეს სხვა ცხოვრებაა ხომ? სწორი შანსი გაქ ახლა შენ?

ნუგზარ ფუტკარაძე: მე შეიძლება დამარტყას ხვალ-ზეგ… წინა დღეს კინაღამ მოვკვდი.

ბადრი: ამას შენ სწორად უნდა მისცე შენი მხრიდან პოზიცია, მე ასე ვიზამ და ეს არ ნიშნავს, რომ შენ, ვაიმე, ჩემს ხარჯზე გადახტი წყალში მეთქი… რა გინდა მეტი რა… ოჯახის წევრია, მე რამე ანგარება არ მაქ იმასთან.

ვაჟა: ეს სტუაცია მე გავიარე. მე რაც გადამხდა… 300 000 ევრო ფული მაძლიეს. პირდაპირ გაჭრილად გეუბნები. მაგრამ ჩემი გამოყ…ი ჭკვით, ეს დავკარგე. ყველაი ფიქრობს, ვინმე ბობოლაი თუ არის, ყველაი მათთვის ფიქრობს ყველაფერს. კი, მოხდა სიტუაცია, მოვიდა „ოცნება“, დავბრუნდი, მშვიდობიანად ვართ და ლამაზად, მე „ოცნების“ სიტუაციაში, ზაზაიდან [საუბრის სრული ვერსიის ჩანაწერის თანახმად, გულისხმობენ ზაზა დიასამიძეს, ხელვაჩაურის ახალ მერს] გამომდინარე, გადავყევი, გადავყევი… მარა გეტყვი პირდაპირ. ეს შანსი რომ გამიჩნდეს ხომ… პოლიტიკა არის ბიძნური, დედა….ი საქმე…

ნუგზარ ფუტკარაძე: ვიცი, ვიცი..

ვაჟა: რაზე არ უნდა გამოვრჩე… ბ..ი ვიყო, თუ გულით არ ვამბობდე.

ნუგზარ ფუტკარაძე: არა, მე რაცხა ვერ წარმომიდგენია… მე ძალიან შემცვალა „რაზვეტკაში“ მუშაობამ.. მე რომ პოლიციაში ვიყავი, ფული ვინმესგან ასე ხელში არ იმიღია, დეიჯერებ? …დეველოდოთ მოვლენებს.

ბადრი: ეს თემა იქნება ჩვენთან, ჩემი პირადი თხოვნაა, ამ კაცის, ვაჟაის და იმ კაცის, რომ, ნეიტრალური თემა ეს იმას ნიშნავს ბადრი, სწორად გეიგეო, რომ ჩვენი პოზიცია რომ იქნებაო, ანუ კანონის ამბავი… ჩვენო, მან და მეო, შევჯერდებით საკითხებშიო და ეს იქნება ესო, სხვა არაფერი.

ნუგზარ ფუტკარაძე: ალბათ იქ მუშაობს მერიაში?

ბადრი: ვინ?

ნუგზარ ფუტკარაძე: ის კაცი.

ბადრი: ბიჭო, შენ პირდაპირ შეხვდები ჩვენ ძმას, სხვას არავის. რაფერც შენ ჩემთან ძმაკაცობ…

ნუგზარ ფუტკარაძე: დევწყოთ, შევხდები, რა გინდა.. რაცხა უნდებიან დევეხმარები. დანარჩენი არ მინდა, ბადრი.

ბადრი: ეს თემა აღებულია ვარიანტში….

ვაჟა: მაგფერი თემა არ დეიკარგება…

ბადრი: ხომ სხვა ინტერესი არ მაქ, მე მაქვს შენი პიროვნული თემა, იმ კაცის პიროვნული თემა… მე რო მენდეს, მე მადლობა ვუთხარი. ვაჟას ვუთხარი, მე შენ ერთად, ძმობაში დევილაპარიკებ, იმან იცის, რომ მე რომ სიტყვას ვიტყვი, იქ დარჩება. ასე მიცხოვრია დღემდე და ასე მოვკვდები ბოლომდე. ესაა მნიშვნელოვანი ჩვენთვის.

…მე ვუთხარი, რაზეა საუბარი, მის მაგივრად მე პასუხს არ გაგცემ, ჩვენ თემა გვაქ დაწყებული და აუცილებლად მაგ თემაზე დეველაპარაკები და მე ვფიქრობ, რომ დადებითად გადაწყდება-მეთქი. აი, ეს ამბავი გამოსულიაო, ეს თემა გამოსულიაო და დანარჩენს თქვენ მიხედეთ, ოღონდ მე მერე შევხდები, რომ ჩამოყალიბდეთ თემაშიო.

ნუგზარ ფუტკარაძე: ფულზე არ ვილაპარაკოთ რა, გეხვეწები… თუ გინდა მინდა, თუ გინდა იმას თავს დუუქნევ და აწიეთ და თქვენი იყოს, მიჩუქნია…

ბადრი: შვილები გყავს? ცოლი გყავს? შვილი? ბინა გინდა შენზე? უკრაინაში წიმიყვან? გამაგულავებ? მაი პატივისცემა არაა? მეტი რა გითხრა, მე ხომ არ გეუბნები სხვა რამეს…

ნუგზარ ფუტკარაძე: ვერ ავდგები და დავუშვათ და ვერ გავაკეთებ განცხადებას, რომ დავტოვე ნაციონალური მოძრაობა და გადავედი სხვა, ოპოზიციაში და ვარ დამოუკიდებელი დეპუტატი. ამას მე არასდროს არ ვიტყვი, გამიგე? მარა იქ რაღაც-რაღაცა მიღებაში მე მხარს დავუჭერ კანონს. რაცხა უნდებიან, იმას მხარს დუუჭერ.

ვაჟა: ნეიტრალურის გამოცხადებაში რა არის? არც იქეთ ვარ, არც აქეთ.

ნუგზარ ფუტკარაძე: არა, მაგას არ ვიტყვი. მაი პ…ჭი ხარ მაშინ. არა, მაგას არა…

ვაჟა: რა, რანაირად უყურებ ამ ცხოვრებას ბიჭო…

ნუგზარ ფუტკარაძე: არა, რატომ… მე იქიდან ვიყარე კენჭი, არ ვიტყვი მაგას. არასდროს არ ვიტყვი მაგას. გეხვეწებით რა, მაი არ მითხრათ მეტი. მარა იქ, კანონების მიღებაში, მე მხარს დავუჭერ, რომ მართლა მხარდასაჭერი იქნება, მხარს დავუჭერ.

ბადრი: შეიძლება დადგეს მერის იმპიჩმენტის საკითხი. ვის დუუჭერ მხარს? პირობითად გეკითხები?

ნუგზარ ფუტკარაძე: მერის იმპიჩმენტის საკითხი არასდროს არ დადგება, ეს იცოდე. არასდროს არ დადგება.

ბადრი: ჰო.

ნუგზარ ფუტკარაძე: მერის იმპიჩმენტის საკითხი არასდროს არ დადგება, არ შემეკითხო რატომ, მაგრამ არ დადგება.

ვაჟა: მე ვხდები.

ბადრი: თუ ხდები კაია, მე ახლა ვერ მივხვდი.

ვაჟა: ყოველთვის თვლიან მაგას მათიანებად და.

ბადრი: ჩვენ როგორ ჩამოვყალიბდით ძმობაში.

ნუგზარ ფუტკარაძე: რაფერ ჩამოვყალიბდით და მე სადაც ვარ იქ ვიქნები და მე ყოველთვის კანონიერებას და საქმიდან გამომდინარე, არც შამფურს დავწვავ და არც ხორცს.

ბადრი: არა ახლა, საკითხებში მაი

ნუგზარ ფუტკარაძე: ბევრ საკითხებში დევეთანხმები. დავაი, კარგად.

ბადრი: მოიცა, რა კარგად. ვერ გევიგე, დავასრულოთ ნუგზარ, დავასრულოთ…

ნუგზარ ფუტკარაძე: მე ნაწილობრივ ყოველთვის დავეხმარები იმას, რა ქვია… მე ქალაქში შენაც და შენაც გამარჯობა უნდა გითხრა, იმასაც და იმასაც და ვინცხამ შენ მაი გითხრა – იმასაც. ალბათ ვიცნობ.

ბადრი: შევხვდებით აუცილებლად, მარა მე ამ შემთხვევაში ჩვენი პასუხი უნდა გქვონდეს კაცობის, რომ ძმობაში, ეს კაცი მზადაა, რომ ჩვენი პოზიცია გაიზიაროს.

ნუგზარ ფუტკარაძე: პოზიციას გავიზიარებ ბადრი, მე შენ გეუბნები, რომ ასე პირდაპირ ავდგე და მე ვთქვა, რომ აღარ ვარ თქვენთან და ვარ დამოუკიდებელი დეპუტატი, მაგას არ ვიტყვი. მაგრამ იქ, კანონების მიღების დროს, მე შამფურს არ დავწვავ.

ბადრი: რომ გეტყვის, ამაში, ამაში არ მიიღო მონაწილეობა, არ მიიღებ მონაწილეობას. ამა მეუბნები ხომ? დევილაპარაკოთ და შევხდეთ მერე. შენ წინააღმდეგი ხარ? რომ შევხდეთ?

ნუგზარ ფუტკარაძე: კანონების მიღების დროს ხელს არ ავწევ, რა გინდა მეტი. რათ უნდა მაგას შეხვედრა, მე იქაც ასე ვიტყვი. იქაც ასე ვიტყვი. რა გინდა, მე ცუდს არ გავუკეთებ არასდროს ვინმეს.

ბადრი: არა, მესმის. ცუდს არ გაუკეთებ, კი, გასაგებია, მაგრამ ამ შემთხვევაში პირდაპირი ინტერესი არის თემაში ხომ? პირდაპირი ინტერესია, რომ ამ შემთხვევაში ჩვენი პოზიცია გვქონდეს და ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ ვიღაცას ზურგს აქცევ. ამიტომ, საერთოდ ჩემი გადასახედიდან, ასეა, რომ ნეიტრალში ხარ და ამ შემთხვევაში რომელ კანონსაც გინდა იმ კანონს, პირობითად, მხარს უჭერ და… ეს იყო კაციდან, რომ მე შენთან მეთხოვა ძმობაში და ის დაგიწერე კიდეც, რაც დასაწერი იყო [როგორც საუბრის კონტექსტიდან ჩანს, გარიგების სანაცვლოდ შეთავაზებული თანხის რაოდენობა ნუგზარ ფუტკარაძეს ფურცელზე დაუწერეს] და დანარჩენი გადავწყვიტოთ უნდა.

ვაჟა: ძმობაში გეუბნები, ნუგზარ, ბოლომდე მათქმევინე. 20 პროცენტს ჩვენ წამოვიღებთ, 80 პროცენტს… ძმობაში ვლაპარაკობ…

ნუგზარ ფუტკარაძე: არ მინდა, თლათ იყოს თქვენი.

ბადრი: არა, არა, ძმობაში, შენ რომ მოხვიდე, მეც იგივე პასუხს გაგცემ ძმობაში. ჩემთან გაქ საქმე ხომ?

ვაჟა: მე რატომ ამას ვამბობ, გამოვიარეთ ყველაფერი და ტყულაი შანსს ვაკარგავთ. და ის რაცხა იქნება, ჩვენში დარჩება ყველაფერი.

ნუგზარ ფუტკარაძე: მისმინე, მე კიდევ ერთხელ გეუბნები, მე არასდროს არ ვიტყვი, რომ დავტოვე ნაციონალური მოძრაობა და ვარ დამოუკიდებელი დეპუტატი. გამიგე? ამას არ ვიტყვი. მაგრამ მე კანონებში დევეხმარები იმ კაცს, ვინცხამ მაი გითხრენ. რა გინდა შენ.

ვაჟა: გავიგე.

ბადრი: მხარს დავუჭერ მაქსიმალურადო და იმ მხარეს ავწევ ხელსო. ეს თემა, მაგალითად… დამოუკიდებლობის პოზიცია ღალატს ნიშნავს? უნდა შეგეკითხო.

ნუგზარ ფუტკარაძე: კი,

ბადრი: რატომ, მითხარი?

ნუგზარ ფუტკარაძე: ერთად ვიყარეთ კენჭი ჩვენ, ერთ პარტიაში ვართ…

ბადრი: არა, არც იმ მხარეს ვარ და არც ამ მხარეს… გავბრაზდი და არ მინდა.

ვაჟა: მე აქ ვცხოვრობ, აქ დევიბადე, გევიზარდე. ჯანმრთელობა მე ხელს არ მიწყობს, არ მინდა არც ერთი მხარე ვაწყენინო, არც მეორე მხარეს, ამიტომ ვირჩევ დამოუკიდებელ დეპუტატობას…

ნუგზარ ფუტკარაძე: არა, მაგას არ ვიზამ. არ ვიტყვი მაგას. დამანებეთ თავი, მაგრამ რა გინდა, იმათ არ ვაწყენინებ, რა გინდა მეტი.

ბადრი: გასაგებია, მაგრამ არწყენა რაში გამოიხატება, მაგასაც დაკონკრეტება უნდა.

ნუგზარ ფუტკარაძე: მხარს დავუჭერ კანონებში და რაღა უნდა მეტი.

ბადრი: კაი, მივხვდით. ერთ შეხვედრას მაგ საქმეზე შევხვდებით. ვეტყვი, ასეა და მე ვიცი, რომ არც საქმეში და არც ურთიერთობაში რამეს არ დაგვამადლი და ეს მარტო ჩემ ინტერესებში არა, ორივეს ინტერესებშია, ხვალ შენ რომ მითხრა დამეხმარეო, უნდა დაგეხმარო, ხომ? მე ასე ვთვლი. უკან „ზადნი“ ხოდი არ ვიცი მე. ამიტომ იმ კაცმა რომ მომენდო, მეც შენ მოგენდე. იმან იცოდა, რომ შენ მომენდობოდი და არ მიღალატებდი და არც შენ მიღალატებდი.

ნუგზარ ფუტკარაძე: ჰოდა გიღალატე ახლა.

ბადრი: არ მიღალატე, მაგასაც გამოვასწორებ. ამ ეტაპზე ასეა, მერე ვნახოთ. ამ ეტაპზეა ასეა, ყველა კანონში მოგყვება, დამოუკიდბელობას, ცოტა დრო გევიდეს და მერე გადაწყვიტავს.

ნუგზარ ფუტკარაძე [სიცილით]: არა, არა… დამანებეთ თავი.

ვაჟა: გაფიცებ ბიჭო, მოვკვდი ამ გაჭირვებაში. დამიჯერე მე შენ, ეს ჩვენში მოკვდება.

ნუგზარ ფუტკარაძე: არა. მე მინდა ლამაზად დევიძინო, გევიღვიძო, გევიარო, გამევიარო, სადაც მინდა იქ მივდე, ყველასთან კარგად ვიყო.

ბადრი: ისეც მიხვალ და მოხვალ. შენ გინდა, რომ იმათმა არ თქვან, რატომ ნეიტრალური დეიჭირე, ჩვენი იმით იყარე კენჭიო. მარა პირველი ეტაპი მასე შეიძლება და მერე შეხედავ, თუ თემები, რაღაცა, მერე საფუძველიც გექნება რომ თქვა. დროის ამბავია. დროსაც მნიშვნელობა აქვს, რაფერ განვითარდება მოვლენები.

ვაჟა: დაფიქრდი და ძმობაში… იმის არ იყოს. ხანდახან ღმერთი რომ გადმოგიგდებს… ვინმეს კლავ?! ვინმეს რამე ჩათლახობას უკეთებ თუ რა არის. ყველაზე კაი სიტუაცია არის ნეიტრალურობა.

აუდიოჩანაწერის ავთენტურობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის. შს სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ შემთხვევაზე გამოძიება არ დაწყეულა.

______________________

ფოტოზე პირველი – ნუგზარ ფუტკარაძე. დღეს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავცელა 2 ფოტო, რომელზეც, ენმ-ის განცხადებით, ვაჟა თაბაგიძე და ბადრი ბაკურიძე არიან გამოსახული. 

აუცრელი პირებისთვის მწვანე სტატუსის მინიჭება შესაძლოა გადაიხედოს – გამყრელიძე

კოვიდგადატანილებს მწვანე სტატუსი განუსაზღვრელი ვადით  მიენიჭებათ მიუხედავად იმისა,  აიცრებიან თუ არა ისინი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით. ამის შესახებ პირველად ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, როდესაც თქვა, რომ  პირველი დეკემბრიდან ახალი რეგულაციები ამოქმედდება და მწვანე პასპორტის არმქონე პირებს გარკვეულ საზოგადოებრივ ადგილებში შესვლა შეეზღუდებათ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რამდენად მისაღებია მისთვის, როცა აუცრელ ადამიანებს განუსაზღვრელი ვადით ანიჭებს სახელმწიფო მწვანე სტატუსს და უნდა გადაიხედოს თუ არა ეს გადაწყვეტილება?

„მწვანე პასპორტში არის 4 ინდიკატორი: ორჯერადი აცრა, ინფექციის გადატანა, ბოლო 72 საათში PCR, ბოლო 24 საათში ანტიგენის ტესტი. ჩვენი პოზიცია იყო, თუმცა, საკოორდინაციო საბჭომ უმრავლესობით მიიღო ეს გადაწყვეტილება გარკვეული პერიოდით. ვნახოთ, დავაკვირდებით და შემდგომ შესაძლოა გადაიხედოს“- ამბობს ამირან გამყრელიძე.

კითხვაზე, რატომ ვერ დაარწმუნა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა პრემიერი ამ გადაწყვეტილების მცდარობაში, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საკოორდინაციო საბჭო ინტერსექტორალური ორგანოა და საკითხი კონსესუსით მიიღება.

„თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი ან მე რამეს ვიტყვი და ეს აუცილებლად უნდა იყოს მიღებული. ის განიხილება და შემდეგ უმრავლესობის აზრი არის გადამწყვეტი,“ – ამბობს გამყრელიძე.

პირველი დეკემბრიდან მწვანე სტატუსი საჭირო იქნება რესტორნებში, კაფეებში, ბარებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, გასართობ ცენტრებში, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულ ობიექტებში, სპაცენტრებში, სასტუმროებში და სამთო კურორტების საბაგიროებზე.

მწვანე სტატუსი ენიჭება სრულად ვაქცინირებულ ადამიანს, ასევე იმ პირებს, რომლებსაც გადატანილი აქვთ კოვიდინფექცია და გასულია 14 დღე, ასევე ადამიანს, თუ მას აქვს PCR ტესტი 72-საათიანი ვალიდურობით, ან ანტიგენის ტესტი.

აპლიკაცია, სახელწოდებით GEORGIA e-Health უკვე ხელმისაწვდომია Iphone-ის მომხმარებლებისთვის App Store-ში, ანდროიდის მომხმარებლებმა კი აპლიკაცია ამ ბმულის მეშვეობით უნდა გადმოწერონ.

 

რატომ არ იცრება ჯანდაცვის მინისტრი მე-2 დოზით? – რას პასუხობს გაბუნია

დღეს, 24 ნოემბერს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ვაქცინაციის პროცესზე ისაუბრა. მისი განცხადებით, დღეს მნიშვნელოვანია პოზიტიური კამპანია ყველა მხრიდან, რომ ვაქცინაციის პროცესი წარმატებით გაგრძელდეს.

„ანტივაქსერების ჯგუფი საბედნიეროდ არ არის დიდი ჯგუფი და ესეც არის ჩვენთვის საიმედო მაჩვენებელი, მაგრამ ჩვენ დღესდღეობით მუშაობა გვჭირდება იმ ჯგუფთან, ვინც ვერ ჩამოყალიბდა და გარკვეული სიკეთე უნდა დაინახოს. ვაქცინაციას წაახალისებს მაგალითიც და გარკვეული ფინანსური ინტერესიც“, – ამბობს თამარ გაბუნია.

ჟურნალისტებმა თამარ გაბუნიას ჰკითხეს, თუ დაარწმუნა ჯანდაცვის მინისტრი, რომ აიცრას? – მაშინ, როცა ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინაციის კამპანიის ხელშეწყობაზე საუბრობს და ამბობს, რომ მნიშვნელოვანია თუნდაც ერთი ადამიანის დარწმუნება.

„ამ შემთხვევაში მივდივართ პირადი ინფორმაციის და პირადი გადაწყვეტილების განსჯაზე, რაც ნამდვილად არ არის ეთიკური, ჩემი აზრით“, – ასე პასუხობს გაბუნია კითხვას, თუ რატომ არ იცრება მეორე დოზით ეკატერინე ტიკარაძე.

ამ პასუხის მიუხედავად, თამარ გაბუნია ამბობს, რომ ვაქცინაციის კამპანიას დაეხმარება თანმიმდევრული და პოზიტიური მესიჯები, „რაც გააძლიერებს ვაქცინაციის მიმართ დადებით განწყობას და არ შექმნის კიდევ მეტ ეჭვს, რაც ბევრ შემთხვევაში ნამდვილად არის“.

ეკა ტიკარაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით (ასტრაზენეკა) მიმდინარე წლის 23 მარტს აიცრა. მიუხედავად იმისა, რომ აცრებს შორის განსაზღვრული პერიოდი დიდი ხნის წინ გავიდა, ტიკარაძე დღემდე არ პასუხობს ჟურნალისტებს კითხვაზე, თუ როდის აპირებს მეორე დოზის გაკეთებას.

NY Times- ის ინფორმაციით, კოვიდით გარდაცვალების ბოლო დინამიკით საქართველო მსოფლიოში პირველია. კოვიდით პანდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა  11 679  ადამიანი. სრულად ვაქცინირებულია 984 539 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 34.5%

Isa Amin – სტუდენტმა სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი სმარტფონით გადაიღო

“ISA AMIN” – ასე ჰქვია სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმს, რომელიც სტუდენტმა ნუკრი დუმბაძემ გადაიღო. ISA AMIN-ს ფილმის მთავარი გმირი საკუთარ თავს უწოდებს.

ფილმი პანტომიმის ვეტერან მსახიობსა და პოეტ-პერფორმერზეა, რომელიც უკვე 50 წელზე მეტია ამირან შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის თეატრში ცხოვრობს.

ISA AMIN-ი ახალგაზრდა მხატვრებს, მუსიკოსებს ხშირად თავშესაფრით და საკვებით უზრუნველყოფს, მის შესახებ ბევრმა არაფერი იცის.

კადრი ფილმიდან „Isa Amin”

ფილმის რეჟისორი ამბობს, რომ ეს საქართველოში პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმია სმარტფონით გადაღებული. მას სურდა ბევრი ადამიანისთვის გაეცნო კაცი, რომელიც ჩუმად ზრუნავს სხვებზე და შეუძლია ილაპარაკოს ყველაფერზე, რაც მას აწუხებს, ახარებს, მოსწონს, არ მოსწონს და ა.შ. კაცზე, რომელსაც მიაჩნია, რომ ყოველგვარ სიყვარულზე აღმატებული საქმის სიყვარულია, როცა თენდება და გიხარია იმის კეთება, რაც მხოლოდ შენი გასაკეთებელია.

ფილმი მთლიანად სმარტფონითაა გადაღებული (Galaxy S8 Plus) დამხმარე მოწყობილობების გარეშე, დამონტაჟებულიც სმარტფონშივეა. ფილმის მონტაჟზე ნიკოლოზ ხუროშვილმა იმუშავა.

„ეს იყო მცდელობა დამემტკიცებინა, რომ თუ კინო გიყვარს,  მობილური მოწყობილობითაც შესაძლებელია კარგი ხარისხის პროდუქტის შექმნა. მთავარია ცოდნა, სწორი სარეჟისორო, ოპერატორული და შემოქმედებითი ხედვა. ჩემი დიდი სურვილი და მიზანია ქართულ კინემატოგრაფიულ სივრცეში განვითარდეს ე.წ. “Mobile Filmmaking”-ი, რაც კინოს სმარტფონით გადაღებას ნიშნავს.

კადრი ფილმიდან „Isa Amin”

თუ ადრე მაღალი ხარისხის ვიდეოს ან ფოტოს გადაღება მხოლოდ ძვირადღირებული, პროფესიონალური კამერით იყო შესაძლებელი, დღეს ეს შესაძლებლობა ადამიანთა უმრავლესობას უბრალოდ “ჯიბეში უდევს”.

სმარტფონები და პროფესიონალური პროგრამები, რომელთა  გადმოწერაც და გამოყენებაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, იძლევა მაღალხარისხოვანი კონტენტის შექმნის საშუალებას.

ძალიან მაინტერესებს დოკუმენტური კინო, რამდენიმე წელი ვფიქრობდი სმარტფონით გადამეღო დოკუმენტური ფილმი და სულ რამდენიმე თვის წინ ასე დაიბადა “ISA AMIN”- ამბობს ფილმის ავტორი.

ნუკრიმ ფილმი 5 დღეში გადაიღო. დაამონტაჟა მინიმალისტური ვიდეოედიტორით. გადაღების დროს კადრის მონტაჟის, ფოკუსის მართვის, ფერებისა და კელვინების კორექციისთვის პროგრამა Filmic Pro გამოიყენა.

„მინდოდა მეჩვენებინა, რომ თუ შემოქმედებითი უნარები გაქვს, დღეს არსებობს ტექნიკური შესაძლებლობები ამის დასახვეწად“, – ამბობს ნუკრი დუმბაძე.

“სასიამოვნო გარეგნობის მდივანი” – დისკრიმინაცია ვაკანსიების განცხადებებში

შრომის ინსპექციის სამსახურმა მიმდინარე წელს წინასახელშეკრულებო და შრომითი ურთიერთობის დროს დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტები დაადგინა.

შრომის ინსპექციამ შეამოწმა საჯარო წესით გამოქვეყნებული 100 ვაკანსიის შესახებ განცხადებების მოთხოვნების შრომის კანონმდებლობასთან შესაბამისობა. განცხადებები შემოწმდა როგორც მოქალაქის მიმართვის, ისე ინსპექციის ინიციატივის საფუძველზე.

შესაბამისად, დადგინდა, რომ დამსაქმებლების მხრიდან ადგილი ჰქონდა ასაკის, სქესის, გარეგნობისა და ა.შ. ნიშნით დისკრიმინაციას დასაქმების მსურველ პირებთან მიმართებით. მაგალითად, ასეთ დარღვევებს წარმოადგენდა:

  •  გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე განიხილება ,,სასიამოვნო გარეგნობის მდედრობითი სქესის“ წარმომადგენლის კანდიდატურა;
  •  სამზარეულოს თანამშრომლის პოზიციაზე – მდედრობითი სქესის წარმომადგენლის კანდიდატურა 18-50 წლის ჩათვლით;
  •  ვაკანსია არ ეხებოდა ჭარბწონიან აპლიკანტებს, რადგან მათ მიერ ვერ მოხდებოდა მომხმარებლებისათვის ხარისხიანი სერვისის მიწოდება;
  •  გაყიდვების კონსულტანტი გოგონა 18-დან 30 წლამდე; და ა.შ.

დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს, რაიმე ნიშნის (რასის, ეთნიკური წარმომავლობის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, სოციალური სტატუსის, ასაკის,  საცხოვრებელი ადგილის,  შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური ან სხვა) მიხედვით, არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით. ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, რომლებსაც არ აქვთ ობიექტური და გონივრული გამართლება.

რაც შეეხება სამუშაო ადგილზე დასაქმებულის შევიწროებასთან დაკავშირებულ შემთხვევას, შრომის ინსპექციის ინფორმაციით, დადგინდა დამსაქმებლის არასასურველი ქცევა, რომელიც მიზნად ისახავდა ღირსების შემლახველი, შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი გარემოს შექმნას.

ვაკანსიებისა და განცხადებების სხვადასხვა ვებგვერდზე ახლაც იძებნება გარეგნობასთან თუ ასაკთან დაკავშირებული დისკრიმინაციული შინაარსის განცხადებები.

კაფე-ბარებში „მწვანე პასპორტის“ გარეშე ვეღარ შეხვალთ

„მწვანე სტატუსი საჭირო იქნება რესტორნებში, კაფეებში, ბარებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, გასართობ ცენტრებში, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულ ობიექტებში, სპაცენტრებში, სასტუმროებში და სამთო კურორტების საბაგიროებზე,“ – განაცხადა დღეს, 24 ნოემბერს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

ე.წ. მწვანე პასპორტი პირველი დეკემბრიდან დაგჭირდებათ.

დღევანდელ ბრიფინგზე გიორგი ღიბრაძემ ასევე განმარტა, რომ მწვანე სტატუსი ენიჭება სრულად ვაქცინირებულ ადამიანს, ასევე იმ პირებს, რომლებსაც გადატანილი აქვთ კოვიდინფექცია და გასულია 14 დღე, ასევე ადამიანს, თუ მას აქვს PCR ტესტი 72-საათიანი ვალიდურობით, ან ანტიგენის ტესტი.

აპლიკაცია, სახელწოდებით GEORGIA e-Health უკვე ხელმისაწვდომია Iphone-ის მომხმარებლებისთვის App Store-ში, ანდროიდის მომხმარებლებმა კი აპლიკაცია ამ ბმულის მეშვეობით უნდა გადმოწერონ.

 

 

„ყველას მოვთხოვ ბოდიშის მოხდას“ – თორნიკე რიჟვაძე ენმ-ს მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, დღეს, 24 ნოემბერს, ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ჩანაწერების მიხედვით, ბათუმის ახალარჩეულ საკრებულოს წევრზე,  ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლას ახდენენ. ენმ-ს თქმით, ამ პროცესში უშუალოდ ჩართულნი იყვნენ ასლან აბაშიძის დროინდელი პოლიციელები. ხოლო მათ უშუალოდ ხელმძღვანელობდა დავით რიჟვაძე, თორნიკე რიჟვაძის მამა.

ჩანაწერების მიხედვით, ენმ-ს წევრ ნუგზარ ფუტკარაძეს ვაჟა თაბაგიძე 100 ათას დოლარს სთავაზობდა, ამის სანაცვლოდ კი საკრებულოში „ნეიტრალად ყოფნას“ სთხოვდა.

„წინასწარ დაანონსებულ რაღაც ჩანაწერებზე და მათ შინაარსზე წინასწარ ვერ გავაკეთებ კომენტარს. თუმცა, მერწმუნეთ, რომ მათ ჩემი ოჯახის წევრი, რომელიც ამ ჩანაწერებში არ იფიგურერებს, ყველას მოვთხოვ ბოდიშის მოხდას“, – ამბობს თორნიკე რიჟვაძე.

ნუგზარ ფუტკარაძე ახალი მოწვევის საკრებულოს წევრი იყო „ნაციონალური მოძრაობიდან“. ის 18 ნოემბერს მოულოდნელად გარდაიცვალა.

„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, ნუგზარ ფუტკარაძეზე ხელისუფლება ზეწოლას ახდენდა. მაშინ ოპოზიციამ თქვა, რომ ჰქონდათ მტკიცებულებებიც, რომელსაც მალე გაასაჯაროებდნენ.  ოპოზიციის განცხადებით, ფუტკარაძის გარდა „ქართული ოცნება“ გადაბირების მიზნით მათ სხვა წევრებზეც ახდენდა ზეწოლას.

ენმ თორნიკე რიჟვაძის, ასევე, რიჟვაძის მამის – პოლიციის მაღალჩინოსნის, დავით რიჟვაძის და ხელვაჩაურის მერის, ზაზა დიასამიძის გადადგომას ითხოვს.

ჩანაწერების მიხედვით, ნუგზარ ფუტკარაძეს თანხას და „ნეიტრალურს“ სწორედ ზაზა დიასამიძის ბიძა, ვაჟა თაბაგიძე სთავაზობდა.

„ბათუმელები“ ცდილობს ზაზა დიასამიძესთან დაკავშირებას. ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

_________________

ამავე თემაზე:

როდის დაიწყებს მუშაობას ბათუმის ახალი მერი და საკრებულო?

ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილ წევრზე, ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლას ახდენდნენ – ენმ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაცია აუდიოჩანაწერს აქვეყნებს. პარტიის ლიდერების მტკიცებით, ჩანაწერი ასახავს იმას, თუ როგორ ცდილობენ მმართველ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირები ენმ-ს წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის მოსყიდვას და ახორციელებენ მასზე ზეწოლას.

ნუგზარ ფუტკარაძე ბათუმის ახალი საკრებულოს წევრი იყო ენმ-დან და ის 18 ნოემბერს გარდაიცვალა. მის გარდაცვალებამდე ოპოზიციას ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა ჰქონდა.

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კირთაძე ამბობს, რომ ჩანაწერის მიხედვით, ნუგზარ ფუტკარაძეს 100 ათას დოლარს სთავაზობდნენ დავით რიჟვაძის დავალებით [თორნიკე რიჟვაძის მამა] ვაჟა თაბაგიძე და ბადრი ბაკურიძე. ეს პირები ასლან აბაშიძის ხელისუფლებაში მუშაობდნენ.

ბრიფინგზე გიორგი კირთაძემ ხაზი გაუსვა ქრონოლოგიას, თუ როგორ განვითარდა პროცესები მას შემდეგ, როცა ბათუმის საკრებულოში მანდატების უმრავლესობა [19 მანდატი] ოპოზიციამ მიიღო.

„ამის შემდეგ იყო ღარიბაშვილის და კობახიძის ვიზიტი ბათუმში, რომლის შემდეგაც მათ პირდაპირ დაგვიანონსეს და გვითხრეს, რომ მათ არ აინტერესებთ, რა გადაწყვიტა ბათუმელმა ამომრჩეველმა და „ქართულ ოცნებას“ აუცილებლად ექნებოდა უმრავლესობა საკრებულოში, რაც გაცხადებულად ნიშნავდა იმას, რომ საკრებულოს წევრებზე იწყებოდა არნახული მასშტაბის ზეწოლა. პირველი მათ ეს შეძლეს გახარიას პარტიის წარმომადგენლებზე და უკვე 18 – 17 -ზე მოახდინეს ბალანსი, უკვე სჭირდებოდათ „ნაციონალური მოძრაობიდან“ ერთი ადამიანის გადაყვანა იმისთვის, რომ უმრავლესობით ყოფილიყო წარმოდგენილი „ქართული ოცნება“. ფრაქციის სხვადასხვა წევრზე მიმდინარეობდა ზეწოლა, თუმცა ერთ-ერთი პირველი, ვისზეც დაიწყო ზეწოლა და მოსყიდვის მცდელობა, ეს გახლდათ ბატონი ნუგზარ ფუტკარაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა…

ჩანს, რომ მას სთავაზობდნენ 100 ათას დოლარს და 20 პროცენტს მისვლის სანაცვლოდ სთხოვდნენ უკან… პირადად დათო რიჟვაძე ხელმძღვანელობდა ამ ყველაფერს,“ – აღნიშნა გიორგი კირთაძემ.

„არაერთი შეხვედრა გამართეს ნუგზარ ფუტკარაძესთან, ამის შესახებ საქმის კურსში ვიყავით, როცა გაუსაძლის ხასიათს იძენდა, ბატონმა ნუგზარმა თვითონ გააკეთა ეს ჩანაწერები,“ – განაცხადა ბრიფინგზე გიორგი კირთაძემ. მისივე თქმით, ვაჟა თაბაგიძე ხელვაჩაურის მერის, ზაზა დიასამიძის ბიძაა.

„ცალსახააა, რომ იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. ჩვენ, ბუნებრივია, არ ვართ დარწმუნებულები და შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ის ადამიანები, რომლებიც სჩადიან დანაშაულს, გამოიძიებენ თავიანთ წინააღმდეგ საქმეებს. ერთადერთი ინსტიტუცია, რომელიც შემორჩა ქვეყანას, ეს არის სახალხო დამცველის ინსტიტუტი და მივმართავთ ნინო ლომჯარიას, რომ პირად კონტროლზე აიყვანოს ეს საქმე,“ – განაცხადა ბათუმის საკრებულოს წევრმა ენმ-დან მირდატ ქამადაძემ. მან ასევე მიმართა საელჩოებს.

„როგორ ვაჭრობენ ამ ქვეყანაში და როგორ არის ამომრჩევლის ნება გვერდზე გადადებული, როგორ ვაჭრობს რამდენიმე ჩინოვნიკი, ცალსახაა,“ – დასძინა მირდატ ქამადაძემ.

ენმ-ს მიერ გავრცელებულ ჩანაწერში ისმის, რომ ნუგზარ ფუტკარაძეს 100 ათას დოლარს სთავაზობენ და სთხოვენ საკრებულოში „ნეიტრალური მხარე დაიჭიროს“. ნეიტრალურობა ამ შემთხვევაში ნიშნავდა იმას, რომ საკრებულო ოპოზიციური ვეღარ იქნებოდა და უმრავლესობით გადაწყვეტილებას ვეღარ მიიღებდა.

19 ოქტომბერს ანუ არჩევნების ჩავლის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა: „ბათუმის საკრებულოში გვეყოლება უმრავლესობა“ 

ენმ მიიჩნევს, რომ ჩანაწერი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. ენმ ითხოვს დავით და თორნიკე რიჟვაძეების, ასევე ზაზა დიასამიძის გადადგომას და გამოძიების დაწყებას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე წლის 18 ნოემბერს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში  გამოძიება დაიწყო საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს „სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით“. შსს-ს გამოძიება სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევაზე არ დაუწყია.

„მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხულ იქნენ გარდაცვლილი ოჯახის წევრები, რომლების ფლობდნენ ინფორმაციას საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ. საქმეზე ტარდება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საჭირო საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები. სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების მიერ მედიაში აუდიო ჩანაწერების გავრცელების ფაქტთან დაკავშირებით,  აჭარის პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე  დაბარებული არიან:  გიორგი კირთაძე, მირდატ ქამადაძე და ელგუჯა ბაგრატიონი,” – განმარტეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში.

___

ამავე თემაზე:

გარდაიცვალა ბათუმის ახალი საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“

აჭარაში კოვიდის 141 ახალი შემთხვევაა

24 ნოემბრის მონაცემებით, გასულ 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 141 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

დღეის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებშია 525 პაციენტი, კოვიდსასტუმროში იმყოფება 212 ინფიცირებული.

დღეის მონაცემებით აჭარაში 126 მძიმე პაციენტია, მათგან 44 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

23 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კოვიდის 3201 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 64 პაციენტი გარდაიცვალა.

26 ნოემბერს, ღამით, ბათუმის 38 ქუჩაზე წყლის მიწოდება წყდება

კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, 26 ნოემბერს, 01:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე, ბათუმში წყალმომარაგება შეწყდება შემდეგ მისამართებზე:

  • გოგებაშვილის ქუჩა
  • ოთარ ჭილაძის ქუჩა
  • ე. ნინოშვილის ქუჩა
  • საბაჟოს შესახვევი
  • ქუთაისის ქუჩა
  • ზ. გამსახურდიას ქუჩა
  • ხულოს ქუჩა
  • გენ. მაზნიაშვილს ქუჩა
  • კ. გამსახურდიას ქუჩა
  • ს. ჟღენტის ქუჩა
  • ნ. დუმბაძის ქუჩა
  • კ. მარჯანიშვილის ქუჩა
  • ნ. ბარათაშვილის ქუჩა
  • დ. თავდადებულის ქუჩა
  • ჭაბუა ამირეჯიბის ქუჩა
  • ს. ესენინის ქუჩა
  • ზ. ბერიძის ქუჩა
  • იმედაშვილსის ქუჩა (1-დან 15-მდე; 2-დან -14-დან)
  • ლ. ასათიანის ქუჩა (1-დან 41-მდე; 2-დან 54-მდე)
  • ვაჟა-ფშაველას ქუჩა (1-დან 5-მდე; 2-დან 8-მდე)
  • 26 მაისის ქუჩა (1 -დან 5-მდე; 2-დან 8-მდე)
  • რუსთაველის ქუჩა
  • თ. აბულაძის ქუჩა
  • ალ. ახმეტელის ქუჩა
  • მემედ აბაშიძის ქუჩა (1-დან 49-დან; 2-დან 46-დან)
  • ახმედ მელაშვილის ქუჩა
  • გორგილაძის ქუჩა (1-დან 13-მდე; 2-დან 8-მდე)
  • მერაბ კოსტავას ქუჩა
  • ი. აბაშიძის ქუჩა
  • ნოე ჟორდანიას ქუჩა
  • ფარნავაზ მეფის ქ (1-დან 71-მდე; 2-დან 70-მდე)
  • საიათნოვას ქუჩა
  • გორგასალის( 1-დან 51-მდე; 2-დან 60-მდე)
  • ჭავჭავაძის ქუჩა (1-დან 39-მდე; 2-დან 34-მდე)
  • ვალემბერგის ქუჩა
  • რ.კომახიძის ქუჩა
  • რევაზ კომახიძის I შეს.
  • აკაკი წერეთლის ქუჩა (1-დან 15-მდე)
  • ზუბალაშვილის ქუჩა (1-დან 39-მდე; 2-დან 34- მდე)

წყლის გათიშვის მიზეზი გეგმური სარემონტო სამუშაოებია.

64 გარდაცვლილი და კოვიდის 3201 ახალი შემთხვევა – 24 ნოემბერი

24 ნოემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3201 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 26 588 კვლევა ტესტით. 

ამავე პერიოდში გარდაიცვალა 64 პაციენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 201 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 383 შემთხვევა, აჭარაში – 141, იმერეთში – 536, ქვემო ქართლში – 187, შიდა ქართლში – 244, გურიაში – 111, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 263, კახეთში – 155, მცხეთა-მთიანეთში – 60, სამცხე-ჯავახეთში – 93, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 28.

23 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 12.04%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.15% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.19%.

ახალი პარტია, რომელიც გონიოში რუსეთის ჯარის დაბრუნებას აპირებს

„რუსებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ბაზა იყოს გონიოსთან,“ – რუსეთის სურვილებთან საკუთარი ნების თანხვედრას არც მალავს რამდენიმე დღის წინ დაფუძნებული „კონსერვატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ზურაბ მახარაძე. პოლიტიკური გაერთიანება რეესტრში ოფიციალურად ჯერ არ დარეგისტრირებულა, თუმცა ცნობილია, რომ „ალტ-ინფოს“ სახეების და წარმომადგენლების ნაწილი ამჯერად უკვე რუსული ინტერესების დაცვას პოლიტიკური პარტიის სახელითაც ეცდებიან საქართველოში.

20 ნოემბერს, „სოციალისტური მოძრაობის“ დამფუძნებელი კრების შემდეგ, ზურაბ მახარაძემ „ალტ-ინფოს“ ეთერში ისაუბრა რუსული ჯარის საქართველოში დაბრუნებაზე, კონკრეტულად კი, გონიოში.

„როცა ვამბობთ, რომ რუსებთან დავლაგდებით, მაგაში იმას კი არ ვგულისხმობთ, რომ რაღაც მაგარ ტექსტს დავწერთ, შევუცურებთ და მოვატყუებთ იქ ვიღაცას. ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთთან ისეთ რამეზე დავლაგდებით, რაც იმასაც აწყობს და ჩვენც გვაწყობს. სანამ ორივეს გვაწყობს, მანამდე ეგ იქნება ძალაში და რუსებს რაც აინტერესებთ აქ, ეს არის სამხედრო უსაფრთხოების ზონა,“ – აცხადებს ზურაბ მახარაძე.

„პატრიოტთა ალიანსისგან“ განსხვავებით, რომელიც ყურადღებას ამახვილებდა ნეიტრალიტეტზე, ანუ „არც რუსეთი და არც ნატო“ და რაც არსებითად პრორუსულობას ნიშნავს არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, „კონსერვატიული მოძრაობა“ აცხადებს მზაობას, შემოვიდეს რუსეთის ჯარი საქართველოში. „ალტ-ინფოს“ წამყვანი და უკვე პარტიის ლიდერი ახსენებს „სოხუმს“ და აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ დაკარგულ ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენა საქართველოს ამ გზით შეუძლია. ის არ აღნიშნავს იმას, რასაც დანარჩენი მსოფლიო ხედავს – რუსეთი ოკუპანტია.

ზურაბ მახარაძის აზრით, თურქეთი რუსეთთან ომისთვის ემზადება, ამიტომ „რუსებს აქ აინტერესებთ სამხედრო ბაზები, რომ თურქეთთან ანუ ერთ-ერთ მთავარ რეგიონალურ მოთამაშესთან, ჰქონდეს დაფიქსირებული ზღუდე, რომ აქ ექსპანსია არ მოხდეს… აქ რომ თურქული ექსპანსია მოხდეს და ჩრდილო კავკასიამდე მივიდეს თურქული ზონა, ეგ ნიშნავს, რომ ჩრდილო კავკასია ფეთქდება და მერე ვოლგისპირეთამდე იქ ხანძარი უნდა იყოს საერთოდ. ომის ხანძარი იქნება მთელი რუსეთის სამხრეთ მიმართულებაში და მაგის დაზღვევა უნდა რუსეთს რა…

გონიოსთან თუ ვლაგდებით ბაზაზე ხო, სოხუმზეც ვლაგდებით რა. ძაან პრიმიტიულად ვამბობ რა, საქართველო მაგის ფორმატში იქნება დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელშიც ეს ტერიტორიები, რასაც ახლა ვერ ვაკონტროლებთ, იქნებიან ფართო ავტონომიის სტატუსით, და საქართველო იქნება უსაფრთხოების კონცეფციის და ეკონომიკური ზონის ნაწილი, აქ იქნება გადაჭრილი ეკონომიკური თემა, უსაფრთხოების თემა და ცოტა ხალხი ამოისუნთქავს რა,“ – განაცხადა ზურაბ მახარაძემ „ალტ-ინფოს“ ეთერში.

„ეს არის მოსკოვში დაწერილი სცენარი… დარწმუნებული ვარ, ეს ჯგუფი მალე ისეთივე მარგინალური ჯგუფი გახდება, როგორც მანამდე სხვა ძალები, რომლებიც ასევე რუსეთის ინტერესების გატარებაზე მუშაობდნენ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი. ის მიიჩნევს, რომ „კონსერვატიული მოძრაობა“ უკვე ის შემთხვევაა, რომელიც პრორუსულობას არც მალავს.

ზურაბ ბატიაშვილის დაკვირვებით, რუსეთი ისევ ამუშავებს იდეას, რომ თვითონ კი არა, მეზობელი თურქეთია საფრთხე.

„მხოლოდ სახელები იცვლება. „პატრიოტთა ალიანსის“ საუბრები გვახსოვს იმაზე, რომ აი, ყარსის ხელშეკრულებას გასდის ვადა და ბათუმს წაიღებს თურქეთი. გავიდა 100 წელი და ბოდიშიც არავის მოუხდია, რომ პოლიტიკურ ქულებს იწერდნენ… ახლა უკვე აღარც მალავენ იმას, რომ ეს რუსეთისგან წამოსული ნარატივია.

არავითარი საფრთხე, რომ თურქეთი შემოესიოს საქართველოს, არ არსებობს და ეს არის მორიგი ზღაპარი რუსეთისგან, რომ ე.წ. ძალა შემოიყვანონ ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში. თურქეთი რუსეთისგან განსხვავებით ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს… მინიმუმ ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოში განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომელი ქვეყანაც არის ოკუპანტი და საიდან მოდის სინამდვილეში საფრთხე,“ – მიიჩნევს ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი.

ანალიტიკოსის აზრით, რუსეთის ჯარის საქართველოში შემოყვანა დამოუკიდებლობასა და სახელმწიფოებრიობაზე უარის თქმაა და ამ იდეას, ბუნებრივია, მხარდამჭერები საქართველოში არ ეყოლება.

„ასეთი დასაყრდენი რომ ჰქონდეს რუსეთს, დიდი ხნის წინ გადაყლაპავდა საქართველოს. ეს მორიგი, უბადრუკი მცდელობაა,“ – დასძინა ზურაბ ბატიაშვილმა.

„ზღვაში შორს გაცურვის უფლებაც არ გვქონდა. ერთხელ, სამხედროებმა გასაბერი ლეიბიც ჩამოგვართვეს,“ – ბავშვობის წლების გახსენება ვთხოვეთ ასლან ჭანიძეს, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელს. ის გონიოში იზრდებოდა, იქ, სადაც „რუსის ჯარი იდგა“ და ნებისმიერ გამვლელს სჭირდებოდა საშვი, სტუმრებისთვის კი, წინასწარი სიის შედგენა იყო საჭირო.

„იყო შემთხვევები, როცა არ უშვებდნენ უცხო ადამიანებს, ან გვიკავშირდებოდნენ, რომ აი, ამ კაცს უნდა თქვენთან მოსვლა და თუ არის ეს ნამდვილიო,“ – რუსი სამხედროებისგან კონტროლირებად გონიოს, ასევე ხელვაჩაურის სოფელ მირვეთს იხსენებს ასლან ჭანიძე, სადაც გადაადგილება კი არა, მდინარე ჭოროხში ჩასვლაც კი, უნებართვოდ აკრძალული იყო:

„ჩემი მშობლები მუშაობდნენ გონიოში და მქონდა იმ ზონაში შესვლის უფლება, მოწმობას წელიწადში ერთხელ აახლებდნენ, გონიოს ხიდზე გავლა-გამოვლის დროს მუდმივად ამოწმებდნენ საშვს, იქ შლაგბაუმი ჰქონდათ.

მახსოვს ქორწილები და ქელეხები, როცა სიების მიხედვით გადაადგილდებოდა ხალხი. ყველაზე სევდიანად მაინც ის მახსოვს, გასაბერი ლეიბი რომ ჩამოგვართვეს, მაშინ ასე იოლად კი არ იშოვებოდა… ორი კვირა ვერჩოდით სამხედროებს, ქვებს ვესროდით შორიდან, ფანჯრები ჩავუმტვრიეთ.

რუსის ჯარზე ბავშვებთან არ ლაპარაკობდნენ, რომ ამბავი არ გასულიყო და პრობლემა არ შექმნოდა ვინმეს. მაგალითად, მხოლოდ 90-იან წლებში გავიგე, რომ თურქეთში თურმე ჩემი ნათესავები ცხოვრობენ.

მირვეთის ხიდზეც ორი ჯარისკაცი იდგა მუდმივად. ჭოროხში რომ გვეთევზავა, ბიძაჩემს უნდა დაერეკა სადღაც, რომ ასე და ასე ჩავდივარ სანაპიროზეო… უცხო ვინმე თუ გამოჩნდებოდა სოფელში, ასევე გაფრთხილებული იყო ყველა, რომ უნდა დაერეკათ სასაზღვრო  პოლიციისთვის. მახსოვს, როგორ ივსებოდა ტყე ჯარისკაცებით, როცა ვინმეს ეძებდნენ,“ – გვიყვება ასლან ჭანიძე.

ასლან ჭანიძის დაკვირვებით, ეს იდეა, ანუ რუსული ჯარის შემოყვანა საქართველოში, ვერ იმუშავებს მარტივად, რადგან თურქეთთან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს, ხოლო ადამიანები იოლად ამჩნევენ, რა უპირატესობა აქვს ევროპულ არჩევანს.

„რომ ვუყურებ ამ ახალგაზრდა კომკავშირლებს, მიკვირს მათი, რადგან დღეს ახალგაზრდებს განვითარების ბევრად მეტი შესაძლებლობა აქვთ, ვიდრე ჩვენ გვქონდა… სამწუხაროდ, რუსეთის იქეთ ვერ იხედებიან და თვლიან, რომ რუსეთი აჭმევს პურს… არ მგონია, ეს იდეა მასობრივად მიიღოს ვინმემ, რადგან ადამიანები ხედავენ ევროპას და მეორე მხრივ, გაჩანაგებული რუსეთის ძალადობრივ რეჟიმს. ეს თემა აღარაა მიმზიდველი,“ – მიიჩნევს ასლან ჭანიძე.

რა ვიცით „ალტ-ინფოს“ შესახებ? 

ამ სათაურით კვლევა მოამზადა ორგანიზაციამ „მედიის უფლებები“, რომლის ხელმძღვანელიც ნათია კაპანაძეა. კვლევაში დეტალურადაა აღწერილი „5 ივლისის საქმეში“ ალტ-ინფოს ლიდერების როლი – ძალადობის ორგანიზების მიუხედავად ამ დრომდე პროკურატურას არავინ დაუსჯია.

მაგალითად, უკვე პარტიის „კონსერვატიული მოძრაობის“ თავმჯდომარის, ზურაბ მახარაძის და სასულიერო პირის სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვდა სახალხო დამცველი 6 სექტემბერს. ომბუდსმენი მიიჩნევდა, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებებით არსებობდა ბრალის წარდგენის სტანდარტი.

“ძალადობას არათუ ვემიჯნები, ვემხრობი და თქვენც მოგიწოდებთ, თქვენი შვილების ესეთი მომავლის წინააღმდეგ გავიდეთ და ვიძალადოთ. ვინც ემიჯნება, ის არაადამიანია,“ – თქვა 5 ივლისის აქციამდე ღია ეთერში ზურაბ მახარაძემ. ეს არაა ერთადერთი ციტატა, რის გახსენებაც შეიძლება იმის საჩვენებლად, რომ ზურაბ მახარაძე და ალტ-ინფოს“ გუნდი, რომელიც ახლა უკვე პარტიას ქმნის, 5 ივლისის აქციაზე ძალადობას აორგანიზებდა.

ხელისუფლების მხრიდან „ალტ-ინფოს“ მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებას აჩვენებს ისიც, რომ 5 ივლისის შემდეგ „ალტ-ინფომ“, საიდანაც სიძულვილის ტირაჟირება ხდებოდა და ძალადობისკენ საჯაროდ მოწოდება, ეროვნული მაუწყებლის სტატუსი მიიღო.

„2021 წლის 08 იანვრიდან დღემდე კომისიამ სამჯერ ცნო “ალტ-ინფო” სამართალდამრღვევად,“ – აღნიშნულია „მედიის უფლებების“ კვლევაში და ხაზგასმულია ისიც, რომ 5 ივლისის მოვლენების გაშუქების დროს, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „ალტ-ინფო“ სამართალდამრღვევად ცნო და იმავდროულად სანქციიდან გათავისუფლა. მოდიფიცირების პროცესში კი, კომისიის წევრებს კითხვები არ დაუსვამთ.

მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ თავისი უმოქმედობით პასუხი არ მოსთხოვა „ალტ-ინფოს“ ჯგუფს ძალადობის მოწოდებისკენ, „ალტ-ინფო“ მაუწყებელი გახდა. ახლა ჯერი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებაზეა.

მმართველ პარტიის გავლენიან წევრსა და „ალტ-ინფოს“ ფინანსური კავშირების კუთხითაც არსებობს კითხვები. კვლევაში აქცენტირებულია ე.წ. სუს-ის ჩანაწერები, რომლის ნამდვილობაც ასევე არ გაურკვევია ამ დრომდე სახელმწიფოს.

„2021 წლის 13 სექტემბერს გავრცელებულ ჩანაწერებში, რომლებიც სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდანაა გამოჟონილი, “ალტ – ინფოსთან” დაკავშირებული პირი – კონსტანტინე მორგოშიაც მოხვდა. ჩანაწერების მიხედვით, ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე ამბობს, რომ თბილისის მერი კახა კალაძე კონსტანტინე მორგოშიას სხვადასხვა შეღავათს უწევს, მათ შორის, მისცა უკანონო მშენებლობის ნებართვები, დააფინანსა მისი ორგანიზაცია „ალტერნატივა საქართველოსთვის“ და ასევე, 2020 საპარლამენტო არჩევნებში მორგოშიას და ვასაძის მხარდაჭერილი კანდიდატები 300 000 ლარით დააფინანსა.

კახა კალაძე მორგოშიასთან ფინანსურ და საქმიან ურთიერთობას უარყოფს. გავრცელებულ მასალებში, რომლის იდენტურობაც ამ დრომდე არ არის დადასტურებული, საუბარია, რომ “კონსტანტინე მორგოშია არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის „პროექტი“. ტელეკომპანია “ალტ-ინფოს” წამყვანი, ზურაბ მახარაძეც კი არის სუს-ის ნომრიანი აგენტი.”

აღნიშნულის პარალელურად, დადგენილია, რომ თბილისის მერიის დახმარება 2021 წლის 5 ივლისს საპატრიარქოს ახალგაზრდულმა მოძრაობა „დავითიანმა“ მიიღო – მერიამ ქაშუეთის ეკლესიის წინ ხმის ტექნიკა დროებით სარგებლობაში გადასცა და ელექტროენერგიის მიწოდება უზრუნველყო,“ – წერია კვლევაში.

შპს „ალტ-ინფო“ საჯარო რეესტრში 2019 წლის 28 იანვარს დარეგისტრირდა. წესდების თანახმად, ორგანიზაციის მიზანია კონსერვატიული, ეროვნული ღირებულებების დაცვა, პოპულარიზაცია და მათი წარმატებით გადასაწყვეტად ალტერნატიული მედიაპლატფორმის შექმნა-განვითარება. ორგანიზაციის დირექტორია შოთა მარტინენკო, რომელიც კომპანიის 50% წილს ფლობს და ამავე არხის წამყვანიცაა, მეორე 50% წილი კი, ციალა მორგოშიას სახელზეა გაფორმებული, ის 5 ივლისის ძალადობრივი აქციისი ერთ-ერთი მონაწილის, კონსტანტინე მორგოშიას მამიდაა.

„მედიის უფლებების“ კვლევის მიხედვით, ამჟამად ციალა მორგოშიას სახელი 7 კომპანიასთან არის აფილირებული.

ამავდროულად, კონსტანტინე მორგოშია „პატრიოტთა ალიანსის“ შემწირველი იყო და „ქართული მარშის“ წევრი.

კონსტანტინე მორგოშია ზურაბ მახარაძესთან ერთად გამგეობის წევრია ასევე „ალტინფოსთან“ დაკავშირებულ არასამთავრობო ორგანიზაციაში „ალტერნატივა საქართველოსთვის“.

ალტ-ინფო“, რომელიც თავს უწოდებს ალტერნატიული ინფორმაციის წყაროს, მედიამონიტორების შეფასებით, „ანტილიბერალურ, ანტისაიმიგრაციო, ლგბტქი თემის საწინააღმდეგო და ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევა“.

გასულ წელს „ფეისბუქმა“ კოორდინებული არაავთენტური ქცევის გამო გააუქმა 50 ანგარიში, 49 გვერდი, 4 ჯგუფი, 8 ღონისძიება და 19 ინსტაგრამ-ანგარიში, რომელიც დაკავშირებული იყო „ალტ-ინფოსთან“. უხამსობისა და არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი მასალის ტირაჟირების მიზეზით, კომუნიკაციის კომისიამ მიმდინარე წლის აპრილში “ალტ-ინფო” 2 500 ლარით დააჯარიმა. ორგანიზაცია „მედიის უფლებები” შენიშნავს, რომ “ალტ-ინფოს” შინაარსში დარღვევა [ბავშვთა მიმართ ძალადობის დადებით კონტექსტში საუბარი], როგორც გადაცდომა, კომუნიკაციების კომისიამ მხოლოდ სახალხო დამცველის მიმართვის შემდეგ შეამჩნია.

5 ივლისის აქციამდე რამდენიმე დღით ადრე, 28 ივნისს, ზურაბ მახარაძემ, ანუ ახლა უკვე პარტიის „კონსერვატიული მოძრაობა“ თავმჯდომარემ, ეს ვიდეომიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ ძალადობას აპირებს.

„5 ივლისის ის კი არ წყდება, 10 ავადმყოფი ქუჩაში გაივლის თუ არა,  5 ივლისს წყდება, ამ ქვეყანაში ვისი წესები მოქმედებს – მოღალატე პოლიტიკური პარტიების, ენჯეოების, მედიასაშუალებების და, რაც მთავარია, მათი უცხოელი პატრონების, თუ ჩვენი. ისინი ჩვენ მოძალადეებს გვეძახიან და დიახ, მე ვარ მოძალადე. მე შემიძლია და ვაპირებ, საკუთარი ღირებულებების, მათ შორის, ძალით დაცვას. თუ ჩემი შვილი ამათი შექმნილი ჯოჯოხეთის პირობებში უნდა გაიზარდოს, მე მზადა ვარ, ძალით ვიმოქმედო ამის წინააღმდეგ. 5 ივლისს, დილის ათი საათიდან, მე და ჩემი ძმები გავალთ და დავდგებით 9 აპრილის ბაღში, იქიდან ავიღებთ მთლიანად რუსთაველს და ვაჩვენებთ, ვისი ქვეყანაა საქართველო. ჩემს ფეხებს ჩაატარებენ ეგენი გარყვნილების აღლუმს”, – აცხადებდა ზურა მახარაძე ვიდეომიმართვაში.

“ალტ-ინფოს” დამფუძნებლებმა ასევე გააფრთხილეს საკუთარი მომხრეები, რომ თუ “უცბად ვიღაცამ რაღაც ვერ მოითმინოს”, მოძალადეებს არ გაემიჯნონ.

“500-600 კაცი გამოვეყოთ მასას, არ ავირიოთ და დავიძრათ “სირცხვილიას” ოფისისკენ” – კონსტანტინე მორგოშიას ამ მიმართვით დაიწყო უშუალოდ “სირცხვილიას” ოფისზე თავდასხმის ორგანიზება, სადაც სცემეს “ტვ პირველის” ოპერატორს ლექსო ლაშქარავას. ის ამ ძალადობიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

“ალტ-ინფოს” დამფუძნებლებმა მუქარები გააგრძელეს 5-6 ივლისის შემდეგაც: “ორშაბათი და სამშაბათი მოგეჩვენებათ ბავშვის თამაშად”.

„ამ ხალხმა მოაწყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დღე – 5 ივლისი, სადაც ადგილი ჰქონდა ძალადობის არათუ პროპაგანდას, არამედ მასობრივ ორგანიზებულ ძალადობას. ამ პარტიის თავმჯდომარე არის პირი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ არ სჯის ჩვენი შსს და პროკურატურა. კონსტიტუციის მიხედვით, ამ პარტიის აკრძალვა შესაძლებელია საკონსტიტუციო სასამართლოში… ვინც არ გაასაჩივრებს ამ პარტიას და მის აკრძალვას არ მოითხოვს, ჩემთვის მათი ირიბი მოკავშირე და მხარდამჭერი იქნება,“ – ეს სახალხო დამცველის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის პოზიციაა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ „ალტ-ინფოს“ ლიდერები უკვე პოლიტიკურ პარტიას აფუძნებდნენ.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ კი მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრმა „კონსერვატიული მოძრაობა“ რეგისტრაციაში არ უნდა გაატაროს.

ჯერჯერობით დისკუსიის საგანია, უნდა გაატაროს თუ არა რეგისტრაციაში საჯარო რეესტრმა „კონსერვატიული მოძრაობა“. მაგალითად, პარლამენტის წევრი ანა ნაცვლიშვილი „ლელოდან“ აპირებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს, სხვები კი, აპირებენ დაელოდონ მოვლენებს – განაგრძობს თუ არა ისევ ძალადობისკენ მოწოდებას „ალტ-ინფოს“ ლიდერებისგან შექმნილი პოლიტიკური პარტია და ისევ ეცდებიან თუ არა დამოუკიდებლობაზე უარის თქმას, ანუ გონიოში რუსეთის ჯარის დაბრუნებას.

___

მთავარი ფოტო: „მედიის უფლებები“ კვლევის გარეკანი

ქაცვი – შემოდგომის ოქრო და მისი გამყიდველი ბაზრობიდან

თუ ქაცვის წვენი გაგისინჯავთ აუცილებლად მოამზადებთ და შეინახავთ, თუ ქაცვს არ ინახავთ, ესე იგი ჯერ არც არასდროს გაგისინჯავთ.

ბაზრობებზე ქაცვი მცირე ხნით, ნოემბრის დასაწყისში ჩნდება და დეკემბრის პირველ რიცხვებში აღარსადაა. ცოტა ხნით ოქროსავით გამოანათებს და ქრება. ყველას არც აქვს. აქვთ მხოლოდ გლეხებს, ვის სახლებსაც ახლომახლო  ტყეები და ბუჩქნარები აკრავს, არც ბევრი აქვს არავის. ორ კილოს თუ ერთთან იყიდი, სამი კილო მეორეს შეიძლება ჰქონდეს და ასე თუ შეაგროვებ ზამთრის სამყოფ ნარინჯისფერ ელექსირს.

ყვავტყემალა, ტურინი, ეშმაკისფეხა, კატაფშატა, ჭყარტლა, უმარავ სხვადასხვა რამეს ეძახიან ქართლში, კახეთში, რაჭასა თუ გურიაში ქაცვს, იგივე Hippophae rhamnoides-ს.

66 წლის ნანი კურცხალიძე 30 წელია ლერმონტოვის და ჭავჭავაძის ქუჩების გადაკვეთაზე მწვანილს და ბოსტნეულს ყიდის. ნოემბერში მის დახლზე ქაცვიც ჩნდება. კენკრას ხან თვითონ აგროვებს, ხან მისი ქმარი. თუ ჰკითხავთ, როგორ და სად აგროვებს ან კიდევ როდის და რამდენი ექნება, არ გაჩერდება. ქაცვზეც გიამბობთ, მწვანილზეც და მის გამანოყიერებელ ნეშომპალაზეც იმის დასტურად, რომ ნანი კურცხალიძე ის ქალი არაა, აზოტი მიაყაროს მწვანილს.

მოვუსმინოთ ნანის:

„აგი, აბლეპიხა გაინტერესებენ ხო თქვენ?

აგერ გონიოს ხიდთან გავდივარ, ძალიან ძნელი მოსაჭარია, ეკლიანია, გესობა თითებში. მოვჭრით, მოვტანთ ადგილზე, ვარჩევთ.

ერთ თვეს გაატანს „აბლეპიხა“, ბუჩქს არ უნდა შეამწიფდეს, ერთ თვეში უდნა მოასწრო მოკრეფა.

აგი ყველაფრისთვისაა. ორგანიზმს წმინდავს – კუჭ-ნაწლავისთვინ, გულისთვის, კიბო რომ არ უნდა დაგემართოს მაგისთვინ, ზეთი გამოყავთ ამისგან, ერთი კოვზი უნდა გადაყლაპო კუჭის „იჟოგისთვინ“.

კრეფა უნდა დიდხანს, ერთ კილოს ერთ დღეზე ძლივს ვკრიფავთ და ვამუშავებთ. თოთოობით გამოსაკრეფია.

ქაცვი

ათი წელია „აბლიპიხას“ ვკრეფ, მომაქვს – მაშინვე იყიდება, ბევრს უნდა მარა ცოტაა. ერთი და იგივე კლიენტები ყიდულობენ, ვცნობ უკვე.

მე უშაქროდ ვაკეთებ, წყალში ვხსნი და ვსვამ.

მოდუნებული ვიყავ, ძალაგამოფრუტული, შაქარმა მიქნა. აი კაი დარჩა, ძლიერი გიმიხდა ორგანიზმი.

აბლიპიხას ფოთლებიც კაია, დაასხამ მდუღარეს და შეფუთავ, დღეში სამჯერ დალევ – წამლივით, ყავის ჭიქით. სისხლს წმენდს და აფართოებს ძარღვებს. ნერვულ სისტემისთვინ ძალიან კარგია ეს ჩაი, ჩვენ ასე ვიცით ძველებიდან და ვაკეთებთ.

ჩემი ქმარი დაბერდა და კიდევ „აბლეპიხას“ ტოტებს ჭრის, 70 წლისაა, მუშაობაში გავატყავე. ადრე მშენებლობაზე მუშაობდა, მერე გემზე დადიოდა, მერე ანგელოზი დამინახა და მიატოვა გემზე წასვლა. ბევრ რამეს ვთხოვდი, სახლი ვაშენებიე, რემონტი ვაკეთებიე, სამი ბაღანაც, ბევრი ვერ იმუშვა.

ახლაც ვერ მიეშვება, აქტიურიდა იყოს, ბადიშები უნდა დააქორწილოს.

დილას ავდგები, ბოსტანში ბალახ-მალახ გავწმენდ, მიწას ჩემი ქმარი ამუშავებს, თესავს, მე მარტო ბალახს ვწმინდავ.

ნანი კურცხალიძე

ბაზარში ცხრა საათზე მოვდივარ ავტობუსით, არ ვაწუხებ ქმარს მანქნით. ჯერ შემიძლია. აქ ვტოვებ წვანეულს, მაღაზიის დაცვა პატივს გვცემს და დარაჯობენ ხაპებს.

1990 წლიდან ვვაჭრობ, ჩავბერდი, სამი თაობა გაიზარდა, რაც აქ ვარ. ხან მილიცია მოდის და გევქცევით, ხან მოვალთ და წყნარად ვყიდით.

ხაპები და წვანეული?

კი, აგენიც ჩემია.ზოგი ჩემია, ზოგი დამატებულია მულების, ბიძაშვილების, ვემსახურები დედაბერი ყველას.

სასუქს მე წვანეულს არ ვუშვრები. ფოთლებს და ბოსტნიდან რაც რომ მომრჩება დამპალი, ვყრი ორმოში, ნაფცქვენი, ნათალი რაც იქნება – ყველაფერს, ჩასუქდება ეს ყველაფერი, გადაიწვის და იმას ვაყრი მწვანილებს, ძირში ვფენ, როგორც სასუქი“.

გეხსომებათ რეი ბრედბერის პერსონაჟის, დაგლას სპოლდინგის ბაბუა, ბაბუაწვერას ღვინოს რომ ხუფავს გრინთაუნის მზიანი ზაფხულის „შესანახად“ და სარდაფში ამწკრივებს გამჭვირვალე მინის ბოთლებით. როცა ზამთარი დგება და გრინთაუნი თოვლის ნამქერში ეხვევა, სპოლდინგებს ამ დროს ამოქავთ „დაკონსერვებული ზაფხული“ ბნელი სარდაფიდან.

ბაბუაწვერას ღვინო ჯადოსნური ელექსირია. ვინც მის ყლუპებს შესვამს ყინვაში ზაფხულის სითბო, მზის მწველი სხივები, ლორთქო ბალახის და აყვავებული ველების ხსოვნა უცოცხლდება. ასე გადააქვთ სპოლდინგებს ზამთარი გრინთაუნში.

ქაცვიც ასეთი კენკრაა ფშატისებრთა ოჯახიდან. წვრილი, მოწითალო-ნარინჯისფერი ნაყოფისგან უგემრიელესი წვენი მზადდება. ზამთრისთის ინახავენ, წვენს წყალს ურევენ და სვამენ.

ქაცვს ერთდროულად ფორთოხლის, მანგოს, ანანასის, გრეიფრუტის და კიდევ რაღაც ხასახასა, გამოკვეთილი გემო აქვს, რაც ქაცვს ქაცვად აქცევს.

რატომ გვეყინება ხელები და ფეხები | ექიმის რჩევები

ხელების გაციება, მაშინაც კი, როცა სიცივეში არ ხართ, საკმაოდ ხშირია. სპეციალისტების თქმით, როგორც წესი, ასე სხეული ტემპერატურის რეგულირებას ცდილობს, თუმცა მუდმივად ცივი ხელები, თუ მას კანის ფერის შეცვლაც ერთვის, შესაძლოა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მიანიშნებდეს.

ბათუმის სამედიცინო ცენტრის სისხლძარღვთა ქირურგი, პლასტიკურ-რეკონსტრუქციული ქირურგი თემურ მოსიავა განმარტავს, რომ ორივე შემთხვევაში, საქმე სისხლძარღვებს ეხება. ერთ შემთხვევაში ეს სისხლძარღვის ფუნქციური მდგომარეობაა, რომელიც სტრესით, სიცივითა და სხვა ფაქტორებითაა გამოწვეული, მეორე შემთხვევაში კი საქმე სისხლძარღვის ორგანულ დაზიანებასთან გვაქვს.

  • ბატონო თემურ, რა შეიძლება იყოს მუდმივად გაყინული ხელ-ფეხის მიზეზი?

ეს ზამთარში მაინც უფრო ხშირია და მისი მიზეზი შესაძლოა რეინოს მაგვარი დაავადება იყოს – ეს არის სისხლძარღვის სპაზმი, რომელიც შეიძლება იყოს გამოწვეული ან რეინოს დაავადებით ან რეინოს სინდრომით. თავად რეინოს დაავადება არ არის ხშირი, მაგრამ რეინოს სინდრომი ხშირად გვხვდება.

Mayoclinic: რეინოს დაავადება იწვევს ხელის და ფეხის თითების დაბუჟებას და გაციებას სიცივის ან სტრესის საპასუხოდ. რეინოს დაავადების დროს არტერიები, რომლებიც სისხლს აწვდიან კანს, ვიწროვდება, რაც ზღუდავს სისხლის ნაკადს სხეულის კონკრეტულ უბნებში.

ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა რევმატული და სისტემური დაავადებებით, როგორიცაა: წითელი მგლურა, სკლეროდერმია, რევმატული პოლიართრიტი და სხვა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რევმატული დაავადებების დროს, სიმპტომატიკაში იქნება სახსრების შეშუპება, ტკივილი, შესაძლოა იყოს ხელში ფუნქციის მოშლა ანუ პაციენტი მტევანს სათანადოდ ვერ იყენებს და პლუს ამას სიცივის ფაქტორი.

რეინოს დაავადება უფრო ახალგაზრდა ქალებშია გავრცელებული, რეინოს სინდრომი კი უფრო შემდგომ პერიოდში – 40-50 წლის ასაკში.

  • თუ თბილ სეზონზეც მუდამ ცივი აქვს ხელ-ფეხი ადამიანს?

ეს ერთ-ერთი ნიშანია სისხლძარღვის შევიწროების.

ასეთ დროს უნდა იქნეს გამოკვლეული სისხლძარღვები, ხომ არ არის შევიწროება და ეს შევიწროება სპაზმით არის გამოწვეული თუ სისხლძარღვის დაზიანებით.

უნდა გამოირიცხოს ან დადგინდეს სისხლძარღვის დაავადება, შევიწროება, სხვადასხვა ათეროსკლეროზი თუ ართრიტი, ან კიდევ თრომბოზის განვითარების შედეგია ეს თუ სისტემური/ფუნქციური რეინოს დაავადება ან რეინოს სინდრომი.

  • რა არის სპაზმის და სისხლძარღვის შევიწროების მაპროვოცირებელი ფაქტორები?

სპაზმის მაპროვოცირებელი მიზეზი შეიძლება გახდეს ემოცია, სტრესული სიტუაცია, თვითონ სიცივის ფაქტორი, მომატებული ტენიანობა, რაც აჭარაში საკმაოდ აქტუალურია.

ასევე, არის სხვადასხვა ალერგიული მიზეზი. მაგალითად, სიცივის ალერგოზი, რომელსაც ახასიათებს ქავილი, თითების გაციება, შეშუპება. მასაც უკავშირებენ სისხლძარღვოვან დაავადებებს და ამიტომ გამორიცხვის მიზნით ხდება დიაგნოსტიკა, რათა საბოლოოდ დადგინდეს ეს სისხლძარღვის დაავადებაა თუ სხვა მიზეზითაა გამოწვეული.

როცა პაციენტს აღენიშნება დამატებითი ნიშნები, მაგალითად: დაბუჟება, წვის შეგრძნება, სიარულის გაძნელება და ფერის შეცვლა, უკვე მივდივართ იმისკენ, რომ ეს დაავადება გამოწვეულია, მაგალითად, სისხლძარღვის კედლის გასქელებით, ან თრომბული მასებით ან ათეროსკლეროზული ფოლაქით და ა.შ. აქ საჭირო ხდება კვლევის შემდეგი ეტაპი, ინსტრუმენტული კვლევა –  დოპლეროგრაფია, დუპლექს-სკანირება.

  • ფერის შეცვლაში რა იგულისხმება?

შეიძლება სპაზმი იყოს, შესაბამისად, თითები ჯერ ფერმკრთალია და გათბობის შემდეგ მოლურჯო ელფერი დაჰკრავს.  ეს რეინოს დაავადებას ახასიათებს.

  • რა დროს მივმართოთ ექიმს?

ერთჯერადი სპაზმი და ფერის შეცვლა არ არის პრობლემა, მაგრამ თუ მომატებული სიცივის შეგრძნება, მომატებული ოფლიანობა, ფერის მუდმივი შეცვლა, ტკივილი, სიარულის გაძნელება და ზოგადად დასპაზმვა მუდმივი ხასიათისაა, აუცილებელია კონსულტაცია.

ვისაც სიცივის შეგრძნება მომატებული აქვს, ხშირად უნდა ატაროს ხელთათმანი, უფრო თბილად ჩაიცვას, აკეთოს გასაკაჟებელი ვარჯიშები. ამას ფუნქციური დაავადება ჰქვია – სისხლძარღვების სპაზმი, იოლად გამოწვეული სტრესით, ემოციებით ან სიცივის ზემოქმედებით.

თუმცა იმის დასადგენად, რომ ეს ნამდვილად არ არის დაავადება და არის ფუნქციური მდგომარეობა, სასურველია ერთჯერადი კონსულტაცია სპეციალისტთან. თუ ძლიერ გამოხატული ფორმა აქვს, შეიძლება მედიკამენტოზური მკურნალობა ან ფიზიოთერაპიაც დაენიშნოს პაციენტს.

  • მკურნალობა როგორია?

რომ ვიცოდეთ საით წავიდეთ, ორგანული დაზიანებისკენ – ანუ სისხლძარღვის კედლის დაზიანებაა თუ ფუნქციური მდგომარეობაა სისხლძარღვის, რომელიც გამოწვეულია ემოციებით, სიცივის ზემოქმედებით, ტენიანობით,  სიგარეტის მოხმარებით და ა.შ., ერთჯერადი კონსულტაცია მაინც არის საჭირო.

სხვათა შორის, ბევრს, ვინც სიგარეტს ეწევა, განსაკუთრებით სიცივის ფონზე, უფრო უვითარდება ასეთი მდგომარეობა.

როდესაც სისხლძარღვების ორგანული დაავადება დგინდება, ინიშნება დამატებითი კვლევები და მკურნალობა. მკურნალობა შეიძლება იყოს როგორც მედიკამენტური, ისე ოპერაციული.

  • რა უნდა გაითვალისწინონ ასეთმა პაციენტებმა ყოველდღიურ ცხოვრებაში?

თუ პაციენტი ახალგაზრდაა, ნაკლებსავარაუდოა, რომ ეს არის სისხლძარღვის დაზიანებით გამოწვეული დაავადება და ეს უფრო სპაზმური მდგომარეობაა. ამ შემთხვევაში თუ ის მწეველია, სიგარეტის მოხმარებას უნდა დაანებოს თავი, სიცივის ფაქტორი შეამციროს და იყოს ფიზიკურად აქტიური. შესაძლოა, ჩაერთოს მედიკამენტოზური მკურნალობაც.

სისხლძარღვების შემავიწროვებელი რისკ-ფაქტორია ქოლესტერინის მაღალი დონე, ანუ ჭარბი, განსაკუთრებით დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინი. ასევე, თრომბის განვითარებისთვის რისკია შედედების ფაქტორი, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ბევრი სითხის დაკარგვით. დღეს კოვიდის ფონზე განვითარებული თრომბები აქტუალურია.

  • ოფლიანობა და სიმხურვალის შეგრძნება ხელებსა და ფეხებში რამდენად კავშირშია სისხლძარღვების პრობლემებთან?

ოფლიანობა ნამდვილად კავშირშია. რეინოს დაავადებას და სინდრომს ახასიათებს ცივი, გრილი და ტენიანი ხელი. მაგრამ გახურება რეაქციული მდგომარეობაა, შესაძლოა ნეიროპათიული შეგრძნება იყოს. ვისაც ოსტეოქონდროზი აქვს ან ნეიროპათიული პრობლემები, მათ შეიძლება ჰქონდეთ ასეთი მდგომარეობა – ხელის ან ფეხის, თითების წვა. ეს უკვე სხვა მდგომარეობაა, რომელიც ასევე ბევრი მიზეზით ხდება, ძირითადი მიზეზი მაინც ოსტეოქონდროზია, მარილებს რომ ეძახიან. არსებობს დიაბეტური, ალკოჰოლური და სხვა წარმომავლობის ნეიროპათიები.

თალიბანმა ავღანეთში აკრძალა სერიალები ქალების მონაწილეობით

თალიბანმა ავღანეთში სატელევიზიო არხებისთვის ახალი წესები გამოაქვეყნა, რომელთა თანახმად, ტელევიზიას არ შეუძლია აჩვენოს ტელესერიალები, რომელშიც მსახიობი ქალები მონაწილეობენ.

ასევე, ტელეარხის ჟურნალისტი ქალები არ შეიძლება ეკრანზე გამოჩნდნენ ჰიჯაბის გარეშე.

ახალი წესების გამო შესაძლოა ავღანეთში რამდენიმე ტელეარხი დაიხუროს, რადგან ტელევიზიების საეთერო ბადე ძირითადად უცხოური სერიალებითაა შევსებული, ამ სერიალებში კი მთავარ როლებს ქალები ასრულებენ.

თუმცა ტელევიზიებისთვის აკრძალვების ჩამონათვალი ამით არ მთავრდება.

ტელეარხებმა არ უნდა აჩვენონ ფილმები, რომლებიც, თალიბანის აზრით, ეწინააღმდეგება შარიათის პრინციპებს და ავღანურ ღირებულებებს; იკრძალება ავღანური და უცხოური ფილმების ჩვენება, რომლითაც ვრცელდება უცხოური კულტურა და „ამორალური ღირებულებები“; იუმორისტულმა გადაცემების შინაარსმა არავინ არ უნდა დაამციროს; არ შეიძლება ფილმების ან ვიდეოების ჩვენება, სადაც ნაჩვენებია ქალის ან მამაკაცის სხეულის ინტიმური ნაწილები და ა.შ.

Exit mobile version