მთავარი,სიახლეები

რა უთხრა 14 წლის ნინის ბაბუამ მოსამართლეს – რეპორტაჟი სასამართლოდან

17.02.2021
რა უთხრა 14 წლის ნინის ბაბუამ მოსამართლეს – რეპორტაჟი სასამართლოდან

“რა ვქნა, რა გამეკეთებია?” – ჰკითხა ატირებულმა ბრალდებულმა სულიკო ცეცხლაძემ მოსამართლეს, როცა ის დაინტერესდა, რას ფიქრობდა 14 წლის ნინის ბაბუა პატიმრობაზე ან გირაოთი გათავისუფლებაზე.

14 წლის ნინის ბაბუამ ვრცელი სიტყვით მიმართა მოსამართლეს, თუმცა იმის გამო, რომ სხდომა დისტანციურად იმართებოდა, ბრალდებული პროცესზე ქობულეთის პოლიციის განყოფილებიდან ჩართეს და მისი ხმა ცუდად ისმოდა.

“მე თუ მოსაკლავი ვარ, მომკალით…” – განაგრძო ბრალდებულმა და დაღუპული ბავშვის დედაზეც ისაუბრა.

“დატოვა და წავიდა თურქეთში, მე რა მექნა?… ის ამბავი რომ მოხდა, ამოვიდა სახლში ბავშვი, სინიაკები ჰქონდა…” – ტირილით ესაუბრა ბაბუა მოსამართლეს, რომელმაც ჯერ მისი დამშვიდება სცადა, ხოლო შემდეგ შეაჩერა, როცა შეატყო, რომ დაღუპული მოზარდის ბაბუა თხრობას აღარ ასრულებდა.

“დღევანდელ სხდომაზე არ განვიხილავთ, ჩაიდინეთ თუ არა დანაშაული,” – უთხრა მოსამართლემ ბრალდებულს.

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ 14 წლის ნინის ბაბუას – სულიკო ცეცხლაძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

“ის შეურაცხყოფდა ოჯახის ღირსებას,” – ამ ფრაზის წაკითხვა ორჯერ მოუწია დღევანდელ პროცესზე მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეს, როცა მან საქმიდან ამოიკითხა, რას ედავებოდა პროკურატურა 76 წლის სულიკო ცეცხლაძეს. პროკურატურის დადგენილებაში ბრალის წარდგენის შესახებ ეს ფრაზაა მითითებული, რაც ბაბუამ უთხრა პოლიციელებს, როცა მან 14 წლის შვილიშვილის ცემა და მუქარა დაადასტურა.

14 წლის ნინის ბაბუა – სულიკო ცეცხლაძე 15 თებერვალს დააკავეს.

პროკურატურის ვერსიით, 2020 წლის 10 დეკემბერს და 2021 წლის იანვარში სულიკო ცეცხლაძემ გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილიშვილს და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, სულიკო ცეცხლაძეს 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. მას გამოძიება ოჯახში ძალადობის და ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ მუქარას ედავება.

მოსამართლემ ბრალდებულს გაახსენა სამი ეპიზოდი – ორჯერ მოზარდის ცემა, ერთხელ სიცოცხლის მოსპობის მუქარა. სამივე შემთხვევაში ნინი საკუთარ სახლში იყო. გამოძიების ვერსიით, 10 დეკემბერს ბაბუამ მოზარდს სახეში ხელი დილით გაარტყა. ძალადობის მეორე შემთხვევა და მუქარა კი, ღამით მოხდა.

“გუშინ იზოლატორში ცუდად გახდა, ასაკშია,” – მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ. მან აქცენტი გააკეთა იმაზეც, რომ ბრალდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და ჩვენება მისცა. ბრალდებულმა ასევე აღიარა 10 დეკემბრის ეპიზოდში შვილიშვილისთვის ხელის დარტყმა.

ადვოკატმა სულიკო ცეცხლაძის გათავისუფლება გირაოს – 10 ათასი ლარის სანაცვლოდ ითხოვა.

“მე შემიძლია შეგახსენოთ ფრაზები თქვენი ჩვენებიდან: შემარცხვინა მეზობლებში და ნათესავებში, თავი მომჭრა მეზობლებში…,” – ისევ საქმის მასალებს დაუბრუნდა მოსამართლე და იქვე თქვა, რომ გამოძიებამ უკვე გამოკითხა მეზობლები, ნათესავები, მასწავლებლები და ამ მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს.

——————————————

9 თებერვალს ქობულეთში 14 წლის ნინიმ თავი მოიკლა. შემთხვევას წინ უძღოდა მოზარდზე სექსუალური ძალადობა. გოგოს დაღუპვიდან რამდენიმე საათში 23 წლის კაცი დააკავეს. მას ბრალი სსკ-ის 140-ე და 115 მუხლებით აქვს წარდგენილი, რაც სრულწლოვანის სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის სხეულში და თვითმკვლელობამდე მიყვანას.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: