აჭარელი ქალები მაღალმთიან სოფლებში დღემდე ამუშავებენ მატყლს, თუმცა ეს ტრადიცია ნელ-ნელა იკარგება.
აჭარაში უკვე აღარ ამზადებენ იმ ხელსაწყოებსაც, რომლებსაც მატყლის ძაფის დასართავად იყენებენ, თუმცა ხერტალი, კვირისთავი, ჭახრაკი და საჩეჩელი აჭარაში ჯერ კიდევ აქვთ შემონახული. ქალები, რომელთაც იციან ეს საქმე, მატყლის დამუშავებისთვის აუცილებელ ხელსაწყოებს უფრთხილდებიან.
აჭარაში მატყლის ძაფის დამზადების და ქსოვის კულტურა შედარებით უფრო ხულოში, სოფელ ღორჯომშია შენარჩუნებული. „ბათუმელები“ აქ მცხოვრებ ორ ქალს – ესმა ადაძესა და შუშანა ბერიძეს ესაუბრა.
- „ოჯახში ახლა მატყლის წინდებს მხოლოდ ბებია და ბაბუა იცვამს“
„ადრე ხშირად ქსოვდნენ მატყლის ძაფით, ახლა იშვიათად ქსოვენ. ვისაც აინტერესებს, ახლაც მოქსოვს, მაგრამ ინტერესი დაიკარგა.
საჩეჩელი რომ დაანახო ახლა ვინმეს, ვერ მიხვდება რა არის, აღარ უნდათ ეს საქმე.
ჩემს ახალგაზრდობაში ქსოვა რომ არ გცოდნოდა, სირცხვილი იყო,“ – ამბობს ესმა ადაძე სოფელ ღორჯომიდან.
ღორჯომში მცხოვრებ ქალებს დღის განმავლობაში ძალიან ბევრი საქმე აქვთ, მატყლის ძაფის დასამზადებლად და საქსოვად დრო ცოტა რჩებათ.
„ზამთარში დილით საქონელს ვუვლით, რძეს ვამუშავებთ, ვალაგებთ და მხოლოდ ამის შემდეგ ვქსოვთ. ზაფხულში ქსოვისთვის დრო საერთოდ არ გვრჩება, ბევრი საქმეა, ჭალაა, ყანაა, სხვა ათასი საქმეა კიდევ“ – ჰყვება ესმა.
ესმას ქსოვა დედამ და ბებიამ ასწავლეს. ის „ბათუმელებთან“ საუბრისას იხსენებს, რომ წინდისთვის ქუსლის ამოქსოვა კარგად არ გამოსდიოდა და გათხოვების შემდეგ დედამთილისგან ისწავლა.
„ბებიაჩემი, დედამთილი, ჩვენზე უფროსი ქალები მრავალფეროვანი ორნამენტებით ქსოვდნენ. ჩვენც ვიცით სხვადასხვა ორნამენტის წინდაზე, ქუდებზე, ხელთათმანებზე ამოქსოვა, მაგრამ მათი ნაქსოვები უფრო დახვეწილი იყო, ვიდრე ჩვენია,“ – ამბობს ესმა.
მზითვში მატყლის ძაფისგან მოქსოვილი ნივთების, საბნებისა და ლეიბების ჩუქების ტრადიციას დღემდე ინარჩუნებენ ღორჯომში მცხოვრები ქალები.
„ერთი საბნის შეკერვას 4-5 კილოგრამი მატყლი, ხოლო ლეიბს – 25-30 კილოგრამი სჭირდება. შვილის გასამზითვებლად 40-50 კილოგრამი მატყლი მაინც არის საჭირო.
მატყლს ვყიდულობთ. ფასი სულ სხვადასხვაა, ხან 2 ლარი ღირს კილოგრამი, ხან – 3, ხან – 4. რაც უკეთესია მატყლის ხარისხი, მით მეტია ფასი.
გრძელბეწვიანი მატყლი ზაფხულში აქვს ცხვარს, ხოლო მოკლებეწვიანი – ზამთარში, რადგან ზამთარში, ძირითადად, წევს ცხვარი.
მე მზითვში 5 წყვილი წინდა გამომატანეს ქმრისთვის, მატყლის საბნები და ლეიბები. მეც გავამზითვე ჩემი შვილები.
ღორჯომში დღემდე აკვანში ვაწვენთ ჩვილებს და აკვნის დასაგებს მატყლითაც ვკერავთ”. – გვითხრა ესმამ.
იგი ამბობს, რომ მატყლის ძაფის დამუშავებისთვის საჭირო ტექნიკას დღეს აღარ აკეთებენ.
„საჩეჩელი, ხერტლები, ჭახრაკი რომ მოვედი ქმრის ოჯახში, დამხვდა, დედამთილს თავისი დედამთილის ნაქონი ჰქონდა, ამ ნივთებმა 4-5 თაობას გაუძლო“.
ესმა გვიყვება, რომ ბავშვობაში გაჩეჩილ მატყლს მეზობელ ქალებს ურიგებდნენ ის და მისი თანატოლი გოგონები. ქალები მატყლს გოგონებისთვის ართავდნენ და უბრუნებდნენ, რათა ესა თუ ის ნივთი მოექსოვათ. ესმა ამბობს, რომ დღეს ამას აღარავინ აკეთებს, რადგან ბევრი აღარ ქსოვს.
„ოჯახში ახლა მატყლის წინდებს მხოლოდ ბებია და ბაბუა იცვამს. ჩვენს ნაქსოვებს ძირითადად სტუმრებს ვჩუქნით.
ხანდახან ვყიდით ბახმაროს მთაშიც. ყიდულობენ ტურისტები, რომელთაც რევმატიზმი აწუხებთ, რადგან მატყლი რევმატიზმს შველის.” – გვიყვება ესმა ადაძე.
- „იმდენი წვალება უნდა, ჩაცმა აღარ მოგინდება“
„მატყლის ძაფით ქსოვას იმდენი ამბავი და წვალება უნდა, ჩაცმა აღარ მოგინდება.
ვცდილობთ, რომ ეს საქმე ვაცოცხლოთ, მაგრამ ხელშეწყობა არ გვაქვს. გასაღების პრობლემაა, ვერ ვყიდით.
ამ საქმეს დიდ დროს ვერ უთმობენ ქალები სოფლის სხვა საქმეებიდან გამომდინარე, ახალგაზრდებსაც აღარ უნდათ ეს საქმე, რაში გამოიყენონ?” – გვითხრა 55 წლის მედეა ბერიძემ ღორჯომიდან.
ღორჯომელი ქალები მატყლს წალკაში ყიდულობენ მეცხვარეებისგან იქ მცხოვრები ნათესავებისა და ნაცნობების დახმარებით, ძირითადად გაზაფხულსა და შემოდგომაზე.
„მატყლს ძალიან რთულად ვყიდულობთ, წალკაში ვრეკავთ და ვაგზავნინებთ ნათესავებს, ძალიან ვწვალობთ. იშვიათია, რომ გასაყიდად მოიტანონ ადგილზე.
ახლა ხშირად არავინ იცვამს წინდებს, მაგრამ ვქსოვთ, თავს ვიქცევთ, ვჩუქნით.
მატყლისგან საბნებსა და ლეიბებსაც ვკერავთ, რადგან ხულოში ცივი ზამთარი იცის.
მატყლის საბნებსა და ლეიბებს ყოველწლიური განახლება სჭირდება, ყოველწლიურად უნდა გამოყარო მატყლი, გარეცხო, გაჩეჩო, გაწკეპლო და შემდეგ ისევ შეკერო.
თუ მატყლის საბნებსა და ლეიბებს არ განაახლებ, მალე გაფუჭდება, დაობდება” – გვითხრა მედეამ.
მედეას მზითვშიც იყო საჩუქრად მატყლის საბნები, ლეიბები, წინდები და ტრადიციისამებრ, თავადაც გაატანა საჩუქრად შვილებს ეს ნივთები.
„ჩვენ ჩვენს ტრადიციებს არ ვკარგავთ, მატყლისგან შეკერილი და ნაქსოვი ნივთები ძვირფას საჩუქრად მიიჩნეოდა, სასიძოსთვის განსაკუთრებულ წინდებს არჩევდნენ, რომელზეც მრავალფეროვანი ორნამენტებით ნაქსოვი ფიგურები ან ცხოველები იყო გამოსახული“.
ესმა და მედეა მატყლის სამკურნალო თვისებებზეც საუბრობენ, მათი თქმით, მატყლის ძაფისგან ნაქსოვი წინდა, რეიტუზი თუ წელის სახვევი, შველის სახსრის ტკივილსა და ანთებებს.
- 12 ნაბიჯი მატყლის ძაფის მისაღებად
52 წლის ესმა ადაძე და 55 წლის მედეა ბერიძე გვიყვებიან 12 ნაბიჯზე, რომლებიც უნდა გაიაროს მატყლმა ძაფის ფორმის მისაღებად.
- მშრალი მატყლი იწმინდება ზედმეტი ჭუჭყისგან, რასაც ცხვარი მინდორში ბალახობისას მჭიდროდ იკრავს.
- მატყლი ხარისხდება, გრძელბეწვიანი მატყლი წინდებისა და სხვა ნივთების მოსაქსოვად გამოიყენება, შედარებით მოკლებეწვიანი მატყლი – საბნებისა და ლეიბების შესაკერად.
- დახარისხებული მატყლი ლბება წყალში, რათა ღრმად ჩამჯდარი ჭუჭყი ამოვიდეს. მატყლს რამდენჯერმე ეცვლება წყალი და 2-3 დღე ჩერდება.
- კარგად გასარეცხად მატყლი პატარ-პატარა ნაწილებად უნდა დაყო და ცალ-ცალკე გარეცხო თბილი წყლით.
- გარეცხილი მატყლი რამდენჯერმე ივლება გამდინარე წყალში.
- მატყლის მაღალი ხარისხისთვის მნიშვნელოვანია მისი კარგად გაშრობა. მაღალმთიან აჭარაში მატყლი გასაშრობად ძირითადად სახლის სახურავებზე ააქვთ, მზეზე აშრობენ და რამდენჯერმე აბრუნებენ, რათა მატყლში ნესტი არ დარჩეს.
- სუფთა მატყლის ფენები ცალკევდება. საჭიროა მატყლის გაწეწვა ხელით, ამ პროცესს მაღალმთიან აჭარაში „გაღენკვას“ ეძახიან.
- „გაღენკილი“ მატყლი მყარი თხილის ჯოხით იწკეპლება, რათა საბოლოოდ გასუფთავდეს.
- გაწკეპლილ მატყლს „საჩეჩელზე“ ჩეჩავენ. ამ დროს მატყლი ივარცხნება, ეცლება უხეში ნაწიბურები და პატარ-პატარა ბალიშებად იკვრება, რასაც „ფითილებს“ ეძახიან.
- „ფითილში“ შეყვანილი მატყლი ირთვება ხერტალზე. ხერტალზე მატყლს სწრაფად აბრუნებენ და ამასთან მაღლა ექაჩებიან, რაც მატყლს ძაფის ფორმის მიღებისკენ უბიძგებს. ერთი წყვილი წინდისთვის საჭირო ძაფის დართვას 2-3 დღე სჭირდება.
- დართული ძაფის სამ ყურს ერთად კრავენ და ახვევენ, რათა სათანადო სიმყარის ძაფი შეიკრას. ამ პროცესს აჭარაში დალანდვას ეძახიან.
- დალანდული ძაფის საბოლოო ეტაპია ჭახრაკზე დაგრეხა, იგივე დაძახვა. ჭახრაკის სწრაფი ბრუნვა სამყურა ძაფს მჭიდროდ კრავს.
ამის შემდეგ მატყლის ძაფი მზადაა მოსაქსოვად.
მატყლი ფერადი წინდების, ჟილეტების, ქუდებისა და სხვა ნივთების მოსაქსოვად იღებება კიდეც.
ძაფს მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ქალები სხვადასხვა მცენარისა და ბოსტნეულის ნახარშით ღებავენ, ეს შეიძლება იყოს სტაფილოს, ჭარხლის, ხახვის, კაკლის და მუხის ქერქის ნახარში.
მატყლის შესაღებად საჭიროა შესაღები მასალის კარგად მოხარშვა და გაწურვა, შემდეგ კი გაწურულ ნახარშთან ერთად მატყლის ძაფის ნელ ცეცხლზე ადუღება და 24 საათი გაჩერება.