აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, დღეს, 24 ნოემბერს, ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ჩანაწერების მიხედვით, ბათუმის ახალარჩეულ საკრებულოს წევრზე, ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლას ახდენენ. ენმ-ს თქმით, ამ პროცესში უშუალოდ ჩართულნი იყვნენ ასლან აბაშიძის დროინდელი პოლიციელები. ხოლო მათ უშუალოდ ხელმძღვანელობდა დავით რიჟვაძე, თორნიკე რიჟვაძის მამა.
ჩანაწერების მიხედვით, ენმ-ს წევრ ნუგზარ ფუტკარაძეს ვაჟა თაბაგიძე 100 ათას დოლარს სთავაზობდა, ამის სანაცვლოდ კი საკრებულოში „ნეიტრალად ყოფნას“ სთხოვდა.
„წინასწარ დაანონსებულ რაღაც ჩანაწერებზე და მათ შინაარსზე წინასწარ ვერ გავაკეთებ კომენტარს. თუმცა, მერწმუნეთ, რომ მათ ჩემი ოჯახის წევრი, რომელიც ამ ჩანაწერებში არ იფიგურერებს, ყველას მოვთხოვ ბოდიშის მოხდას“, – ამბობს თორნიკე რიჟვაძე.
ნუგზარ ფუტკარაძე ახალი მოწვევის საკრებულოს წევრი იყო „ნაციონალური მოძრაობიდან“. ის 18 ნოემბერს მოულოდნელად გარდაიცვალა.
„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, ნუგზარ ფუტკარაძეზე ხელისუფლება ზეწოლას ახდენდა. მაშინ ოპოზიციამ თქვა, რომ ჰქონდათ მტკიცებულებებიც, რომელსაც მალე გაასაჯაროებდნენ. ოპოზიციის განცხადებით, ფუტკარაძის გარდა „ქართული ოცნება“ გადაბირების მიზნით მათ სხვა წევრებზეც ახდენდა ზეწოლას.
ენმ თორნიკე რიჟვაძის, ასევე, რიჟვაძის მამის – პოლიციის მაღალჩინოსნის, დავით რიჟვაძის და ხელვაჩაურის მერის, ზაზა დიასამიძის გადადგომას ითხოვს.
ჩანაწერების მიხედვით, ნუგზარ ფუტკარაძეს თანხას და „ნეიტრალურს“ სწორედ ზაზა დიასამიძის ბიძა, ვაჟა თაბაგიძე სთავაზობდა.
„ბათუმელები“ ცდილობს ზაზა დიასამიძესთან დაკავშირებას. ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
_________________
ამავე თემაზე:
გარდაიცვალა ბათუმის ახალი საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“