Batumelebi | რატომ გვეყინება ხელები და ფეხები | ექიმის რჩევები რატომ გვეყინება ხელები და ფეხები | ექიმის რჩევები – Batumelebi
ნეტგაზეთი • RU

რატომ გვეყინება ხელები და ფეხები | ექიმის რჩევები

ხელების გაციება, მაშინაც კი, როცა სიცივეში არ ხართ, საკმაოდ ხშირია. სპეციალისტების თქმით, როგორც წესი, ასე სხეული ტემპერატურის რეგულირებას ცდილობს, თუმცა მუდმივად ცივი ხელები, თუ მას კანის ფერის შეცვლაც ერთვის, შესაძლოა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მიანიშნებდეს.

ბათუმის სამედიცინო ცენტრის სისხლძარღვთა ქირურგი, პლასტიკურ-რეკონსტრუქციული ქირურგი თემურ მოსიავა განმარტავს, რომ ორივე შემთხვევაში, საქმე სისხლძარღვებს ეხება. ერთ შემთხვევაში ეს სისხლძარღვის ფუნქციური მდგომარეობაა, რომელიც სტრესით, სიცივითა და სხვა ფაქტორებითაა გამოწვეული, მეორე შემთხვევაში კი საქმე სისხლძარღვის ორგანულ დაზიანებასთან გვაქვს.

  • ბატონო თემურ, რა შეიძლება იყოს მუდმივად გაყინული ხელ-ფეხის მიზეზი?

ეს ზამთარში მაინც უფრო ხშირია და მისი მიზეზი შესაძლოა რეინოს მაგვარი დაავადება იყოს – ეს არის სისხლძარღვის სპაზმი, რომელიც შეიძლება იყოს გამოწვეული ან რეინოს დაავადებით ან რეინოს სინდრომით. თავად რეინოს დაავადება არ არის ხშირი, მაგრამ რეინოს სინდრომი ხშირად გვხვდება.

Mayoclinic: რეინოს დაავადება იწვევს ხელის და ფეხის თითების დაბუჟებას და გაციებას სიცივის ან სტრესის საპასუხოდ. რეინოს დაავადების დროს არტერიები, რომლებიც სისხლს აწვდიან კანს, ვიწროვდება, რაც ზღუდავს სისხლის ნაკადს სხეულის კონკრეტულ უბნებში.

ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა რევმატული და სისტემური დაავადებებით, როგორიცაა: წითელი მგლურა, სკლეროდერმია, რევმატული პოლიართრიტი და სხვა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რევმატული დაავადებების დროს, სიმპტომატიკაში იქნება სახსრების შეშუპება, ტკივილი, შესაძლოა იყოს ხელში ფუნქციის მოშლა ანუ პაციენტი მტევანს სათანადოდ ვერ იყენებს და პლუს ამას სიცივის ფაქტორი.

რეინოს დაავადება უფრო ახალგაზრდა ქალებშია გავრცელებული, რეინოს სინდრომი კი უფრო შემდგომ პერიოდში – 40-50 წლის ასაკში.

  • თუ თბილ სეზონზეც მუდამ ცივი აქვს ხელ-ფეხი ადამიანს?

ეს ერთ-ერთი ნიშანია სისხლძარღვის შევიწროების.

ასეთ დროს უნდა იქნეს გამოკვლეული სისხლძარღვები, ხომ არ არის შევიწროება და ეს შევიწროება სპაზმით არის გამოწვეული თუ სისხლძარღვის დაზიანებით.

უნდა გამოირიცხოს ან დადგინდეს სისხლძარღვის დაავადება, შევიწროება, სხვადასხვა ათეროსკლეროზი თუ ართრიტი, ან კიდევ თრომბოზის განვითარების შედეგია ეს თუ სისტემური/ფუნქციური რეინოს დაავადება ან რეინოს სინდრომი.

  • რა არის სპაზმის და სისხლძარღვის შევიწროების მაპროვოცირებელი ფაქტორები?

სპაზმის მაპროვოცირებელი მიზეზი შეიძლება გახდეს ემოცია, სტრესული სიტუაცია, თვითონ სიცივის ფაქტორი, მომატებული ტენიანობა, რაც აჭარაში საკმაოდ აქტუალურია.

ასევე, არის სხვადასხვა ალერგიული მიზეზი. მაგალითად, სიცივის ალერგოზი, რომელსაც ახასიათებს ქავილი, თითების გაციება, შეშუპება. მასაც უკავშირებენ სისხლძარღვოვან დაავადებებს და ამიტომ გამორიცხვის მიზნით ხდება დიაგნოსტიკა, რათა საბოლოოდ დადგინდეს ეს სისხლძარღვის დაავადებაა თუ სხვა მიზეზითაა გამოწვეული.

როცა პაციენტს აღენიშნება დამატებითი ნიშნები, მაგალითად: დაბუჟება, წვის შეგრძნება, სიარულის გაძნელება და ფერის შეცვლა, უკვე მივდივართ იმისკენ, რომ ეს დაავადება გამოწვეულია, მაგალითად, სისხლძარღვის კედლის გასქელებით, ან თრომბული მასებით ან ათეროსკლეროზული ფოლაქით და ა.შ. აქ საჭირო ხდება კვლევის შემდეგი ეტაპი, ინსტრუმენტული კვლევა –  დოპლეროგრაფია, დუპლექს-სკანირება.

  • ფერის შეცვლაში რა იგულისხმება?

შეიძლება სპაზმი იყოს, შესაბამისად, თითები ჯერ ფერმკრთალია და გათბობის შემდეგ მოლურჯო ელფერი დაჰკრავს.  ეს რეინოს დაავადებას ახასიათებს.

  • რა დროს მივმართოთ ექიმს?

ერთჯერადი სპაზმი და ფერის შეცვლა არ არის პრობლემა, მაგრამ თუ მომატებული სიცივის შეგრძნება, მომატებული ოფლიანობა, ფერის მუდმივი შეცვლა, ტკივილი, სიარულის გაძნელება და ზოგადად დასპაზმვა მუდმივი ხასიათისაა, აუცილებელია კონსულტაცია.

ვისაც სიცივის შეგრძნება მომატებული აქვს, ხშირად უნდა ატაროს ხელთათმანი, უფრო თბილად ჩაიცვას, აკეთოს გასაკაჟებელი ვარჯიშები. ამას ფუნქციური დაავადება ჰქვია – სისხლძარღვების სპაზმი, იოლად გამოწვეული სტრესით, ემოციებით ან სიცივის ზემოქმედებით.

თუმცა იმის დასადგენად, რომ ეს ნამდვილად არ არის დაავადება და არის ფუნქციური მდგომარეობა, სასურველია ერთჯერადი კონსულტაცია სპეციალისტთან. თუ ძლიერ გამოხატული ფორმა აქვს, შეიძლება მედიკამენტოზური მკურნალობა ან ფიზიოთერაპიაც დაენიშნოს პაციენტს.

  • მკურნალობა როგორია?

რომ ვიცოდეთ საით წავიდეთ, ორგანული დაზიანებისკენ – ანუ სისხლძარღვის კედლის დაზიანებაა თუ ფუნქციური მდგომარეობაა სისხლძარღვის, რომელიც გამოწვეულია ემოციებით, სიცივის ზემოქმედებით, ტენიანობით,  სიგარეტის მოხმარებით და ა.შ., ერთჯერადი კონსულტაცია მაინც არის საჭირო.

სხვათა შორის, ბევრს, ვინც სიგარეტს ეწევა, განსაკუთრებით სიცივის ფონზე, უფრო უვითარდება ასეთი მდგომარეობა.

როდესაც სისხლძარღვების ორგანული დაავადება დგინდება, ინიშნება დამატებითი კვლევები და მკურნალობა. მკურნალობა შეიძლება იყოს როგორც მედიკამენტური, ისე ოპერაციული.

  • რა უნდა გაითვალისწინონ ასეთმა პაციენტებმა ყოველდღიურ ცხოვრებაში?

თუ პაციენტი ახალგაზრდაა, ნაკლებსავარაუდოა, რომ ეს არის სისხლძარღვის დაზიანებით გამოწვეული დაავადება და ეს უფრო სპაზმური მდგომარეობაა. ამ შემთხვევაში თუ ის მწეველია, სიგარეტის მოხმარებას უნდა დაანებოს თავი, სიცივის ფაქტორი შეამციროს და იყოს ფიზიკურად აქტიური. შესაძლოა, ჩაერთოს მედიკამენტოზური მკურნალობაც.

სისხლძარღვების შემავიწროვებელი რისკ-ფაქტორია ქოლესტერინის მაღალი დონე, ანუ ჭარბი, განსაკუთრებით დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინი. ასევე, თრომბის განვითარებისთვის რისკია შედედების ფაქტორი, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ბევრი სითხის დაკარგვით. დღეს კოვიდის ფონზე განვითარებული თრომბები აქტუალურია.

  • ოფლიანობა და სიმხურვალის შეგრძნება ხელებსა და ფეხებში რამდენად კავშირშია სისხლძარღვების პრობლემებთან?

ოფლიანობა ნამდვილად კავშირშია. რეინოს დაავადებას და სინდრომს ახასიათებს ცივი, გრილი და ტენიანი ხელი. მაგრამ გახურება რეაქციული მდგომარეობაა, შესაძლოა ნეიროპათიული შეგრძნება იყოს. ვისაც ოსტეოქონდროზი აქვს ან ნეიროპათიული პრობლემები, მათ შეიძლება ჰქონდეთ ასეთი მდგომარეობა – ხელის ან ფეხის, თითების წვა. ეს უკვე სხვა მდგომარეობაა, რომელიც ასევე ბევრი მიზეზით ხდება, ძირითადი მიზეზი მაინც ოსტეოქონდროზია, მარილებს რომ ეძახიან. არსებობს დიაბეტური, ალკოჰოლური და სხვა წარმომავლობის ნეიროპათიები.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან