მთავარი,სიახლეები

საჯარო სხდომა დამალული საკითხებით – როგორ ამტკიცებენ ბათუმის ბიუჯეტს

25.11.2021 • 1517
საჯარო სხდომა დამალული საკითხებით – როგორ ამტკიცებენ ბათუმის ბიუჯეტს

პირველად ნამდვილად არ ხდება, როცა ბათუმის საკრებულო მომავალი სხდომის დაანონსებისას აქვეყნებს განსახილველი საკითხების მცირე ჩამონათვალს, სხდომის წინა დღეს კი მათი რიცხვი იზრდება: გამოქვეყნებულ დღის წესრიგს არაერთი ახალი საკითხი ემატება და უმეტესწილად ეს საკითხები მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის.

დღევანდელ შემთხვევაში საკრებულომ არც მეტი არც ნაკლები, განსახილველ საკითხებს მომავალი წლის ბიუჯეტი და არა მხოლოდ ბიუჯეტი დაამატა.

საკრებულოს ეს ქმედება წინააღმდეგობაში მოდის კანონთან, რადგან კანონი პირდაპირ ითხოვს დღის წესრიგის გასაჯაროებას. გადაწყვეტილების მიმღები გვეუბნება, რომ საკუთარ რეგლამენტს ეყრდნობა, სადაც ცოტა ხნის წინ 64-ე მუხლში სწორედ ბიუჯეტის განხილვის ვადებთან დაკავშირებული ცვლილებები შეიტანეს, რომ მომავალში ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტის იმ ფორმით განხილვა გაემართლებინათ, როგორც ამას ხვალ, 26 ნოემბერს დაგეგმილ სხდომაზე აპირებენ.

26 ნოემბერს დაგეგმილი სხდომის შესახებ ბათუმის საკრებულომ ინფორმაცია 16 ნოემბერს გამოაქვეყნა, შვიდი სამუშაო დღით ადრე. ამ შემთხვევაში კანონით განსაზღვრული წესი თარიღებთან დაკავშირებით დაცულია.

თუმცა, 16 ნოემბერს გამოქვეყნებულ დღის წესრიგში მხოლოდ სამი საკითხი იყო, მათ შორის არც ბიუჯეტი ყოფილა და არც ბევრი სხვა საკითხი, რომლის განხილვასაც საკრებულო ხვალ გეგმავს.

საკრებულომ ბიუჯეტი, ისევე, როგორც სხვა რამდენიმე საკითხი, სხდომის წინა დღეს დამატებით საკითხად შეიტანა დღის წესრიგში, რაც საჯაროობის პრინციპის დარღვევაა.

საკრებულოს, როგორც არჩეულ კოლეგიურ ორგანოს თვითმმართველობის კოდექსი საჯაროობის პრინციპის დაცვას ავალებს. დაინტერესებულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გაეცნოს დღის წესრიგს და თუ იქ მისთვის საინტერესო საკითხია, დროულად მიიღოს ამის შესახებ ინფორმაცია.

თვითმმართველობის კოდექსი ამბობს, რომ სხდომა, ისევე როგორც საკრებულოს მიერ მიღებული  აქტები, საჯარო უნდა იყოს. კოლეგიური ორგანოს სხდომის საჯაროობის მისაღწევად კონკრეტულ თარიღებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი აწესებს.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ამბობს:

„კოლეგიური საჯარო დაწესებულება ვალდებულია ერთი კვირით ადრე საჯაროდ გამოაცხადოს მომავალი სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე მისი დახურვის შესახებ.“

ამ შემთხვევაში საკრებულომ ნამდვილად  დაიცვა თარიღებთან დაკავშირებული წესი, მაგრამ სრულ დღის წესრიგზე წვდომა არ გვქონია.

რა ხდება მაშინ, თუ სხდომა რიგგარეშეა, აუცილებლობით არის მისი მოწვევა განპირობებული? – გადაუდებელი აუცილებლობისას კოლეგიური საჯარო დაწესებულება, ანუ საკრებულო უფლებამოსილია ჩაატაროს სხდომა კანონით გათვალისწინებული ზემოთ ნახსენები წესების დაუცველად.

„ამ შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოაცხადოს სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე მისი დახურვის შესახებ.“

ხვალ, 26 ნოემბერს, საკრებულო არა რიგგარეშე სხდომას, არამედ „მორიგ სხდომას“ მართავს.

კიდევ ერთი, საკრებულოს რეგლამენტი კანონზე უპირატესი ვერ იქნება და ვერც რეგლამენტში ჩაიწერება ისეთი რამ, რაც კანონს შეეწინააღმდეგება და საჯაროობის პრინციპს უგულებელყოფს.

თუმცა, საკრებულოს იურისტი სულიკო შვენთიძე განმარტავს, რომ ბათუმის საკრებულოსთვის, როგორც თვითმმართველი ორგანისთვის, უპირატესია თვითმმართველობის კოდექსი, რომელიც საკრებულოს საშუალებას აძლევს კონკრეტული თარიღები განსაზღვროს.

  • რა წერია ბათუმის საკრებულოს რეგლამენტში?

რაც ბათუმის საკრებულოს რეგლამენტში სხდომის დღის წესრიგის საჯაროობასთან დაკავშირებით  წერია, კანონს ნამდვილად არ ეწინააღმდეგება, სხვა საქმეა რამდენად ასრულებს საკრებულო ამ ჩანაწერს.

რეგლამენტი ამბობს:

 სხდომაზე განსახილველი საკითხების დღის წესრიგი, სხდომაზე განსახილველი (ინიცირებული) სამართლებრივი აქტების პროექტები ქვეყნდება სხდომის ჩატარებამდე ერთი კვირით ადრე საკრებულოსა და მერიის ადმინისტრაციულ შენობაში საჯარო გაცნობისთვის ხელმისაწვდომ და თვალსაჩინო ადგილას არსებულ საინფორმაციო დაფაზე განთავსების ფორმით და საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.batumicc.ge. ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია და დოკუმენტები შესაძლებელია გამოქვეყნდეს საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით წინასწარ
განსაზღვრულ მასობრივი ინფორმაციის შესაბამის ბეჭდვით საშუალებებში.

სულიკო შვენთიძე კი განმარტავს, რომ საკრებულოს უფლებამოსილია დაამტკიცოს როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი საკითხები, რომლებიც მოგვიანებით შედის დღის წესრიგში, რადგან გასავლელია რიგი პროცედურებისა – კომისიები, ბიურო და ასე შემდეგ. თუმცა რატომღაც ხშირად აღმოჩნდება ხოლმე, რომ დამატებითად მიჩნეული საკითხები ძირითად საკითხებზე მნიშვნელოვანია.

„მე მაინც ვფიქრობ, რომ საჯაროობის პრინციპი არ ირღვევა, ასე შეიძლება ვიდავოთ, რომ ვინც ორი დღით ადრე ვერ ნახა გამოქვეყნებული საკითხები, შეიძლებოდა ერთი კვირით ადრეც ვერ ენახა. გარდა ამისა, საჯაროა კომისიების და ბიუროს სხდომები“, – ამბობს სულიკო შვენთიძე.

თუმცა ფაქტია ისიც, რომ დღეს, 25 ნოემბერს, ბიუროს სხდომაზე დასწრების საშუალება საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარეს არ მისცეს. ის მოქალაქეებთან ერთად მომავალი წლის ბიუჯეტის ნაჩქარევად განხილვას აპროტესტებდა.

___

მთავარი ფოტო: ბიუროს წევრი ენმ-დან მირდატ ქამადაძე, საკრებულოს თავმჯდომარეს სულიკო თებიძეს მოუწოდებს, ვადაგასულმა საკრებულომ არ დაამტკიცოს 2022 წლის ბიუჯეტი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: