მთავარი,სიახლეები

როდის დაიწყებს მუშაობას ბათუმის ახალი მერი და საკრებულო?

04.11.2021
როდის დაიწყებს მუშაობას ბათუმის ახალი მერი და საკრებულო?

როდის შეიკრიბება ბათუმის ახალი საკრებულო და დაიწყებს მუშაობას ახალი მერი? – თარიღის განსაზღვრა შემაჯამებელი ოქმების მიღებაზეა დამოკიდებული, საარჩევნო დავების განხილვა კი, ჯერ არ დასრულებულა.

კანონმდებლობით განსაზღვრულია ვადები, რა დროში უნდა მიიღოს ცესკომ შემაჯამებელი ოქმი  და ახალი მოწვევის საკრებულოებიც მოიწვიოს.

საია-ს იურისტის, მირზა მამულაძის განმარტებით, ახალი მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომას ცესკო იწვევს არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 30 დღეში. ცესკო ვალდებულია არჩევნების შემაჯამებელი ოქმი მიიღოს კენჭისყრის დღიდან ანუ 30 ოქტომბრიდან 25 დღის ვადაში.

რაც შეეხება ბათუმის მერს, ის ცესკოს შემაჯამებელ ოქმს არ ელოდება – ახლად არჩეული მერი ბათუმის საოლქო კომისიის შემაჯამებელ ოქმს უნდა დაელოდოს. ეს ოქმი კომისიამ კენჭისყრის დღიდან, ანუ 30 ოქტომბრიდან 2 კვირაში უნდა მიიღოს.

„შემაჯამებელი ოქმის მიღებიდან მე-11 დღეს იწყებს მერი უფლებამოსილების შესრულებას,“ – ამბობს საია-ს იურისტი, მირზა მამულაძე.

ამ დრომდე აჭარის რეგიონში მუშაობას უკვე შეუდგნენ ქობულეთის, ქედის, შუახევისა და ხულოს მერები. არჩევნების მეორე ტურის შედეგების შეჯამებას საოლქო კომისიებისგან მხოლოდ ბათუმისა და ხელვაჩაურის მერები ელიან.

მუშაობა ჯერ არ დაუწყია საკრებულოებს, მათ შორის, მაგალითად, ბათუმში იმის მიუხედავად, რომ პირველივე ტურში აირჩიეს ყველა დეპუტატი, რადგან საკრებულოს პირველ სხდომებს ცესკო იწვევს.

არჩევნების მეორე ტურში ქედის, ხულოსა და ხელვაჩაურის საკრებულოებში აირჩიეს რამდენიმე მაჟორიტარი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: