ნეტგაზეთი • RU

პროექტი, რომელშიც აჭარის მთავრობამ 542 800 ლარი დახარჯა და ვერ იყენებს

აჭარის მთავრობის ახალი ადმინისტრაციული შენობის პროექტში 542 800 ლარია გადახდილი, თუმცა, უკვე მეოთხე წელია მთავრობა მის განხორციელებას არ გეგმავს.

აღნიშნული პროექტის მიხედვით, მთავრობის ახალი ადმინისტრაციული შენობის ასაშენებლად, 2018 წლის გათვლებით, 28 მილიონი ლარი იყო საჭირო.

დღეს კვლავ გაურკვეველია რაში გამოიყენებს, ან გამოიყენებს თუ არა საერთოდ ამ პროექტს აჭარის მთავრობა.

ამ პროექტითა და ხარჯთაღრიცხვით შემდგომში შენობის აშენება უსარგებლო იქნება – ასეთი დასკვნა სახელმწიფო აუდიტმა ორი წლის წინ გააკეთა.

  • პროექტი აჭარის მთავრობამ 2018 წელს შეისყიდა და იმავე წელს შემოდო თაროზე.
  • მოგვიანებით, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ახალი შენობის ასაშენებლად საჭირო თანხა არ ჰქონდათ და „პროექტის დეტალური ფინანსური ანალიზის შემდეგ, ბიუჯეტის ფორმირების ეტაპებზე, მიღებული იქნებოდა გადაწყვეტილება პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით“.
  • დღეს კი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან გვაცნობეს, რომ პროექტი პანდემიას გამო ვერ განხორციელდა.

რა გადაწყვეტილება იქნა საბოლოოდ მიღებული? – ხომ არ შეცვლილა ხარჯთაღრიცხვა და განხორციელდება თუ არა ეს პროექტი? – ამ კითხვების საპასუხოდ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან დღეს, 2022 წლის 18 თებერვალს მოგვწერეს, რომ „ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა ამ ეტაპზე არ იგეგმება“.

„გლობალური პანდემიის ფონზე, აჭარის ბიუჯეტის ადაპტირება განხორციელდა და მობილიზდა ფინანსური რესურსი. მათ შორის ადმინისტრაციული ფინანსური რესურსის გამოთავისუფლება მოხდა. საბიუჯეტო თანხები პანდემიის ფონზე, პრიორიტეტულად, მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით, ძირითადად ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით გადანაწილდა, ასევე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა, როგორც მაღალმთიან აჭარაში, ასევე ბათუმში. მათ შორის არის პროექტი – მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება, წყლის სისტემის განვითარება აჭარაში და სხვა. ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა ამ ეტაპზე პრიორიტეტულად არ არის მიჩნეული“, – მოგვწერეს სამინისტროდან.

ახალ ადმინისტრაციულ შენობაში აჭარის სამინისტროების ჩათვლით 20-ზე მეტი სახელმწიფო ორგანიზაცია უნდა განთავსებულიყო. მათ შორის იყო შპს „სტადიონი“ [დღევანდელი „აჭარის აქტივების მართვის კომპანია“].

ვინაიდან ახალი შენობა არ აშენდა, ამ სახელმწიფო კომპანიის ოფისისთვის სამინისტრო ბათუმში ბინას არემონტებს:

ბინის რემონტზე გამოცხადებულ ტენდერში კერძო კომპანია „იმედი XXI“ სამინისტროს მომსახურებას 35 700 ლარად სთავაზობს. ტენდერი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა.

სახელმწიფო აუდიტი 2019 წელს, აჭარის მთავრობის მიერ ნახევარ მილიონად შესყიდულ პროექტზე წერს:„წარმოდგენილი დოკუმენტაციით ირკვევა, რომ სამინისტროს მიერ საერთო ადმინისტრაციული შენობის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია გარემოებათა დეტალური ანალიზის გარეშე.

ბაზარზე ფასების ცვლილების გათვალისწინებით, შემდგომში ამ პროექტის სახარჯთაღრიცხვო ნაწილის გამოყენება შესაძლოა არარელევანტური გახდეს.

შედეგად, ბიუჯეტიდან განხორციელებულია დანახარჯები, რომლის მოსალოდნელი სარგებელი გადახდილ ფასთან შესაძლოა არსებითად შეუსაბამო იყოს“.

ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:

აჭარის მთავრობის ახალი შენობის 542 800-ლარიანი პროექტის სარგებელს აუდიტი ეჭვქვეშ აყენებს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com