მთავარი,სიახლეები

რას ჰყვებიან პედოფილიის მსხვერპლი ბავშვები ბათუმში

18.02.2022 • 4315
რას ჰყვებიან პედოფილიის მსხვერპლი ბავშვები ბათუმში

გაფრთხილება: სტატია შეიცავს ინფორმაცის მოზარდებზე სექსუალური ძალადობის შესახებ. 

მხოლოდ გასულ წელს ბათუმში მოსამართლეებმა პედოფილიის 6 საქმე განიხილეს. სისხლის სამართლის 6 საქმე 7 მოზარდს ეხება, მათ შორის ერთ გოგოს, რომელზეც 7 წლის ასაკიდან ძალადობდა საკუთარი ბიძია.

ეს შემთხვევები სასამართლოში დახურულ კარს მიღმა განიხილება. „ბათუმელებმა“ საქმეები პერსონალური ინფორმაციის დაცვით გამოითხოვა.

პედოფილიის საქმის მასალებიდან ამ დანაშაულის შესახებ ბევრი რამ ჩანს: როგორ ახერხებს პედოფილი ბავშვთან დაახლოებას, რა მეთოდს იყენებს ის, როგორ იცვლება სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მოზარდების ქცევა ამ დროს და ვის უყვებიან ისინი მომხდარის შესახებ.

განაჩენებიდან კარგად ჩანს ისიც, რომ ბავშვებზე სექსუალურად ძალადობის შემთხვევები ხშირად შეუმჩნეველი რჩება და მშობლებიც კი, წლობით დუმილს ამჯობინებენ.

  • 15 წლის ბიჭს სექსუალური ძალადობის დროს ვიდეო გადაუღეს და ტელეფონი წაართვეს 

„…ის ძალიან შეშინებული იყო, ითხოვდა კარების ჩაკეტვას. არადა, ზოგადად, დღისით არ ვკეტავდით სახლის კარს. ამ ფაქტის შემდეგ ითხოვდა კარის ჩაკეტვას, ჩვენ აღარ გველაპარაკებოდა,“ – ასე დაიწყო 15 წლის შვილზე სექსუალური ძალადობის ამბის მოყოლა მოსამართლესთან დედამ. მან პედოფილიის საქმეზე მოწმის სახით ჩვენება მისცა სასამართლოს.

„ძალიან შეიცვალა. მანამდე ხშირად ჩადიოდა ეზოში, დადიოდა სკოლაში, თამაშობდა ფეხბურთს, მაგრამ იმ დღის მერე ჩაიკეტა, გულჩათხრობილი გახდა ძალიან,“ – აღნიშნა მოზარდის დედამ.

სექსუალური ძალადობის ეს შემთხვევა ბათუმის ერთ-ერთ უბანში გასულ წელს მოხდა, 15 წლის ნიკას [სტატიაში სახელები შეცვლილია] და 32 წლის გიორგის ერთმანეთი ფეისბუქში გაუცნიათ.

„…მწერდა ამას და ამას თუ იცნობ შენს უბანშიო, შენთან ახლოს ჩემი ნათესავი ცხოვრობს, გამოვალ და გაგაცნობო. უარი არ მითქვამს,“ – უთხრა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეს მოზარდმა. ფეისბუქში გასაუბრებიდან მეორე დღეს ის თავის ორ მეგობართან ერთად შეხვდა მოზარდს, რომელიც მის ქუჩაზე, დათქმულ ადგილას, დათქმულ დროს გამოჩნდა.

„ერთად წავედით იმ კორპუსისკენ, სადაც მისი ნათესავი ცხოვრობს. მერე მითხრა, რომ ჩემს მეგობრებს დავეტოვებინე და მათ მალე დავუბრუნდებოდი… მარტო ჩვენ ორი წავედით. მითხრა, მორცხვი ხარ, ბევრს არ ლაპარაკობო… მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის უკანა მხარეს ბოსტნებია, იქ ჩავიარეთ, უკანა მხარეს გავედით და მინდორთან შევჩერდით.

მითხრა, მოდი, ვიჭიდაოთო, დავიწყეთ ჭიდაობა, მაგრამ ის ჩემზე უფროსია, ძლიერი, მარტივად მომერია, დამაწვინა და მითხრა, წაგებული ხარო. წამოდგომის დროს მან ჩემი მობილური ტელეფონი აიღო ხელში და მითხრა, პაროლი მითხარი, ჩემი დანარეკი შენთან მინდა წავშალოო.

მერე აღარ მიბრუნებდა ტელეფონს. მითხრა, რომ თუკი „ვეზასავებოდი“, მაშინ დამიბრუნებდა. უარი ვუთხარი, მან შარვლის უკანა ჯიბიდან დანა ამოიღო…“, – განაგრძო მოზარდმა.

15 წლის ნიკას ჩვენების მიხედვით, მოძალადემ ძალადობა მობილური ტელეფონით გადაიღო, შემდეგ კი, გადაღებული ვიდეო ტელეფონში აჩვენა და უთხრა, რომ თუკი ამ ამბის შესახებ ვინმეს მოუყვებოდა, ვიდეო ფეისბუქში გავრცელდებოდა.

„ვიდრე დავშორდებოდით, დამიძახა, სახლში თქვი, რომ მობილური დაკარგე, ხო გაიგეო… ჩემს სახლთან ჩემი მეგობრები იდგნენ, მკითხეს, სად იყავიო, მაგრამ მათთვის არ მიპასუხია. სახლში დედამ დამიწყო კითხვა, რატომ ვიყავი დასვრილი შარვალზე, ან ტელეფონს რატომ არ ვპასუხობდი, მაგრამ არ მითქვამს არაფერი…“ – დაასრულა თხრობა მოზარდმა.

„ნიკა იმ უცნობ კაცს გაჰყვა ვიღაცის გასაცნობად, მე ვიყავი იქ,“ – უთხრა მოსამართლეს მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულად ცნობილი მოზარდის მეგობარმა, – „როცა მოდიოდა, სახეზე ეტყობოდა, რომ აღელვებული იყო და ძალიან განერვიულებული… ძმაკაცმა ჰკითხა, რატომ დააგვიანა მისვლა, ის აჩქარებული ნაბიჯით წავიდა თავისი სახლისკენ. მხოლოდ ეს გვითხრა: მერე მოგიყვებითო,“ – თქვა მოწმემ.

„…ძლივს მითხრა, ტელეფონი დავკარგეო, სტადიონთან დავკარგეო, ისე თქვა, მაშინვე მივხვდი სიმართლეს რომ მალავდა. მე ვთხოვდი სიმართლის თქმას,“ – ჩვენების მიცემა განაგრძო მოზარდის დედამ და გაიხსენა, რომ შემდეგ შვილი მოუყვა, მობილური ტელეფონი ვიღაც კაცმა ძალით როგორ წაართვა.

„სექსუალურ ძალადობაზე არაფერი უთქვამს ჩემთვის. ამაზე ფსიქოლოგმა მითხრა შემდეგ, მასთან უთქვამს ეს,“ – თქვა დედამ.

მოსამართლეს მოზარდის მამამ უთხრა, რომ ნიკას სექსუალური ძალადობის შესახებ იმავე საღამოს მეზობლად მცხოვრები ბიძისთვის მოუყოლია, მშობლებმა კი მაშინვე პოლიციაში დარეკეს.

„ის ამბობდა, არ დარეკოთ პოლიციაში, ერთი დღე მოიცადეთო…

მე ამ შემთხვევის შემდეგ ბავშვთან ურთიერთობა აღარც მაქვს, ნიკას ძალიან ერიდება კონტაქტის, ჩაკეტილი გახდა, როგორც მამას შვილთან, ეს ურთიერთობა აღარ მაქვს, მე დავკარგე შვილი,“ – უთხრა მოსამართლეს მოზარდის მამამ.

ამ საქმეშია ფსიქოლოგის დასკვნაც, რომელიც მოზარდს გაესაუბრა. ფსიქოლოგმა დაასკვნა, რომ მოზარდი ტრავმირებულია.

„…გამოკითხვის დროს ეტყობოდა სირცხვილის განცდა, ღელავდა, შფოთავდა, აწვალებდა ხელებს, რაც მიანიშნებს იმას, რომ ტრავმა გადაიტანა და იყო განცდებში,“ – უთხრა ფსიქოლოგმა მოსამართლეს. – „ჩვენ რეაბილიტაციის და პრევენციის მიზნით შევთავაზეთ ფსიქოლოგიური დახმარება, დამთანხმდა ამაზე, თუმცა ერთი ვიზიტის მერე მითხრა, რომ ეს აღარ სურდა. თქვა, რომ ამ ფაქტის გახსენება აღარ სურდა და ჩემი გამოჩენა ახსენებდა ამას… საგრძნობია, მან გადაიტანა ტრავმა“.

პოლიციელებს იმავე დღეს გაუჩხრეკიათ ბრალდებულის სახლი, თუმცა იქ მოზარდის ტელეფონი ვერ იპოვეს.

რამდენიმე დღეში პოლიციის განყოფილებაში ბრალდებულის მამა მივიდა მოზარდის მობილურით.

„ჩხრეკის დროს ჩემი შვილი სახლში არ იყო,“ – მიმართა მოსამართლეს ბრალდებულის მამამ, – „ჩხრეკის მერე დავურეკე ჩემს შვილს, მითხრა, რომ ტელეფონი არ წაურთმევია, უბრალოდ გამოვართვი სამი დღით და ვაბრუნებო“.

პოლიციელებს მოზარდის მობილურში ვიდეოფაილები წაშლილი დახვდათ.

„კი, ფეისბუქით გავიცანით…. შევხვდი, რომ ჩემი ახლობელი გამეცნო…. პატარა მინდორში ჩვენ მხოლოდ ვიჭიდავეთ 10 – 15 წუთი, შემდეგ მობილური ტელეფონი ვითხოვე მისგან…“ – აღნიშნა ჩვენების მიცემის დროს ბრალდებულმა და კატეგორიულად გამორიცხა, მოზარდზე სექსუალური ძალადობა, ასევე ძარცვა.

საინტერესო ერთი დეტალი აღმოჩნდა – პროკურორს ბრალდებულისთვის უკითხავს: „აჩვენეთ თუ არა სხეულის სხვადასხვა ადგილზე მოხატული ტატუ?“

„ტატუ მაქვს, მაგრამ მე ის ნიკასთვის არ მიჩვენებია,“ – თქვა ბრალდებულმა.

მოზარდმა კი ზუსტად დაასახელა, სად აქვს სხეულზე მოძალადეს ტატუ.

მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეში დაზარალებულის ჩვენების გარდა, სხვა პირდაპირი მტკიცებულება არ იყო და პოლიციელებმა ვერც ვიდეოფაილი იპოვეს მოზარდის ტელეფონში, მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენი მიიღო. მისთვის დამაჯერებელი არ აღმოჩნდა ბრალდებულის მოყოლილი ამბავი, ხოლო მოზარდის ჩვენება სხვა მოწმეების ჩვენებებს დაემთხვა.

„სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის ჩვენება მოგონილია მხოლოდ პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით,“ – ჩაუწერია განაჩენში მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეს.

28 წლის გიორგის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.

  • ბიძა ძმისშვილებზე 10 წელი სექსუალურად ძალადობდა 

კიდევ ერთი პედოფილიის საქმის მასალიდან ჩანს, რომ ორ დაზე ბიძა 10 წელი ძალადობდა, ვიდრე 14 წლის გოგომ დეიდას არ უთხრა ამის შესახებ. დეიდას პოლიციაში დაურეკავს. ძმისშვილები და მოძალადე ერთად ცხოვრობდნენ.

„ჩემი დის ოჯახი ხელმოკლეა, სოციალურად დაუცველი… იმ დღეს შევიარე და ჩემმა უმცროსმა დისშვილმა მითხრა, რომ ბიძია წლებია ძალადობს… შეშინებული იყვნენ გოგონები. თურმე ეუბნებოდა, ციხიდან რომ გამოვალ, ყველას დაგხოცავთო,“ – უთხრა მოწმის სახით დაბარებულმა მოზარდების დეიდამ მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს.

სასამართლო განხილვის დროს ერთი მოზარდი 17 წლის იყო უკვე, უმცროსი – 14 წლის.

„ბიძია უკვე 5 წელია ცუდ საქმეს აკეთებს ჩემთან, მეხება და მაიძულებს მეც“, – უთხრა მოსამართლეს 14 წლის გოგომ და ხაზი გაუსვა, თავიდან არც კი ვიცოდი, თუ ჩემი უფროსი დაც იმავე მდგომარეობაში იყოო.

„2018 წელს, როცა უფროსები სახლში არ იყვნენ, მე და ჩემი და ერთად ვიყავით, ის მოვიდა და მოგვთხოვა… გვემუქრებოდა, ვინმეს თუ ეტყვით, დაგხოცავთ ყველასო.

ჩემს უფროს დას გონებრივი ჩამორჩენა აქვს. თურმე მანამდე ყოველ ღამით აყენებდა საწოლიდან და თითქოს ტელევიზორის საყურებლად მიჰყავდა მასთან.

ერთხელ ოთახში მოულოდნელად შევედი და დავინახე ერთად იყვნენ… მე ვიყვირე. ოთახში ბებიაც შემოვიდა. ბიძიამ თავი იმართლა, მობილურ ტელეფონს ვართმევდი უბრალოდო. ბებიამ არ დაიჯერა მისი ნათქვამი, მაგრამ დედამ უფრო ბიძიას დაუჯერა.

შემდეგ ბებია სულ გვაფრთხილებდა, ბიძიას მოერიდეთო და მარტო სახლში აღარ გვტოვებდა. შემდეგ გადავწყვიტე დეიდასთვის მეთქვა ეს ყველაფერი,“ – უთხრა მოსამართლეს მოზარდმა.

„უკვე 17 წლის ვარ, 9 კლასის დასრულების შემდეგ სკოლაში აღარ მივლია. პირველად 7 წლის ვიყავი, როცა მან პირველად გამიყვანა მასთან, კინოს ვუყუროთ ერთადო,“ – უფროსმა დამაც მისცა ჩვენება მოსამართლეს. ის დეტალურად მოუყვა მოსამართლეს 10 წლის განმავლობაში, თითქმის ყოველდღე, როგორ ხდებოდა ძალადობის მსხვერპლი.

„მემუქრებოდა. აღარ მინდოდა ვინმესთვის მეთქვა, მას შოკოლადიც მოჰქონდა ჩემთვის,“ – თქვა მოზარდმა.

„მე ვარ ამ გოგოების დედა,“ – მიმართა მოსამართლეს მ.კ.-მ და აღწერა, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახში დედამთილთან და მაზლთან ერთად ცხოვრობს.

„ჩემი ქმარი ხელოსანია, სახლიდან თითქმის სულ გასულია. ოჯახის უფროსობა და ფინანსების განკარგვა ჩემს მაზლს აქვს თავზე აღებული. ის საკმაოდ ცუდი ხასიათისაა, ხშირად ჩხუბობს, ეჩხუბება ჩემს გოგონებსაც, არაერთხელ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა…“ – თქვა ქალმა და შემდეგ ორი წლის წინანდელი ამბავიც გაიხსენა, როცა სექსუალური ძალადობას ჯერ უმცროსი გოგო და ბებია შეესწრნენ.

„ყვირილი შემომესმა, გავედი და დავინახე, ჩემი დედამთილი თავის შვილს ეკამათებოდა… ჩემი მაზლი ლოგინზე იყო წამომჯდარი და შარვლის ღილს იკრავდა. დედამთილი ეუბნებოდა, ეს რომ გაიგოს, გიჩივლებსო… ვიკითხე, რა ხდება-მეთქი. ჩემმა მაზლმა მითხრა, რომ ტელეფონს ართმევდა ჩემს გოგოს. დედამთილი მეუბნებოდა არ დაუჯერო, ცუდ რამეებს აკეთებდაო.

მან ყვირილი დაიწყო მოულოდნელად. მითხრა, თუ არ დამიჯერებ და პოლიციაში მიჩივლებ, გაჩვენებ, რაც დაგემართებაო.

შემეშინდა და გავჩუმდი.

მანამდეც ბევრჯერ გაუყვანია ჩემი გოგო საძინებლიდან ჩემს მაზლს, ყავა დავლიოთ და ინდურ ფილმებს ვუყუროთ ერთადო. ერთხელ გავაკითხე შვილს და მიყვირა, რატომ დაგვდევ უკანოო. ახლა ვხვდები, რატომაც გაჰყავდა.

ვნანობ, რომ არ მივმართე აქამდე პოლიციას,“ – დაასრულა ჩვენების მიცემა მოზარდების დედამ.

„ყველა ეს ბრალდება მოგონილია. ეს ტყუილები გოგოების დეიდამ მოიგონა და ბავშვებს აბსურდს ალაპარაკებს, ის ყოფს ცხვირს ოჯახის საქმეებში,“ – მოკლე პასუხით შემოიფარგლა სასამართლო პროცესზე ბრალდებული.

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ბრალდებულ კაცს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, განაჩენში კი ეს ჩაწერა:

„…ასეთ პიროვნებასთან ერთად მცხოვრები გოგონები, რომლებიც მცირეწლოვნებიდან იყვნენ ბიძის მხრიდან ფიზიკური და სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლები, რა გასაკვირია, რომ მოქცეულიყვნენ მისი მუქარის გავლენის ქვეშ და წლების განმავლობაში სხვებისგან დაემალათ მათ მიმართ მიმდინარე გარყვნილი ქმედებები“.

________________________

პედოფილიის სხვა საქმეზეც ბათუმის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მიუღია, თუმცა საინტერესოა რამდენიმე ტენდენცია:

  • სექსუალურ ძალადობის საქმეებს შორის არის „ნაადრევი ქორწინების“ საქმეც. ასეთი სულ ერთი შემთხვევაა და როგორც წინა წლებში, ამჯერადაც საპროცესო შეთანხმება გაფორმებულა პროკურორს და ბრალდებულს შორის, მოსამართლესაც პირობითად ჩაუთვლია 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
  • საგულისხმოა საპროცესო შეთანხმების ფაქტორი – პედოფილიისთვის ორი სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვაგვარად ისჯება იმ შემთხვევაში, თუ მოძალადე პროკურორთან საპროცესო შეთანხმებას მოახერხებს. მაგალითად, 2021 წელს სექსუალური ძალადობის საქმეებს შორისაა ორი განაჩენი, რომლებიც მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მიიღო. ერთ შემთხვევაში მოძალადე 6 წლით გაუშვეს ციხეში, მეორე შემთხვევაში კი, მსჯავრდებულს მხოლოდ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა შეუფარდეს.  პირველ შემთხვევაში ბრალდებულს ედავებოდნენ გარყვნილი ქმედების [141-ე მუხლი] ჩადენას – ბათუმის ერთ-ერთი საჯარო სკოლის ეზოსთან ახლოს მდებარე მშენებარე კორპუსის პირველ სართულზე 14 წლის გოგოსთან. ამ საქმეზე პრეიუდიცია დადგა, ანუ ბრალდებულმა სასამართლო პროცესის დაწყებისთანავე სრულად დაადასტურა პროკურატურის ვერსია. შესაბამისად, უცნობი დარჩა დაზარალებულის ან მოწმეების პოზიციები. ამ საქმეზე ბრალდებულს მოსამართლემ  8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, საიდანაც 6 წელი რეალური სასჯელია, ორი წელი კი, მსჯავრდებულს პირობითად ჩაუთვალეს. მეორე საქმეზე კი, სადაც ბრალდებულს ედავებოდნენ სსკ-ის 140-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რაც გულისხმობს: „სექსუალური ხასიათის შეღწევას 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში“ და ეს მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, მსჯავრდებულს მხოლოდ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა შეუფარდეს – 150 საათით. უცნობია, რის გამო გაუფორმა მას საპროცესო შეთანხმება პროკურორმა.
  • სექსუალური ძალადობის კიდევ ერთ შემთხვევაში მსჯავრდებულიც არასრულწლოვანია – 17 წლის ბიჭმა ლიფტში სცადა გოგოს გაუპატიურება. მოზარდი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად გაასამართლეს და მას მხოლოდ 3 წლით შეუფარდეს თავისუფლების აღკვეთა, რაც პირობით ჩაუთვალეს გამოსაცდელი ვადით.

ამ თემაზე:

რას ხატავენ პედოფილიის მსხვერპლი ბავშვები

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: