ბათუმი,მთავარი,სიახლეები

აჭარის უმაღლეს საბჭოში 21 დეპუტატი და 13 მძღოლია – კიდევ რაში იხარჯება 5,2 მილიონი

20.02.2022 • 4112
აჭარის უმაღლეს საბჭოში 21 დეპუტატი და 13 მძღოლია – კიდევ რაში იხარჯება 5,2 მილიონი

აჭარის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, სადაც 21 არჩეული წევრია, კიდევ 133 ადამიანია დასაქმებული. აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის კი 2021 წელს ბიუჯეტიდან ჯამში 5,2 მილიონი ლარი დაიხარჯა. აქედან 3 246 866 ლარი მარტო ხელფასისთვის გაიცა.

საბჭო, დღევანდელი შემადგენლობით, პირველად 2020 წლის დეკემბერში შეიკრიბა.

უმაღლესი საბჭოს წევრების ხელფასებისთვის, გასულ წელს, მილიონამდე ლარი [ჯამში 984 729 ლარი] დაიხარჯა; საბჭოში დასაქმებულ სხვა პირებზე კი გაიცა: 2 221 495 ლარი, როგორც თანამდებობრივი სარგო, 15 892 ლარი – საკლასო დანამატი და 24 750 ლარი პრემია.

საწვავის ხარჯები

უმაღლეს საბჭოში, სადაც 21 არჩეული წევრია, 13 მძღოლია დასაქმებული. აქედან 2 უშუალოდ საბჭოს თავმჯდომარეს, დავით გაბაიძეს, ემსახურება, ხოლო ერთი – ოპოზიციის ფრაქციას.

საწვავში, 2021 წლის განმავლობაში, უმაღლესმა საბჭომ 121 ათას 23 ლარი დახარჯა [შედარებისთვის, წინა წელს საწვავში 72 963 ლარი დაიხარჯა].

უმაღლესი საბჭოს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, თვეებისა თუ ავტომანქანების შესაბამისად გახარჯული საწვავის ოდენობა განსხვავებულია, თუმცა არ არის გამოქვეყნებული გასული წლის დეკემბრის თვის საწვავის ხარჯები.

რაც შეეხება, მაგალითად, ნოემბრის თვეს, ყველაზე მეტი საწვავი, ტრადიციულად, თავმჯდომარის ავტომანქანებზეა გამოწერილი – 681 ლიტრი.

ამავე თვეში ყველაზე მეტი საწვავი გაიხარჯა ასევე ავტომანქანებზე, რომლებიც ემსახურებიან: ფრიდონ ფუტკარაძეს [396 ლიტრი], ტიტე აროშიძეს [376 ლიტრი]; 300 ლიტრი საწვავია გაცემული მორიგე ავტომანქანაზე, 299-299 ლიტრი – ოთხ ავტომობილზე, დანარჩენებზე კი, შედარებით ნაკლები.

საბჭოს ბალანსზე სულ 16 ავტომანქანაა, რომელთა ტექნიკურ მომსახურებაზე 2021 წელს დამატებით 91 209 ლარის ხარჯია გაწეული [წინა წელს კი – 41 068 ლარის].

უმაღლესი საბჭოს სხვა ხარჯები 2021 წელს

2021 წელს რესტორნებში, სხვადასხვა პროდუქტში, სასმელ წყალში, ასევე, საჩუქრებსა და ყვავილებში აჭარის უმაღლეს საბჭოს ჯამში 26 601 ლარი აქვს დახარჯული.

აქედან:

  • სარესტორნო მომსახურებაში – 8 746 ლარი; საჩუქრებში – 11 854 ლარი; სხვადასხვა სახის ხილში, ბოსტნეულში, საკვებ პროდუქტებსა და სასმელებში – 2 872 ლარი

უმაღლეს საბჭოში 2021 წელს 91 426 ლარის ელექტროენერგია მოიხმარეს;

მობილური სატელეფონო მომსახურებისთვის გადახდილია 42 595 ლარი; სატელეფონო საუბრებში (საერთაშორისო და ადგილობრივი ზარები) კი – 22 030 ლარი.

1 699 ლარი გადაიხადა უმაღლესმა საბჭომ გასულ წელს – დეზობარიერში, სადეზინფექციო ხსნარსა და სადეზინფექციო მომსახურებაში.

მთლიანობაში უმაღლესმა საბჭომ 576 268 ლარის სხვადასხვა სახის მომსახურება შეისყიდა.

უმაღლესი საბჭოდან გასულ წელს მივლინებაშიც იმყოფებოდნენ.

„2021 წელს უმაღლესი საბჭოს წევრთა და აპარატის თანამშრომელთა სამსახურებრივ მივლინებებში“, საბჭოს ინფორმაციით, მთლიანობაში 58 ათას 25 ლარი დაიხარჯა.

აქედან:

  • მივლინების ხარჯები (ქვეყნის შიგნით) – 13 782 ლარი
  • მივლინების ხარჯები (ქვეყნის გარეთ) – 58 025 ლარი
ხელფასები უმაღლეს საბჭოში 2022 წელს

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო ანუ ხელფასი თვეში 5 750 ლარია,
თავმჯდომარის მოადგილის – 4 900 ლარი,
უმაღლესი საბჭოს კომიტეტისა და ფრაქციის თავმჯდომარეების – 4 700 ლარი,
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის – 4 250 ლარი,
ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის – 4 100 ლარი,
უმაღლესი საბჭოს რიგითი წევრის ხელფასი კი – 3 900 ლარია.

არჩეული 21 წევრის გარდა უმაღლეს საბჭოში ამ დროისთვის 133 ადამიანია დასაქმებული. აქედან 96 შტატით, ხოლო 37 – „დამხმარე ფუნქციების მქონე შრომითი ხელშეკრულებით“. მათ შორის მძღოლებიც.

საბჭოს თავმჯდომარის მძღოლების ხელფასი თვეში 1700-1700 ლარია, დანარჩენების კი – 1 300 ლარი. ანუ მარტო მძღოლების ხელფასებში ბიუჯეტიდან წელიწადში 212 400 ლარი იხარჯება.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძეს 4 თანაშემწე ჰყავს – თითოეულის ხელფასი 2 790 ლარია; თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის ხელფასი კი – 3 520 ლარი. ამ ხუთი ადამიანის ხელფასებისთვის ჯამში 174 840 ლარი დაიხარჯება წელიწადში.

უმაღლეს საბჭოში თითო თანაშემწე ჰყავს საბჭოს 10 წევრს – ერთი თანაშემწის ხელფასი 1 410 ლარია.

მუნიციპალიტეტებში თითო წარმომადგენელი ჰყავთ უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარ წევრებს. წარმომადგენლების ხელფასები განსხვავებულია: ბათუმში 2 მაჟორიტარია და მათი წარმომადგენლების ხელფასი თითოეულის 1 200 ლარია; ყველაზე მეტი ხელფასი აქვს წარმომადგენელს ქობულეთში – 2 000 ლარი; ხოლო აჭარის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში წარმომადგენლის ხელფასი 750 ლარია.

2022 წელს აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის ბიუჯეტიდან 5 616 500 ლარია გამოყოფილი, საიდანაც, ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, მარტო ხელფასებში, ჯამში, 4 279 500 ლარი [76,2%] დაიხარჯება. აქედან:

  • უმაღლესი საბჭოს წევრების ხელფასებში – 1 123 800 ლარი
  • შტატით მომუშავე თანამშრომლების ხელფასებში – 2 579 280 ლარი
  • შრომითი ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლების ხელფასებისთვის კი – 576 420 ლარი

შრომითი ხელშეკრულებით დაკავებული პოზიციები აჭარის უმაღლეს საბჭოში:

ყველა ეს პოზიცია დაკავებულია – გვითხრეს უმაღლეს საბჭოში / ფოტო: პოზიციები და თანამდებობრივი სარგოები 2022 წლისთვის / წყარო: უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ბრძანება

მთავარი ფოტო: აჭარის უმაღლესი საბჭოს ფეისბუქგვერდიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: