მთავარი,სიახლეები

„მორჩილების“ ვიდეო, როგორც ნივთმტკიცება სხვისთვის საჩვენებლად – ინტერვიუ თეოლოგთან

21.02.2022 • 1611
„მორჩილების“ ვიდეო, როგორც ნივთმტკიცება სხვისთვის საჩვენებლად – ინტერვიუ თეოლოგთან

21 თებერვალს სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ასახულია როგორ აყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ანაფორით შემოსილი ერთი პირი მეორეს. ამასთან, მასალაში ისმის, რომ ძალადობის ერთ-ერთი მოტივი ჰომოფობიური შინაარსისაა. თავდამსხმელი, სავარაუდოდ სასულიერო პირი, დაშავებულს ანაფორის გახდას სთხოვს.

დაშავებული პირი მოძალადეს სთხოვს, რომ შეწყვიტოს მისი ცემა, პირს კი, რომელიც ამ კადრებს იღებს, რამდენჯერმე მიმართავს თხოვნით, რომ ისინი გააშველოს, თუმცა მოძალადე ცემას არ წყვეტს და მესამე პირს ეუბნება, რომ გადაღება გააგრძელოს. ვიდეოს ბოლოს დაშავებული ეუბნება მოძალადეს, რომ ანაფორას გაიხდის და კიდევ ერთხელ სთხოვს, თავი დაანებოს.

აღნიშნულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით დღესვე გაავრცელა განცხადება საპატრიარქომ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვიდეომასალაში ასახული არც ერთი პირი არ არის ბერად აღკვეცილი და ისინი ყოფილი მორჩილები არიან. „ეკლესიის სახელით ჩადენილი ასეთი ქმედებები აბსოლუტურად მიუღებელი, არაქრისტიანული და ამორალურია“ – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

ამ თემაზე „ბათუმელები“ თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილს ესაუბრა.

  • როგორ ფიქრობთ, ვინ შეიძლება იყოს ამ ვიდეოს ადრესატი, რისთვის გადაიღეს და როგორი უნდა იყოს საპატრიარქოს რეაგირება ფაქტზე?

ამ ვიდეოს ფიგურანტი არის სამი ადამიანი: მსხვერპლი, მოძალადე და ის, ვინც ვიდეოს იღებს.

ბერი, ვინც ძალადობს მეორე პირზე ჰომოფობიური მოტივით, არანაირად არ არის უფლებამოსილი ვინმეს ბერის სამოსი გახადოს ან ჩააცვას. ეს აბსურდია.

მეორე მხრივ, სასულიერო პირებს არა მარტო სახარებით, სჯულის კანონითაც ეკრძალებათ ვინმეზე ძალადობა და ხელის აღმართვა. ნებისმიერი ძალადობის ფორმა უნდა იყოს დასჯილი და მოძალადეს უნდა შეუჩერდეს მღვდლობა.

ადამიანი, ვინც ამ ვიდეოში ძალადობს, არის კრიმინალური ცნობიერების და ამაზე მეტყველებს მისი ფრაზებიც –  „შენ იცი მე ვინა ვარ?“, „ჩამშვებო“, „ბოზო“ და ასე შემდეგ.

  • ეს ადამიანები შემოსილნი არიან სასულიერო პირის ტანსაცმლით, ე.წ. კაბით. როგორ ფიქრობთ, სასულიერო პირები არიან ისინი?

სასულიერო პირად მიიჩნევა ადამიანი, ვისი ხელდასხმა მოხდა ოფიციალურად. ეს ადამიანები კი, არც ერთი და არც მეორე ხელდასხმული დასის წევრები არ არიან. ესენი არიან ე.წ. მორჩილები – ვინც ემზადება სასულიერო პირობისთვის.

  • თუ პირი თვითნებურად იცვამს კაბას, ასეთ შემთხვევაში რა ხდება?

როგორც ვიდეოდან ჩანს, მოძალადე პირს, როგორც ჩანს, კაბა ლეგალურად ეცვა იმ მომენტისთვის. მას მიმართავენ „მამაოთი“ – შესაძლოა უნებურად, მაგრამ მსხვერპლის რეაქცია აჩვენებს, რომ მას არ აქვს კითხვები მოძალადის სტატუსზე.

  • დეკანოზმა შალვა კეკელიამ თქვა, რომ ეს ადამიანები არ არიან ბერები, რომ ერთ-ერთს აკრძალული აქვს ბერობა. 

ამ ფორმულირებით ისინი საზოგადოებას აბნევენ, რადგან სასულიერო პირები არიან თუ არა, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ისინი ეკლესიის წევრები არიან.

თუ სასულიერო პირები არ არიან, მრევლმა შეიძლება ერთმანეთს დასცხოს და თავ-პირი ამტვრიოს?! საპატრიარქოს განცხადებაში ერთადერთი ის მენიშნა, რომ მგონი პირველად დაგმო საპატრიარქომ ძალადობა უპირობოდ. მაგრამ აქაც ვფიქრობ, რომ ეს უფრო პატრიარქის წინააღმდეგ არსებული ჰომოფობიური კამპანიის გამოძახილია, რადგან მათ აღარ უნდათ ეს ორი რამ – ძალადობა და ჰომოფობია ერთ კონტექსტში რამენაირად დააკავშირონ.

ეს რომ მომხდარიყო საერო სივრცეში, ერთ „მაგრამს“ მაინც ჩასვამდნენ, ამ განცხადებაში კი შავით თეთრზე წერია, რომ გმობენ ძალადობას.

  • როცა სასულიერო პირი ძალადობს, დასჯის რა ფორმა არსებობს ეკლესიაში?

დროებით გადაყენებას ითვალისწინებს რეგლამენტი საქმის გამორკვევამდე. თუ ცხადია, რომ სასულიერო პირი ძალადობს, მაშინ მისი განკვეთა უნდა მოხდეს. უბრალოდ, საქართველოს ეკლესიაში იმდენად გახშირდა სასულიერო პირების მხრიდან ძალადობის შემთხვევები, რომ განკვეთას აღარც მიმართავენ. დროებით გადააყენებენ ხოლმე და საქმის მივიწყების შემდეგ, ჩუმად, ისევ აღუდგენენ  წოდებას.

  • მონანიების შემთხვევაში?

ამ ვიდეოს ვინც შეხედავს, ყველა მიხვდება, რომ ეს მოძალადე კაცი საერთოდ არ არის ქრისტიანობასთან შეხებაში. მონანიებას რაც შეეხება, მას გააჩნია საფეხურები. საქართველოში „მონანიება“ დღეს ძალიან მექანიზებულია. სინამდვილეში, ქრისტიანული სწავლება ამასთან დაკავშირებით ძალიან ღრმაა და ეს მოიცავს 5 საფეხურს.

პირველი, ეს არის ცოდვის გააზრება, როცა სინანული არ უნდა იყოს ნასაზრდოები მხოლოდ ჯოჯოხეთის შიშით.

ისიც საყურადღებოა, რომ მოძალადე პირი რუის-ურბნისის ეპარქიას ეკუთვნის. ეს ეპარქია ამ კრიმინალურ სამყაროში ბრენდივითაა, სადაც ძებნილი ადამიანებიც კი აფარებენ თავს. დამალვის ალტერნატიული ფორმაა, ტექნიკურად მართლა მოუხელთებელი ხეობაა (ძამას ხეობა) და აქ გარბიან ხოლმე. თვითონ ეპარქიაც მუშაობს ყოფილი კრიმინალების რეკრუტიზაციაზე, ოღონდ არა ადამიანის შეცვლის მიზნით, არამედ ბევრ მებრძოლს რომ მოუყაროს ერთად თავი.

  • რისთვის?

ალბათ ეპარქიის ლიდერი მიიჩნევს, რომ როცა ახალი პატრიარქის საკითხის გარკვევა დადგება დღის წესრიგში, რაღაც ტიპის ძალას შეუძლია დაეყრდნოს. ერთ-ერთი ვერსია სამხედრო მილიტარისტული ქრისტიანობის მითოლოგიიდანაა ნასაზრდოები.

  • თუკი მოძალადე და მსხვერპლიც მორჩილები არიან და არა ხელდასხმული სასულიერო პირები, საპატრიარქოს პასუხისმგებლობა მცირდება?

თუ ძალადობის მსხვერპლი თვითმარქვია ბერია, იმ პირს, ვინც მასზე ძალადობს, აშკარად აცვია ანაფორა. იმ მოცემული მომენტისთვის მოძალადეს კაბა ეცვა, იყო მორჩილი და ის, ასე ვთქვათ, არის ეკლესიის ბორდის თანამშრომელი. სტაჟიორის პოზიციაზე, მარტივად რომ ავხსნათ.

შესაბამისად, საპატრიარქოს მოეთხოვება სასწრაფო რეაქცია და გარკვევა ამ საკითხის. თუ მოძალადე პირი არ არის ბერი, მაშინ რატომ ატარებს ანაფორას და ასეც რომ არ იყოს, საპატრიარქოს მაინც მოუწევს გარკვეული პოზიციების შერჩევა, რადგან ორივე ადამიანი თავს აცხადებს ეკლესიის წევრად.

მორჩილი ნიშნავს, რომ პირი ემზადება სასულიერო პირობისთვის. მორჩილი ყველა ვერ გახდება. მორჩილობა არის პირველი ნაბიჯი. მორჩილს რაღაც წესდებები აქვს მიცემული, რომელიც უნდა შეასრულოს. მან უნდა აჩვენოს და დაამტკიცოს, რომ ეკლესიის შინაგანაწესი, დისციპლინა მისთვის მისაღებია და მას შეუძლია ამ დისციპლინის ქვეშ იცხოვროს. ეს არის მორჩილების არსი.

მორჩილის განკვეთა, განმოსვა შეიძლება მოხდეს, თუ ის არის მოძალადე და ამით დასრულდეს მისი სასულიერო კარიერა.

  • ამ ვიდეოში ერთი პირი მეორეს ფიზიკურად უსწორდება. მოძალადე აიძულებს, რომ მსხვერპლმა გაიხადოს კაბა, რადგან, როგორც ამბობს, ის ამით ეკლესიას სახელს უტეხს. რაზე მიანიშნებს ეს?

ეს არის მთავარი საკითხი, რომელიც ამ შემთხვევაში არ ჩანს, მაგრამ ფაქტია, რომ ვიდეოს იმიტომ იღებს, რომ სადღაც უნდა აჩვენოს, როგორც ნივთმტკიცება.

შეიძლება ეს იყოს მისივე ეპარქიის ლიდერი, მეუფე იობი, რომელიც ამ „განწმენდას“ ემხრობა ეკლესიაში. ფაქტია, რომ გადაღება ხდება მოძალადე პირის თხოვნით და ის ამისთვის ემზადება კიდეც.

ვფიქრობ, რომ ეს სცენა დადგმულიც შეიძლება იყოს. ამ საკითხში დანაშაული ნაწილდება იმ თეოლოგებზეც, რომლებიც მუდმივად ჰომოფობიურ დისკურსს ავითარებენ, განსაკუთრებით პატრიარქთან მიმართებაში. მათ სურთ, რომ რაღაცნაირად პატრიარქის იმიჯს მიაბან ეს მომენტი, მაგრამ ძალაუნებურად ისინი ხელს უწყობენ ეკლესიის შიგნით ჰომოფობიის წახალისებას.

  • რას ასწავლის სახარება ამაზე?

ამ მხრივ სახარება უნიკალური ტექსტია, რადგან ის აიძულებს საკუთარ მიმდევრებს შეეგუონ ცოდვილებთან თანაცხოვრებას. სახარებაში თქვენ ვერ ნახავთ ტექსტს, სადაც საუბარია, რომ განსხვავებულები უნდა განდევნონ, მოკლან და ასე შემდეგ.

ეკლესიამ, როგორც კრებულმა, უნდა მოიკვეთოს ის, ვისაც მიიჩნევს სოციალურ საფრთხედ. ჰომოსექსუალიზმი ამ სქემაში ჯდება თუ არა, ეს ცალკე საკითხია და პირველი ეკლესიის ტრადიციაში ამას არ ვხვდებით.

ის კაცი, ვისზეც ვიდეოში ძალადობენ, მოძრაობს როგორც სასულიერო პირი. მეორე კი ეუბნება, რომ მას ამის უფლება არ აქვს.

ამ სიტუაციაზე რომ გადმოვიტანოთ, სახარების ტექსტი ამბობს, თუ მიიჩნევ, რომ შენი ძმა რაღაცას სჩადის, მოგეთხოვება, რომ მიხვიდე და შეაგონო. შემდეგ მოგეთხოვება, რომ მიხვიდე და მოწმის თანდასწრებით კიდევ ერთხელ შეაგონო და თუ საბოლოოდ ეს საკითხი არ მოგვარდება, მაშინ მოვალე ხარ მთლიანი კრებულის წინაშე გაარკვიო ეს საკითხი. ამ ადამიანს კი პერსონალურად ამის გარკვევის და ძალადობის უფლება არ აქვს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: