მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

ომიკრონის ვარიანტი BA.2 უფრო გადამდებია ვიდრე „ორიგინალი“ – დანიური კვლევა

01.02.2022
ომიკრონის ვარიანტი BA.2 უფრო გადამდებია ვიდრე „ორიგინალი“ – დანიური კვლევა

დანიურმა კვლევამ აჩვენა, რომ ომიკრონის BA.2 ვარიანტი, რომელიც სწრაფად გავრცელდა დანიაში, უფრო გადამდებია, ვიდრე ომიკრონის უფრო გავრცელებული BA.1 ვარიანტი და უფრო ადვილად შეუძლია აცრილი ადამიანების ინფიცირება. კვლევის შესახებ როიტერსი წერს.

კვლევამ, რომელმაც გააანალიზა კორონავირუსული ინფექციები 8500-ზე მეტ დანიურ ოჯახში დეკემბრიდან იანვრამდე პერიოდში, აჩვენა, რომ ომიკრონის BA.2 ვარიანტით ინფიცირებული ადამიანები დაახლოებით 33 პროცენტით უფრო მეტად აინფიცირებდნენ სხვებს, ვიდრე BA.1-ით ინფიცირებულები.

მსოფლიოში ომიკრონის „ორიგინალ“ ვარიანტ BA.1-ზე  ომიკრონის შემთხვევების 98%-ზე მეტი მოდის, მაგრამ მისი მონათესავე ვარიანტი BA.2 მალევე გახდა დომინანტური შტამი დანიაში.

„თუ კონტაქტი გქონდათ ომიკრონ BA.2-თან, 39 პროცენტია ალბათობა იმისა, რომ დაინფიცირდეთ შვიდი დღის განმავლობაში. თუ მის ნაცვლად დაგემართათ BA.1, ალბათობა არის 29 პროცენტი”, – ამბობს „როიტერსთან“ საუბრისას კვლევის წამყვანი ავტორი, ფრედერიკ პლესნერი.

BA.2-ით ინფიცირების შემთხვევები ასევე რეგისტრირებულია აშშ-ში, ბრიტანეთში, შვედეთსა და ნორვეგიაში, მაგრამ გაცილებით ნაკლები რაოდენობით, ვიდრე დანიაში, სადაც BA.2 შეადგენს შემთხვევების დაახლოებით 82%-ს.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ BA.2 BA.1 -ზე უფრო ძლიერი იყო ვაქცინირებული და დაბუსტული ადამიანების ინფიცირებაში, რაც მიუთითებს მის უფრო ძლიერ „იმუნური აცილების თვისებებზე“.

კვლევაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ვაქცინები კვლავ მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ, რადგან როგორც ბუსტერით ვაქცინირებული, ასევე სრულად ვაქცინირებული პირები ნაკლებად ინფიცირდებოდნენ და ასევე ნაკლებად აინფიცირებდნენ სხვებს, არავაქცინირებულ პირებთან შედარებით.

დანიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, წინასწარმა ანალიზმა აჩვენა, რომ ომიკრონის ამ ვარიანტებს შორის ჰოსპიტალიზაციის რისკი ერთნაირია.

________________________________________________

მთავარ ფოტოზე: კორონავირუსის ომიკრონის ვარიანტის კომპიუტერული გენერირებული სურათი. წყარო: Uma Shankar Sharma/Getty Images

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: