მთავარი,სიახლეები

160 კაცი მყავდა დასაქმებული, ჩივილს ვაპირებ – ბულვარში დანგრეული შენობების მოიჯარე

18.02.2022 • 24824
160 კაცი მყავდა დასაქმებული, ჩივილს ვაპირებ – ბულვარში დანგრეული შენობების მოიჯარე

მოიჯარე, რომელსაც ბათუმის ბულვარში, პლაჟის მიმდებარედ „პიერ ბათუმის“ შენობები ჰქონდა დაქირავებული, ამბობს, რომ აპირებს უჩივლოს მუნიციპალურ ინსპექციას იმ ზარალისთვის, რაც მას დღეს, 18 თებერვალს, „პიერ ბათუმის“ შენობების დემონტაჟისას მიადგა.

შენობებიდან არ იყო გატანილი ინვენტარი. მოიჯარე ამბობს, რომ პირადად არ იყო გაფრთხილებული, თუმცა მუნიციპალური ინსპექცია აცხადებს, რომ მოიჯარე არაერთხელ გააფრთხილეს მანამდე და უშუალოდ დემონტაჟის წინაც.

მოიჯარე

„წარღვნა მომიწყვეს ამ დილიდან, რა პოზიციაზე გელაპარაკოთ. მოიჯარე ვარ და იჯარით მქონდა ეს ადგილი აღებული, 6 წელია 160 კაცი მუშაობს ჩემთან და 6 წელია 160 ოჯახია დაკმაყოფილებული.

მე პირადად არ ვიყავი გაფრთხილებული“ – უთხრა დღეს „ბათუმელებს“ მოიჯარემ, რომელიც დემონტაჟის პროცესში გამოჩნდა ბათუმის ბულვარში.

შენობების დემონტაჟი ბათუმის ბულვარში. ფოტო: „ბათუმელები“/ცაგო კახაბერიძე

„პიერ ბათუმი“ წარმოადგენდა ბათუმის ცენტრალურ შესასვლელში აგებულ ერთსართულიან ნაგებობებს, სადაც მაღაზიები იყო განთავსებული.

„პიერ ბათუმი“ კომპანია შპს BATTUN-ის საკუთრებაშია. ამ კომპანიის მეწილეები თურქეთის მოქალაქეები, ოზჯან სუმერი და აჰმეთ დონგელი არიან, თუმცა შენობა 2016 წლიდან იჯარითაა გაცემული.

კომპანიამ 2010 წელს ბათუმის მერიისგან პლაჟზე, ბულვარის მთავარ შესასვლელთან ახლოს, 7 392 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთი 29-წლიანი სარგებლობის უფლებით მიიღო. ამ ადგილზე კომპანიამ სპორტულ-გასართობი კომპლექსი „პიერ ბათუმი“ გახსნა. ხელშეკრულება კომპანიის მხრიდან ბათუმის ბიუჯეტში ყოველწლიურად 15 000 ლარის ოდენობით საიჯარო გადასახადსაც ითვალისწინებდა.

ბათუმის მერიის განცხადებით, „კომპანიის მიერ უკანონოდ განხორციელდა შენობა-ნაგებობის განთავსება ბულვარის ტერიტორიაზე. შესაბამისი სამსახურების მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად კომპანიამ უარი განაცხადა განეხორციელებინა უკანონო შენობის დემონტაჟი.

სამართლებრივი დავა დემონტაჟთან დაკავშირებით წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. ბათუმის მერიის მიერ გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება და დაიწყო უკანონოდ განთავსებული ნაგებობების დემონტაჟი“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: