მთავარი,სიახლეები

სად დაასაქმებენ სოციალურად დაუცველებს – რას ამბობენ აჭარის სააგენტოებში

17.02.2022 • 3122
სად დაასაქმებენ სოციალურად დაუცველებს – რას ამბობენ აჭარის სააგენტოებში

როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მთავრობა პირველი მარტიდან სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის დასაქმების პროგრამას იწყებს.

„ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, რა პროცესები მიმდინარეობს აჭარაში აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით და სად უპირებენ სოციალურად დაუცველებს დასაქმებას.

ასევე, რამდენად არის პროექტის განხორციელებაში აჭარის სოციალური მომსახურების სააგენტო ჩართული და რა ინფორმაცია აქვთ ამ დროისთვის შეგროვებული.

სააგენტოს ხელმძღვანელს, ვაჟა ფუტკარაძეს ვკითხეთ, თუ აქვს სააგენტოს ინფორმაცია რამდენი შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი ცხოვრობს აჭარაში, დაახლოებით რა კვალიფიკაციის არიან ისინი და როგორ აპირებენ მათთან კომუნიკაციას დასაქმების თემაზე.

ვაჟა ფუტკარაძე ამბობს, რომ რეგიონის დონეზე ასეთ ინფორმაციას არ ფლობს.

„ასე ჩაშლილად არ გვაქვს ინფორმაცია შრომისუნარიან ადამიანებზე, ქვეყნის მასშტაბით კი ვიცით, რომ 200 ათასზე მეტია ასეთი ადამიანი.

რაც შეეხება კომუნიკაციას, ჩვენ გვაქვს ყველა სოციალურად დაუცველი პირის მისამართი, საკონტაქტოები და დაეგზავნებათ შეტყობინებები. მოვლენ ადგილზე, კონსულტაციას გავუწევთ და ჩავრთავთ პროგრამაში“, – გვითხრა ვაჟა ფუტკარაძემ.

მისი თქმით, სოციალურად დაუცველების დასაქმებისთვის განსაკუთრებული უნარები და კომპეტენცია საჭირო არ არის. „რადგან ისინი საზოგადოებრივ სამუშაოებში დასაქმდებიან“.

ვაჟა ფუტკარაძეს ვთხოვეთ ჩამოეთვალა ის საზოგადოებრივი სამუშაოები, სადაც სოცდაუცველების დასაქმებას მოიაზრებს სახელმწიფო.

„ასე კონკრეტულად ვერ გეტყვით, მაგრამ ეს შეიძლება იყოს გამწვანების სამუშაოები, სოფლის მეურნეობის სამუშაოები იქნება და ასე შემდეგ. ნებისმიერი სახელმწიფო უწყებები, სადაც საჭიროება გამოჩნდება“, – გვითხრა ვაჟა ფუტკარაძემ.

რამდენად შესაძლებელია სახელმწიფო შპს-ებში დასაქმდნენ ეს პირები? – ვაჟა ფუტკარაძის თქმით, მათ შორის ამ უწყებებშიც შესაძლოა გაჩნდეს ვაკანსიები.

„პროგრამა იწყება პირველი მარტიდან, პირველ ეტაპზე საბიუჯეტო უწყებებში დასაქმებაზეა საუბარი, შემდეგ კი კერძო სტრუქტურებიც ჩაერთვებიან. მუშა პროცესში გამოჩნდება ყველაფერი“, – ამბობს ვაჟა ფუტკარაძე.

სოციალურად დაუცველებს მაქსიმალურ ხელფასს 300 ლარს სთავაზობენ. „კვირაში ხუთი, რვასაათიანი სამუშაო გრაფიკის შემთხვევაში. გარდა ამისა, საათობრივი სამუშაოებიც იქნება და ამის მიხედვითაც გადაანგარიშდება ანაზღაურება. გააჩნია, როგორი სამუშაო პირობები იქნება. სანამ არ დაიწერება პროგრამა, წინასწარ კონკრეტიკა მაინც რთულია“, – ამბობს ვაჟა ფუტკარაძე.

რა იქნება იმ შემთხვევაში, თუკი სოციალურად დაუცველები დასაქმების პროგრამით არ დაინტერესდებიან? ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ასეთი ოჯახები ერთი წლის შემდეგ გადამოწმდებიან, „რადგან ეს სამართლიანია“.

ხომ არ იქნება ერთგვარი ზეწოლა სოციალურად დაუცველ ოჯახებზე, რომ ნებისმიერ შემთხვევაში დათანხმდნენ ისინი სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ სამუშაოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ სტატუსი შეუჩერდებათ?

რამდენად მოსალოდნელია, რომ ამ პროგრამით მთავრობამ ქვეყანაში არსებული უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი შეამციროს, იმის მიუხედავად, რეალურად შეძლებენ თუ არა ოჯახები გაძლიერებას?

ვაჟა ფუტკარაძე ამბობს, რომ პროგრამა ნებაყოფლობითია. „მიდგომა ძალიან ლიბერალურია და მოქალაქე ამ პროგრამით ნამდვილად არ დაზარალდება“, – ამბობს ის.

რაც შეეხება აჭარის დასაქმების სააგენტოს, აქ გვითხრეს, რომ პროცესებში არ არიან ჩართული და ინფორმაციას ვერ მოგვაწვდიან.

დასაქმების სააგენტოს ვკითხეთ, რა სამუშაოებზეა ამ დროისთვის ყველაზე მეტი მოთხოვნა და სად შეიძლება სოციალურად დაუცველები დასაქმდნენ.

„ძირითადად, სამუშაო ადგილები არის სტუმარმასპინძლობის სფეროში, მშენებლობა და ასე შემდეგ. მომსახურების სექტორში ყველაზე დაბალი 350 ლარია ანაზღაურება და 800 ლარამდე მერყეობს. სტუმარმასპინძლობის სფეროში უფრო მაღალია ანაზღაურება და ეს დამოკიდებულია სამუშაოს ტიპზე. ეს დამოკიდებულია დასასაქმებელი პირის უნარ-ჩვევებზე და კომპეტენციაზე“, – ამბობს სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ კახიძე.

მისი თქმით, იყო შემთხვევები, როცა ერთ-ერთ სასტუმროში 800-ლარიან ვაკანსიაზე, რომელიც მოიცავდა დაზღვევას და კვებას, 8-საათიანი სამუშაოთი, „რვა ვაკანსიაზე 12 ადამიანიდან მხოლოდ ერთი დასაქმდა. სხვებმა უარი თქვეს“.

კახიძის აზრით, შესაძლოა ასეთ ვაკანსიებზე დასაქმდნენ სოციალურად დაუცველები, რადგან მათი მოტივაცია იქნება უფრო მაღალი, პარალელურად მათ არ შეუწყდებათ საარსებო შემწეობა.

თემურ კახიძის თქმით, ამ ეტაპზე დასაქმების სააგენტოში 70-ზე მეტი ვაკანსიაა შესული, რომელიც მოიცავს როგორც გრძელვადიან, ასევე დროებით (ერთჯერადი) დასაქმებას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: