მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

BA.2 უნდა იყოს აღიარებული, როგორც ცალკე შემაშფოთებელი ვარიანტი – იაპონელი მეცნიერები

21.02.2022 • 9237
BA.2 უნდა იყოს აღიარებული, როგორც ცალკე შემაშფოთებელი ვარიანტი – იაპონელი მეცნიერები

ომიკრონის ვარიანტი BA.2 არა მხოლოდ უფრო გადამდები ვარიანტია, არამედ მას ასევე შეუძლია გამოიწვიოს უფრო მძიმე ავადობა და, როგორც ჩანს, შეუძლია თავი აარიდოს იმ ძირითად იარაღს, რომელიც ამ დროისთვის მედიცინას Covid19-ის წინააღმდეგ აქვს – წერს ახალი კვლევის შესახებ CNN-ი.

წინასწარი მონაცემებით აქამდე მიიჩნეოდა, რომ ომიკრონის BA.2 ვარიანტის მიმდინარეობა ნაკლებად მძიმეა. თუმცა ახალი ლაბორატორიული ექსპერიმენტები იაპონიიდან აჩვენებს, რომ ომიკრონის ვარიანტს – BA.2-ს შეუძლია გამოიწვიოს ისეთივე სერიოზული დაავადება, როგორც Covid19-ის ძველ (მათ შორის, დელტა) ვარიანტებს.

როგორც ჩანს, ომიკრონის მსგავსად, BA.2-ს აქვს უნარი, დიდწილად აირიდოს ვაქცინების მიერ შექმნილი იმუნიტეტი. თუმცა ასევე აღმოჩნდა, რომ ანტისხეულებს იმ ადამიანების სისხლში, რომლებმაც ახლახან გადაიტანეს ომიკრონი, ასევე გააჩნდათ გარკვეული დაცვა BA.2-ის წინააღმდეგ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ვაქცინირებული იყო.

კვლევის ავტორების ცნობით, BA.2 ასევე რეზისტენტულია ზოგიერთი სამკურნალო მედიკამენტის, მათ შორის, „სოტროვიმაბისა“ და მონოკლონური ანტისხეულის მიმართ, რომელიც ამჟამად გამოიყენება ომიკრონის წინააღმდეგ.

„ასევე, BA.2 თითქმის მთლიანად რეზისტენტული იყო ორი სამკურნალო მონოკლონური ანტისხეულის – Casirivimab-ისა და Imdevimab-ის მიმართ, ხოლო 35-ჯერ უფრო მდგრადი სხვა თერაპიული ანტისხეულის, Sotrovimab-ის მიმართ, B.1.1 ვირუსთან შედარებით,“ – ვკითხულობთ კვლევაში.

„ჩვენი მონაცემებით შესაძლებელია, რომ BA.2 იქნება ყველაზე შემაშფოთებელი ვარიანტი გლობალური ჯანდაცვისთვის. ამჟამად ორივე – BA.2 და BA.1 ერთად აღიარებულია, როგორც Omicron-ი და ისინი თითქმის განურჩეველია. ჩვენი დასკვნებიდან გამომდინარე, ჩვენ მივიჩნევთ, რომ BA.2 უნდა იყოს აღიარებული, როგორც ცალკე შემაშფოთებელი ვარიანტი და SARS-CoV-2-ის ამ ვარიანტზე მოხდეს სიღრმისეული მონიტორინგი“ – წერენ იაპონელი მკვლევრები.

დასკვნები bioRxiv სერვერზე 18 თებერვალს, ე.წ. პრეპრინტის სახით გამოქვეყნდა, რაც ნიშნავს, რომ კვლევას სჭირდება რეცენზირება. როგორც წესი, მანამ, სანამ კვლევა სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნდება, იგი დეტალურად განიხილება და შეისწავლება დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ. პრეპრინტი არის საშუალება, რომ კვლევა უფრო სწრაფად გაზიარდეს სამეცნიერო წრეებში, თუმცა კვლევას    დამატებითი მიმოხილვის შემდეგ აქვეყნებენ.

ამავე თემაზე:

ომიკრონის ვარიანტი BA.2 უფრო გადამდებია ვიდრე „ორიგინალი“ – დანიური კვლევა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: