ნეტგაზეთი • RU

ვინ არის აჭარის პოლიციის ახალი უფროსი გრიგოლ ბესელია

აჭარის პოლიციის ახალი უფრო გრიგოლ ბესელიაა. ის აქამდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს უფროსად მუშაობდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, თანამდებობა, რომელსაც ამ დრომდე გრიგოლ ბესელია იკავებდა, ავთანდილ გალდავამ დაიკავა, რომელიც აჭარის პოლიციის უფროსი იყო. გალდავა ცნობილი გახდა ბადრი ესებუასთან დაკავშირებულ ზუგდიდში ბანკის დაყაჩაღების საქმით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ სახის საკადრო ცვლილებებზე აღარ აწვდის ინფორმაციას საზოგადოებას, როცა პოლიციის ახალი უფროსი ინიშნება რეგიონში. სამინისტროში არ გვიპასუხეს, სად დაინიშნა ავთანდილ გალდავა.

გრიგოლ ბესელია 2005 წლიდან მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროში. ის თავდაპირველად ფოთის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო, 2009 წლიდან კი, თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსია.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2013 წელს, გრიგოლ ბესელია სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნეს, თუმცა ერთ წელიწადში ის ისევ თბილისში დაბრუნდა. 2014 წლიდან გრიგოლ ბესელია თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეა.

ბოლო ქონებრივი დეკლარაცია გრიგოლ ბესელიას 2021 წლის 24 აპრილს აქვს შევსებული. დეკლარაციის მიხედვით, გრიგოლ ბესელიას მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ბინა აქვს თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, რაც 2016 წელს შეუძენია 70 ათას ამერიკულ დოლარად. გრიგოლ ბესელია ასევე ფლობს მსუბუქ ავტომანქანას KIA OPTIMA-ს, რაშიც 2019 წელს ბესელიას 8400 ამერიკული დოლარი  გადაუხდია.

2021 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, 2020 წელს გრიგოლ ბესელია მარტიდან ივნისის ჩათვლით თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსად მუშაობდა და ამ პერიოდში ხელფასის სახით 13 350 ლარი აუღია [თვეში 3337]. ამავე წლის ივლისიდან წლის ბოლომდე გრიგოლ ბესელია უკვე ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს უფროსი იყო და მისი ხელფასი თვეში 6202 ლარია.

გრიგოლ ბესელიას, მაგალითად, სრულად არ შეუვსია 2020 წლის დეკლარაცია – რა პერიოდში იკავებდა ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსის პოზიციას და რა იყო მისი ჯამაგირი.

გრიგოლ ბესელია 40 წლისაა. ის თბილისშია დაბადებული. ჰყავს ცოლი და ორი შვილი.

საკადრო ცვლილებების შემდეგ ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე გახდა. ის მანამდე ძველი თბილისის მთავარ სამმართველოში, მე-2 სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი