მთავარი,სიახლეები

DRI: მიუღებელია სიძულვილის ენა და ჰომოფობიური კომენტარები – დიზაინერის ცემა

21.02.2022
DRI: მიუღებელია სიძულვილის ენა და ჰომოფობიური კომენტარები – დიზაინერის ცემა

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ დიზაინერ გიორგი მასხულიას ცემის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ კატეგორიულად მიუღებელია სოციალურ ქსელში სიძულვილის ენა და ჰომოფობიური შინაარსის კომენტარები.

„მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ დრომდე არც ერთი თავდამსხმელი არ არის დაკავებული. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობის) მუხლის საფუძველზე მიმდინარეობს.

დანაშაულის მოტივის შესაფასებლად, დეტალურად უნდა გაანალიზდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა შესაბამისად განისაზღვროს. აღსანიშნავია, რომ საქმეში შერეული მოტივების (ორი ან ორზე მეტი) არსებობა, არ გამორიცხავს სიძულვილის  მოტივის არსებობასაც.

გასათვალისწინებელია, რომ დანაშაული სიძულვილით მოტივირებულად მიიჩნევა მაშინაც, როდესაც დამნაშავის მიერ დაზარალებულის შერჩევა წინასწარგანწყობისა და შეუწყნარებლობის გამო ხდება.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი გმობს დიზაინერ გიორგი მასხულიას მიმართ ჩადენილ სასტიკ ძალადობას და კატეგორიულად მიუღებლად მიაჩნია სოციალურ ქსელებში დაზარალებულის ბულინგი, სიძულვილის ენა და ჰომოფობიური/ტრანსფობიური შინაარსის  კომენტარები“, – აცხადებს ორგანიზაცია.

გიორგი მასხულიას განცხადებით, მას 21 თებერვალს, გვიან ღამით, თბილისში, კლუბ „ოთახში“ 3 პირი თავს დაესხა. გიორგი მასხულია მისივე გავრცელებულ ვიდეოკადრში აცხადებს, რომ მოძალადეები „მავანისგან“ იყვნენ. დაზარალებულის მეგობრის გიორგი არუთინაშვილის თქმით კი, ძალადობის მოტივი შესაძლოა მისი „ეპატაჟურობა“ ყოფილიყო.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მოუწოდებს საქართველოს პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ  გიორგი მასხულიას მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი, ბრალის წარდგენისას გაითვალისწინონ შესაძლო სიძულვილის მოტივი, გამოძიება წარმართონ ეფექტიანად და მიუკერძოებლად.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: