მთავარი,სიახლეები

„ცხოვრება აღარ შემიძლია“ – 13 წლის ნინიზე მოძალადეს 7.6 წელი მიუსაჯეს I საქმის მასალები

19.02.2022 • 25339
„ცხოვრება აღარ შემიძლია“ – 13 წლის ნინიზე მოძალადეს 7.6 წელი მიუსაჯეს I საქმის მასალები

„ყველას გიხდით ბოდიშს, ვიცი დავაშავე, მაგრამ უკვე გვიანია. ცხოვრება აღარ შემიძლია, მთელი ღამე ვერ ვიძინებ და მირჩევნია სამუდამოდ დავიძინო. მე ბებიასთან მივდივარ,” – ეს 13 წლის ნინის უკანასკნელი წერილია. ნინი გასული წლის 10 თებერვალს საკუთარი სახლის ეზოში გარდაცვლილი იპოვეს. ეს წერილი კი, მათემატიკის რვეულიდან ამოხეულ ფურცელზე მინაწერი ნინის ჯიბეში იპოვეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ამ საქმეზე 7.6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ნიკა ტაკიძეს სექსუალური ძალადობისთვის. მას არ დაუდასტურდა თვითმკვლელობამდე მიყვანა. „ნინის საქმეზე“ ერთი წლით ჩასვეს ციხეში ნინის ბაბუაც – ოჯახში ძალადობისთვის.

„ბათუმელები“ განაჩენს გაეცნო, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა „13 წლის ნინის საქმეზე“. აქ ჩანს, რა თქვეს დეტალურად მოწმეებმა, რა უთხრა მოსამართლეს თავად ბრალდებულმა და რა აღმოჩნდა საეჭვო მოსამართლისთვის ამ საქმეში.

„სტერეოტიპული მიდგომებით, ძველმოდური შეხედულებებით და დრომოჭმული ტრადიციებით აღსავსე სოციუმის პირობებში, როგორი აღქმა მოჰყვებოდა ასეთ ამბავს და როგორ გაილაშქრებდნენ პატარა გოგონაზე ამ სოციუმის წევრები, ადვილი წარმოსადგენია,“ – წერს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი. მას ნათქვამის საილუსტრაციოდ მოჰყავს ნინის სკოლის მასწავლებლების ჩვენებები, რომელთა მიხედვითაც ნინი არათუ სკოლაში აღარ დადიოდა, დისტანციურ მეცადინეობაზეც უარს ამბობდა.

„…ის ელოდებოდა, როდის გახდებოდა შესაძლებელი დედასთან, სხვა ქვეყანაში გამგზავრება. ამ ყველაფრის პარალელურად დადიოდა პოლიციის განყოფილებაში, იძლეოდა ჩვენებებს, მონაწილეობდა საგამოძიებო მოქმედებებში, იტარებდა ექსპერტიზებს. ბევრად უფრო ასაკიანი, ჩამოყალიბებული, მყარი ფსიქიკის ადამიანისთვის ძნელად აღსაქმელი და შესასრულებელი ეს ქმედებები როგორ გავლენას მოახდენდა 14 წლის, მცირე ცხოვრებისეული გამოცდილების, უდედოდ გაზრდილი, ბავშვობიდანვე მშობლების მზრუნველობას, სრულფასოვან ოჯახურ კერას და ურთიერთობებს მოკლებული ბავშვის ფსიქიკაზე, ადვილი წარმოსადგენია,“ – წერს განაჩენში მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი.

ამ განაჩენში მოსამართლე ხაზს უსვამს იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი არ შეიძლება დაეყრდნოს გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებას, მაგრამ მოსამართლე არაერთგზის ხაზს უსვამს, როგორ სჯერა იმის, რასაც 13 წლის ნინი პოლიციელებს მოუყვა გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე. მოსამართლე ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში, სადაც ნინი ჯერ კიდევ დეკემბერში გამოჰკითხეს, დაარღვიეს „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ მოთხოვნები და მისი ხელახალი ვიქტიმიზაციაც მოხდა.

პირდაპირ არა, მაგრამ მოსამართლე განაჩენში აქცენტს აკეთებს იმაზეც, რომ გამომძიებლებს დრო ჰქონდათ რეაგირებისთვის.

ამ დრომდე „13 წლის ნინის საქმეზე“ სამართალდამცველთაგან არავინ დაუსჯიათ.

  • ვინ გაიგო პირველად ნინიზე სექსუალური ძალადობის შესახებ და საიდან? 

განაჩენის მიხედვით ნათელი ხდება, რომ ამ საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმე ნინის მეგობარია, რომელმაც დაინახა, როგორ ჩაჯდა ნინი ბრალდებულ ნიკა ტაკიძის თეთრ მიკროავტობუსში ძალადობის დღეს.

„საღამოს 7 საათი იქნებოდა, სახლში მივდიოდი, როცა გზაზე ძალიან სწრაფად მოძრავი თეთრი მიკროავტობუსი დავინახე. ავტომანქანამ წრე დაარტყა, მძღოლი საჭეს ძალიან სწრაფად ატრიალებდა და შემეშინდა, არ დამჯახებოდა. მიკროავტობუსი სოფლის სასაფლაოსთან ახლოს გაჩერდა. როდესაც გვერდით ჩავუარე, საჭესთან მჯდომი მამაკაცი ჩემს დანახვაზე ჩაიმალა. მანქანისკენ მიმავალი ქუდიანი გოგო დავინახე. ნინი ვიცანი და დავუძახე კიდეც, მაგრამ მან ყურადღება საერთოდ არ მომაქცია, გაიქცა და მიკროავტობუსის წინა სავარძელზე დაჯდა. მიკროავტობუსი დაიძრა და წავიდა,“ – უთხრა მოსამართლეს მოწმის სახით დაბარებულმა გოგომ.

მოწმის თქმით, მან იმავე საღამოს ნინის დას მესინჯერში მისწერა. მას კი, ნინის მეგობრისთვის ახლა უკვე მსჯავრდებული ნიკა ტაკიძის ფოტოები გამოუგზავნია.

„ამოცნობა გამიჭირდა… ამის შემდეგ მივიღე ნინისგან ხმოვანი შეტყობინება, რატომ უთხარი ჩემს დასო, მიყვიროდა, პრობლემები შემიქმენი და შარში გამაყოფიე თავიო.

მერე რამდენჯერმე შევხდი ნინის, მაგრამ ის ხმას არ მცემდა. განაწყენებული იყო ჩემზე და ჩემთვის აღარაფერი უთქვამს,“ – დაასრულა მოწმემ.

„მე ცალკე ვცხოვრობ, სხვა სოფელში, ჩემს ქმარ-შვილთან,“ – მიმართა მოსამართლეს ნინის დამ. მან დაადასტურა, ნაცნობმა გოგომ რომ შეატყობინა ნიკას მანქანაში ნინის ჩაჯდომის ამბავი.

„მოვიკითხე ახლობლებთან და აღმოჩნდა, რომ ნინი სახლში არ იყო. მე უკვე ვიცოდი ნინის და ნიკას ურთიერთობის შესახებ, ნიკა ჩემი ქმრის შორეული ნათესავია. ვიცოდი, რომ თეთრი მიკროავტობუსი მას ჰყავდა და ამიტომ ჩავუგდე ნაცნობს ნიკას ფოტოები. ნინის ყველგან დაუწყეს ძებნა, მას კი დედისთვის მიუწერია თურქეთში, დაქალთან ვარო,“ – აღნიშნა ნინის დამ ჩვენების მიცემის დროს.

„საღამოს 9 საათი იქნებოდა, როცა მამამთილის ძმისშვილმა დამირეკა, მან მითხრა ნინის გაუჩინარების შესახებ,“ – უთხრა მოსამართლეს ნინის დედამ. ნინი 3 წლის იყო, როცა დედა საცხოვრებლად თურქეთში წავიდა და მეორე ოჯახი შექმნა. ნინის მამა კი მანამდე გარდაიცვალა.

„შევედი მაშინვე ფეისბუქში და ვიდეოზარით დავურეკე ნინის, მიპასუხა მაშინვე, მეგობართან ვარო. გამიკვირდა ის, რომ ნინის საუბრის პარალელურად ისმოდა ბიჭის ხმაც. ის ჩურჩულით კარნახობდა ნინის: სახლში რომ მიგიყვანო, რამე პრობლემა ხომ არ იქნებაო. ნინის ვუთხარი, კამერა ჩართე და დამენახე-მეთქი, მაგრამ ამაზე უარი მითხრა, გზისპირას ვარ და მანქანების ხმა შემოდისო. ვთხოვე, მალე მიდი სახლში-მეთქი…“ – თქვა ნინის დედამ.

„გოგონა სახლში მხოლოდ დილით დაბრუნდა ატირებული, თმაგაჩეჩილი…,“ – აღნიშნა სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში ნინის ბაბუამ, რომელსაც დაუდასტურდა ოჯახში ძალადობა მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა შვილიშვილზე სექსუალური ძალადობის შესახებ. სასამართლომ დაადასტურა, რომ ბაბუა ზრუნვის ნაცვლად მოზარდზე, რომელიც ძალადობის მსხვერპლი გახდა, ფსიქოლოგიურად ძალადობდა და ერთხელ ხელიც გაარტყა სახეში.

„იმ დილით ნინიმ თქვა, რომ მეგობრის დაბადების დღეზე იყო… შემდეგ ნათესავ ქალებს უთხრა, რომ ის ღამე, როდესაც სახლში არ დაბრუნებულა, შეყვარებულთან, ნიკა ტაკიძესთან ერთად იყო, ჰქონდათ სექსუალური ურთიერთობა მანამდეც – ივნისის თვეში,“ – გააგრძელა თხრობა ბაბუამ. – „ნინი განიცდიდა მომხდარს, ამბობდა, ნიკა ცოლობას დამპირდა, მაგრამ მომატყუაო. ამ ნათქვამის მერე მივმართეთ პოლიციას.

მანამდე ერთხელ იყო შემთხვევა, როცა ღამით ჩემს მობილურზე დარეკა ახალგაზრდა ბიჭმა, მითხრა ნიკა ტაკიძე ვარ, ნინისთან ვმეგობრობო და მასთან დალაპარაკება მთხოვა. ვუთხარი, რომ „უწლოვან ბავშვთან“ არაფერი ესაქმებოდა და მეორედ აღარ გაებედა დარეკვა.

პოლიციისთვის მიმართვიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ნიკა ტაკიძის მშობლებმა ხალხი გამოგვიგზავნეს და შემოგვითვალეს, რომ გოგოს ეპატრონებოდნენ და რძლად წაიყვანდნენ, სანაცვლოდ კი, განცხადება უნდა გამოგვეტანა პოლიციიდან. ვუთხარი, რომ უწლოვან ბავშვს რძლად ვერ გავატანდი,“ – თქვა ნინის ბაბუამ.

ბრალდებულის ადვოკატმა იკითხა და ნინის დედამაც დაადასტურა, რომ ნინის გორში მცხოვრები სხვა ბიჭი მოსწონდა, თუმცა საქმის მასალების მიხედვით, ნინი ამ ბიჭს არსად ახსენებს და არ ჩანს, რომ გოგო მას ფიზიკურად შეხვდა.

„2020 წლის ზაფხულში გავიცანი ფეისბუქით,“ – უთხრა მოსამართლეს ნ.ც.-მ, რომელიც ასევე მოწმის სახით გამოჰკითხეს სასამართლო პროცესზე. – „ნინიმ მითხრა, რომ 14 წლისაა, მამა გარდაცვლილი ჰყავს, დედა კი თურქეთშია. ჩვენ შეგვიყვარდა ერთმანეთი, თუმცა ნინი ისე გარდაიცვალა, ერთმანეთს არ შევხვედრივართ, მხოლოდ მიმოწერა გვქონდა, პერიოდულად ვიდეოზარებით ვსაუბრობდით.

ბოლოს, როცა ვესაუბრე, 9 დეკემბერი იყო. მითხრა, რომ პრობლემები ჰქონდა. ავუხსენი, რომ მისი ასაკის გოგონას ცოლად ვერ მოვიყვანდი, პატარა იყო და ასეთი ნაბიჯით პრობლემებს შეუქმნიდა საკუთარ თავს.

შემდეგ ნინის დედა დამიკავშირდა და მითხრა, რომ ნინი შეაცდინეს, ჩემთან ურთიერთობა ვეღარ ექნებოდა. ნინის გარდაცვალების შესახებ ტელევიზიით გავიგე,“ – თქვა მოწმის სახით დაკითხულმა ბიჭმა.

„…როცა ნინის ამბავი გავიგე, გადავწყვიტე ნიკასთვის დამერეკა. სმს გავუგზავნე და ვკითხე, რატომ უნგრევდა ცხოვრებას ჩემს შვილს? პასუხად შეურაცხმყოფელი სიტყვებით სავსე ტექსტი მივიღე,“ – უთხრა მოსამართლეს ნინის დედამ და მოზარდის ბაბუას მსგავსად, მანაც გაიხსენა, რას სთავაზობდნენ მას ბრალდებული და მისი ოჯახის წევრები. – „მითხრა, თუ ციხეში არ გამისტუმრებთ, ნინის ვეპატრონები, ცოლად წავიყვანო, ოღონდ მხოლოდ სახელად ერქმევა ცოლი და ნამდვილი ოჯახი არ იარსებებსო. ნინის ჩემს ოჯახში წამოიყვანებენ და მე საერთოდ წავალ სახლიდანო. ნინი ჩემს მშობლებთან ერთად იცხოვრებსო.

თუ ციხეში გამიშვებთ, იქედან როცა გამოვალ, ცოცხალს არავის დაგტოვებთო.

მე ველაპარაკე ამაზე ნინისაც. ის სასტიკ უარზე იყო, რადგან თვლიდა, რომ ნიკამ მისი ნდობით ისარგებლა, მოატყუა,“ – თქვა დედამ.

სასამართლოს ჩვენება მისცა ოჯახის ახლობელმა ქალმაც, ვისთან ერთადაც ნინის ნიკასთვის ტელეფონზე დაურეკავს. ქალს ნიკას პასუხი ხმამაღალ რეჟიმზე ჩართული ტელეფონიდან მოუსმენია.

„ნინის განმარტება იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ვთხოვე, ჩემი თანდასწრებით დაურეკე ნიკას-მეთქი ისე, რომ საუბარი ჩვენც გავიგონოთ. ნინის უარი არ უთქვამს, დარეკა ნიკასთან და ხმამაღლა რეჟიმზე ჩართო. ნინიმ ნიკას უთხრა ტელეფონზე, რომ მისიანებმა გაიგეს ჩვენი ურთიერთობის ამბავი და ამიტომ დრო იყო პირობა შეესრულებინა, მოეგვარებია ყველაფერი. ბიჭმა უპასუხა, რაც უნდოდა, ის ექნა, სადაც უნდოდა იქ ეჩივლა, არაფერს არ მოაგვარებდა და არ აინტერესებდა მისი პრობლემები. ამის შემდეგ ბიჭმა ტელეფონი გათიშა. დავრწმუნდით, რომ გოგო სიმართლეს ამბობდა,“ – თქვა მოწმემ.

  • რა ვერსია ჰქონდა ბრალდებულს და რატომ არ გაიზიარა მოსამართლემ? 

სასამართლო პროცესზე დაცვის მხარეს ჰქონდა ვერსია, რომ ნიკა და ნინი მხოლოდ მეგობრები იყვნენ და სექსუალური კონტაქტი არ ჰქონიათ. დაცვის მხარის ვერსიით, ნინის გორში მცხოვრები ბიჭი უყვარდა, მაგრამ ამ დროს ნათესავისგან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა და ნიკას მხოლოდ შველას სთხოვდა.

ნიკა ტაკიძეს სასამართლოსთვის ჩვენება არ მიუცია, რასაც მოსამართლემ განაჩენში განსაკუთრებით გაუსვა ხაზი.

„თავად ბრალდებულმა ნ— ტ—-ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და უარი განაცხადა სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე. ამასთან, საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე მას არ გამოუთქვამს ოდნავი სინანულიც კი 14 წლის გოგონას გარდაცვალების გამო, რომელთანაც, დაცვის მხარის მტკიცებით, გულწრფელი მეგობრობა და ახლო ურთიერთობა აკავშირებდა,“ – წერს მოსამართლე.

მოსამართლემ შენიშნა კიდევ ერთი გარემოება – რატომ უნდა მიეცა პოლიციაში ჩვენება ნინის ნიკას წინააღმდეგ, თუკი ის მას მეგობრულად ეხმარებოდა? მოსამართლემ ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ნინის არ უთქვამს, რომ მას სექსი აიძულეს.

„დაცვის მხარის ვერსიის გაზიარების შემთხვევაში ცალსახაა, რომ ბრალდებული ნიკა ნინისთვის ყველაზე ახლობელ ადამიანთა რიცხვში ეწერა, რომელსაც პრობლემების დროს პირველს ეხმიანებოდა და დახმარებას სთხოვდა. ჰქონდა მისი იმედი და არც თუ უსაფუძვლოდ, პირველივე ზარისას ახალგაზრდა მამაკაცი მზად იყო დახმარების ხელი გაეწვდინა და არა მხოლოდ სიტყვით, არამედ ქმედებებშიც აესახა დახმარების მზაობა.

დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებების თანახმად, 2020 წლის 8 დეკემბერს სწორედ ნინიმ დაურეკა პირველმა ნიკას, შეხვედრა სთხოვა და შეხვედრისას საკუთარი პრობლემების გამხელის შემდეგ გორში შეყვარებულთან წაყვანა სთხოვა. ნიკაც მზად იყო დახმარებოდა გოგონას, აპირებდა მისი თხოვნის შესრულებასაც, მაგრამ  მხოლოდ ე.წ. “კომენდანტის საათის” არსებობით გამოწვეულმა შეზღუდვებმა შეუშალა ხელი. ცხადია, ნიკას ამ მონდომებას კარგად ხედავდა და აფასებდა 14 წლის გოგონაც, რომელიც მხოლოდ მადლიერი უნდა ყოფილიყო მეგობრის, თუმცა, რატომღაც, ამის საპირისპიროდ, ნათესავებთან და შემდეგ პოლიციის თანამშრომლებთან საუბრისას ასეთ ახლობელ ადამიანს სრულიად უმიზეზოდ “დააბრალა” დანაშაულის ჩადენა და ამხილა ცოლად წაყვანის დაპირებით მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებაში. ამ მოკლე მიმოხილვითაც კარგად ჩანს დაცვის მხარის ვერსიის არადამაჯერებლობა,“ – აღნიშნულია განაჩენში.

ამ საქმეში პროკურორებმა წარმოადგინეს სატელეფონო ანძის ჩანაწერები, მათ შორის, სუს-ის მიერ მოპოვებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც 8 დეკემბრის ღამით ნიკა ტაკიძე სოფელ ქაქუთში იყო, სოფელში, სადაც ნინი ცხოვრობდა.

დაცვის მხარე აპელირებდა ექსპერტიზის დასკვნაზეც, რომლის მიხედვითაც არ დასტურდებოდა ბრალდებულს და ნინის შორის სქესობრივი კავშირი, მოსამართლემ კი, ყურადღება გაამახვილა დასკვნის ამ ჩანაწერზე: „ხანდაზმულობის დადგენა შეუძლებელია, ვინაიდან გასულია ორ კვირაზე მეტი დრო“.

ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა ასევე ნინის სხეულზე დაზიანებები, თუმცა პოლიციელებისთვის ნინის უთქვამს, რომ მარჯვენა წინა მხარეს დაზიანება სახლში მიიღო კედელთან შემთხვევით შეჯახებისას, მარცხენა ბარძაყზე არსებული მოლურჯო ფერის დაზიანება კი სავარაუდოდ ნიკასთან მიიღო.

„ეს არ იყო ძალადობრივი ქმედება ნიკას მხრიდან. სქესობრივი კავშირი მოხდა ნებაყოფლობით, არანაირ იძულებას და ფიზიკურ ზემოქმედებას არ ჰქონია ადგილი,“ – უთქვამს ნინის გამომძიებლებისთვის.

ბრალდებულის მამის და მოწმეების მტკიცებით, ნინი ნიკას დახმარებას სთხოვდა, რადგან ოჯახის და ნათესავებისგან იყო ძალადობის მსხვერპლი. ამ მოტივით ხსნიდა დაცვის მხარე სატელეფონო კავშირს, რაც ცალსახად დასტურდება.

„ნიკა ჩემი შვილია, ის 8 დეკემბერს მთელი ღამე შინ არ ყოფილა, ვურეკავდი, მაგრამ დაკავებას აჩვენებდა,“ – სასამართლოს ჩვენება მისცა ბრალდებულის მამამაც. – „ნიკა დილით დაბრუნდა და თქვა, რომ მის მეგობარს – ნინი ცეცხლაძეს, ოჯახში გაუსაძლისად ექცეოდნენ, გორში უნდოდა წასვლა შეყვარებულთან, ამიტომ დაურეკა და დახმარება სთხოვა. გოგოს უთქვამს, რომ სექსუალურად ძალადობდა მასზე ნათესავი მამაკაცი, ოჯახის წევრები კი ფიზიკურად ძალადობდნენ, ამიტომ უნდოდა გარიდებოდა მათ და შეყვარებულთან გორში წასულიყო. თურმე კომენდანტის საათის გამო გორში წასვლა ვერ შეძლეს და დილით გოგონა ისევ სახლში მიიყვანა…

ნიკამ გოგოს ტელეფონზე დაურეკა, ხმამაღლა საუბრის რეჟიმზე ჩართო, ის შველას ითხოვდა. ჩვენ დახმარების გეგმა შევადგინეთ, რომ ე.წ. შუამავლებს გავუგზავნიდი მის ბაბუას, რათა შეგვეთავაზებინა, თითქოსდა ნიკასთვის გოგონა სარძლოდ დანიშნა, წამოეყვანათ სახლში, შემდეგ უკვე ადვოკატი ჩაერთვებოდა საქმეში და ნინის დასახმარებლად პოლიციაში შეიტანდა განცხადებას,“ – აღნიშნა მოწმემ.

  • რა უთხრა ნინიმ გამომძიებლებს გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე? 

„ნიკა ფეისბუქში გავიცანი 2020 წლის ივნისში, შემდეგ ყოველდღიური კონტაქტი გვქონდა,“ – უთქვამს ნინის გამომძიებლებისთვის ქობულეთის განყოფილებაში 2020 წლის 10 დეკემბერს. აქედან ზუსტად ორ თვეში იპოვეს 13 წლის ნინი სახლის ეზოში გარდაცვლილი.

„შევხვდი თავის მანქანაში, ჩემს სოფელში მომაკითხა,“ – განაგრძო გოგომ. – „მითხრა, რომ შევუყვარდი და ჩემი ცოლად შერთვა სურდა. ნიკა 23 წლის იყო, მან ხელი მომხვია და ტუჩებში კოცნა დამიწყო, შემდეგ კი უკანა სავარძელზე გადავედით… მეც მიყვარდა ნიკა და დავთანხმდი.

ამ დღის შემდეგ ისევ ხშირად ვწერდით ერთმანეთს სოციალური ქსელით, მობილური ტელეფონითაც, თუმცა შემდეგ დაიკარგა, აღარ მწერდა, აღარც რეკავდა.

2020 წლის 8 დეკემბერს ნიკა ისევ გამოჩნდა. მითხრა, რომ ბევრი სამუშაო ჰქონდა და ამიტომ ვერ ახერხებდა ჩემთან შეხვედრას. ისევ მთხოვა შეხვედრა და ურთიერთობის გაგრძელება. 9 დეკემბერს, დაახლოებით საღამოს შვიდის ნახევარზე, სახლთან ახლოს მომაკითხა თეთრი მიკროავტობუსით ისევ, გზად ტკბილეული იყიდა, ლუდიც დავლიე ერთი ჭიქა… ავტომანქანა გააჩერა ისეთ ადგილას, სადაც არ იყო მოსახლეობა…

სახლში როცა დავბრუნდი, იმ დღეს მოვატყუე ბაბუა, რომ მეგობრის დაბადების დღეზე ვიყავი თითქოს, თუმცა მერე ნიკამ დაპირება ისევ არ შეასრულა, აღარ გამოჩნდა, ვნერვიულობდი და ბიცოლას მოვუყევი ნიკას შესახებ,“ – თქვა 13 წლის ნინიმ.

„დაცვის მხარის ვერსია, რომლის თანახმად, ნ— ტ—-ის მშობლებმა 14 წლის ბავშვის რძლად წაყვანა ბაბუას მხოლოდ იმიტომ შესთავაზეს, რომ არა საკუთარი შვილის, არამედ ამ გოგონას ინტერესები დაეცვათ, მოძალადე ნათესავებისგან ასეთი უცნაური მეთოდით გამოეხსნათ და სხვა საშუალებით ნ—ს უფლებების დაცვის გზები არ არსებობდა – ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. აბსოლუტურად ბუნდოვანი და გაურკვეველია, რატომ გადაწყვიტეს სამართალდამცავების როლის შეთავსება და დანაშაულის გახსნის საკუთარ თავზე აღება რ——–- და ი-–- ტ—-ეებმა, რომლებსაც, მათივე მტკიცებით, არანაირი პირადი მოტივი ამ საქმეში არ ჰქონდათ, გარდა გოგონას უფლებების და ინტერესის დაცვისა. საგულისხმოა, რომ მათთვის უკვე იყო ცნობილი საქმეზე  გამოძიების მიმდინარეობის და ნ— ც-––––ის მიერ ჩვენების მიცემის, ანუ გოგონას ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სამართალდამცავი ორგანოს ჩართვის ფაქტი,“ – აღნიშნულია განაჩენში.

  • რაში დაეთანხმა მოსამართლე ბრალდებულის ადვოკატს? 

მოსამართლე დაეთანხმა ადვოკატს იმ ნაწილში, რომ ნინის გამოკითხვას არ ესწრებოდა კანონით გათვალისწინებული მეურვე, ანუ მისი უფროსი და, ასევე ფსიქოლოგი და გამოკითხვა არ ჩატარებულა ადაპტირებულ გარემოში.

„სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს დაცვის მხარის ამ არგუმენტაციას და მიიჩნევს, რომ 14 წლის მოზარდის გამოკითხვა, მით უფრო სექსუალური დანაშაულის საქმეებზე, რაც არათუ მოზარდისთვის, არამედ ზრდასრული ადამიანისთვისაც კი, სულ მცირე უხერხულობის შეგრძნებას შეიძლება იწვევდეს, ამ პროცესში არასრულწლოვნისთვის მეტი ფსიქოლოგიური მხარდაჭერის გამოსახატად, არასრულწლოვნის მეტი გახსნილობის უზრუნველსაყოფად, სათანადო ცოდნის მქონე პირის მხრიდან გამოკითხვის პროცესში წარმოშობილი ნებისმიერი საკითხის სწორად და არასრულწლოვნის ინტერესებზე მორგებულად განხილვა-გადაწყვეტის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია ფსიქოლოგის მონაწილეობა და ჩართულობა, რაც  ნ— ც-––––ის გამოკითხვისას გამოძიების მწარმოებელმა ორგანომ არ გააკეთა.

სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ— ც-––––ის მოწმედ გამოკითხვის პროცესში არ იქნა დაცული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული ყველა ნორმა, რომ არ მომხდარიყო არასრულწლოვნის მეორეული ვიქტიმიზაცია,“ – აღნიშნულია განაჩენში.

მოსამართლე განაჩენში საუბრობს იმაზეც, რომ სტანდარტით გათვალისწინებული მტკიცებულებები ამ საქმეში არ არის, თუმცა სქესობრივი დანაშაული სხვა შემთხვევაა.

„ზოგადად, სქესობრივი დანაშაული არ გამოირჩევა მოწმეთა სიმრავლით. დამნაშავე ცდილობს  მხოლოდ დაზარალებულთან პირისპირ ყოფნის პირობებში, უცხო თვალისგან მალულად, ადგილას, სადაც ვერავინ დაინახავს, მოიყვანოს სისრულეში მსგავსი დანაშაულის ჩადენის განზრახვა. ასე მოხდა განსახილველ შემთხვევაშიც. პირდაპირი მოწმეები, რომელთა თვალწინაც 2020 წლის 8-9 დეკემბრის ღამეს ნ— ტ—-ემ სქესობრივი კავშირი დაამყარა ნ— ც-––––ესთან, არ არსებობენ, თუმცა 14 წლის გოგონას ჩვენება, რომელიც მან გამოძიების ორგანოს მისცა და რომლითაც ამხილა ბრალდებული დანაშაულში, სხვა მტკიცებულებებთან ლოგიკურ თანხვედრაშია, თანმიმდევრული და დამაჯერებელია, რაც მისი გაზიარების წინაპირობებს ქმნის.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს დაედოს საფუძვლად მხოლოდ გამოძიების ეტაპზე მიცემული და სასამართლო განხილვისას საჯაროდ წაკითხული ჩვენება, მაგრამ როგორც უკვე აღინიშნა, ნ— ც-––––ის ჩვენებაში აღწერილი გარემოებების გადამოწმება შესაძლებელია სასამართლოს წინაშე წარდგენილი სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც ცალსახად ადასტურებენ გოგონას ჩვენებაში მითითებულ ფაქტებს,“ – აღნიშნულია განაჩენში „13 წლის ნინის საქმეზე“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: