მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

აჭარაში წელს ორსულების გარდა 3800-მდე მოზარდს შეამოწმებენ ტყვიაზე

22.02.2022 • 1129
აჭარაში წელს ორსულების გარდა 3800-მდე მოზარდს შეამოწმებენ ტყვიაზე

წელს აჭარაში ტყვიის შემცველობას ორსულებისა და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალების გარდა 8-14 წლამდე მოზარდებშიც შეამოწმებენ.

შესაბამის პროგრამას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ახორციელებს. 

კვლევაზე 8-14 წლამდე ასაკის მოზარდებს პირველადი ჯანდაცვის ქსელიდან გადაამისამართრბენ.  წელს კვლევა საპროგნოზოდ 3800  ბავშვს ჩაუტარდება, რომელთაც  შედეგების მიხედვით განმეორებით კვლევებს ჩაუტარებენ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, მარი ზანაქიძის შეფასებით, გასულ წელს ამ პროგრამით „საკმაოდ სერიოზული, საგანგაშო მაჩვენებლები“ დაფიქსირდა. კერძოდ, 2021 წელს აჭარაში გამოკვლეული 6000 ორსული და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალიდან 3908-ს სისხლში ტყვია გამოუვლინდა.

„ჩვენ გვაქვს ამ პროგრამის განხორციელების ძალიან კარგი პრაქტიკა, რომელმაც გვიჩვენა, რომ ეს მაჩვენებელი ორსულ და ლაქტაციაში მყოფ ქალებში იყო საკმაოდ საყურადღებო.

ეს პრობლემა ძალიან აქტუალურია, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ ტყვია არის კუმულაციის უნარის მქონე, ტოქსიკური ნივთიერება, რომელიც დაღად აჩნდება ადამიანის ჯანმრთელობას, მაგრამ მისი კორეგირება შეიძლება.

ეს კვლევა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო პარტნიორებიც იქნებიან ჩართული სკრინინგის შემდგომ უკვე მიზეზობრივი კვლევის განხორციელებაში, თუ საიდან, როგორ მოხვდა ტყვია ამ ადამიანების ორგანიზმში” – განაცხადა დღეს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსუდან შავიშვილმა.

2022 წელს კვლევა აჭარაში დაახლოებით 4500 ორსულსა და ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალს ჩაუტარდება იმ დაწესებულებაში, სადაც ანტენატალური მომსახურების სერვისს იღებენ.

„ჩვენი დაწესებულება იკვლევს ორსულ ქალებში ტყვიის ექსპოზიციის დონეს. სამწუხაროდ, ძალიან მაღალი სიხშირით ხვდება იგი ორსულ ქალებში, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში, მაგრამ ამ ფაქტის კონსტატაციის გარდა ჩვენ უკვე დავიწყეთ სიღრმისეული კვლევა იმისა, თუ რატომ არის მომატებული ეს მაჩვენებელი.

გარდა იმისა, რომ ჩვენ ვმართავთ მკურნალობას ორსულობის პროცესში, რათა თავიდან ავიცილოთ მავნე, ტოქსიკური ზეგავლენა ამ ელემენტისა, არამარტო დედაზე, არამედ ნაყოფზე და ვცდილობთ, ნიველირება მოვახდინოთ ამ ელემენტის ზეგავლენისა, ასევე, ვცდილობთ, დავადგინოთ წყარო, თუ საიდან ხდება ტყვიის ექსპოზიციის დონის მომატება ორსულებში.

ამ მიზნით ჩვენ დავიწყეთ მომატებული დონის შემთხვევაში იმ წყლის გამოკვლევა, რომელსაც ძირითადად მოიხმარს ეს ორსული და ალბათ ცოტა ხნის შემდეგ მოგაწოდებთ ინფორმაციას, თუ რა შედეგს მივიღებთ ამ კვლევით” – ამბობს ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ კლინიკური დირექტორი, მეან-გინეკოლოგი, ჯუმბერ უნგიაძე.

2018 წელს საქართველოში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ბავშვების 41 პროცენტის სისხლში ტყვიის შემცველობის დონე ნორმას ათჯერ აღემატებოდა. განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი – 85% დაფიქსირდა აჭარაში მცხოვრებ ბავშვებში. 

ტყვიის შემცველობა სისხლში განსაკუთრებით საშიშია ბავშვის ჯანმრთელობისთვის. NCDC-ის გაიდლაინით, სისხლში ტყვიის შემცველობის დონე 5 მკგ/დლ-ზე ნაკლები ბავშვის ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის, თუმცა გაიდლაინში ასევე განმარტებულია, რომ არ არსებობს ტყვიის შემცველობის უსაფრთხო დონე.

ამავე თემაზე:

რა არის ბავშვებში ტყვიის მაღალი შემცველობის მიზეზები – წინასწარი კვლევის შედეგები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: