მთავარი,სიახლეები

საკონსტიტუციოს მოსამართლეებს ბათუმში მოვალეობის შესრულება მოსთხოვეს – თოლორაიას საქმე

23.02.2022 • 2000
საკონსტიტუციოს მოსამართლეებს ბათუმში მოვალეობის შესრულება მოსთხოვეს – თოლორაიას საქმე

დღეს, 23 თებერვალს, საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეკრებილი ადამიანები ტრანსპარანტებს მიღმა ყველაზე ხშირად სიტყვა „ისტორიულს“ ახსენებდნენ – „საკონსტიტუციო სასამართლოს 3 დღე დარჩა, რომ დემოკრატია დაიცვას, ეს ისტორიული მომენტია,“ – აღნიშნავდნენ აქციის მონაწილეები.

სამოქალაქო ორგანიზაციები – „არ გადადო“, „სირცხვილია“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეიკრიბნენ და მოსამართლეებს სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას შუამდგომლობის განხილვა მოსთხოვეს.

საქმე უნდა განიხილოს პირველმა კოლეგიამ, რომლის თავმჯდომარე მოსამართლე ვასილ როინიშვილია. კოლეგიაში შედიან ასევე: ევა გოცირიძე, გიორგი კვერენჩხილაძე და გიორგი თევდორაშვილი.

აქტივისტები საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისგან ლონდა თოლორაიას სარჩელის განხილვას ითხოვენ

უფლებადამცველების აზრით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება არაკონსტიტუციურია და ეს ამ უწყების მიერ მიღებულ კრიტიკულ გადაწყვეტილებებს უკავშირდება. თუკი საკონსტიტუციო სასამართლო თოლორაიას შუამდგომლობას არ დააკმაყოფილებს და სადავო ნორმას არ შეაჩერებს, დავის საბოლოოდ მოგების შემთხვევაშიც კი, ვეღარაფერი შეიცვლება.

„ყველას ახსოვს ხომ ბოლო სცენა, რაც პუტინმა დადგა უშიშროების საბჭოს სხდომაზე. იქ ხომ ცალსახად ჩანდა, რომ ზედმეტია საუბარი დამოუკიდებელ უწყებებზე, ასე მოხდება ჩვენთანაც, თუ ინსტიტუციური დემოკრატია არ იარსებებს,“ – გვითხრა პაატა დიასამიძემ, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა. საია ლონდა თოლორაიას ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში იცავს.

პაატა დიასამიძე ხაზს უსვამს იმას, რომ შეუძლებელი იქნება დემოკრატიის განვითარება, თუკი სახელმწიფო უწყებებს ექნებათ განცდა, რომ კრიტიკული და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მათ პარლამენტი გააუქმებს.

„პრაქტიკა იქნება უკვე ეგ, დაცვის მექანიზმი აღარ იარსებებს, თუ დღეს საკონსტიტუციო სასამართლო არ დაიცავს დემოკრატიას… დემოკრატიული ინსტიტუტები იქნება მუდმივად საფრთხის ქვეშ, ვინც არ უნდა დანიშნონ რომელიმე პოზიციაზე, რადგან ყველას ეცოდინება, რომ ერთ მშვენიერ დღეს პარლამენტი გააუქმებს. ერთადერთი მექანიზმი დღეს საკონსტიტუციო სასამართლოა, რომ ასე არ მოხდეს,“ – განმარტავს პაატა დიასამიძე.

„მაქვს იმედი, რომ თუკი მოსამართლეებს აქვთ ოდნავი ღირსება, ამ მნიშვნელოვან მომენტში ისტორიული პოზიცია უნდა დააფიქსირონ, არ დაუშვან ხელისუფლების მხრიდან ძალაუფლების უზურპაცია. ამის იმედი დღეს მცირეა, მაგრამ მაინც ვეჭიდებით,“ – აღნიშნა ნიაზ ჩიტიძემ, მოძრაობიდან „არ გადადო“.

ამავე მოძრაობის კიდევ ერთი აქტივისტი, გიორგი ნაგერვაძე აქციაზე მოსამართლის ლურჯი მანტიით მივიდა ძაღლთან ერთად.

„ძაღლი ყველას გახსენებთ მოსამართლე სიჭინავას, რომელმაც მნიშვნელოვანი საქმისთვის ვერ მოიცალა და ქუჩაში ძაღლს ასეირნებდა. ლურჯი ფერის მანტიაც, ცხადია, „ქართულ ოცნებას“ ეძღვნება… ახლა, როცა პრეზიდენტმაც ამ საქმეზე ვერ გაბედა ვეტოს გამოყენება, ერთადერთი ინსტიტუტი რჩება საკონსტიტუციო სასამართლო, რომელმაც უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს კონსტიტუციით,“ – აღნიშნა გიორგი ნაგერვაძემ.

საკონსტიტუციო სასამართლომ პირველ მარტამდე უნდა იმსჯელოს ამ შუამდგომლობაზე. „ბათუმელებმა“ ჯერჯერობით ვერ მიიღო პასუხი, იმსჯელებს თუ არა ამ ვადაში სასამართლო განსაკუთრებით მაღალი საჯარო ინტერესის მქონე შუამდგომლობაზე, ან რატომ არ ატარებენ სხდომას მოსამართლეები, როცა ისინი პრესცენტრის ინფორმაციითაც სამსახურში ჩვეულებრივად დადიან.

აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან

__

მთავარი ფოტო: საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია: ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: