მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

თქვენს ქუჩაზე ავტობუსის გაჩერება გადახურულია? – გილოცავთ, თქვენ გაგიმართლათ

23.02.2022 • 3747
თქვენს ქუჩაზე ავტობუსის გაჩერება გადახურულია? – გილოცავთ, თქვენ გაგიმართლათ

ავტორები: ელისაბედ მამულაძე, მარიამ ჩხაიძე, „არ გადადოს“ აქტივისტები

_________________________________

ბათუმში ცხოვრებისას ადამიანები ყოველდღიურად სხვადასხვა პრობლემას ვაწყდებით – იქნება ეს გაუმართავი სანიაღვრე სისტემის გამო დატბორილი ქუჩები, ტროტუარზე დაპარკინგებული მანქანები, გაუმართავი შუქნიშნები, არასათანადოდ აღჭურვილი ავტობუსის გაჩერებები თუ სხვა. ამ სტატიაში  საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და მასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ ვისაუბრებთ.

ბათუმის მერია სატრანსპორტო პოლიტიკის გამართვაზე და გაუმჯობესებაზე წლებია მუშაობს, თუმცა, რეალურად, ბათუმში არსებული გაჩერებების უმეტესობას არც კი ეტყობა, რომ მათზე ვინმე ზრუნავს – გაჩერებები არ არის მორგებული ადამიანის საჭიროებებს. თუ გადაწყვეტთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროთ, გზად ბევრ პრობლემას და უხერხულობას შეეჩეხებით.

თუ თქვენ გაგიმართლათ და თქვენს ქუჩაზე არსებული გაჩერება გადახურულია და  დამონტაჟებულია ელექტრონული ტაბლო, მაშინ გილოცავთ, თქვენ პრივილეგირებული აღმოჩნდით, რადგან ელექტრონული ტაბლო ბათუმში, ძირითადად, მხოლოდ ცენტრალურ ქუჩებზე გვაქვს. შესაბამისად, თუ ავტობუსს ცენტრში ელოდებით, გაჩერებაზე, შესაძლოა, არამარტო არ გაწვიმდეთ, არამედ ისიც კი იცოდეთ, თქვენთვის სასურველ ავტობუსს რამდენი წუთი უნდა ელოდოთ. მაგრამ რაც უფრო შორდებით ცენტრს, ასეთი, გადახურულ-ტაბლოიანი გაჩერებების რაოდენობა სულ უფრო მცირდება (განსაზღვრულ უბნებში ნულსაც კი უტოლდება).

სტატიაზე მუშაობისას  დავინტერესდით, რამდენად შეესაბამებოდა ჩვენი პირადი გამოცდილება ოფიციალურ მონაცემებს. საჯარო ინფორმაციისთვის მივაკითხეთ მერიას, ვიკითხეთ, რამდენი გაჩერებაა ქალაქში, მათგან რამდენია აღჭურვილი, ანუ რამდენი გაჩერება არის გადახურული და რამდენ მათგანზე არის ელექტრონული ტაბლო.  განცხადება დავარეგისტრირეთ 17 ნოემბერს, თუმცა ინფორმაცია დღემდე არ მოუწოდებიათ. საჯარო ინფორმაცია არ არის ატვირთული ონლაინ სივრცეში.

ოფიციალურ ინფორმაციას არ გვაწვდიან, ამიტომაც მოგიყვებით ჩვენი პრაქტიკული გამოცდილების შესახებ – ავტობუსების გაჩერებების უმეტესობა არ არის აღჭურვილი, ელექტრონული ტაბლო არ არის, გაჩერებაზე დამონტაჟებული USB დამტენი, ფაქტობრივად, არასოდეს მუშაობს.

გადაუხურავ გაჩერებაზე ტრანსპორტის ლოდინი თითქმის შეუძლებელია, რადგან ქალაქში საკმაოდ ხშირია წვიმა, ან ძლიერი ქარი, ან ორივე ერთად. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არსებული გადახურული გაჩერებებიც კი სრულიად შეუსაბამოა ბათუმის ამინდებისთვის.

ავტობუსის გადაადგილების შესახებ ინფორმაციის მიღება რამდენიმე გზით არის შესაძლებელი: ელექტრონული ტაბლოთი, ცხელი ხაზით, SMS-ის გაგზავნით და აპლიკაციით.

როგორც უკვე გითხარით, გაჩერებების უმრავლესობაზე ელექტრონული ტაბლო დამონტაჟებული არ არის. რას ვაკეთებთ ასეთ დროს? წინასწარ ვერ გეცოდინებათ როდის მოვა სასურველი ნომერი, იქნებ კიდევ 5 წუთიც რომ მოიცადოთ, მოვიდეს ან იქნებ თქვენს მოსვლამდე რამდენიმე წამით ადრე ჩაიარა და ახლა კიდევ ნახევარი საათი უნდა ელოდოთ?! აღნიშნული პრობლემის გამო, მოქალაქეს უწევს შედარებით ადრე გავიდეს სახლიდან, რათა სასურველ ავტობუსს „დაემთხვეს“. შესაბამისად, თქვენ დროს კარგავთ, ამ დროში ყავას დალევდით ან შვილთან მეტ ხანს იქნებოდით.

ავტობუსის გაჩერება ტაბლოს გარეშე

რაც შეეხება ინფორმაციის მიღების დარჩენილ რესურსებს, ცხელ ხაზზე, ხშირად, სისტემური ხარვეზი აქვთ, SMS შეტყობინებაზე მოთხოვნილი ინფორმაცია არ მოგვდის, ხოლო აპლიკაცია, ხშირად, გამართულად არ მუშაობს. შესაბამისად, მგზავრებს ისღა დარჩენიათ, რომ დაიმახსოვრონ დროის მონაკვეთი, როდის შეიძლება ჩამოიაროს მათ გაჩერებაზე ავტობუსმა.

ზემოხსენებული პრობლემების ნამდვილობაში პირადად დავრწმუნდით, როდესაც ლერმონტოვის 115 ნომერში ჩავატარეთ „საგამოძიებო ექსპერიმენტი“. 1 წლის წინ აქ სრულიად აღჭურვილი გაჩერება იყო, თუმცა შემდეგ მოსაცდელი „ჯიხური“ აიღეს. დღეს კი ამ ადგილას შეგიძლიათ იხილოთ მხოლოდ გაჩერების მიმანიშნებელი ტაბლო, რომელიც არ არის ელექტრონული.

სასურველი ტრანსპორტის შესახებ ინფორმაციის მისაღებად გავგზავნეთ შეტყობინება, თუმცა არ მიგვიღია პასუხი. დავრეკეთ ცხელ ხაზზე და ინფორმაციის მოწოდება ვერ შეძლეს, როგორც გვითხრეს – ხარვეზი ჰქონდათ. სანამ ჩვენ ტაბლოზე მითითებული მარშრუტით მოძრავი ავტობუსების მოსვლის დროს ვარკვევდით, მოვიდა 13 და 14 ნომერი ავტობუსები. ეს მარშრუტები ტაბლოზე მოცემულ ჩამონათვალში საერთოდ არ ეწერა. შესაბამისად, ქუჩის მაცხოვრებლებს უწევთ გაურკვეველ ტრანსპორტს, გაურკვეველი დროით, გადაუხურავ გაჩერებაზე ელოდონ.

ბათუმში, მაიაკოვსკის 3 ნომერში ის სიმბოლური, არაელექტრონული ტაბლოც არ არის სკოლის მიმდებარე გაჩერებაზე, რომელიც არ არის გადახურული, არ დგას აბრა, არც სპეციალური ყვითელი ხაზია გზაზე (რაც მიანიშნებს, რომ კონკრეტულად იქ ავტობუსი ჩერდება). ვინაიდან არ არის აბრა, არც ვიცით, რომ არსებობს ცხელი ხაზის ნომერი, შესაბამისად, ვერც იმას გავიგებთ, სად არის ჩვენთვის სასურველი ავტობუსი და რამდენ ხანში იქნება ჩვენთან. სასოწარკვეთილი მომხმარებელი იღებს ტელეფონს, ყიდულობს ინტერნეტს, რომ აპლიკაციით მაინც შეძლოს რამის გარკვევა, თუმცა არც აპლიკაცია ფუნქციონირებს. ამ ქუჩის პრობლემებზე საუბრობენ მოქალაქეები.

როცა გაურკვეველია, სად შეიძლება იყოს ავტობუსის გაჩერება

ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა კიდევ უფრო პრობლემურია შშმ პირებისთვის. გაჩერებების უმეტესობა არის არაადაპტირებული. ეს ნიშნავს, რომ შშმ პირებს დამოუკიდებლად არ შეუძლიათ ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

ზოგ შემთხვევებში ტრანსპორტი თითქმის ხელმიუწვდომელია მათთვის. არსად ცხადდება, თუ რა გაჩერებაზეა ავტობუსი, ასევე არსად ჩანს ეს ვიზუალურად და არც ბრაილის შრიფტით გაკეთებული რუკები თუ საინფორმაციო ბროშურებია. ჩვენ ვხედავთ, რომ ახალ ავტობუსებში დგას მონიტორები, მაგრამ ისინი ან გათიშულია, ან  აჩვენებს მხოლოდ რეკლამას.

შშმ პირისთვის, არსებული რეალობიდან გამომდინარე, ავტობუსით დამოუკიდებლად გადაადგილება შეუძლებელია. სწორედ ამიტომ ზრდასრულ ადამიანებს უჭირთ ჰქონდეთ საკუთარი ცხოვრება, იმუშაონ, მეგობრებს შეხვდნენ და არ იყვნენ დამოკიდებული გამცილებელზე.

ისეც ხდება, რომ მძღოლი არ ჩამოდის ავტობუსიდან და თავს იმართლებს, რომ პანდუსი არ იხსნება, რეალურად კი, შესაძლოა, არც იცოდეს, როგორ გახსნას, ან არ ჰქონდეს სპეციალური გასაღები. აქ იკვეთება როგორც ტექნიკური პრობლემა, ისე – მძღოლების გადამზადების აუცილებლობა. ამის გარეშე, შშმ პირებისთვის შექმნილი სერვისი მათთვის ხელმისაწვდომი ვერ იქნება.

ქალაქში ტრანსპორტირების მხრივ ბევრი პრობლემა გვაქვს და საჭიროდ მიგვაჩნია მათი გადაჭრის გზებზე საუბარი.

კერძოდ, რადგანაც ქალაქში ხშირია სატრანსპორტო მარშრუტების ცვლილება, სასურველია, ყველა გაჩერებაზე დამონტაჟდეს ელექტრონული ტაბლო, რაც საშუალებას მისცემს მოქალაქეებს, მიიღონ ზუსტი ინფორმაცია, თუ რა ნომერი ავტობუსი ჩერდება კონკრეტულ გაჩერებაზე და როდის.

გასული წლის ბოლოს, 2021 წლის დეკემბერში ტენდერი გამოცხადდა. გამარჯვებული გამოვლენილია და ხელშეკრულება – ხელმოწერილია. სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, შესყიდვაზე 55 ათასი ლარი დაიხარჯება და ქალაქში დამატებით 50 ახალი ტაბლო მოეწყობა. ამასთან, ბათუმის ავტოტრანსპორტი GPS მოწყობილობებსაც შეიძენს – ჯამში 180 ერთეულს. თუმცა, რადგანაც არ გვაქვს ინფორმაცია ქალაქის რამდენ გაჩერებაზე არ არის ელექტრონული ტაბლო დამონტაჟებული, შესაბამისად ვერც იმას ვიტყვით, რამდენად საკმარისი იქნება ქალაქისთვის მოცემული შესყიდვა.

გაჩერებებზე დატანილი უნდა იყოს ავტობუსის ხაზის რუკები, რათა ნებისმიერმა შეძლოს გაარკვიოს რა მარშრუტით გადაადგილდება ტრანსპორტი. აუცილებელია ინფორმაციის მიღების რესურსებიდან (ცხელი ხაზი და აპლიკაცია) თუ ყველას არა, ერთ-ერთის მოწესრიგება მაინც, რათა ინფორმაციის მიღების საშუალება გაჩნდეს ელექტრონული ტაბლოების შემოტანამდე.

როგორც ეტლით მოსარგებლეებმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნეს, უმჯობესია ავტობუსებს პანდუსი ჰქონდეს ან წინ ან შუა ნაწილში. რადგანაც ავტობუსს უკან აქვს პანდუსი, მათთვის უფრო რთული ხდება დამოუკიდებლად ასვლა ტრანსპორტში და მძღოლიც ვერ ახერხებს ხელსაყრელად ავტობუსის გაჩერებას. უსინათლოებისთვის ტრანსპორტი ხელმისაწვდომი რომ გახდეს, საჭიროა აპლიკაცია იყოს მათზე ადაპტირებული (დაემატოს ხმოვანი ფუნქცია) და უშუალოდ ავტობუსშიც ხმამაღლა უნდა აცხადებდნენ გაჩერებებს.

ავტობუსის გაჩერება, სადაც არაფერი არ მუშაობს

საჭიროა არსებობდეს პოლიტიკა და ამ პოლიტიკის განხორციელების პროცესი იყოს გამჭვირვალე. სასურველია, თუ მერია ჩართავს შშმ პირებს სატრანსპორტო ცვლილებების შემუშავების დროს და გაითვალისწინებს მათ აზრს, რათა ტრანსპორტი მეტად იყოს მორგებული შშმ პირთა საჭიროებებს.

ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გადაადგილებისას დიდ დისკომფორტს განვიცდით, რაც საბოლოო ჯამში, ჩვენივე ცხოვრების ხარისხზე მოქმედებს. ის, რასაც ვითხოვთ, შეუძლებელი არ არის. მეტიც, დღევანდელ სამყაროში სრულფასოვანი გადაადგილება, ფაქტობრივად, ბაზისურ მოთხოვნილებამდეც კი დადის. დღეს ეს პრობლემა აქტუალურია, მაგრამ საკმარისი ყურადღება არ ექცევა, ამიტომ მნიშვნელოვანია მეტი ვისაუბროთ ამ საკითხის ირგვლივ და  გადაჭრის სტრატეგიები ერთად დავსახოთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: