მთავარი,სიახლეები

იუნკრების ხსოვნის დღე ბათუმში ბელარუსების მონაწილეობით

23.02.2022 • 1291
იუნკრების ხსოვნის დღე ბათუმში ბელარუსების მონაწილეობით

დღეს, 23 თებერვალს, ოკუპაციიდან 101-ე წელს, იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად მემორიალთან შეიკრიბნენ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრები, მოქალაქეები უკრაინიდან და ბელარუსიდან, რომლებმაც განაცხადეს, რომ სოლიდარობას უცხადებენ საქართველოს, რომლის ტერიტორიებს რუსეთი კვლავაც იტაცებს მცოცავი ოკუპაციით, ასევე უკრაინასა და ბელარუსს, სადაც მიმდინარე პროცესები რუსეთის აგრესიის გაგრძელებაა.

მემორიალთან შეკრებილებმა დღეს საქართველოს, უკრაინის, ბელარუსისა და ევროკავშირის დროშები გაშალეს.

ბათუმის საკრებულოს წევრი პარტიიდან „ლელო საქართველოსთვის“, ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ იუნკრების მემორიალი მისთვის სიმბოლური ადგილია, სადაც თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ ჩვენი თანამემამულეები.

„ეს ბრძოლა არ დასრულებულა და დღესაც ვიბრძვით ჩვენთანაც, უკრაინაშიც და ბელარუსშიც. თავისუფლებისთვის ბრძოლას არ აქვს საზღვრები. სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას, ბელარუსს და პატივს მივაგებთ ჩვენს გარდაცვლილ იუნკრებს, რომლებიც შეეწირნენ თავისუფლებისთვის ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ. რუსეთის, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში თავისუფლების ანტონიმად იქცა თანამედროვე მსოფლიოში”, – ამბობს ირაკლი კუპრაძე.

ბელარუსიის მოქალაქე აქციაზე ბათუმში

ქართველ იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად მემორიალთან იმყოფებოდა დღეს ბელარუსიდან გამოქცეული სერგეი კრუჩკოვიც ბელარუსის სხვა მოქალაქეებთან ერთად.

„ჩემს ქვეყანაში ახლა ათი ათასამდე რუსი ჯარისკაცი დგას. მინდა წავიდნენ ჩემი ქვეყნიდან. პუტინს მიაჩნია, რომ ქვეყნები „ცუდად” გრძნობენ თავს რუსეთის გარეშე. პუტინი საბჭოთა კავშირის აღდგენაზე ოცნებობს. მადლობა, მაგრამ არ სჭირდებათ ჩვენს ქვეყნებს რუსეთის მოტანილი „სიკეთეები“, მიხედონ საკუთარ ქვეყანას. ჩემი აქ დგომით მინდა პატივი მივაგო საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლთა ხსოვნას და მხარი დავუჭირო უკრაინას ამ მისთვის რთულ დროს.

მინდა ასევე ვისურვო, რომ ჩემი სამშობლო, ბელარუსი, სადაც აღარ ჩამესვლება, მალე იქცეს თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყნად. სოლიდარობა მინდა გამოვუცხადო ჩემს ბელარუს ხალხს, ვისაც პუტინის მიერ მხარდაჭერილ, დიქტატორ ლუკაშენკოს რეჟიმში უწევს ცხოვრება“, – ამბობს ბელარუსის მოქალაქე სერგეი კრუჩკოვი.

სერგეი კრუჩკოვი

საქართველოში დღეს 1921 წლის 23 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება.

რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომში, თებერვლის ხუთდღიან ბრძოლებში რუსეთის წინააღმდეგ, დაიღუპნენ 20-25 წლის იუნკრები თბილისის სამხედრო სკოლიდან.

იუნკრების ხსოვნის დღე, 23 თებერვალი, 2010 წლიდან აღინიშნება საქართველოს პარლამენტის დადგენილებით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: