ნეტგაზეთი • RU

„სანქციები იმუშავებს, თუ ის მტკივნეული იქნება რუსეთისთვის“ – ინტერვიუ ევროკავშირის ექსპერტთან

„ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, თუ რომელ ადამიანებს შეეხება ეს სანქციები,“ – მიიჩნევს ღია საზოგადოების ფონდში ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ვანო ჩხიკვაძე. მისი აზრით, სანქციები იმუშავებს იმ შემთხვევაში, თუკი ის მტკივნეული იქნება კონკრეტული და გავლენის მქონე პირებისთვის რუსეთში.

დღეს, 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შეჩერებაზე მიიღო გადაწყვეტილება. კიდევ რა სანქციები შეიძლება დაუწესოს ევროკავშირმა რუსეთს, რასაც შესაძლოა პროცესზე გავლენა ჰქონდეს? – ამ საკითხზე „ბათუმელები“ ვანო ჩხიკვაძეს ესაუბრა.

  • ბატონო ვანო, გერმანიის მიერ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შეჩერება რამდენად ცვლის მოცემულობას და იზიარებთ თუ არა მოსაზრებას იმაზე, რომ გერმანია აიძულეს მიეღო ეს გადაწყვეტილება?  

შესაძლებელია, რომ ეს იყო ერთობლივი გადაწყვეტილება, რადგან ვიცით, რომ ჩამოყალიბებული პოზიცია ამ საკითხზე გერმანიაში არ არსებობდა. ამასთან, ცნობილია აშშ-ის და ბაიდენის მიდგომა. ვფიქრობ, რომ გარკვეული კომუნიკაცია შეიძლება ყოფილიყო მათ შორის.

იმდენად განსხვავებული მოლოდინები არსებობდა ამ საკითხზე, გარკვეულწილად სიურპრიზადაც იქცა გერმანიის ეს გადაწყვეტილება. ფაქტია, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გადაწყვეტილება რუსეთის მოქმედების საპასუხოდ. ახლა მოლოდინია, რომ ამას მოჰყვება დამატებითი სანქციები ევროკავშირის და აშშ-ის მხრიდან.

  • რა შეიძლება იყოს ეს სანქციები და რა შემთხვევაში შეიძლება ამან შეცვალოს ან განსაზღვროს რუსეთის მიდგომა?  

დღეს დაგეგმილია ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, სადაც მიიღებენ სანქციების ახალ პაკეტს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სანქციები შეეხება 4 ძირითად მიმართულებას: ინდივიდებს, რომლებიც ჩართული იყვნენ აღიარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში; მეორეა საბანკო ოპერაციები და ის პირები, რომლებიც რუსეთის სამხედრო მოქმედებებს  აფინანსებენ. მესამე ნაწილი შეეხება რუსეთის სახელისუფლებო უწყებების წვდომის შეზღუდვას ევროკავშირის ფინანსურს ბაზრებზე, ეს შესაძლოა შეჩერდეს, ან შეუწყდეთ და მეოთხე: ვაჭრობის შეჩერება იმ ორ რეგიონთან, რომლის დამოუკიდებლობაც რუსეთმა აღიარა.

ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, თუ რომელ ადამიანებს შეეხება ეს სანქციები. თუ ეს ისევ დაბალ დონეზე გაჩერდება, ამას, რა თქმა უნდა, უკმაყოფილება მოჰყვება უკრაინის მხრიდან, იმედია, საქართველოს მხრიდანაც, მაგრამ თუ ეს წავიდა ზევით, თუ შეეხება მაღალი თანამდებობის პირებს, მაშინ ეს იქნება ადეკვატური ზომა, რასაც ევროკავშირი მიიღებს რუსეთთან მიმართებით იმ მოქმედებების საპასუხოდ, რასაც რუსეთი აკეთებს.

ასე რომ, სანქციები იმუშავებს, თუ ეს იქნება მტკივნეული. თუ რუსეთში ჩათვლიან, რომ ეს სანქციები გადალახვადია, მაშინ არაფერი შეიცვლება. სანქციების ახალი პაკეტის შემდეგ უფრო ცხადი გახდება, რამდენად მტკივნეული იქნება ეს რუსეთისთვის, რამდენად შეიძლება ამან ითამაშოს შემაკავებელი როლი.

  • გაჩნდა მოსაზრება, რომ წინა ხაზზე გამოდის ევროპა და მხოლოდ აშშ აღარ არის მთავარი აქტორი. თქვენი დაკვირვებით, რამდენად იცლება ევროკავშირის პოლიტიკა? 

კი, ასეა. ევროკავშირმა ახლა უნდა დაანახოს ყველას, რომ ის არის გლობალური მოთამაშე, რომ თუნდაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიც გარკვეული გაკვეთილი იყო.

აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთისგან განსხვავებით, ვსაუბრობთ 27 ქვეყანაზე, რომელსაც აქვს განსხვავებული ხედვები, მათ შორის, საგარეო პოლიტიკაზე, განსხვავებული ურთიერთობები რუსეთთან, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური. ახლა ძალიან ძნელია ევროკავშირში გამოჩნდეს ლიდერი, რომელიც, ასე ვთქვათ, ითავებს კონსენსუსის მიღწევას რუსეთთან მიმართებით.

ამ მოცემულობაში რთული სათქმელია, ვინ შეიძლება აიღოს ლიდერობა. ეს კრიზისი გამოავლენს, ვინ არის ლიდერი, რომელსაც შეუძლია იგივე რუსეთთან ევროკავშირის ურთიერთობაში განსაკუთრებული როლი ითამაშოს, მაგალითად, როგორ როლსაც ანგელა მერკელი ასრულებდა. დღეს ეს როლი შეიძლება შეასრულოს მაკრონმა, მაგრამ ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის იმაზე, რომ საფრანგეთში მალე ისევ არჩევნებია… შესაძლოა, გერმანიის ახალმა კანცლერმა შეასრულოს ეს როლი. ამას დრო მალე გვიჩვენებს.

  • ამ ეტაპზე რა ჩანს – რა არის ევროკავშირისთვის „უკრაინის კრიზისი“ და როგორ ხედავს დასავლეთი რუსეთი პრობლემის მოგვარებას? 

ეს კრიზისი ევროპისთვის არის ტესტი, რამდენად მზად არის ის, რომ რუსეთს წინააღმდეგობა გაუწიოს. ეს იქნება ტესტი იმაზეც, რამდენად არის ევროკავშირში ვინმე ლიდერი, ვინც ამ კრიზისიდან გამოსავალს საკუთარ თავზე აიღებს.

ევროკავშირისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ისაა, რომ მის უსაფრთხოებას აქვს სერიოზული რისკი. თუ უკრაინის მოვლენებიც ისევე გადაყლაპა ევროკავშირმა, როგორც თავის დროზე გადაყლაპა, მაგალითად, ანა პოლიტკოვსკაის საქმე, ნორდოსტი, ბესლანი, ლიტვინენკოს საქმე, რუსეთ-საქართველოს ომი…

ევროკავშირში ხვდებიან, რომ უკრაინა რუსეთისთვის ბოლო გაჩერება არ არის და საბოლოო მიზანი შეიძლება იყოს ნატოს მეხუთე მუხლის მოკვლა, რაც ეხება კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

ვფიქრობ, მოლოდინია იმის, რომ უკრაინაზე სუსტმა რეაქციამ, ან რეაქციის არარსებობამ შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ რუსეთი უკრაინაზე აღარ გაჩერდეს და უფრო წინ წავიდეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი